არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მოთხოვნების შესრულება იეჰოვას განადიდებს

ღვთის მოთხოვნების შესრულება იეჰოვას განადიდებს

ღვთის მოთხოვნების შესრულება იეჰოვას განადიდებს

„გალობით განვადიდებ, მადლიერებით“ (ფსალმუნი 68:31).

1. ა) რატომ იმსახურებს იეჰოვა განდიდებას? ბ) როგორ შეგვიძლია მისი განდიდება მადლიერებით?

იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია. ის არის სამყაროს სუვერენი და შემოქმედი. ცხადია, მისი სახელი და მიზნები განდიდებას იმსახურებს. იეჰოვას განდიდება ნიშნავს მისადმი უდიდესი პატივისცემის გამოვლენასა და ქება-დიდების შესხმას სიტყვითა თუ საქმით. ხოლო ამის „მადლიერებით“ კეთება ნიშნავს მადლიერების გამოვლენას იმ ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი ახლა აკეთებს ჩვენთვის და რასაც მომავალში გააკეთებს. უნდა ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორსაც ერთგული სულიერი ქმნილებები ავლენენ ზეცაში: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11). როგორ განვადიდოთ იეჰოვა? მის შესახებ მეტის შესწავლითა და მისი მოთხოვნების შესრულებით. უნდა ვფიქრობდეთ ისევე, როგორც ფსალმუნმომღერალი: „მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ“ (ფსალმუნი 142:10).

2. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის განმადიდებლებსა და მათ, რომლებიც უარყოფენ მას?

2 იეჰოვა აფასებს თავის განმადიდებლებს, ამიტომაც „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელებს“ (ებრაელთა 11:6, აქ). რით აჯილდოებს? იესომ თავისი ზეციერი მამისადმი ლოცვისას თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, ისინი, ვინც იეჰოვას ‘განადიდებენ მადლიერებით’, „დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). ამის საპირისპიროდ, უკეთურს „მომავალი არ უწერია“ (იგავნი 24:20). ამიტომ, ამ უკანასკნელ დღეებში მნიშვნელოვანია, განვადიდოთ იეჰოვა, ვინაიდან სულ მალე ის გაანადგურებს ბოროტებს და იხსნის მართლებს. „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17; იგავნი 2:21, 22).

3. რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება მალაქიას წინასწარმეტყველებას?

3 იეჰოვას ნების გაგება ბიბლიიდან შეგვიძლია, ვინაიდან „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (2 ტიმოთე 3:16). ღვთის სიტყვა არაერთხელ მოიხსენიებს, თუ როგორ იყვნენ კურთხეულნი იეჰოვას განმადიდებლები და იმასაც, თუ რა ემართებოდათ სხვებს, რომლებიც ასე არ იქცეოდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ეხება წინასწარმეტყველ მალაქიას დროინდელ ისრაელს და ჩაწერილია წიგნში, რომელიც მალაქიამ დაახლოებით ძვ. წ. 443 წელს, იუდაში ნეემიას მმართველობის დროს, დაწერა. ეს შთამბეჭდავი და ამაღელვებელი წიგნი შეიცავს ინფორმაციასაც და წინასწარმეტყველებებსაც; ეს ყოველივე კი „აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11). მალაქიას სიტყვების ყურადღებით შესწავლა დაგვეხმარება, მზად ვიყოთ ‘უფლის დიდი და საშინელი დღისთვის’, როდესაც იეჰოვა გაანადგურებს ამ ბოროტ სისტემას (მალაქია 3:23).

4. რომელი ექვსი საკითხი იპყრობს ჩვენს ყურადღებას მალაქიას პირველი თავიდან?

4 როგორ შეუძლია მალაქიას წიგნს, რომელიც 2400-ზე მეტი წლის წინ დაიწერა, დაგვეხმაროს 21-ე საუკუნეში მცხოვრებლებს იეჰოვას დიდი და საშინელი დღისთვის მომზადებაში? პირველი თავი ყურადღებას ამახვილებს ექვს ძირითად საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია იეჰოვას მადლიერებით განდიდებისთვის, რათა დავიმსახუროთ მისი კეთილგანწყობა და მივიღოთ მარადიული სიცოცხლე: 1) იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი; 2) საჭიროა დავაფასოთ ყოველივე, რაც წმინდაა; 3) იეჰოვა ჩვენგან საუკეთესოს გაღებას მოელის; 4) ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა არა სიხარბეზე, არამედ უანგარო სიყვარულზეა დაფუძნებული; 5) ღვთისთვის მისაღები მსახურება არ არის ტვირთი და უბრალო ფორმალობა; 6) თითოეული ჩვენგანი ანგარიშვალდებულია ღვთის წინაშე. ახლა, მალაქიას წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებული სამი სტატიიდან პირველში თანამიმდევრულად განვიხილოთ ეს საკითხები, რომლებიც მალაქიას პირველი თავიდანაა აღებული.

იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი

5, 6. ა) რატომ უყვარდა იეჰოვას იაკობი? ბ) რას უნდა ველოდეთ, თუ ვბაძავთ იაკობის რწმენას?

5 იეჰოვას სიყვარულს ნათელი ეფინება მალაქიას წინასწარმეტყველების პირველივე მუხლებში. ეს წიგნი შემდეგი სიტყვებით იწყება: „განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელისადმი“. შემდეგ ღმერთი ამბობს: „მე შეგიყვარეთ თქვენ“. იმავე მუხლში მან მაგალითიც კი მოიყვანა: „მე იაკობი შევიყვარე“. იაკობს სწამდა იეჰოვა. მოგვიანებით იეჰოვამ შეუცვალა მას სახელი, დაარქვა ისრაელი და ის ამ ერის წინაპარი გახდა. ეს იმიტომ, რომ იაკობი იყო რწმენის კაცი, რომელიც უყვარდა იეჰოვას. რა თქმა უნდა, იეჰოვას ყველა უყვარდა თავისი ხალხიდან, რომლებიც იაკობის მსგავსად ავლენდნენ რწმენას (მალაქია 1:1, 2).

6 თუ გვიყვარს იეჰოვა და მის ხალხთან ვართ გაერთიანებული, ჩვენთვის მანუგეშებელი იქნება პირველი მეფეთა 12:22-ში მოცემული სიტყვები: „უფალი... არ დააგდებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო“. იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი და, საბოლოო ჯამში, მათ მარადიული სიცოცხლით აჯილდოებს; ამიტომაც ფსალმუნებში ვკითხულობთ: „მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:3, 4). ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი იეჰოვა ეხება მეორე საკითხსაც, რომელზეც ყურადღება გამახვილებულია მალაქიას წინასწარმეტყველების პირველ თავში.

დააფასეთ ყოველივე, რაც წმინდაა

7. რატომ შეიძულა იეჰოვამ ესავი?

7 მალაქიას 1:2, 3 მუხლების თანახმად, იეჰოვა ამბობს: „მე იაკობი შევიყვარე. — ხოლო შემდეგ ამატებს, — ესავი კი შევიძულე“. რა იყო ამის მიზეზი? იაკობი განადიდებდა იეჰოვას, მისი ტყუპისცალი ესავი კი — არა. ესავს ასევე ედომი ერქვა. მალაქიას 1:4-ში ედომის მიწა სიბოროტის მხარედ იწოდება და მისი მცხოვრებლები განსჯილი არიან. სახელი ედომი, რომელიც „წითურს“ ნიშნავს, ესავს იმის გამო ეწოდა, რომ ძალზედ დასაფასებელი თავისი პირმშოობა წითელ შეჭამადში გაუცვალა იაკობს. „არად ჩააგდო ესავმა პირმშოება“, — ნათქვამია დაბადების 25:34. მოციქულმა პავლემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, რომ გამოეჩინათ სიფრთხილე: «არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი [„მეძავი“, აქ] ან ღვთის გარეგანი [„ვინც არ აფასებს იმას, რაც წმინდაა“, აქ], როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოობაზე» (ებრაელთა 12:14—16).

8. რატომ დაუკავშირა პავლემ მეძაობა ესავს?

8 რატომ დაუკავშირა პავლემ მეძაობა ესავს? ისეთმა აზროვნებამ, როგორიც ესავს ჰქონდა, შეიძლება ადამიანი იქამდე მიიყვანოს, რომ აღარ დააფასოს ის, რაც წმინდაა. ამის შედეგად კი შეიძლება ისეთი სერიოზული ცოდვა ჩაიდინოს, როგორიც მეძაობაა. ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ შემდეგ საკითხზე: ხომ არ მაქვს ზოგჯერ იმის ცდუნება, რომ ჩემი ქრისტიანული მემკვიდრეობა — მარადიული სიცოცხლე — ისეთ რამეზე გავცვალო, რაც ერთი ჯამი ცერცვის შეჭამადივით მალე გაქრება? იქნებ გაუანალიზებლად სათანადოდ ვერ ვაფასებ იმას, რაც წმინდაა? ესავს ერთი სული ჰქონდა, დაეკმაყოფილებინა საკუთარი სურვილი. მან უთხრა იაკობს: «[„ჩქარა“, აქ], შემახვრეპინე წითელი» (დაბადება 25:30). სამწუხაროდ, ღვთის ზოგიერთი მსახური, ფაქტობრივად, ამბობს: ჩქარა! რატომ უნდა ველოდო დაქორწინებას? სქესობრივი მოთხოვნილებების ნებისმიერ ფასად დაკმაყოფილების სურვილი მათთვის ცერცვის ერთ ჯამ შეჭამადად იქცა.

9. როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშის გამოვლენა?

9 მოდი ნურასდროს შეურაცხვყოფთ იმას, რაც წმინდაა, პატიოსნების, უმწიკვლობისა და ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის უგულებელყოფით. ესავისგან განსხვავებით, მივბაძოთ ერთგულ იაკობს, შევინარჩუნოთ ღვთისადმი ჯანსაღი შიში და დავაფასოთ ის, რაც წმინდაა. როგორ შეგვიძლია ამის კეთება? გულმოდგინედ შევასრულოთ იეჰოვას მოთხოვნები. მსჯელობამ ლოგიკურად მიგვიყვანა მესამე საკითხამდე, რომელზეც ყურადღება გამახვილებულია მალაქიას პირველ თავში. რა საკითხია ეს?

შესწირეთ იეჰოვას ყოველივე საუკეთესო

10. როგორ შეურაცხყოფდნენ მღვდლები იეჰოვას ტაბლას?

10 მალაქიას დროს იერუსალიმის ტაძარში მომსახურე იუდაელი მღვდლები არ სწირავდნენ იეჰოვას საუკეთესო მსხვერპლს. მალაქიას 1:6—8-ში ნათქვამია: „შვილი პატივს სცემს მამას და ყმა — თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო“. „რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?“ — შეკითხვას სვამენ მღვდლები. „მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური“, — პასუხობს იეჰოვა. „რითი წაგბილწეთო?“ — ეკითხებიან მღვდლები. იეჰოვა ეუბნებათ: „იმით, რომ ამბობთ: საუფლო ტაბლა შესაზიზღიაო“. ეს მღვდლები ყოველთვის შეურაცხყოფდნენ იეჰოვას ტაბლას არასრულფასოვანი მსხვერპლის შეწირვით და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ.

11. ა) რა თქვა იეჰოვამ მისთვის მიუღებელ შესაწირავზე? ბ) რაში ედებოდა ბრალი ხალხს?

11 იეჰოვა შემდეგი სიტყვებით განაგრძობს მიუღებელი მსხვერპლის შესახებ მსჯელობას: „აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ან თუ კეთილად შემოგხედოს?“. მათი ხელისუფალი ნამდვილად არ მოიწონებდა ასეთ ძღვენს. მით უფრო მიუღებელი იქნებოდა უზენაესი მმართველისთვის ასეთი მსხვერპლის შეწირვა! და მხოლოდ მღვდლები როდი იყვნენ გაკიცხვის ღირსნი. მართალია, ისინი იეჰოვასადმი უპატივცემულობას ავლენდნენ ასეთი მსხვერპლის შეწირვით, მაგრამ იყო კი ხალხი უდანაშაულო? რა თქმა უნდა, არა! სწორედ მათ მიჰყავდათ ბრმა, კოჭლი და სნეული პირუტყვი მღვდლებთან შესაწირად. ეს ნამდვილად დიდი ცოდვა იყო!

12. რა გვეხმარება, რომ იეჰოვას შევწიროთ საუკეთესო?

12 იეჰოვასთვის ყოველივე საუკეთესოს შეწირვა იმის ერთ-ერთი მტკიცებაა, რომ ის ნამდვილად გვიყვარს (მათე 22:37, 38). მალაქიას თანამედროვე თვითნება მღვდლებისგან განსხვავებით, დღეს იეჰოვას ორგანიზაცია ბიბლიაზე დაფუძნებულ ბევრად უკეთეს მითითებებს გვაძლევს, რომლებიც ღვთის მოთხოვნების შესრულებით იეჰოვას მადლიერებით განდიდებაში გვეხმარება. ამას უკავშირდება მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მალაქიას პირველ თავშია ყურადღება გამახვილებული.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა არა სიხარბეზე, არამედ სიყვარულზეა დაფუძნებული

13. მღვდლების რა საქმეები ცხადყოფდა, რომ სიხარბე ამოძრავებდათ?

13 მალაქიას თანამედროვე მღვდლები ეგოისტები და მხოლოდ ფულის მოყვარულნი იყვნენ. საიდან ვიცით ეს? მალაქიას 1:10-ში ნათქვამია: «რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! [„რომელი თქვენგანი დახშავს კარს? ფუჭად არ აანთებს ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე“, აქ] არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი». დიახ, ეს ხარბი მღვდლები გასამრჯელოს ტაძრის ისეთი უმარტივესი სამუშაოების შესრულებისთვისაც კი ითხოვდნენ, როგორიცაა კარის დახურვა და სამსხვერპლოზე ცეცხლის დანთება! ცხადია, იეჰოვას არ ეამებოდა მათი ხელით მირთმეული ძღვენი!

14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა სიყვარულზეა დაფუძნებული?

14 ძველ იერუსალიმში მომსახურე ცოდვილი მღვდლების სიხარბე და ეგოიზმი შეგვახსენებს, რომ, როგორც ბიბლია გვამცნობს, ხარბები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს (1 კორინთელთა 6:9, 10). როდესაც საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი მღვდლების მაგალითზე ვფიქრდებით, უფრო მეტად ვაფასებთ იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას. ეს ნებაყოფლობითი საქმეა და მსახურებისთვის გასამრჯელოს არ ვითხოვთ. არა, ‘ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით’ (2 კორინთელთა 2:17, აფ). პავლეს მსგავსად, თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: „უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას“ (2 კორინთელთა 11:7). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე საკუთარი სურვილით ‘ახარებდა’ კეთილ ცნობას. ამას მივყავართ მეხუთე საკითხამდე, რომელზეც მალაქიას პირველ თავში მახვილდება ყურადღება.

ღვთისთვის მსახურება არც ტვირთია და არც უბრალო ფორმალობა

15, 16. ა) როგორი შეხედულება ჰქონდათ მღვდლებს მსხვერპლშეწირვაზე? ბ) როგორ სწირავენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ მსხვერპლს?

15 ძველ იერუსალიმში ორგული მღვდლები მსხვერპლშეწირვას მომაბეზრებელ რიტუალად თვლიდნენ. ეს მათთვის ტვირთი იყო. მალაქიას 1:13-ის თანახმად, ღმერთმა უთხრა მათ: „ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი“. ამ მღვდლებს სძულდათ, ანუ არაფრად უღირდათ, ღვთისთვის წმინდა მსახურება. მოდი ვილოცოთ, რომ პირადად ჩვენ არასდროს დავემსგავსოთ მათ. დაე ყოველთვის ვავლენდეთ პირველი იოანეს 5:3-ში ჩაწერილი სიტყვების სულს: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“.

16 მოდი სიხარულით შევწიროთ ღმერთს სულიერი მსხვერპლი და არასდროს ჩავთვალოთ ეს მძიმე ტვირთად. ყური დავუგდოთ წინასწარმეტყველურ სიტყვებს: „უთხარით [უფალს], სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად“ (ოსია 14:3). ფრაზაში „ჩვენს ბაგეებს“ სულიერი მსხვერპლი იგულისხმება — სიტყვები, რომლებითაც იეჰოვასა და მის განზრახვებს განვადიდებთ. ებრაელთა 13:15-ში ნათქვამია: „მაშ, მისი [იესო ქრისტეს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“. რა სასიხარულოა, რომ ჩვენ მიერ შეწირული სულიერი მსხვერპლი არა უბრალო ფორმალობა, არამედ ღვთის მიმართ ჩვენი სიყვარულის გულწრფელი გამოვლენაა! ამ აზრით მალაქიას წინასწარმეტყველების პირველი თავიდან განსახილველ მეექვსე საკითხზე გადავდივართ.

თითოეული ანგარიშვალდებულია ღვთის წინაშე

17, 18. ა) რატომ დასწყევლა იეჰოვამ „თვალთმაქცები“? ბ) რას არ ითვალისწინებდნენ ისინი, რომლებიც თვალთმაქცურად იქცეოდნენ?

17 მალაქიას თანამედროვენი პასუხისმგებლები იყვნენ თავიანთ საქციელზე; პასუხისმგებლები ვართ ჩვენც (რომაელთა 14:12; გალატელთა 6:5). შესაბამისად, მალაქიას 1:14-ში ნათქვამია: „წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასახიჩრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს!“. ის, ვისაც ფარა ჰყავდა, არ იყო მხოლოდ ერთი პირუტყვის — ვთქვათ, მხოლოდ ერთი ცხვრის — მფლობელი, რომ არჩევნის საშუალება არ ჰქონდა. მსხვერპლად მას ბრმა, კოჭლი და დასახიჩრებული პირუტყვი არ უნდა ამოერჩია. ასეთი ცხოველის არჩევა იეჰოვასთვის მსხვერპლშეწირვის შეურაცხყოფა იქნებოდა; კაცს, რომელსაც ფარა ჰყავდა, ნამდვილად შეეძლო უნაკლო პირუტყვის ამორჩევა!

18 ამიტომაც, იეჰოვამ საფუძვლიანად დასწყევლა თვალთმაქცები, რომელთაც ვარგისი პირუტყვი ჰყავდათ, მაგრამ სამსხვერპლოდ მღვდელთან ბრმა, კოჭლი ან სნეული მიჰყავდათ — შესაძლოა, მიათრევდნენ კიდეც. გაკვრითაც კი არ არის არსად ნათქვამი, რომ რომელიმე მღვდელს რჯული მოეშველიებინა იმის ასახსნელად, თუ რამდენად მიუღებელი იყო ასეთი მსხვერპლის შეწირვა (ლევიანნი 22:17—20). ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის გასაგები იქნებოდა, რომ თავისი ხელისუფლებისთვის ასეთი ძღვნის მირთმევა ძვირად დაუჯდებოდა. მაგრამ, სინამდვილეში, მათ საქმე ჰქონდათ სამყაროს უზენაეს მმართველთან, იეჰოვასთან, რომელიც ბევრად, ბევრად დიდია ნებისმიერ ადამიანურ მმართველზე. მალაქიას 1:14-ში ვკითხულობთ: „დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში“.

19. რას ველით მომავალში და რის კეთება გვმართებს ახლა?

19 ჩვენ, ღვთის ერთგული მსახურები, მთელი გულით ველით იმ დღეს, როდესაც დიდ მეფეს, იეჰოვას, პატივს მიაგებს მთელი კაცობრიობა. მაშინ „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). მანამდე კი ვეცადოთ, შევასრულოთ იეჰოვას მოთხოვნები ფსალმუნმომღერლის მსგავსად, რომელმაც თქვა: „ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით“ (ფსალმუნი 68:31). ამისათვის მალაქია დიდი კურთხევების მომტან რჩევებს იძლევა. მოდი მომდევნო ორ სტატიაში ყურადღებით განვიხილოთ მალაქიას წიგნიდან სხვა საკითხებიც.

გახსოვთ თუ არა?

• რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?

• რატომ იყო იეჰოვასთვის მიუღებელი მალაქიას თანამედროვე მღვდლების მიერ შეწირული მსხვერპლი?

• როგორ უნდა შევწიროთ იეჰოვას ქების მსხვერპლი?

• რაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

მალაქიას წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებსაც ეხება.

[სურათი 10 გვერდზე]

ესავი არ აფასებდა იმას, რაც წმინდაა.

[სურათი 11 გვერდზე]

მღვდლები და ხალხი ღვთისთვის მიუღებელ მსხვერპლს სწირავდნენ.

[სურათი 12 გვერდზე]

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები უანგაროდ აღავლენენ ქების მსხვერპლს.