არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საჭიროა ვიცოდეთ, ვინ არის ღმერთი

საჭიროა ვიცოდეთ, ვინ არის ღმერთი

საჭიროა ვიცოდეთ, ვინ არის ღმერთი

განა აღფრთოვანებული არ შესცქერით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას? განა არ გათრობთ ყვავილთა სურნელება? განა არ გატკბობთ ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთოლთა შრიალი? და განა საოცარნი არ არიან ძლევამოსილი ვეშაპები და ზღვის სხვა ბინადარნი, ხოლო ადამიანები კი თავიანთი სინდისითა და საოცრად რთული ტვინით?! როგორ ახსნას მოუძებნიდით ამ შესანიშნავი ქმნილებების არსებობას?

ზოგიერთის აზრით ყოველივე ეს ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა. თუ ეს ასეა, რატომღა სწამთ ადამიანებს ღმერთი? საიდან გაუჩნდათ სულიერი მოთხოვნილებები სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისგან შემთხვევით წარმოქმნილ ქმნილებებს?

„რელიგია ღრმად არის გამჯდარი ადამიანის ბუნებაში და ეს ყოველთვის ვლინდება მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა და განათლებისა“, — ასე შეაჯამა თავისი კვლევა პროფესორმა ალისტერ ჰარდმა, წიგნში „ადამიანის სულიერი ბუნება“ (The Spiritual Nature of Man). ტვინზე ახლახან ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ზოგი ნევროლოგი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ადამიანში ღვთისადმი რწმენა „გენეტიკურად“ არის ჩადებული. „რელიგიის საშუალებით სიცოცხლის აზრის ძიება... ჩვეულებრივი მოვლენაა კაცობრიობის გაჩენის დღიდან ყველა კულტურასა და ეპოქაში“, — ნათქვამია წიგნში „ერთადერთი რეალობაა ღმერთი?“ (Is God the Only Reality?).

გაიხსენეთ, რა დასკვნამდე მივიდა თითქმის 2000 წლის წინათ მცხოვრები ერთი განათლებული ადამიანი: „ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). ბიბლიის სულ პირველი სიტყვებიც ხომ ამას ამბობს: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1).

მაგრამ ვინ არის ღმერთი? ამ საკითხზე ადამიანებს განსხვავებული აზრები აქვთ. როდესაც იაპონელ მოზარდს, იოშის, ჰკითხეს, თუ ვინ იყო ღმერთი, მან უპასუხა: „დაჯერებით ვერაფერს გეტყვით. მე ბუდისტი ვარ და ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის ღმერთი“. თუმცა ის აღიარებს, რომ ბევრი ღმერთად ბუდას მიიჩნევს. 60 წელს გადაცილებულ ნიკს სწამს ღმერთი და ფიქრობს, რომ ის ყოვლისშემძლე ძალაა. როდესაც ჰკითხეს, მოეთხრო, რაც ღვთის შესახებ იცოდა, დიდი ხნის დუმილის შემდეგ თქვა: „ო, ჩემო მეგობარო, ეს ძალიან რთული კითხვაა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ღმერთი არსებობს“.

დღეს ბევრი ადამიანი ‘თაყვანს სცემს და ემსახურება ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა’ (რომაელთა 1:25). მილიონები ეთაყვანებიან მიცვალებულ წინაპრებს და სჯერათ, რომ ღმერთი შორსაა და მასთან მიახლოება ძალიან ძნელია. ჰინდუსურ რელიგიაში უამრავ ღვთაებასა და ქალღმერთს სცემენ თაყვანს. იესო ქრისტეს მოციქულების დროს სხვადასხვა ღმერთებს, სცემდნენ თაყვანს, მათ შორის: ზევსსა და ჰერმესს (საქმეები 14:11, 12). დღეს ქრისტიანული სამყაროს მრავალი ეკლესია ასწავლის, რომ ღმერთი სამებაა, რომელიც შედგება მამა ღმერთისგან, ძე ღმერთისგან და სულიწმიდისგან, რომელიც აგრეთვე ღმერთია.

მართლაც, როგორც ბიბლია ამბობს: „არიან ეგრეთწოდებული ღმერთები“, — მაგრამ შემდეგ დასძენს: — „ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი“ (1 კორინთელთა 8:5, 6). დიახ, არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ ვინ არის ის? როგორია? ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანია. იესომ ამ ერთადერთ ღმერთს ლოცვაში უთხრა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). სრული საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ჩვენი მარადიული კეთილდღეობა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ შემეცნების მიღებაზეა დამოკიდებული.

[სურათი 3 გვერდზე]

ვინ შექმნა ყოველივე ეს?

[საავტორო უფლება]

Whale: Courtesy of Tourism Queensland

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Index Stock Photography © 2002