მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
არის თუ არა აუცილებელი წყალში მთლიანად ჩაძირვა პიროვნებისთვის, რომელსაც მონათვლა სურს, მაგრამ ისეთი ფიზიკური ნაკლოვანება ან ისეთი ავადმყოფობა სჭირს, რაც წყლით მის დაფარვას გაართულებს?
სიტყვა „ნათლობა“ გადმოთარგმნილია ბერძნული ზმნიდან „ბაფტო“, რომელიც „ჩაყვინთვას“ ან ზოგჯერ „ამოწებას“ ნიშნავს (იოანე 13:26). ბიბლიაში სიტყვა „მონათვლა“ ნიშნავს „წყალში ჩაძირვას“. ფილიპეს მიერ ეთიოპიელი საჭურისის მონათვლის შესახებ როდერემის თარგმანში ნათქვამია: „ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და ჩააყვინთინა ფილიპემ მას“ (საქმეები 8:38, The Emphasised Bible). ასე რომ, ადამიანის მონათვლა მისი წყალში სრული ჩაძირვით ხდება (მათე 3:16; მარკოზი 1:10).
იესომ თავის მოწაფეებს შემდეგი დავალება მისცა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი“ (მათე 28:19, 20). სწორედ ამიტომ ატარებენ იეჰოვას მოწმეები ნათლობას აუზებში, ტბებში, მდინარეებსა და სხვა ადგილებში, სადაც ამისთვის საკმარისი წყალია. რადგან ნათლობისას წყალში სრულიად ჩაძირვა ბიბლიური მოთხოვნაა, უფლება არა გვაქვს, ვინმესთვის გამონაკლისი დავუშვათ. ამიტომ ისეთი პიროვნებებიც კი უნდა მოინათლონ ამგვარად, რომელთა ნათლობაც შეიძლება მათი მდგომარეობის გამო ცოტა უჩვეულო სახითაც კი მოხდეს. მაგალითად, დიდ აბაზანაში შეიძლება მოინათლონ ხანდაზმულები ან სუსტი ჯანმრთელობის მქონენი. წყალი თბილი უნდა იყოს, ხოლო მოსანათლები ფრთხილად და ნელ-ნელა უნდა ჩაუშვან წყალში და წესისამებრ მონათლონ.
მძიმე ავადმყოფებიც კი მოინათლნენ ასე. მაგალითად, ისინი, რომლებსაც ოპერაციის შედეგად ყელზე მუდმივი ხვრელი ჰქონდათ დარჩენილი ან ხელოვნური სუნთქვის აპარატები ესაჭიროებოდათ. რა თქმა უნდა, ასეთი ნათლობისთვის კარგი მომზადებაა საჭირო. გონივრულია, შეძლებისდაგვარად, ასეთ ნათლობას ექიმი ან ექთანი ესწრებოდეს. ასე რომ, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება მიღებული, მონათვლა შესაძლებელია უმეტეს შემთხვევაში. მაშასადამე, სერიოზული მომზადებაა საჭირო იმ ადამიანის მოსანათლად, რომელსაც გულწრფელად სურს მონათვლა და მოსალოდნელი საფრთხის ალბათობის მიუხედავად დგამს ამ ნაბიჯს.