არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საოცარი ზრდა სწრაფ გაფართოებას მოითხოვს

საოცარი ზრდა სწრაფ გაფართოებას მოითხოვს

„მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“

საოცარი ზრდა სწრაფ გაფართოებას მოითხოვს

„მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 11:28, აქ). როგორ გულთბილად გვიწვევს ქრისტიანული კრების თავი! (ეფესელთა 5:23). როდესაც ამ სიტყვებს ვუკვირდებით, არ შეგვიძლია არ დავაფასოთ გამოცოცხლების მნიშვნელოვანი წყარო — ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენს სულიერ ძმებთან და დებთან ურთიერთობა. უდავოა, ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები“! (ფსალმუნი 132:1).

მართლაცდა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დამსწრეებთან ურთიერთობა ყველაზე საუკეთესო ურთიერთობაა; სულიერი გარემო კი უსაფრთხო და სასიამოვნოა. სწორედ ამიტომაც თქვა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა შემდეგი სიტყვები: „მთელი დღე სკოლაში ვარ და ძალიან ვიღლები. კრების შეხვედრები კი ჩემთვის უდაბნოში ოაზისივით არის, სადაც გამოვცოცხლდები ხოლმე, რომ მომდევნო დღესაც გავუძლო სკოლაში თანაკლასელების ზეწოლას“. ნიგერიელი ახალგაზრდა კი აღნიშნავს: „მათთან ურთიერთობა, რომლებსაც იეჰოვა უყვართ, იეჰოვასთან უფრო ახლო ყოფნაში მეხმარება“.

იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზები ჭეშმარიტი თაყვანისცემის ცენტრია. ბევრგან კრების შეხვედრები სამეფო დარბაზში, სულ მცირე, კვირაში ორჯერ ტარდება და მათ, ვინც ბიბლიას სწავლობს, ურჩევენ, რომ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ შეხვედრებზე დასწრება, რათა გამომაცოცხლებელი ურთიერთობით ისარგებლონ (ებრაელთა 10:24, 25).

დიდი მოთხოვნილება

მაგრამ საყურადღებოა, რომ იეჰოვას მოწმეებს ყველგან არა აქვთ მოხერხებული სამეფო დარბაზები. სამეფოს მაუწყებელთა საოცარმა ზრდამ მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზებზე მოთხოვნილება გაზარდა. ათასობით სამეფო დარბაზის აშენებაა საჭირო, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში (ესაია 54:2; 60:22).

მაგალითად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში 290 კრებას მხოლოდ 10 სამეფო დარბაზი აქვს. ამ ქვეყანაში სამეფო დარბაზებზე დიდი მოთხოვნილებაა. ანგოლაში კრების შეხვედრების უმეტესობა ღია ცის ქვეშ ტარდება, რადგან სამეფო დარბაზების რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია. იგივე ვითარებაა სხვა მრავალ ქვეყანაშიც.

ამის გამო, 1999 წლიდან მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობაში დასახმარებლად. ასეთ ქვეყნებში სამშენებლო პროექტებზე მონაწილეობის მისაღებად გამოცდილმა მოხალისე მოწმეებმა გამოთქვეს სურვილი. როდესაც ასეთ ძალისხმევას მონდომება და ადგილობრივი მოხალისეები ემატებიან, შედეგები დიდად წამახალისებელია. ადგილობრივი მოწმეებიც სწავლობენ მშენებლობას. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს, რომ თითოეულმა ქვეყანამ მომავალში თავისი ძალებით შეძლოს საჭირო სამეფო დარბაზების აშენება.

ამგვარად, პრაქტიკული დახმარების გაწევა ადგილობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად ხდება. ამის მიზანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ რაც შეიძლება მეტი სამეფო დარბაზი აშენდეს, არამედ ისიც, რომ სამშენებლო პროგრამა ადგილობრივ პირობებს შეესაბამებოდეს (2 კორინთელთა 8:14, 15).

გამომაცოცხლებელი წინსვლა

რა შედეგები მოსდევს თაყვანისცემის ადგილების აშენებისთვის გაწეულ ძალისხმევას? 2001 წლის დასაწყისში მალავიდან მოწოდებულ ცნობაში ნათქვამია: „რაც ამ ქვეყანაში გაკეთდა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. მომდევნო ორი თვის განმავლობაში სხვა სამეფო დარბაზებსაც დავამთავრებთ“ (სურათები 1-ლი და მე-2). ამ ბოლო თვეებში ტოგოში მოხალისეებმა რამდენიმე სადა სამეფო დარბაზი ააშენეს (სურათი მე-3). მოხალისეები დაეხმარნენ მექსიკელ, ბრაზილიელ და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მოწმეებს, რომ მათაც ჰქონოდათ სამეფო დარბაზები.

კრებებმა შეამჩნიეს, რომ, როდესაც სამეფო დარბაზებს აშენებენ, ადგილობრივი მცხოვრებლები ხვდებიან, რომ იეჰოვას მოწმეები კვლავ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. ბევრი გაურბოდა მოწმეებთან ურთიერთობას მანამ, სანამ ისინი თაყვანისმცემლობის ამ მშვენიერ შენობებს ააშენებდნენ. მალავის ერთ-ერთი კრება იუწყება: „ჩვენი ახალი, უბრალო სამეფო დარბაზები კარგ დამოწმებას იძლევა, რის გამოც ადვილია ბიბლიის შესწავლების დაწყება“.

ბენინის ერთ-ერთი კრების, კრაკეს, წევრებს გამუდმებით დასცინოდნენ, რადგან მათი სამეფო დარბაზი ზოგიერთი ეკლესიის ფონზე ძალიან პრიმიტიულად გამოიყურებოდა (სურათი მე-4). ახლა კი ამ კრებას მშვენიერი სამეფო დარბაზი აქვს, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისცემას განადიდებს (სურათი მე-5). ამ კრებაში სამეფოს სულ 34 მაუწყებელია, კვირაობით შეხვედრებს 73 ადამიანი ესწრება, სამეფო დარბაზის გახსნას კი 651 ადამიანი დაესწრო. დამსწრეთა უმეტესობა ქალაქელები იყვნენ, რომლებიც ძალიან განაცვიფრა მოწმეების მიერ მოკლე ხანში სამეფო დარბაზის აშენებამ. ჩატარებული სამუშაოების შესახებ ზიმბაბვეს ფილიალმა დაწერა: „ახალი სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ, ერთ თვეში, დამსწრეთა რიცხვი გაორმაგდა“ (სურათები მე-6 და მე-7).

უეჭველად, ახალი სამეფო დარბაზები სულიერად გამოცოცხლების საშუალებას აძლევს, როგორც მიძღვნილ ქრისტიანებს, ისე დაინტერესებულ ადამიანებს. „ძალიან გვიხარია, — თქვა ერთმა უკრაინელმა მოწმემ, როდესაც ახალი სამეფო დარბაზის გამოყენება დაიწყეს. — საკუთარი თვალით დავინახეთ, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს.

[ჩარჩო⁄სურათები 10, 11 გვერდებზე]

გულუხვი დახმარება ფასდება

იეჰოვას მოწმეებს ძალიან ახარებთ ის სწრაფი გამოხმაურება, რომელიც მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზებზე დიდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოჰყვა. ბევრ ქვეყანაში იზრდება იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიცხვი, რაც ნიშნავს, რომ მომავალში სულ უფრო მეტი სამეფო დარბაზი იქნება საჭირო. დიახ, 2001 წლის სამსახურებრივი წლის განმავლობაში კვირაში საშუალოდ 32 კრება ყალიბდებოდა. ასეთი კრებები კი შეხვედრებისა და თაყვანისცემის ადგილებს საჭიროებენ.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: „როგორ ვაფინანსებთ ისეთ სამშენებლო პროექტებს, როგორიცაა ახალი სამეფო დარბაზების მშენებლობა, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც ძმებს შეზღუდული სახსრები აქვთ“? ამას ღვთის დახმარებითა და ადამიანთა გულუხვობის წყალობით ვაკეთებთ.

მართლაცდა, დაპირების თანახმად, იეჰოვა სულიწმიდას ჰფენს თავის მსახურებს, საშუალებას აძლევს მათ, „რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი“ (1 ტიმოთე 6:18). ღვთის სული აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, რომ სამეფოს შესახებ ქადაგებას ყველანაირად დაუჭირონ მხარი — მიუძღვნან თავიანთი დრო, ენერგია, ძალები და სხვა სახსრები ქრისტიანულ საქმიანობას.

გულუხვობის სული აღძრავს მოწმეებსა და სხვებს, რომ მშენებლობა დააფინანსონ. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ კრებას ყოველთვიური ხარჯების დაფარვაში ეხმარებიან, დედამიწის სხვა ნაწილში მდებარე სამეფო დარბაზების მშენებლობისთვისაც სწირავენ.

თითოეულ კრებაში დგას ყუთი, რომელზეც აწერია: „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათეს 24:14)“. აქ თითოეულ პიროვნებას შეუძლია ნებაყოფლობით ჩააგდოს იმდენი შესაწირავი, რამდენიც სურს (მეოთხე მეფეთა 12:9). თითოეული შეწირული თანხა, დიდია ეს თუ პატარა, ფასდება (მარკოზი 12:42—44). ამ შესაწირავებს საჭიროებების მიხედვით იყენებენ და მათ შორის სამეფო დარბაზების ასაშენებლადაც. ასეთ თანხებს ხელმძღვანელობას არ უხდიან, რადგან იეჰოვას მოწმეებს ისინი არ ჰყავთ.

აღწევენ თავიანთ მიზანს სამეფო საქმისთვის გაკეთებული შესაწირავები? რა თქმა უნდა, დიახ. ლიბერიის — ქვეყნის, რომელიც სამოქალაქო ომმა გაანადგურა — ფილიალი იუწყება, რომ ადგილობრივი მოწმეების უმეტესობა უმუშევარია და მატერიალურად ძალიან უჭირთ. მაშ, როგორღა აშენებს იეჰოვას ხალხი აქ სამეფო დარბაზებს? „ამ საქმის დასაფინანსებლად იმ თანხებს ვიყენებთ, რომელსაც სხვა ქვეყანაში სწირავენ ძმები უხვად, — იუწყება ფილიალის ბიურო. — როგორი გონივრული და დიდი სიყვარულის გამომხატველი ღონისძიებაა, არა?“.

მცირე შემოსავლის მიუხედავად ადგილობრივი ძმებიც სწირავენ. სიერა-ლეონედან (აფრიკა) იტყობინებიან: „ადგილობრივი ძმებიც ცდილობენ ფიზიკური შრომით ან ფინანსური შესაწირავებით დაუჭირონ მხარი სამეფო დარბაზების მშენებლობას“.

საბოლოოდ კი ეს შენობები იეჰოვას განადიდებენ. ლიბერიელი ძმები დიდი ენთუზიაზმით ამბობენ: „თაყვანისმცემლობისთვის ასეთი კოხტა შენობების აშენება მთელ ჩვენს ქვეყანაში ხალხს დაანახვებს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა არ შეწყდება, არამედ განადიდებს და დაამშვენებს ჩვენი დიდებული ღვთის სახელს“.