იეჰოვას სიკეთეს სარგებლობა მოაქვს
იეჰოვას სიკეთეს სარგებლობა მოაქვს
„ვინც ბრძენია... გულისხმაჰყოს წყალობანი უფლისა“ (ფსალმუნი 106:43).
1. სად გვხვდება ბიბლიაში პირველად ებრაული სიტყვა, რომელსაც ხშირად წყალობად თარგმნიან და ამ თვისებასთან დაკავშირებულ რა კითხვებს განვიხილავთ?
დაახლოებით 4000 წლის წინათ, აბრაამის ძმისშვილმა, ლოტმა, იეჰოვას უთხრა: „დიდია შენი წყალობა ჩემდამი“ (დაბადება 19:19). ამ მუხლში პირველად ვხვდებით ებრაულ სიტყვას, რომელსაც ხშირად წყალობად თარგმნიან. ებრაული ტექსტის დედნის მიხედვით იაკობი, ნაყომი, დავითი და ღვთის სხვა მსახურებიც საუბრობდნენ იეჰოვას ამ თვისებაზე (დაბადება 32:10; რუთი 1:8; მეორე მეფეთა 2:6). ეს სიტყვა ებრაული წერილების ორიგინალში დაახლოებით 250-ჯერ გვხვდება. მაგრამ რა იგულისხმება იეჰოვას ამ თვისებაში? ვის მიმართ გამოავლინა ღმერთმა ეს თვისება? და რა სარგებლობა მოაქვს ამას ჩვენთვის?
2. რატომ არის განსახილველი ებრაული სიტყვა ასე რთული გადმოსაცემი და როგორ შეიძლება მისი თარგმნა?
2 წმინდა წერილებში გამოყენებული ეს ებრაული სიტყვა ძალიან მრავლისმომცველია და ბევრ ენაში არ არსებობს მისი ზუსტი ეკვივალენტი. ამიტომ, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სიყვარული“, „წყალობა“, „მადლი“, „ერთგულება“, „სიკეთე“ და სხვა, რომლებითაც ქართულ ბიბლიაში ეს სიტყვაა ნათარგმნი, სრულად ვერ გადმოსცემს ებრაული სიტყვის მნიშვნელობას. ამ ებრაული სიტყვის უფრო ზუსტად გადმოცემა შესაძლებელია ფრაზით: სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ან სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე; ეს შედარებით უფრო ზუსტი თარგმანია, ვიდრე „წყალობა“, „მადლი“, „სიკეთე“, „სიყვარული“ და „ერთგულება“ (გამოსვლა 15:13; ფსალმუნი 5:8).
განსხვავებულია სიყვარულისა და ერთგულებისგან
3. რა განსხვავებაა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესა და სიყვარულს შორის?
3 ეს თვისება ძალიან ახლოს დგას სიყვარულსა და ერთგულებასთან. მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. ჯერ ვნახოთ, რა განსხვავებაა ამ სიკეთეს ანუ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესა და სიყვარულს შორის. სიყვარული ვრცელდება საგნებსა და ცნებებზე; ბიბლია ლაპარაკობს როგორც „ღვინისა და ნელსაცხებლის“, ისე „სიბრძნის“ სიყვარულზე (იგავნი 21:17; 29:3). მაგრამ აღნიშნული სიკეთე ადამიანებს ეხება და არა ცნებებსა თუ უსულო საგნებს. მაგალითად, გამოსვლის 20:6-ში ადამიანებზეა საუბარი, როდესაც აღნიშნულია, რომ იეჰოვა არის „ათასწილ სიკეთის მზღველი“.
4. რით განსხვავდება ერთმანეთისგან სიკეთე და ერთგულება?
4 ამ თვისების აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა უფრო ფართო გაგებისაა, ვიდრე მხოლოდ „ერთგულება“. ზოგ ენაში „ერთგულება“ გამოიყენება მაშინ, როდესაც საუბარია უფრო მაღლა მდგომის მიმართ დაბლა მდგომის დამოკიდებულებაზე. მაგრამ, როგორც ერთმა მკვლევარმა აღნიშნა, ბიბლიური თვალსაზრისით, ეს თვისება „უფრო ხშირად ეხება სრულიად საპირისპირო ურთიერთობას: ძალაუფლების მქონე ავლენს ერთგულებას სუსტის, გაჭირვებულისა და დაქვემდებარებულის მიმართ“. ამიტომ შეეძლო დავით მეფეს ეთხოვა იეჰოვასთვის: „უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით“ (ფსალმუნი 30:17). იეჰოვა, ძალაუფლების მქონე პიროვნება, ისმენს თხოვნას, სიყვარულით
გამოავლინოს სიკეთე გაჭირვებაში მყოფი დავითის მიმართ. ვინაიდან სუსტი ვერ უპირატესობს ძალაუფლების მქონეზე, ეს თვისება იძულებით კი არა, ნებაყოფლობით ვლინდება.5. ა) იეჰოვას მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთის რომელ თავისებურებებს ესმება ხაზი მის სიტყვაში? ბ) რას განვიხილავთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას?
5 „ვინც ბრძენია, — თქვა ფსალმუნმომღერალმა, — დაიცვას ისინი და გულისხმაჰყოს წყალობანი უფლისა“ (ფსალმუნი 106:43). იეჰოვას მიერ აღნიშნული თვისების გამოვლენას შედეგად ხსნა და სიცოცხლე მოაქვს (ფსალმუნი 6:5; 118:88, 159). ის დამცველი და შვების მომგვრელია განსაცდელის ჟამს (ფსალმუნი 30:17, 22; 39:12; 142:12). ამ თვისების წყალობითაა, რომ ადამიანებს ცოდვების მიტევება გვაქვს (ფსალმუნი 24:7). თუ მიმოვიხილავთ რამდენიმე ბიბლიურ შემთხვევასა და მუხლს, დავინახავთ, რომ იეჰოვა ამ სიკეთეს ავლენს: 1) კონკრეტული საქმეებით და 2) თავისი ერთგული მსახურების მიმართ.
ხსნა — სიკეთის გამოვლენა
6, 7. ა) ლოტის შემთხვევაში როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიკეთე, რომელიც სიყვარულიდან გამომდინარეობს? ბ) როდის მოიხსენია ლოტმა იეჰოვას ეს თვისება?
6 საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ რას მოიცავს იეჰოვას ეს თვისება, იმ ბიბლიური ისტორიების განხილვაა, რომლებშიც ამ სახის სიკეთეზეა საუბარი. დაბადების 14:1—16-ში ვკითხულობთ, როგორ გაიტაცეს მტრებმა აბრაამის ძმისშვილი, ლოტი. მაგრამ აბრაამმა იხსნა იგი. ლოტის სიცოცხლე კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის წინაშე, როდესაც იეჰოვამ ბოროტებით ცნობილი ქალაქის, სოდომის, განადგურება გადაწყვიტა, სადაც ლოტი და მისი ოჯახი ცხოვრობდა (დაბადება 18:20—22; 19:12, 13).
7 სოდომის განადგურებამდე, იეჰოვას ანგელოზებმა ლოტი და მისი ოჯახი ქალაქიდან გამოიყვანეს. მაშინ ლოტმა ეს სიტყვები წარმოთქვა: „მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე“ (დაბადება 19:16, 19). ამ სიტყვებით ლოტმა აღიარა, რომ მისი გადარჩენით იეჰოვამ ეს სიკეთე არაჩვეულებრივი სახით გამოხატა. ამ შემთხვევაში, იეჰოვამ აღნიშნული თვისება ლოტის გადარჩენითა და მისი დაცვით გამოავლინა (2 პეტრე 2:7).
იეჰოვას მიერ სიკეთის გამოვლენა და მისი ხელმძღვანელობა
8, 9. ა) რა დაავალა აბრაამმა თავის მსახურს? ბ) რატომ სთხოვა ლოცვით მსახურმა ღმერთს სიკეთის სიყვარულით გამოვლენა და რა მოხდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ლოცულობდა?
8 დაბადების 24-ე თავში ღვთის მიერ ამ თვისების გამოვლენის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ვკითხულობთ. ამ თავში მოთხრობილია, თუ როგორ გაგზავნა აბრაამმა მსახური ისაკისთვის ცოლის მოსაძებნად თავის ნათესავებთან სხვა ქვეყანაში (მე-2—4 მუხლები). თუმცა დავალება იოლი არ ყოფილა, მსახური დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ანგელოზი უხელმძღვანელებდა (მე-7 მუხლი). ის ზუსტად იმ დროს მიადგა ჭას, რომელიც ‘ნახორის ქალაქთან’ (ხარანი ან სხვა ახლომდებარე ქალაქი) მდებარეობდა, როდესაც ქალები ჭიდან წყლის ამოსაღებად მოდიოდნენ (მე-10, მე-11 მუხლები). მოახლოებული ქალების შემხედვარე მიხვდა, რომ მისი დავალების გადამწყვეტი მომენტი დგებოდა. თუმცა როგორ შეძლებდა სწორი არჩევნის გაკეთებას?
9 რადგან იცოდა, რომ ღვთის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდა, აბრაამის მსახურმა ილოცა: „უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!“ (მუხლი 12). როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე? მსახურმა ნიშანი ითხოვა, რომელიც ღვთის მიერ არჩეული ახალგაზრდა ქალის ამოცნობაში დაეხმარებოდა (13, 14 მუხლები). ერთ-ერთი ქალიშვილი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მსახური სთხოვდა იეჰოვას. დიახ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქალმა მის ლოცვას ყური მოჰკრაო! (მე-15—20 მუხლები). მსახური გაოცებული „აკვირდებოდა“ ქალს. ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ იყო დასადგენი. მაგალითად, იყო აბრაამის ნათესავი ეს ლამაზი ქალიშვილი? გათხოვილი ხომ არ იყო? ამიტომ მსახური „ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა“ (მე-16 და 21-ე მუხლები).
10. რატომ დაასკვნა აბრაამის მსახურმა, რომ იეჰოვამ მისი ბატონისადმი სიკეთე სიყვარულით გამოავლინა?
10 მალე ახალგაზრდა ქალი მსახურს გაეცნო: „ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის [აბრაამის ძმის] ძისა“ (დაბადება 11:26; 24:24). მაშინ მსახური მიხვდა, რომ იეჰოვას უპასუხოდ არ დაუტოვებია მისი ლოცვა. გრძნობამორეული მუხლებზე დაეცა და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს“ (27-ე მუხლი). მსახურს რომ უხელმძღვანელა, ამით იეჰოვამ მისი ბატონისადმი, აბრაამისადმი, ეს განსაკუთრებული სიკეთე გამოავლინა.
ღვთის მიერ სიკეთის გამოვლენა შვების მომგვრელია და დამცავი
11, 12. ა) რომელი განსაცდელების დროს გამოავლინა იოსების მიმართ იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე? ბ) როგორ გამოავლინა ამ შემთხვევაში იეჰოვამ ეს თვისება?
11 მოდი, ახლა განვიხილოთ დაბადების 39-ე თავი. მასში ყურადღება მახვილდება აბრაამის შვილთაშვილზე, იოსებზე, რომელიც ეგვიპტეში ტყვედ გაყიდეს. მაგრამ „უფალი იყო იოსებთან“ (1-ლი და 2-ე მუხლები). თვით იოსების ეგვიპტელი ბატონი, პოტიფარიც, კი მიხვდა, რომ იეჰოვა იყო მასთან (მე-3 მუხლი). თუმცა მალევე იოსები ძალიან რთული გამოცდის წინაშე დადგა. მას პოტიფარის ცოლის გაუპატიურების მცდელობა დასწამეს ცილად და დაატუსაღეს (მუხლები 7—20). „დილეგში“ „გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს“ (დაბადება 40:15; ფსალმუნი 104:18).
12 რა მოხდა მისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე პერიოდში? „უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა“ (მუხლი 21ა). ამ განსაკუთრებული სიკეთის გამოვლენა დაიწყო მთელი რიგი მოვლენებით, რომელთა წყალობითაც მოგვიანებით იოსებმა გასაჭირს თავი დააღწია. იეჰოვამ იოსებს „მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში“ (მუხლი 21ბ). შედეგად, საპყრობილის უფროსმა მას პასუხისმგებლობაც კი ანდო (22-ე მუხლი). მოგვიანებით ის შეხვდა კაცს, რომელმაც საბოლოოდ იოსების შესახებ მოუთხრო ფარაონს, ეგვიპტის მმართველს (დაბადება 40:1—4, 9—15; 41:9—14). თავის მხრივ, მეფემ იოსები ეგვიპტეში რიგით მეორე მმართველად დანიშნა. ამან საშუალება მისცა იოსებს, შიმშილობის დროს ეხსნა ეგვიპტე (დაბადება 41:37—55). იოსები ჯერ კიდევ 17 წლის ყმაწვილი იყო, როდესაც მისი განსაცდელები დაიწყო, რამაც თორმეტ წელიწადზე მეტ ხანს გასტანა! (დაბადება 37:2, 4; 41:46). მაგრამ გასაჭირისა და მწუხარების მთელი ამ დროის განმავლობაში იეჰოვა ამ განსაკუთრებულ სიკეთეს ავლენდა იოსებისადმი — ის უფრო საშინელი უბედურებისგან იცავდა მას და იფარავდა იმ დროისთვის, როდესაც იოსები ღვთის განზრახვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას შეძლებდა.
ღვთის მიერ სიყვარულით სიკეთის გამოვლენას წინ ვერაფერი დაუდგება
13. ა) იეჰოვას მიერ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის როგორ გამოვლინებებს ვხვდებით 135-ე ფსალმუნში? ბ) რა ახასიათებს ამ სიკეთეს?
13 იეჰოვა ისრაელი ერისადმი კვლავ და კვლავ ავლენდა სიკეთეს სიყვარულით. 135-ე ფსალმუნი მოგვითხრობს, როგორ დაიხსნა (მუხლები 10—15), უხელმძღვანელა (მე-16 მუხლი) და დაიცვა (მე-17—20 მუხლები) ისინი ამ განსაკუთრებული თვისებით აღძრულმა იეჰოვამ. ღმერთი ცალკეული ადამიანებისადმიც ავლენდა ამ სიკეთეს. ის, ვინც სიყვარულით ავლენს სიკეთეს, ამას სხვების აუცილებელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნებაყოფლობით აკეთებს. ამ თვისებასთან დაკავშირებით ერთ ბიბლიურ ცნობარში ნათქვამია: „ეს არის ქმედება, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებასა და კეთილდღეობას ემსახურება. ეს ნიშნავს, იმოქმედო იმის სასარგებლოდ, ვინც გასაჭირშია ჩავარდნილი და იტანჯება“. ერთი სწავლული მას „საქმეებით დამტკიცებულ სიყვარულს“ უწოდებს.
14, 15. რატომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ლოტი ღვთისმოსაწონი მსახური იყო?
14 „დაბადებაში“ მოცემული ჩვენ მიერ განხილული შემთხვევები გვიმტკიცებს, რომ იეჰოვა თავისი მოყვარულებისადმი ყოველთვის სიყვარულით ავლენს სიკეთეს. ლოტს, აბრაამსა და იოსებს სხვადასხვა ვითარებებში უწევდათ ცხოვრება, განსხვავდებოდა მათი განსაცდელებიც. ისინი არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ იეჰოვას მოსწონდა მათი მსახურება და ხედავდა, რომ ამ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებოდათ. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ამ განსაკუთრებულ სიკეთეს ავლენს ასეთი ადამიანების მიმართ.
15 ლოტმა რამდენიმე არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რამაც სირთულეები შეუქმნა (დაბადება 13:12, 13; 14:11, 12). მაგრამ ის ღვთისმოსაწონ თვისებებსაც ავლენდა. როდესაც სოდომში ღვთის ორი ანგელოზი მივიდა, ლოტმა მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა (დაბადება 19:1—3). რწმენით გააფრთხილა თავისი სასიძოები სოდომის მოახლოებული გარდაუვალი განადგურების შესახებ (დაბადება 19:14). თუ რა თვალსაზრისი ჰქონდა ღმერთს ლოტზე მე-2 პეტრეს 2:7—9-ში შემდეგი სიტყვებით არის ნაჩვენები: „მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, [იეჰოვამ] იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა. ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი“. დიახ, ლოტი მართალი ადამიანი და, როგორც ზემოხსენებული სიტყვებიდანაც ჩანს, ღვთის ერთგული იყო. ლოტის მსგავსად, ჩვენც ღვთის ამ სიკეთეს ვგრძნობთ, როდესაც ‘წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით’ ვიქცევით (2 პეტრე 3:11, 12).
16. რა საქებარი სიტყვებით არიან ბიბლიაში მოხსენიებულნი აბრაამი და იოსები?
16 დაბადების 24-ე თავი იეჰოვასა და აბრაამს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მაჩვენებელია. პირველ მუხლში ნათქვამია, რომ „ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი“. აბრაამის მსახურმა იეჰოვას თავისი „პატრონის აბრაამის ღმერთი“ უწოდა (მე-12 და 27-ე მუხლები). აბრაამზე საუბრისას მოწაფე იაკობი აღნიშნავს, რომ ის „გამართლდა“ და „ღვთის მეგობარი ეწოდა“ (იაკობი 2:21—23). თითქმის იმავეს თქმა შეიძლება იოსებზეც. დაბადების 39-ე თავში ხაზგასმით არის მოხსენიებული იეჰოვასა და იოსების ახლო ურთიერთობა (მუხლები 2, 3, 21, 23). გარდა ამისა, იოსებთან დაკავშირებით მოწაფე სტეფანემაც თქვა, რომ „ღმერთი იყო მასთან“ (საქმეები 7:9).
17. რას ვსწავლობთ ლოტის, აბრაამისა და იოსების მაგალითებიდან?
17 ზემოთ მოხსენიებულ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვა ღმერთთან და გარკვეულწილად მისი განზრახვების შესრულებაშიც იღებდნენ მონაწილეობას. წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავებას ისინი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდნენ. საფრთხეში იყო ლოტის სიცოცხლე, აბრაამის საგვარეულო ხაზს შეწყვეტის საფრთხე ემუქრებოდა, იოსებიც დაცვას საჭიროებდა. მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ამ ღვთისმოსაწონი მამაკაცების დახმარება და ის სწორედ ასე მოიქცა, რაც სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის გამოვლენა იყო. თუ ჩვენც გვსურს, რომ იეჰოვამ მარადიულად გამოავლინოს ეს თვისება ჩვენდამი, მასთან ახლო ურთიერთობა უნდა განვავითაროთ და კვლავაც შევასრულოთ მისი ნება (პირველი ეზრა 7:28; ფსალმუნი 17:51).
ღვთის მსახურებს პატივი ხვდათ წილად
18. რას ცხადყოფს სხვადასხვა ბიბლიური მუხლი იეჰოვას მიერ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?
18 იეჰოვას ამ განსაკუთრებული სიკეთით „სავსეა ქვეყნიერება“ და რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ ის ამ თვისებას ფლობს! (ფსალმუნი 118:64). მთელი გულით ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიმღერას: „დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ“ (ფსალმუნი 106:8, 15, 21, 31). გვახარებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა ამ თვისებას ავლენს თავისი მსახურებისადმი — როგორც ინდივიდუალურად, ისე მთლიანობაში. წინასწარმეტყველმა დანიელმა ლოცვაში შემდეგი სიტყვებით მიმართა იეჰოვას: „ღმერთო დიდებულო და საკვირველო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!“ (დანიელი 9:4). „მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი — გულწრფელებს“, — ლოცულობდა მეფე დავითი (ფსალმუნი 35:11). რაოდენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, თავისი მსახურებისადმი სიყვარულით რომ ავლენს სიკეთეს! (მესამე მეფეთა 8:23; პირველი ნეშტთა 17:13).
19. რომელ კითხვებზე გაგვცემს პასუხს მომდევნო სტატია?
19 ნამდვილად, იეჰოვას ხალხს დიდი პატივი გვხვდა წილად! გარდა იმისა, რომ ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს ღვთის სიყვარულს, რომელსაც ის მთელი კაცობრიობისადმი ავლენს, ჩვენი ზეციერი მამა თავისი ამ არაჩვეულებრივი სიკეთიდან გამომდინარე განსაკუთრებულ კურთხევებსაც არ იშურებს ჩვენთვის (იოანე 3:16). ყველაზე მეტად კი გასაჭირის ჟამს გვესაჭიროება იეჰოვას ეს ძვირფასი თვისება (ფსალმუნი 35:8). როგორ შეგვიძლია იეჰოვა ღმერთს სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის გამოვლენაში მივბაძოთ? ვავლენთ თუ არა ამ საუცხოო თვისებას? ეს და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა კითხვები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
გახსოვთ თუ არა?
• რა გავიგეთ იმ ებრაული სიტყვის შესახებ, რომლის შედარებით ზუსტი მნიშვნელობა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეა?
• რით განსხვავდება ამგვარი სიკეთე ერთგულებისგან?
• როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ლოტის, აბრაამისა და იოსების მიმართ?
• რაში გვარწმუნებს წარსულში მომხდარი შემთხვევები, როდესაც იეჰოვამ ეს განსაკუთრებული სიკეთე გამოავლინა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
ცნობილია თქვენთვის, როგორ გამოავლინა ღმერთმა ლოტისადმი სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე?
[სურათები 15 გვერდზე]
იეჰოვამ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთით უხელმძღვანელა აბრაამის მსახურს.
[სურათები 16 გვერდზე]
იეჰოვამ დაიცვა იოსები და ამგვარად სიყვარულით გამოავლინა სიკეთე მისადმი.