არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შვილების გულებში იეჰოვასადმი სიყვარულის ჩანერგვა

შვილების გულებში იეჰოვასადმი სიყვარულის ჩანერგვა

ბიოგრაფია

შვილების გულებში იეჰოვასადმი სიყვარულის ჩანერგვა

მოგვითხრო ვერნერ მაცენმა

რამდენიმე წლის წინათ უფროსმა ვაჟმა, ჰანს ვერნერმა, ბიბლია მაჩუქა. შიგნით ყდაზე ასეთი წარწერა ჰქონდა გაკეთებული: „ძვირფასო მამა, დაე კვლავ იეჰოვას სიტყვა იყოს სიცოცხლის გზაზე ჩვენი მეგზური. დიდი მადლიერებით, შენი უფროსი ვაჟი“. მშობლები გამიგებენ, თუ რამხელა სითბოთი და სიხარულით ამივსო ამ სიტყვებმა გული. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რა სირთულის პირისპირ უნდა აღმოჩენილიყო ჩვენი ოჯახი.

დავიბადე 1924 წელს ჰალშტენბეკში, რომელიც ჰამბურგიდან (გერმანია) 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს; გამზარდეს დედამ და პაპამ. 1942 წელს მეხელსაწყოეს შეგირდად ვიყავი, როდესაც „ვერმახტში“, ჯარში, გამიწვიეს. ძნელია სიტყვებით გამოვხატო, თუ რა გამოვცადე მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე რუსეთთან ბრძოლისას. დამემართა მუცლის ტიფი, მაგრამ მკურნალობის შემდეგ კვლავ ფრონტზე დამაბრუნეს. 1945 წლის იანვარში ქალაქ ლოძთან (პოლონეთი) მძიმედ დავიჭერი და სამხედრო ჰოსპიტალში მომათავსეს. ჯერაც იქ ვიყავი, როდესაც ომი დამთავრდა. საავადმყოფოსა და შემდეგ ნეინგამის ტყვეთა ბანაკში ყოფნისას, ფიქრისთვის საკმაოდ ბევრი დრო მქონდა. ძალიან მაწუხებდა ისეთი კითხვები, როგორიცაა: ნამდვილად არსებობს ღმერთი? თუ დიახ, რატომ უშვებს ამდენ სისასტიკეს?

ტყვეთა ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ, მალე, 1947 წლის სექტემბერში, კარლა შევირთე ცოლად. მე და კარლა თანაქალაქელები ვიყავით; ჩემი მეუღლე კათოლიკე იყო, მე კი არავითარი რელიგიური აღზრდა არ მიმიღია. ჯვრის დაწერისას მღვდელმა გვირჩია, რომ ყოველ საღამოს ერთად უფლის ლოცვა მაინც გვეთქვა. ჩვენც მისი რჩევისამებრ ვიქცეოდით, ისე რომ, სინამდვილეში არც კი გვესმოდა, რაზე ვლოცულობდით.

ერთი წლის შემდეგ ჰანსი შეგვეძინა. დაახლოებით ამავე დროს ჩემმა თანამშრომელმა ვილჰელმ არენსმა იეჰოვას მოწმეები გამაცნო. მან ბიბლიიდან დამანახვა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ომებს ბოლო მოეღებოდა (ფსალმუნი 45:10). 1950 წლის შემოდგომაზე სიცოცხლე იეჰოვას მივუძღვენი და მოვინათლე. როგორ გამახარა იმ ფაქტმა, რომ ერთი წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც მოინათლა!

იეჰოვას გზაზე შვილების დაყენება

ბიბლიაში წავიკითხე, რომ იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი (დაბადება 1:26—28; 2:22—24). მე ვესწრებოდი მშობიარობას, როდესაც ჩვენი შვილები ჰანს ვერნერი, კარლ-ჰაინზი, მიხაელი, გაბრიელა და ტომასი დაიბადნენ, რამაც კიდევ უფრო მაგრძნობინა ჩემი მოვალეობა, ვყოფილიყავი კარგი ქმარი და მამა. კარლა და მე გულის ფანცქალით ველოდით თითოეული შვილის დაბადებას.

1953 წელს ნიურნბერგში ჩატარებული იეჰოვას მოწმეთა კონგრესი ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული იყო. პარასკევს, ნაშუადღევს, მოხსენებაში: „ახალი ქვეყნიერების საზოგადოების წევრებად შვილების აღზრდა“, მომხსენებლის მიერ ნათქვამი სიტყვები სამუდამოდ ჩაგვრჩა გონებაში: „შვილებისთვის უდიდესი მემკვიდრეობის გადაცემა მათ გულებში ღვთისთვის მსახურების სურვილის ჩანერგვაა“. მე და კარლას, იეჰოვას დახმარებით, სწორედ ამის გაკეთება გვსურდა. მაგრამ როგორ?

დავიწყეთ იქიდან, რომ ყოველდღე მთელი ოჯახი ერთად ვლოცულობდით. ამან ბავშვებს გონებაში ჩაუბეჭდა, რომ ლოცვა მნიშვნელოვანია. თითოეულმა ბავშვმა პატარაობიდანვე ისწავლა, რომ ჭამის წინ ყოველთვის უნდა გველოცა. ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც, როგორც კი თავიანთ ბოთლს დაინახავდნენ, მაშინვე პაწაწუნა თავებს დახრიდნენ და ხელებს ერთმანეთზე გადააჭდობდნენ ხოლმე. ერთხელაც ცოლის ნათესავებმა, რომლებიც მოწმეები არ იყვნენ, ქორწილში დაგვპატიჟეს. ხელის მოწერის ცერემონიაზე მყოფი სტუმრები პატარძლის მშობლებმა წასახემსებლად სახლში მიგვიწვიეს. ყველას ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება ჩქარა შესდგომოდნენ ამ საქმეს. მაგრამ ხუთი წლის კარლ-ჰაინზისთვის ეს მიუღებელი იყო. „გთხოვთ, ჯერ ილოცოთ“, — თქვა მან. სტუმრებმა ჯერ ბავშვს შეხედეს, მერე ჩვენ, ბოლოს კი მასპინძლებს. უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, მასპინძელს შევთავაზე, რომ მე წარმოვთქვამდი სამადლობელ ლოცვას, რაზეც დამთანხმდნენ.

ამ შემთხვევამ იესოს სიტყვები გამახსენა: „ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება“ (მათე 21:16). მე და კარლა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ რეგულარულად და მთელი გულით აღვლენილი ლოცვები დაეხმარა ბავშვებს, რომ იეჰოვა თავიანთ მოსიყვარულე ზეციერ მამად მიეღოთ.

იეჰოვას წინაშე ჩვენი მოვალეობა

ბავშვებისთვის ღვთისადმი სიყვარულის ჩასანერგად ბიბლიის რეგულარულად კითხვა და სწავლაა საჭირო. ამ მიზნის მისაღწევად, ყოველკვირა, უმეტესწილად ორშაბათ საღამოობით, ოჯახური შესწავლა გვქონდა. რადგან უფროსსა და უმცროს შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელი იყო, მათ საკმაოდ განსხვავებული მოთხოვნილებები ჰქონდათ, რის გამოც ყველა ბავშვს ერთი და იმავე მასალით ვერ ვამეცადინებდით.

მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ მარტივი მასალა გვქონდა შერჩეული. კარლა მათთან მხოლოდ ერთ ბიბლიურ მუხლს იხილავდა ან პუბლიკაციებიდან ბიბლიური სიუჟეტების ამსახველ სურათებს აჩვენებდა. ახლაც თვალწინ მიდგას, თუ როგორ გვაღვიძებდნენ პატარები დილაუთენია, ლოგინზე ამოგვიცოცდებოდნენ და თავიანთ საყვარელ სურათებს გვიჩვენებდნენ წიგნიდან „ახალი ქვეყნიერება“ *.

კარლამ ალღო აუღო იმას, თუ როგორ დაენახვებინა ბავშვებისთვის იმის მრავალი მიზეზი, რის გამოც ყველას უნდა გვყვარებოდა იეჰოვა. ყოველივე ეს შეიძლება ადამიანს სულ უბრალოდ მოეჩვენოს, მაგრამ, ფაქტობრივად, ფიზიკურად და ემოციურად იმდენ ძალისხმევას მოითხოვდა, რომ ჩემი და კარლას თითქმის მთელი დრო მიჰქონდა. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. გვინდოდა, მათ ნაზ გულებში ჩვენ ჩაგვენერგა ცხოვრებისეული ფასეულობები მანამდე, ვიდრე მათზე გავლენის მოხდენას ისეთი ადამიანები დაიწყებდნენ, რომლებიც იეჰოვას არ იცნობდნენ. ამიტომ აუცილებელ მოთხოვნად გვქონდა ქცეული, რომ, როგორც კი ბავშვი ცოტა წამოიზრდებოდა და უკვე ჯდომა შეეძლებოდა, საოჯახო შესწავლას დასწრებოდა.

კარლასა და მე, როგორც მშობლებს, გვესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თაყვანისმცემლობის საკითხში შვილებისთვის კარგი მაგალითის მიცემა. ამიტომაც ჭამისას, ბაღში მუშაობისას თუ სეირნობისას იეჰოვასთან თითოეული შვილის ურთიერთობის განმტკიცებას ვცდილობდით (მეორე რჯული 6:6, 7). ყოველთვის ვზრუნავდით, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე ჰქონოდათ ბიბლიის საკუთარი ეგზემპლარი. გარდა ამისა, ჟურნალების მიღებისთანავე თითოეულის ჟურნალზე მათ სახელს ვაწერდი. ამგვარად ბავშვებმა საკუთარი ლიტერატურის გამორჩევა ისწავლეს. აგრეთვე დაგვებადა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს „გამოიღვიძეთ!“-იდან გარკვეული სტატიები წაეკითხათ. კვირას სადილის შემდეგ კი ისინი გვიხსნიდნენ, თუ როგორ გაიგეს მასალა.

ბავშვებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი აწყობილად არ გვქონია. ბავშვების წამოზრდასთან ერთად შევნიშნეთ, რომ მათში სიყვარულის ჩასანერგად საჭირო იყო, გაგვეგო, თუ რა ედოთ გულში. ამისათვის კი აუცილებელი იყო მოსმენა. ზოგჯერ ბავშვები ამა თუ იმ საკითხზე ჩიოდნენ, ამიტომ მე და კარლა დავსხდებოდით ხოლმე და ვსაუბრობდით იმ საკითხზე, რომელიც მათ აწუხებდათ. ამისათვის საოჯახო შესწავლის დამთავრების შემდეგ სპეციალურად ნახევარი საათი გვქონდა გამოყოფილი. ნებისმიერს შეეძლო გულახდილად ეთქვა, თუ რას გრძნობდა პირადად ის.

მაგალითად, ერთხელ ტომასსა და გაბრიელას (ორი უმცროსი შვილი) ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ჩვენ, მშობლები, გამორჩევით ვექცეოდით უფროს შვილს. ერთ საღამოს მათ გულახდილად გვითხრეს: „მამი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დედა და შენ ჰანს ვერნერს ყველაფრის უფლებას აძლევთ“. თავიდან საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. მაგრამ საკითხისადმი ობიექტურად მიდგომის შემდეგ კარლამ და მე ვაღიარეთ, რომ ბავშვები არც თუ უსაფუძვლოდ ჩიოდნენ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით, ყველა შვილს ერთნაირად მოვქცეოდით.

ზოგჯერ ბავშვებს ნაჩქარევად ან უსამართლოდ ვსჯიდი. ასეთ შემთხვევებში ჩვენ, მშობლებს, მობოდიშების სწავლა დაგვჭირდა. შემდეგ კი იეჰოვას მივმართავდით ლოცვით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შვილებს დაენახათ, რომ მამა მზად იყო, მოებოდიშებინა როგორც იეჰოვას, ისე მათი, ბავშვების, წინაშე. ყოველივე ამან ხელი შეუწყო შვილებთან თბილი და მეგობრული დამოკიდებულების განვითარებას. ისინი ხშირად გვეუბნებოდნენ: „თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ“. ამ სიტყვების მოსმენა ძალიან გვსიამოვნებდა.

ოჯახის წევრების ერთმანეთთან თანამშრომლობა ერთიანობას უწყობს ხელს. ამ მიზნის მისაღწევად, სახლში ყველას თავისი დავალება ჰქონდა. ჰანს ვერნერს კვირაში ერთხელ მაღაზიებში სიარული და საკვები პროდუქტებისა თუ წვრილმანი საოჯახო ნივთების ყიდვა ევალებოდა; ამიტომ, ჩვეულებრივ, მას ვაძლევდით ფულს და სიას, რომელშიც ჩამოწერილი იყო, თუ რა ეყიდა. ერთ დღეს მას არც საყიდლების სია და არც ფული არ მივეცით. ბიჭი დედასთან მივიდა და გამოჰკითხა, რაში იყო საქმე; დედამ უთხრა, რომ ფული აღარ გვქონდა. მაშინ ბავშვებმა ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს, შემდეგ კი ყველამ თავ-თავისი ყულაბიდან ფული ამოყარა და მაგიდაზე დაყარა. „დედი, ახლა კი შეგვიძლია საყიდლებზე წასვლა!“ — ერთხმად წამოიძახეს მათ. დიახ, ბავშვებმა გაჭირვებისას ერთმანეთის დახმარება ისწავლეს, რაც ოჯახის წევრებს კიდევ უფრო გვაახლოებდა.

ბიჭები წამოიზარდნენ და გოგონებისადმი ინტერესიც გაუჩნდათ. მაგალითად, ტომასს ძალიან მოსწონდა ერთი 16 წლის გოგონა, რომელიც ჩვენი თანამორწმუნე იყო. ავუხსენი, რომ, თუ სერიოზულად ფიქრობდა ამ გოგონაზე, მომზადებულიც უნდა ყოფილიყო ქორწინებისთვის და მზად ყოფილიყო, საკუთარ თავზე აეღო ცოლ-შვილის მოვლის პასუხისმგებლობა. ტომასი მიხვდა, რომ არ იყო ქორწინებისთვის მზად, რადგან ჯერ მხოლოდ თვრამეტიოდე წლის გახლდათ.

ოჯახის სულიერი წინსვლა

ჩვენი შვილები მოზარდობის ასაკიდანვე ერთიმეორეზე მიყოლებით ჩაეწერნენ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში. გულისყურით ვუსმენდით მათ გამოსვლას და ვხარობდით, რადგან ვხედავდით, რომ ბავშვებს მთელი გულით უყვარდათ იეჰოვა. სარაიონო და საოლქო ზედამხედველები, რომლებიც დროდადრო ჩვენთან რჩებოდნენ, გვიყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებისეულ შემთხვევებს ან ბიბლიურ მონაკვეთებს გვიკითხავდნენ. ეს მამაკაცები თავიანთ მეუღლეებთან ერთად ჩვენს ოჯახს დიდად დაეხმარნენ სრული დროით მსახურებისადმი სიყვარულის განვითარებაში.

მთელი ოჯახი სიხარულით ველოდით კონგრესებს. ისინი მთავარ როლს ასრულებდა ჩვენი შვილებისთვის ღვთის მსახურებად ყოფნის სურვილის ჩანერგვაში. ბავშვებისთვის განსაკუთრებული იყო ის წუთები, როდესაც კონგრესზე წასვლის წინ სამკერდე ნიშანს იბნევდნენ. ჩვენ ძალიან აღგვაფრთოვანა ათი წლის ასაკში ჰანს ვერნერის მონათვლამ. ზოგი ფიქრობდა, რომ მისთვის ძალიან ადრე იყო მონათვლა, მაგრამ 50 წლის ასაკში ჰანსმა მითხრა, თუ რამდენად მადლიერი იყო იმისათვის, რომ 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ემსახურებოდა იეჰოვას.

მე და კარლა ყოველთვის ვაჩვენებდით შვილებს, რომ იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არასოდეს დაგვიძალებია, რომ თავი მისთვის მიეძღვნათ. მიუხედავად ამისა, დიდი სიამოვნება მოგვგვარა იმის დანახვამ, თუ როგორ მივიდნენ მონათვლამდე თავ-თავის დროზე სხვა შვილებიც.

ვსწავლობთ იეჰოვასთვის ჩვენი ტვირთის გადაცემას

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1971 წელს ჰანს ვერნერმა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 51-ე კლასი დაამთავრა და მისიონერად ესპანეთში დაინიშნა. ერთმანეთზე მიყოლებით სხვა შვილებმაც სრული დროით მსახურებაში გარკვეული დრო გაატარეს, რაც ჩვენ, მშობლებს, ძალიან გვახარებდა. დაახლოებით ამ დროს მაჩუქა ჰანს ვერნერმა ბიბლია, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიე. თითქოს ჩვენი ოჯახის ბედნიერებას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.

შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ უფრო მეტად უნდა მივკვროდით იეჰოვას. რატომ? იმიტომ, რომ შვილების ზრდასრულ ასაკში შესვლის შემდეგ ზოგ მათგანს ისეთი პრობლემების ატანა მოუწია, რომლებიც მათ რწმენას სერიოზულად ცდიდა. მაგალითად, ჩვენს საყვარელ ქალიშვილს, გაბრიელას, უბედურება დაატყდა თავს. 1976 წელს ის ლოთარს გაჰყვა ცოლად. ქორწილის შემდეგ ლოთარი მალე ავად გახდა. მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, გაბრიელა კი მას სიკვდილამდე თავს ევლებოდა. ოჯახის ჯანმრთელი წევრის დაავადებამ და შემდგომ სიკვდილმა დაგვანახვა, თუ რამდენად გვჭირდებოდა იეჰოვას მოსიყვარულე ხელი (ესაია 33:2).

ახალი პასუხისმგებლობები იეჰოვას ორგანიზაციაში

1955 წელს, როდესაც კრების მსახურად (დღეს ასეთ მსახურს თავმჯდომარე ზედამხედველი ეწოდება) დამნიშნეს, ვფიქრობდი, რომ ასეთი პასუხისმგებლობისთვის სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი. იმდენი რამ იყო გასაკეთებელი, რომ საქმეს ზოგჯერ მხოლოდ დილით ოთხ საათზე ადგომის საშუალებით ავუდიოდი. ცოლი და შვილებიც ყოველნაირად მიწყობდნენ ხელს და ცდილობდნენ, საღამოს არ შევეწუხებინე მაშინაც კი, როდესაც რაღაც საქმეები იყო გასაკეთებელი.

მიუხედავად ამისა, როგორც ოჯახი, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით თავისუფალი დროის გამონახვას, რათა ერთად დაგვესვენა. ზოგჯერ ჩემი დამსაქმებელი მანქანას მათხოვებდა ხოლმე და შემეძლო ოჯახის წევრები ქალაქგარეთ გამესეირნებინა. ბავშვებს ძალიან მოსწონდათ ტყეში „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა. ჩვენ ლაშქრობებზეც დავდიოდით ერთად; ზოგჯერ ტყის გავლით სიარულისას მე გარმონზე ვუკრავდი, დანარჩენები კი მღეროდნენ.

1978 წელს სარაიონო ზედამხედველის (მიმომსვლელი მსახური) თანაშემწედ დამნიშნეს. როდესაც საქმეს ვერ ავუდიოდი, ვლოცულობდი: „იეჰოვა, ვფიქრობ, ამის კეთება ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ, თუ შენი სურვილია, რომ ვეცადო, ძალ-ღონეს არ დავიშურებ შენი ნების შესასრულებლად“. ორი წლის შემდეგ, 54 წლის ასაკში, ჩემი მცირე საწარმო ჩვენს უმცროს ვაჟს, ტომასს, გადავაბარე.

ბავშვები წამოიზარდნენ, რამაც მე და კარლას იეჰოვასთვის მეტის კეთების შესაძლებლობა მოგვცა. იმავე წელს ჰამბურგის გარკვეული ნაწილისა და მთელი შლეზვიგ-ჰოლშტაინის სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. რადგან შვილების აღზრდის გამოცდილება გვქონდა, შეგვეძლო კარგად გაგვეგო მშობლებისა და მათი შვილებისთვის. ბევრი ძმა „სარაიონო მშობლებსაც“ გვეძახდა.

ათი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად სარაიონო საქმიანობის შესრულების შემდეგ, კარლას ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. იმავე წელს ექიმებმა მეც თავის ტვინის სიმსივნე აღმომიჩინეს. ამიტომ იძულებული გავხდი, შემეწყვიტა სარაიონო ზედამხედველად მსახურება და ოპერაცია გავიკეთე. სამი წლის წინათ კვლავ შევძელი სარაიონო ზედამხედველის თანაშემწედ მსახურება. კარლა და მე ახლა 70 წელს გადაცილებული ვართ და მიმომსვლელი მსახურის მოვალეობას აღარ ვასრულებთ. იეჰოვა დაგვეხმარა იმის დანახვაში, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ისეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომლის შესრულებაც არ შეგვიძლია.

როდესაც წარსულს ვიხსენებთ, მე და კარლა დიდად ვემადლიერებით იეჰოვას იმისათვის, რომ შვილებისთვის ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის ჩანერგვაში დაგვეხმარა (იგავნი 22:6). წლების განმავლობაში იეჰოვა გვხელმძღვანელობდა და გვასწავლიდა; გვეხმარებოდა ჩვენი მოვალეობის შესრულებაში. თუმცა უკვე დავბერდით და ძალაც ისე აღარ გვერჩის, იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული იმდენად ახალგაზრდული გზნებით არის ანთებული და ცოცხალია, როგორც არასოდეს (რომაელთა 12:10, 11).

[სქოლიო]

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ უკვე აღარ გამოიცემა.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩვენი ოჯახი მდინარე ელბის სანაპიროზე სეირნობისას (ჰამბურგი, 1965).

[სურათი 28 გვერდზე]

ჩვენი ოჯახის რამდენიმე წევრი 1998 წელს ბერლინის საერთაშორისო კონგრესზე.

[სურათი 29 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან, კარლასთან, ერთად.