არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

„ღმერთს სამყაროს უდიდეს ძალას უწოდებენ, რომელიც თაყვანისცემის საგანია“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ამერიკანაში“. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი კი „ღმერთს“ განმარტავს, როგორც „უზენაესი ძალის მქონე ზებუნებრივ არსებას“. როგორია სინამდვილეში ეს მოწიწებისა და შიშის მომგვრელი არსება?

ღმერთი უპიროვნო ძალაა, თუ ნამდვილი პიროვნება? აქვს მას სახელი? არის ის სამპიროვნული ღმერთი, როგორც ეს ბევრს სწამს? როგორ შეგვიძლია მისი გაცნობა? ამ კითხვებზე სწორ და დამაკმაყოფილებელ პასუხებს ბიბლია გვთავაზობს. ის მოგვიწოდებს, ვეძებოთ ღმერთი, რომელიც, როგორც თვითონ ბიბლიაშია ნათქვამი: „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27).

უპიროვნო ძალაა თუ ნამდვილი პიროვნება?

ბევრ მორწმუნეს ჰგონია, რომ ღმერთი უბრალო ძალაა და არა პიროვნება. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ღმერთებს ბუნებაში არსებულ ძალად მიიჩნევენ. ზოგი, ვინც სამყაროს სტრუქტურისა და დედამიწაზე სიცოცხლის თავისებურებებთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევა-ძიების ფაქტებს გაეცნო, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „პირველმიზეზი“ უნდა არსებობდეს. მიუხედავად ამისა, ისინი ყოყმანობენ, აღიარონ, რომ ეს „მიზეზი“ პიროვნებაა.

მაგრამ ქმნილებათა საოცრად რთული სისტემა განა არ მიუთითებს იმაზე, რომ „პირველმიზეზს“ უდიდესი ინტელექტი უნდა ჰქონდეს? ცხადია, ინტელექტისთვის გონებაა საჭირო. ის უდიდესი გონება კი, რომელიც მთელ შემოქმდებას სჭირდებოდა, ღმერთს, კონკრეტულ პიროვნებას, ეკუთვნის. დიახ, ღმერთს აქვს სხეული, მაგრამ არა ჩვენი ფიზიკური სხეულის მსგავსი, არამედ სულიერი. „არის მშვინვიერი სხეული, — ნათქვამია ბიბლიაში, — და არის სულიერი სხეული“ (1 კორინთელთა 15:44). ღვთის ბუნების შესახებ ბიბლია გასაგებად ამბობს, რომ „ღმერთი არის სული“ (იოანე 4:24). „სულის“ ცხოვრება კი დიდად განსხვავდება ჩვენი ცხოვრებისგან; ის ადამიანისთვის უხილავია (იოანე 1:18). არსებობენ უხილავი სულიერი ქმნილებებიც. ისინი არიან ანგელოზები — „ღვთისშვილები“ (იობი 1:6; 2:1).

რადგან ღმერთი მარადიული პიროვნებაა, რომელსაც სულიერი სხეული აქვს, ლოგიკურია, რომ მას სამყოფელი ადგილიც ექნება. ბიბლია მიუთითებს სულიერ სფეროზე და გვეუბნება, რომ ზეცა არის ღვთის „სამყოფელი“ (მესამე მეფეთა 8:43). პავლეც ამბობს, რომ: „ქრისტე შევიდა... თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე“ (ებრაელთა 9:24).

სიტყვა „სული“ ბიბლიაში სხვა მნიშვნელობითაც იხმარება. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი ღმერთს ლოცვაში ეუბნებოდა: „გაუშვებ შენს სულს... წარმოიქმნებიან“ (ფსალმუნი 103:30). ეს სული ღმერთი კი არ არის, არამედ ძალაა, რომელსაც ღმერთი აგზავნის ან იყენებს თავისი ნების შესასრულებლად. მისი მეშვეობით ღმერთმა შექმნა ცა, მიწა და ცოცხალი არსებები (დაბადება 1:2; ფსალმუნი 32:6). მის სულს სულიწმიდა ეწოდება. ღმერთი სულიწმიდას იმისთვისაც იყენებდა, რომ ბიბლიის დამწერთათვის თავისი სიტყვები შთაეგონებინა (2 პეტრე 1:20, 21). მაშასადამე, სულიწმიდა უხილავი მოქმედი ძალაა, რომელსაც ღმერთი თავისი განზრახვების განსახორციელებლად იყენებს.

ღვთის სახელი უნიკალურია

ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა აგურ იაკეს ძემ ერთხელ იკითხა: „ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია?“ (იგავნი 30:4). ფაქტობრივად, ის სვამდა კითხვას, იცი თუ არა იმ მამაკაცის სახელი ან მისი საგვარეულო ხაზი, ვინც ყოველივე ეს გააკეთა? მხოლოდ ღმერთს ძალუძს ბუნების ძალების გაკონტროლება. თუმცა მთელი შემოქმედება იმისი ძლიერი მტკიცებაა, რომ ღმერთი არსებობს, ღვთის სახელის გამხელასთან დაკავშირებით ის დუმს. ვერასოდეს გავიგებდით მის სახელს, თვითონ მასვე რომ არ გაემხილა ჩვენთვის. «მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ], —ამბობს შემოქმედი, — ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).

მარტო ებრაული წერილების ორიგინალში თითქმის 7000-ჯერ გვხვდება ღვთის ეს უნიკალური სახელი, იეჰოვა. იესო ქრისტემ ეს სახელი თავის თანამედროვეთ გააცნო და განადიდებდა მას მათ წინაშე (იოანე 17:6, 26). ეს სახელი ბიბლიის ბოლო წიგნშიც კი არის მოხსენიებული, როგორც გამოთქმა „ალილუია“, რომელიც ნიშნავს „ადიდეთ იაჰ“. „იაჰ“ კი „იეჰოვას“ შემოკლებული ფორმაა (გამოცხადება 19:1—6). მაგრამ დღეს ბევრი ბიბლია იშვიათად იყენებს ამ სახელს. ზოგიერთ ენაში ისინი იყენებენ დიდი ასოებით დაწერილ სიტყვებს „უფალი“ ან „ღმერთი“, რათა ამით ღვთის სახელი უბრალო ტიტულებისგან — „უფალი“ და „ღმერთი“ — განასხვაონ. ზოგი სწავლულის აზრით ღვთის სახელი შეიძლება წარმოითქვას როგორც იაჰვე.

რატომ არსებობს სამყაროში ამ ყველაზე უდიდესი პიროვნების სახელის შესახებ ასეთი განსხვავებული აზრები? ეს პრობლემა ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ჩაისახა, როდესაც იუდეველებმა ცრურწმენის გამო თანდათან შეწყვიტეს ღვთის სახელის გამოყენება და კითხვის დროს ამ სახელს ებრაული სიტყვით „უზენაესი უფლით“ ცვლიდნენ. რადგან ბიბლიის დროინდელ ებრაულში ხმოვნებს არ წერდნენ და მხოლოდ კითხვის დროს უმატებდნენ, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ ზუსტად როგორ კითხულობდნენ მოსე, დავითი და სხვები ძველად ღვთის სახელს. მიუხედავად ამისა, სახელ იეჰოვას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ და მისი ეკვივალენტები დღეისათვისაც საკმაოდ კარგად არის ცნობილი ბევრ ენაში (გამოსვლა 6:3, რუსული სინოდის ბიბლია; ესაია 26:4, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“).

თუმცა არ ვიცით, როგორ გამოთქვამდნენ ძველად ებრაელები ღვთის სახელს, ამ სახელის მნიშვნელობა ჩვენთვის უცნობი არ არის. ის ნიშნავს „აქცევინებს“. იეჰოვა ღმერთი გვეუბნება, რომ ის დიდებული განზრახვების ღმერთია. ის ყოველთვის რეალობად აქცევს თავის განზრახვებს და ასრულებს დაპირებებს. მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელსაც ყოველივეს გაკეთების ძალა შესწევს, მართებულად შეუძლია ამ სახელის ტარება (ესაია 55:11).

უდავოა, სახელი იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთს ყველა დანარჩენი ღვთაებებისგან განასხვავებს. სწორედ ამიტომ არის ბიბლიის ორიგინალში ასე ხშირად ჩაწერილი. თუმცა ბიბლიის ბევრ თარგმანში არ არის ღვთის სახელი გამოყენებული, ფსალმუნის 82:19 ნათლად ამბობს: „შენი სახელია უფალი („იეჰოვა“ აქ), მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“. მსახურებისას იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ასწავლიდა, თუ როგორ ელოცათ: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). ამიტომ, როდესაც ღმერთს ლოცვით მივმართავთ, ვსაუბრობთ მასზე და სხვების წინაშე განვადიდებთ, მისი სახელი უნდა გამოვიყენოთ.

არის იესო ღმერთი?

იეჰოვა ღმერთი აშკარად გვიჩვენებს, თუ ვინ არის მისი ძე. მათეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც იესო მოინათლა, გაისმა «ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (მათე 3:16, 17). დიახ, იესო ქრისტე არის ღვთის ძე.

ზოგიერთი რელიგიის მიმდევრები კი აცხადებენ, რომ იესო ღმერთია. სხვები ამტკიცებენ, რომ ღმერთი სამებაა. ამ სწავლებების თანახმად, „მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდაც არის ღმერთი, მაგრამ ეს სამი ღმერთი კი არა, ერთი ღმერთია“. და სწამთ, რომ ეს სამივე „თანასამარადისონი და თანასწორნი არიან“, — ნათქვამია ერთ-ერთ კათოლიკურ ენციკლოპედიაში (The Catholic Encyclopedia). სწორია ასეთი შეხედულებები?

იეჰოვას შესახებ საღვთო წერილი ამბობს: „უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 89:2). ის არის „საუკუნეთა მეფე“, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული (1 ტიმოთე 1:17). იესო კი არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა“ და „დასაბამი ღვთის ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:13—15; გამოცხადება 3:14). იესომ თავისი მამის შესახებ თქვა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). მან ისიც აღნიშნა, რომ არსებობდა ისეთი რამ, რაც არც მან და არც ანგელოზებმა არ იცოდნენ, არამედ მხოლოდ ღმერთმა (მარკოზი 13:32). გარდა ამისა, იესო თავის მამას შემდეგი ლოცვით მიმართავდა: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“ (ლუკა 22:42). ვის მიმართავდა ლოცვით იესო თუ არა თავისზე მაღლა მდგომ დიდებულ პიროვნებას? მკვდრეთითაც ღმერთმა აღადგინა იესო და არა თვითონ საკუთარი თავი (საქმეები 2:32).

ამგვარად, ბიბლია გვიჩვენებს, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია, იესო კი მისი ძე. არც დედამიწაზე მოსვლამდე და არც მოსვლის დროს ყოფილა იესო იეჰოვას თანასწორი და არც ზეცად აღდგომის შემდეგ გამხდარა მამის თანაბარი (1 კორინთელთა 11:3; 15:28). როგორც დავინახეთ კიდეც, სამებაში ეგრეთ წოდებული მესამე პიროვნება, ესე იგი სულიწმიდა, პიროვნება არ არის. ის არის ძალა, რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. მაშასადამე, სამების შესახებ სწავლება არაბიბლიურია *. „ერთია უფალი, უფალი („იეჰოვა“ აქ), ჩვენი ღმერთი“ (მეორე რჯული 6:4).

უკეთესად გაიცანით ღმერთი

იმისათვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი და მისადმი განსაკუთრებული ერთგულება გამოვავლინოთ, რომელსაც ის იმსახურებს, ჯერ თვითონ ის უნდა გავიცნოთ კარგად. მაგრამ, როგორ შეგვიძლია გავიცნოთ ის უკეთესად? „მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“, — ამბობს ბიბლია (რომაელთა 1:20). ღმერთის უკეთ გაცნობის ერთ-ერთი საშუალება მის შემოქმედებაზე დაკვირვება და მათზე მადლიერების გამომხატველი ფიქრია.

მაგრამ შემოქმედებაზე დაკვირვება ვერ გვეუბნება ყველაფერს, რაც ღვთის შესახებ უნდა ვიცოდეთ. მაგალითად, იმის გასაგებად, რომ ის რეალური სულიერი პიროვნებაა და უნიკალური სახელიც აქვს, ბიბლიას უნდა მივმართოთ. ასე რომ, ბიბლიის შესწავლა ღვთის გაცნობისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. საღვთო წერილში იეჰოვა საკუთარი პიროვნების შესახებ უდიდეს ინფორმაციას გვაწვდის. აგრეთვე ის გვიცხადებს თავის განზრახვებს და თავის გზებს გვასწავლის (ამოსი 3:7; 2 ტიმოთე 3:16, 17). რა ძლიერ უნდა გვახარებდეს ის, რომ ღმერთს სურს „მივაღწიოთ ჭეშმარიტების შემეცნებას“, რათა შეგვეძლოს მისი სიყვარულით ნაკარნახები ღონისძიებებიდან ვისარგებლოთ! (1 ტიმოთე 2:4). მაშ, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვას შესახებ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 19 ამ საკითხის უფრო დაწვრილებით განხილვისთვის იხილეთ ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“, რომელიც გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათები 5 გვერდზე]

ღმერთმა სულიწმიდა გამოიყენა დედამიწის შესაქმნელად და მისივე მეშვეობით შთააგონა ადამიანებს ბიბლიის წერა.

[სურათი 5 გვერდზე]

ზეციდან გაისმა ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“.

[სურათი 7 გვერდზე]

იესო ლოცულობდა ღვთის მიმართ — დიდებული პიროვნების მიმართ, რომელიც მასზე დიდია.

[სურათი 7 გვერდზე]

იესომ ღვთის სახელი ადამიანებს გააცნო.

[სურათები 7 გვერდზე]

ღმერთი შეგვიძლია უკეთესად გავიცნოთ.