ვინ არის დამნაშავე თქვენ თუ თქვენი გენები?
ვინ არის დამნაშავე თქვენ თუ თქვენი გენები?
მეცნიერები გულმოდგინედ ცდილობენ ალკოჰოლიზმის, ჰომოსექსუალიზმის, მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობების, ძალადობის, სხვა არაბუნებრივი მიდრეკილებებისა და თვით სიკვდილის გენეტიკური მიზეზების პოვნას. ნუთუ შვებას არ მოგვგვრიდა იმის ცოდნა, რომ ჩვენს მოქმედებებზე ჩვენ კი არა, ჩვენი გენები არიან პასუხისმგებელი? ადამიანებს ხომ გვჩვევია, საკუთარი შეცდომები სხვა ვინმეს ან რამეს გადავაბრალოთ.
იმ შემთხვევაში, თუ გენები არიან დამნაშავე, მეცნიერები გვთავაზობენ გენური ინჟინერიის საშუალებით მათ შეცვლას, რაც ადამიანებში არასასურველი მიდრეკილებების გამოვლინებას შეამცირებდა. ადამიანის მთელი გენომის გენეტიკური რუკის შედგენაში მიღწეული ამასწინანდელი წარმატება კარგი სტიმული იყო შემდგომი ძიებისთვის.
ყოველივე კი დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ თითქოსდა ჩვენს ყველა ცოდვასა და შეცდომაში გენეტიკური ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს. აქვთ კი მეცნიერ „გამომძიებლებს“ საკმარისი სამხილი იმისათვის, რომ გენების წინააღმდეგ საქმე აღძრან? ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ საკუთარ თავსა და ჩვენს მომავალს. მანამ ამ სამხილზე ვისაუბრებთ, მოდით ჯერ თვალი გადავავლოთ ადამიანთა წარმოშობის ისტორიას, რაც მრავალ რამეს მოჰფენს ნათელს.
როგორ დაიწყო ყველაფერი
ყველასთვის ცნობილია ან სმენიათ მაინც, თუ როგორ ჩავარდა ცოდვაში ედემის ბაღში მცხოვრები ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა. იყვნენ ისინი თავიდანვე გენეტიკური დეფექტით შექმნილნი, რამაც ცოდვისა და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა?
მათმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, რომლის ყოველი საქმე სრულყოფილია, განაცხადა, რომ მიწიერ ქმნილებათა გვირგვინი, ანუ ადამიანი, „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31; მეორე რჯული 32:4). მოწონების ნიშნად აკურთხა მან ადამიანთა პირველი წყვილი და დავალება მისცა, გამრავლებულიყვნენ, რათა ადამიანებით შეევსოთ დედამიწა და ეზრუნათ სხვა მიწიერ ქმნილებებზე. ფაქტია, რომ ღმერთი მათ ასეთ დავალებას არ მისცემდა, თუ დარწმუნებული არ იქნებოდა თავის ხელთა ქმნილების ვარგისიანობაში (დაბადება 1:28).
ადამიანთა პირველი წყვილის შექმნასთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათქვამია: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27). ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები გარეგნულად ჰგავდნენ ღმერთს, რადგან „ღმერთი არის სული“ (იოანე 4:24). უფრო სწორად, ადამიანები დაჯილდოვებული იყვნენ ღვთისთვის დამახასიათებელი თვისებებით, ზნეობრიობის გრძნობითა და სინდისით (რომაელთა 2:14, 15). მათ ნების თავისუფლებაც ჰქონდათ, შეეძლოთ სათანადოდ შეეფასებინათ მოვლენები და მიეღოთ გადაწყვეტილებები.
ჩვენი პირველი მშობლები ღმერთს არც ხელმძღვანელობის გარეშე დაუტოვებია. ისინი გაფრთხილებული იყვნენ არასწორი მოქმედების შედეგების შესახებ (დაბადება 2:17). ამგვარად, ფაქტები ცხადყოფს, რომ, როდესაც ადამს გადაწყვეტილების მიღება მოუწია, მან აირჩია ის, რაც იმ მომენტისთვის ხელსაყრელად ჩათვალა. მან ცოლის მხარე დაიჭირა და შესცოდა, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრებულიყო შემოქმედთან ურთიერთობაზე და იმ შედეგებზე, რომელიც მის საქციელს მოჰყვებოდა. მოგვიანებით ისიც კი სცადა, დანაშაული იეჰოვასთვის გადაებრალებინა და განუცხადა მას, ცოლმა, რომელიც შენ მომეცი, შეცდომაში შემიყვანაო (დაბადება 3:6, 12; 1 ტიმოთე 2:14).
ადამისა და ევას ცოდვაზე ღვთის რეაქცია ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. მას არ უცდია თითქოსდა მათში არსებული რაიმე გენეტიკური ხარვეზის გამოსწორება. ნაცვლად ამისა, შეასრულა ის, რის შესახებაც აფრთხილებდა მათ, რამაც საბოლოო ჯამში მათი სიკვდილი გამოიწვია (დაბადება 3:17—19). ეს ისტორია იმის უკეთ გაგებაში გვეხმარება, თუ რით არის განპირობებული ადამიანთა მოქმედებები *.
ფაქტები ბიოლოგიურ მიზეზებს გამორიცხავს
დიდი ხანია, რაც მეცნიერები ადამიანთა პათოლოგიისა და მოქმედებების გამომწვევი გენეტიკური მიზეზების პოვნისა და მათი მოსპობის რთულ დავალებას არიან შეჭიდებული. მკვლევართა ექვსმა ჯგუფმა ათი წელი მოანდომა ჰანტინგტონის ქორეასთან დაკავშირებული გენის ამოცნობას, თუმცა მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ იწვევს ეს გენი აღნიშნულ დაავადებას. ამ გამოკვლევაზე საუბრისას ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ მოყვანილი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგის, ევან ბალაბანის, სიტყვები: „გაცილებით უფრო რთული იქნება იმ გენების აღმოჩენა, რომლებიც ადამიანთა ქცევებში გადახრებს იწვევს“.
დიახ, ფაქტობრივად, მკვლევართა ყოველგვარი მცდელობა, ადამიანთა ქცვები გარკვეულ გენებთან დაეკავშირებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგალითად, ჟურნალში „თანამედროვე ფსიქოლოგია“, იმ მცდელობების შესახებ, რომლებიც დეპრესიის გამომწვევი გენეტიკური ფაქტორების აღმოჩენას მოხმარდა, ნათქვამია: „ისეთი ფსიქიკური დაავადებების გავრცელების მაჩვენებლი, რომლებიც ხშირად გვხვდება, ცხადყოფს, რომ ამგვარ დაავადებათა მხოლოდ გენეტიკური ფაქტორებით შემცირება არ ხერხდება“. ცნობაში მოყვანილია მაგალითი: „1905 წლამდე დაბადებულ 75 წელს მიღწეულ ამერიკელთა მხოლოდ ერთი პროცენტი იტანჯებოდა დეპრესიით. ხოლო ნახევარი საუკუნის შემდეგ დაბადებულ ამერიკელთა 6 პროცენტი დეპრესიაში უკვე 24 წლის ასაკისთვის ვარდება!“. ამგვარად, დროის ამ მცირე
მონაკვეთში მხოლოდ გარეგან ან სოციალურ ფაქტორებს შეეძლო გამოეწვია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება.რას ცხადყოფს ეს და სხვა მრავალი გამოკვლევა? გენები შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობენ ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ ჩვენზე აშკარად სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. მთავარ როლს კი მაინც გარემო თამაშობს, რომელიც ჩვენს დროში რადიკალურად იცვლება. ერთ-ერთ წიგნში (Boys Will Be Boys), იმასთან დაკავშირებით, რასაც დღესდღეობით ახალგაზრდებს გართობის ინდუსტრია სთავაზობს, ნათქვამია, რომ ძალიან საეჭვოა ბავშვებში საღი მორალური პრინციპების ჩანერგვა, როდესაც ისინი „ისე იზრდებიან, რომ ასობით საათს ატარებენ ტელეგადაცემებისა და ტელეფილმების ყურებაში, სადაც ადამიანებს თავს ესხმიან, ესვრიან, ჭრიან, ფატრავენ, ჩეხავენ, ტყავს აძრობენ ან კიდურებს აჭრიან; როდესაც ბავშვები უსმენენ მუსიკას, სადაც ხოტბას ასხამენ გაუპატიურებას, თვითმკვლელობას, ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და ფანატიზმს“.
ნათელია, რომ სატანამ, „წუთისოფლის მთავარმა“, ისეთი გარემოს შექმნას შეუწყო ხელი, რომელიც ადამიანთა გახრწნილი სურვილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ვინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ასეთი გარემო ყოველ ჩვენგანზე ახდენს დიდ ზეგავლენას? (იოანე 12:31; ეფესელთა 6:12; გამოცხადება 12:9, 12).
კაცობრიობის პრობლემების მიზეზი
როგორც დავინახეთ, კაცობრიობის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანთა პირველმა წყვილმა შესცოდა. შედეგი? მართალია, ადამის შთამომავლები არ აგებენ პასუხს მის ცოდვაზე, მაგრამ მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, მემკვიდრეობით ცოდვა, არასრულყოფილება და სიკვდილი ერგოთ. ბიბლია გვიხსნის: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12).
არასრულყოფილება ადამიანებს მრავალ რამეში სწევს უკან. მაგრამ ეს მათ არ ათავისუფლებს პირადი პასუხისმგებლობისგან. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც რწმენას ავლენენ იეჰოვას იმ ღონისძიებისადმი, რომელიც მან ადამიანთა სიცოცხლისთვის გაითვალისწინა და ექვემდებარებიან ღვთის ნორმებს, მის მოწონებას დაიმსახურებენ. იეჰოვამ სიყვარულით გამოავლინა სიკეთე; გულმოწყალე ღმერთმა კაცობრიობის გამოსასყიდად იზრუნა, რათა, ასე ვთქვათ, იმის საფასური გადაეხადა, რაც ადამმა დაკარგა. ეს კი სრულყოფილი ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებით გააკეთა, ძისა, რომელმაც თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16; 1 კორინთელთა 15:21, 22).
მოციქულმა პავლემაც გამოხატა ამ ღონისძიებისთვის დიდი მადლიერება: „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 7:24, 25). პავლემ იცოდა, რომ, თუ სისუსტის გამო ცოდვას ჩაიდენდა, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ღვთისათვის პატიების თხოვნა შეეძლო *.
ისევე როგორც პირველ საუკუნეში, დღესდღეობითაც მრავალმა, ვინც ერთ დროს ცუდ ცხოვრებას ეწეოდა ან ვინც თითქოსდა გამოუსწორებელი იყო, შეიმეცნა ბიბლიური ჭეშმარიტება, აუცილებელი ცვლილებები მოახდინა და ღვთის მოწონებაც დაიმსახურა. თუმცა ამ ცვლილებების მოხდენა იოლი არ ყოფილა და მრავალს ჯერ კიდევ უწევს ცუდ ჩვევებთან ბრძოლა, ღვთის დახმარებით ისინი უმწიკვლობას ინარჩუნებენ და მსახურებაში სიხარულს პოულობენ (ფილიპელთა 4:13). განვიხილოთ ერთი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელმაც, ღვთისთვის რომ ესიამოვნებინა, ძირეული ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში.
გამამხნევებელი შემთხვევა
„ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც სკოლა-ინტერნატში ჰომოსექსუალისტებთან დავიჭირე
საქმე, მაგრამ თავს ჰომოსექსუალისტად არასდროს ვთვლიდი. ჩემი მშობლები გაყრილები იყვნენ და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით მინდოდა, დედ-მამის მხრიდან სითბო არასოდეს მიგრძნია. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. მეზობელ ყაზარმაში ჰომოსექსუალისტები იყვნენ თავმოყრილი. ძალიან მომეწონა მათი ცხოვრების წესი და მათთან ურთიერთობა გავაბი. ერთი წლის თავზე საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ჰომოსექსუალისტი ვიყავი. რა ვქნა, ასეთი ვარ და ვერაფერს გავხდები-მეთქი, — ვიმართლებდი თავს.დავიწყე აგრეთვე ჰომოსექსუალისტთა ჟარგონის შესწავლა და მათ კლუბებში სიარული, სადაც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შოვნა თავისუფლად შეიძლებოდა. ყოველივე ეს გარეგნულად ძალიან სასიამოვნო და მიმზიდველი ჩანდა, თუმცა სინამდვილეში კი ზიზღის მომგვრელი იყო. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ასეთი ურთიერთობები არანორმალური იყო და კარგს არაფერს მომიტანდა.
ერთ პატარა ქალაქში შემთხვევით იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზთან აღმოვჩნდი. იმ დროს იქ შეხვედრა მიმდინარეობდა. შევედი და მოვუსმინე მოხსენებას, სადაც საუბარი იყო პირობებზე, რომლებიც მომავალ სამოთხეში იქნებოდა. მოგვიანებით შევხვდი მოწმეებს, რომლებმაც კონგრესზე დამპატიჟეს. ეს კონგრესი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის — დავინახე ბედნიერი ოჯახები, რომლებიც ერთ მუშტად შეკრულნი ემსახურებოდნენ ღმერთს. მას შემდეგ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას შევუდექი.
თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ თანდათანობით ბიბლიის შესწავლისას მიღებული ცოდნის გამოყენება დავიწყე. ამგვარად შევძელი ყველა უზნეო ჩვევისგან გათავისუფლება. შესწავლის დაწყებიდან წლისა და ორი თვის შემდეგ თავი იეჰოვას მივუძღვენი და მოვინათლე. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიპოვე ნამდვილი მეგობრები. მომეცა საშუალება, სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში დავხმარებოდი; ამჟამად კი, ქრისტიანულ კრებაში თანაშემწედ ვმსახურობ. მართლაც რომ მაკურთხა იეჰოვამ“.
პასუხს ჩვენ ვაგებთ
ჩვენი არასწორი საქციელის მთლიანად გენებისთვის გადაბრალება არაფრის მომტანია. პრობლემების დაძლევაში დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, ნათქვამია „თანამედროვე ფსიქოლოგიაში“, ყველაფრის გენებისთვის მიწერამ შეიძლება „უმწეოებად გვაგრძნობინოს თავი და მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს. როგორც ჩანს, ასეთი შეხედულება პრობლემების ზრდას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე მათ შემცირებას“.
მართალია, უნდა ვებრძოლოთ მთავარ მტრებს; მათ შორის ცოდვილ მიდრეკილებსა და სატანას, რომელიც ცდილობს, ღთისადმი ურჩები გაგვხადოს (1 პეტრე 5:8). ისიც მართალია, რომ გენებიც ახდენენ ჩვენზე გარკვეულ გავლენას. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა ვართ უმწეო მსხვერპლნი. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ძლიერი მოკავშირეები გვიჭერენ მხარს — იეჰოვა, იესო ქრისტე, ღვთის სულიწმიდა, ღვთის სიტყვა — ბიბლია და ქრისტიანული კრება (1 ტიმოთე 6:11, 12; 1 იოანე 2:1).
აღთქმულ მიწაზე შესვლამდე, მოსემ ისრაელ ერს ღვთის წინაშე მათი პასუხისმგებლობის შესახებ შეახსენა: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას“ (მეორე რჯული 30:19, 20). დღესდღეობითაც ყველა ადამიანს აკისრია პირადი პასუხისმგებლობა, გადაწყვიტოს, ემსახუროს თუ არა ღმერთს და შეასრულოს თუ არა მისი მოთხოვნები. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა (გალატელთა 6:7, 8).
[სქოლიოები]
^ აბზ. 10 იხილეთ 1996 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 3—8 (რუს.).
^ აბზ. 19 იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, 62—69 გვერდები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათები 9 გვერდზე]
იყვნენ ადამი და ევა მათ გენებში არსებული რაიმე დეფექტის გამო ცოდვისკენ მიდრეკილნი?
[სურათები 10 გვერდზე]
განა ყველა პირადად არ აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებებზე?
[საავტორო უფლება]
Drug user: Godo-Foto
[სურათი 11 გვერდზე]
ყოველგვარი მცდელობა, ადამიანთა ქცვები გარკვეული გენების არსებობით აეხსნათ, მარცხით დასრულდა.
[სურათი 12 გვერდზე]
ბიბლიური ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება გულწრფელ ადამიანებს ცვლილებების მოხდენაში ეხმარება.