არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტერტულიანეს პარადოქსები

ტერტულიანეს პარადოქსები

ტერტულიანეს პარადოქსები

„სად არის ქრისტიანსა და ფილოსოფოსს შორის რაიმე მსგავსება? ადამიანებს შორის, რომელთაგან ერთნი ხრწნიან ჭეშმარიტებას, ხოლო მეორენი — მის აღდგენასა და სხვებისთვის სწავლებას ცდილობენ? რა საერთო აქვთ აკადემიასა და ეკლესიას?“. ასეთი თამამი კითხვები წამოჭრა ახ. წ. მეორე და მესამე საუკუნის მწერალმა ტერტულიანემ. ის ცნობილი გახდა როგორც „მრავალი საეკლესიო ისტორიული ნარკვევისა და დოგმატის ავტორი, რომლებსაც მის დროს ასწავლიდნენ“. ფაქტობრივად, რელიგიური ცხოვრების არც ერთი ასპექტი არ დარჩენილა მისი ყურადღების გარეშე.

ტერტულიანე ყველაზე მეტად თავისი პარადოქსული, ანუ ისეთი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი, განცხადებებით იყო ცნობილი, როგორიცაა: „ღმერთი (სწორედ) მაშინ არის განსაკუთრებით დიდი, როდესაც პატარა ჩანს“. „ძე ღვთისა გარდაიცვალა. ეს სავსებით დამაჯერებელია, რადგან გაუგებარია“. „დამარხვის შემდეგ იგი აღდგა. ეს უეჭველია, რადგან შეუძლებელია“.

ტერტულიანეს მარტო გამონათქვამები როდია პარადოქსული. თითქოს ჭეშმარიტების დამცველი და ეკლესიის უმწიკვლობის მხარდამჭერი იყო, ფაქტობრივად, მან ჭეშმარიტი სწავლებები წაბილწა. ქრისტიანულ სამყაროში შეტანილი მისი ძირითადი წვლილი გახლდათ თეორია, რომელზედაც მოგვიანებით სამების დოგმატი ააგეს. იმის გასაგებად, თუ როგორ მოხდა ეს, ჯერ გარკვეულწილად თვით ტერტულიანეს პიროვნებას გავეცნოთ.

„ყოველთვის ორიგინალური“

ტერტულიანეს ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება. სწავლულთა უმეტესობის აზრით, ის დაახლოებით ახ. წ. 160 წელს კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა) დაიბადა. როგორც ჩანს, კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და საფუძვლიანად იყო გაცნობილი მის დროს არსებულ ძირითად ფილოსოფიურ სკოლებთან. ქრისტეს რჯულს იმიტომ ეზიარა, რომ ძალიან მოიხიბლა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა მზადყოფნით, მომკვდარიყვნენ თავიანთი რწმენისთვის. ქრისტიან წამებულთა შესახებ მან დასვა კითხვები: „განა ყველას, ვინც მარტვილობაზე დაფიქრდება, არ აღაფრთოვანებს იგი და არ გაუჩენს სურვილს, გაიგოს, თუ რა აღძრავს ამ ადამიანებს ასეთი ცხოვრებისკენ? გამოკვლევის შემდეგ, ვინ არ მოისურვებს, რომ ჩვენს რიგებს შემოუერთდეს?“.

ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ ტერტულიანე მწერალიც გახდა, რომელიც თავის ნაშრომებში სხარტ და მახვილგონივრულ გამოთქმებს იყენებდა. «ამ ღვთისმეტყველს უიშვიათესი ნიჭი აქვს, — შენიშნავს წიგნი „ეკლესიის მამები“. — ის ყოველთვის ორიგინალურია». ერთ-ერთმა სწავლულმა თქვა: „ტერტულიანეს უკეთესად ეხერხებოდა მახვილგონივრული სიტყვების შერჩევა, ვიდრე ნაშრომების წერა. ამიტომ მისი აფორიზმების გაგება ბევრად უფრო გვიადვილდება, ვიდრე მისი ნაწარმოების ლოგიკისა. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ მისი მოკლე ფრაზების ციტატები ძალიან ხშირად მოჰყავთ, მაგრამ გრძელი — იშვიათად“.

ქრისტიანობის „დამცველი“

ტერტულიანეს ყველაზე ცნობილი ნაშრომი არის „აპოლოგია“, რომელიც ეგრეთ წოდებული ქრისტიანობის დამცველი მძლავრი ლიტერატურული ნაშრომია. ის დაიწერა მაშინ, როდესაც ქრისტიანები ხშირად ცრუმორწმუნე ბრბოს მსხვერპლნი ხდებოდნენ. ტერტულიანე ამ ქრისტიანთა დამცველად გამოდიოდა და მათ მიმართ ასეთ აზრს მოკლებულ მოპყრობას გმობდა. მან თქვა: «[მოწინააღმდეგეთ] ჰგონიათ, რომ ქრისტიანები არიან ყოველგვარი გაჭირვებისა და უბედურების მიზეზი... თუ ნილოსი არ ადიდდება და მინდვრებს არ მორწყავს, თუ ამინდი არ იცვლება, თუ მიწისძვრა, შიმშილი ან წყალდიდობაა, მაშინვე გაჰყვირიან: „მიუგდეთ ქრისტიანები ლომებს!“».

ქრისტიანებს ხშირად სახელმწიფოს ღალატში სდებდნენ ბრალს, მაგრამ ტერტულიანე ცდილობდა, ყველასთვის დაენახვებინა, რომ ისინი მთელ სამეფოში ყველაზე სანდო მოქალაქეები იყვნენ. ტერტულიანემ მოწინააღმდეგეთა ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ მთავრობის ჩამოგდების რამდენიმე მცდელობაში შეთქმულთა შორის ქრისტიანები კი არ იყვნენ, არამედ წარმართები. მან აღნიშნა, რომ ქრისტიანების დასჯით სახელმწიფოს არაფერი მოუგია.

სხვა ნაშრომები ტერტულიანემ ქრისტიანულ ცხოვრებას მიუძღვნა. მაგალითად, თავის ნაშრომში „სანახაობებზე“ ის მკითხველებს ურჩევდა, არ ევლოთ ზოგ გასართობ ადგილებში, წარმართულ თამაშობასა თუ თეატრალურ სანახაობაზე. როგორც ჩანს, იყვნენ ისეთი ახალმოქცეულები, რომლებიც ცუდს ვერაფერს ხედავდნენ ბიბლიის ლექციებზე დასწრების პარალელურად წარმართულ თამაშობებზე სიარულში. ტერტულიანე მათი აზროვნების გამოსასწორებლად წერდა: „შემზარავია ღვთის ეკლესიიდან გამოსვლა და ეშმაკთან მისვლა — ზეციდან წასვლა და საღორეში შესვლა“. მანვე თქვა: „თუ უარვყოფთ ყოველგვარ უკეთურებას, რატომღა უნდა ვისმენდეთ იმას, რის მოსმენაც არ შეიძლება?“.

თითქოს ჭეშმარიტებას იცავდა, სინამდვილეში კი წაბილწა იგი

თავის ტრაქტატში „პრაქსეას წინააღმდეგ“ ტერტულიანე ამბობს: „ეშმაკი მრავალგვარ ცბიერებას მიმართავს ჭეშმარიტების ნიღბის ასაფარებლად. ზოგჯერ კი ჭეშმარიტების განადგურებას მისივე დაცვით ცდილობს“. თუ ვინ არის ამ თხზულებაში აღწერილი მამაკაცი, სახელად პრაქსეა, ნათლად არ ჩანს, მაგრამ ტერტულიანე სადავოს ხდიდა ღვთისა და ქრისტეს შესახებ მის სწავლებებს. ის პრაქსეას სატანის პაიკად მიიჩნევდა, სატანისა, რომელიც მალულად ქრისტიანობის წაბილწვას ცდილობდა.

იმ დროს, ეგრეთ წოდებული ქრისტიანობისთვის ძირითადი გადასაწყვეტი საკითხი ღმერთსა და ქრისტეს შორის ურთიერთობა იყო. ზოგიერთი მათგანისთვის, ძირითადად ბერძნული წარმოშობის მქონეთათვის, ძალიან რთული იყო, ერთმანეთთან შეეთავსებინათ, ერთი მხრივ, ერთადერთი ღმერთისადმი რწმენა და, მეორე მხრივ, იესოს, როგორც მხსნელისა და გამომსყიდველის, როლი. პრაქსეა შეეცადა ამ დილემის გადაწყვეტას და ასწავლიდა, რომ იესო მამის მხოლოდ სხვა იპოსტასია და მამასა და ძეს შორის არავითარი სხვაობა არ არსებობდა. ეს თეორია, რომელიც მოდალიზმის სახელწოდებით არის ცნობილი, ამტკიცებს, რომ ღმერთი საკუთარ თავს წარმოაჩენს „მამად — შემოქმედებითა და რჯულის მიცემით, ძედ — იესო ქრისტედ, და ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ — სულიწმიდად“.

ტერტულიანემ ცხადყო, რომ საღვთო წერილი მამასა და ძეს შორის აშკარა განსხვავებას აკეთებს. 1 კორინთელთა 15:27, 28-ის ციტირების შემდეგ, იგი მსჯელობდა: „ის, ვინც დაუმორჩილა (ყოველივე) და ის, ვისაც დაუმორჩილეს — აუცილებლად ორი განსხვავებული პიროვნება უნდა იყოს“. ტერტულიანე ყურადღებას თავად იესოს სიტყვებზეც ამახვილებდა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). ებრაული წერილების გარკვეული მუხლების გამოყენებით, მაგალითად, როგორიცაა ფსალმუნის 8:6, მან ცხადყო, თუ როგორ აჩვენებს ბიბლია ძის უფრო დაბალ მდგომარეობას. „ამგვარად, მამა და ძე ცალკეული პიროვნებები არიან და მამა ძეზე დიდია, — ასეთია ტერტულიანეს დასკვნითი სიტყვები. — ვინაიდან მშობელი ერთია, ხოლო მხოლოდშობილი სხვა; წარმგზავნელი ერთია და წარგზავნილი სხვა; შემქმნელი ერთია და ის, ვისი მეშვეობითაც ქმნიან, სხვა“.

ტერტულიანეს აზრით, ძე მამას ექვემდებარებოდა. მაგრამ მოდალიზმის გაქარწყლების მცდელობისას, ის ‘დაწერილს გადავიდა’ (1 კორინთელთა 4:6). ტერტულიანე ცდებოდა, როდესაც იესოს ღვთაებრიობის დამტკიცებას სხვა თეორიის საშუალებით ცდილობდა და სამპიროვნული ღვთის შესახებ დებულება ჩამოაყალიბა. ამ კონცეფციით ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ღმერთი, ძე და სულიწმინდა ცალკეული პიროვნებები არიან, მაგრამ ერთარსნი. ამგვარად, ტერტულიანემ პირველად გამოიყენა ლათინურად მამის, ძისა და სულიწმიდის ერთობის აღსანიშნავად სიტყვა „სამება“.

მოერიდეთ წუთისოფლის ფილოსოფიას

როგორ მივიდა ტერტულიანე სამპიროვნული ღვთის შესახებ თეორიის ჩამოყალიბებამდე? პასუხის პოვნა შეგვიძლია ამ ადამიანის ხასიათის კიდევ ერთ პარადოქსში — ფილოსოფიის მიმართ მის დამოკიდებულებაში. ტერტულიანე ფილოსოფიას „ადამიანთა და ‘დემონთა დოქტრინას’“ უწოდებდა. ის აშკარად აკრიტიკებდა ქრისტიანული ჭეშმარიტებების დასაცავად ფილოსოფიის გამოყენებას. „ნუ დააბინძურებთ ქრისტიანობას სტოიციზმის, პლატონიზმისა და დიალექტიკის ნარევით“, — ამბობდა ის. მაგრამ, თუ მის იდეებს არ ეწინააღმდეგებოდა, თავად ხშირად ეყრდნობოდა ფილოსოფიას (კოლასელთა 2:8).

ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „სამების დოგმატის განსავითარებლად და გამოსახატავად ელინისტური კონცეფციებისა და კატეგორიების დახმარება იყო საჭირო“. წიგნი „ტერტულიანეს თეოლოგია“ კი აღნიშნავს: „ტერტულიანემ სამართლისა და ფილოსოფიური იდეების, აგრეთვე ტერმინების, საოცრად აღრევით სამების დოგმატის იმგვარად ჩამოყალიბება შეძლო, რომ სიმწირისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, მოგვიანებით ის ნიკეის კრებაზე [სამების დოგმატის] საფუძვლად გამოიყენეს“. მაშასადამე, სამპიროვნული ღვთის შესახებ ტერტულიანეს მიერ ჩამოყალიბებულმა იდეამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთელ ქრისტიანობაში რელიგიური სიცრუის გავრცელებაში.

ტერტულიანე სხვებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ჭეშმარიტების დაცვის მცდელობისას, სინამდვილეში, ანადგურებდნენ მას. საოცარია, მაგრამ თავადაც, ღვთივსულიერი ბიბლიური ჭეშმარიტების ადამიანურ ფილოსოფიაში აღრევით, იმავე მახეში გაება. ამიტომ, მოდი ყურად ვიღოთ ბიბლიური გაფრთხილება და არ ‘დავუჯეროთ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს’ (1 ტიმოთე 4:1).

[სურათები 29, 30 გვერდებზე]

ტერტულიანე კი აკრიტიკებდა ფილოსოფიას, მაგრამ თავისივე იდეების დასამტკიცებლად მას მიმართავდა.

[საავტორო უფლება]

Pages 29 and 30: © Cliché Bibliothèque nationale de France, Paris

[სურათი 31 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ურევენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადამიანურ ფილოსოფიებში.