არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

იქნებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის გონივრული ეკლესიაში დაკრძალვისა და ჯვრისწერის ცერემონიალზე დასწრება?

იეჰოვას არ მოსწონს ცრუ რელიგიის ნებისმიერ რიტუალში მონაწილეობის მიღება და უნდა მოვერიდოთ მათ (2 კორინთელთა 6:14—17; გამოცხადება 18:4). ეკლესიაში დაკრძალვის ისეთი ცერემონიალები ტარდება, რომლებიც არაბიბლიური აზრების ქადაგებას მოიცავს, მაგალითად, სულის უკვდავებასა და იმას, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. აგრეთვე ამ დროს ხდება პირჯვრის გადაწერა და მღვდლის მიერ წარმოთქმული ლოცვის შემდეგ „ამინის“ თქმა. ჯვრისწერის დროსაც ისეთ ლოცვებსა და რელიგიურ რიტუალებს აქვს ადგილი, რომლებიც ბიბლიურ სწავლებას ეწინააღმდეგება. იქ ყოფნით, სადაც ყველა ცრუ რელიგიის რიტუალში იღებს მონაწილეობას, ქრისტიანმაც შეიძლება მექანიკურად მიიღოს მონაწილეობა მასში. რა არაგონივრული იქნებოდა ასეთ ვითარებაში საკუთარი თავის ჩაგდება!

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ვალდებულად თვლის თავს, რომ დაკრძალვის ან ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწროს? მაგალითად, შეიძლება ურწმუნო ქმარი სთხოვს თავის ქრისტიან ცოლს, რომ ასეთ ცერემონიალზე მასთან ერთად იყოს. უნდა გაჰყვეს ის მას, როგორც უბრალოდ დამსწრე? ქმრისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად ცოლი შეიძლება გაჰყვეს მას ასეთ ცერემონიალზე, მაგრამ მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ თვითონ არანაირ რელიგიურ ცერემონიალში არ მიიღოს მონაწილეობა. მეორე მხრივ კი, შეიძლება გადაწყვიტოს, არ წავიდეს, რადგან ფიქრობს, რომ ამ ცერემონიალმა შეიძლება ისეთი დიდი ემოციური დაწოლა მოახდინოს მასზე, რომ რელიგიურ კომპრომისზე წავიდეს. არჩევანი მასზეა. ნათელია, რომ ის გულდამშვიდებული უნდა იყოს და სუფთა სინდისი ჰქონდეს (1 ტიმოთე 1:19).

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აუხსნას ცოლმა ქმარს, რომ არ მიიღებს არანაირ რელიგიურ ცერემონიალში მონაწილეობას, არ იმღერებს საგალობლებს და არ შეუერთდება მათ ლოცვაში. ყოველივე ამაზე დაფიქრების შემდეგ, ქმარმა შეიძლება დაასკვნას, რომ ცოლის დასწრებამ ასეთ ცერემონიალზე შეიძლება არასასიამოვნო ვითარებაში ჩააგდოს. ცოლისადმი სიყვარულისა და მისი რწმენისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად ან უხერხულობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მარტო წავიდეს. მაგრამ, თუ ქმარი დაჟინებით მოითხოვს, რომ ცოლი ასეთ ღონისძიებაზე გაჰყვეს, ისიც უნდა იცოდეს, რომ ცოლი არაფერში არ მიიღებს მონაწილეობას.

არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი ის ფაქტიც, რომ ეკლესიაში მსახურებაზე დასწრება თანამორწმუნეებზეც იმოქმედებს. ხომ არავინ დაბრკოლდება ამით? იქნებ ამან შეასუსტოს მათი გადაწყვეტილება, რომ კერპთაყვანისმცემლობაში არ მიიღონ მონაწილეობა? „რათა გამოსცადოთ უმჯობესი, — გვირჩევს მოციქული პავლე, — იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს“ (ფილიპელთა 1:10).

თუ ამ ცერემონიალზე ახლო ნათესავებიც იქნებიან, შეიძლება უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ქრისტიანი. ნებისმიერ შემთხვევაში, მან ყველაფერი უნდა კარგად აწონ-დაწონოს. გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ვინმემ გადაწყვიტოს, რომ დაკრძალვის ან ჯვრისწერის ცერემონიალზე უბრალოდ დასწრებით შეიძლება არანაირი სირთულე არ წამოიჭრას. მაგრამ შეიძლება ისეთი რამეც მოხდეს, რაც ქრისტიანის ან სხვის სინდისს იმხელა ზიანს მიაყენებს, რომ ყველაფერს გადაწონის. ნებისმიერ შემთხვევაში, ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ღვთისა და ადამიანის წინაშე სინდისი არ უნდა შეულახოს.