სიკვდილი როგორი თვალსაზრისი გაქვთ მასზე?
სიკვდილი როგორი თვალსაზრისი გაქვთ მასზე?
როგორი ჯანმრთელობის ან სიმდიდრის პატრონიც უნდა ვიყოთ, სიკვდილის აჩრდილი მუდამ თან გვდევს. ის შეიძლება მოულოდნელად გვესტუმროს ქუჩის გადაკვეთისას ან ძილშიც კი. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა კიდევ ერთხელ დაგვაყენეს იმ ფაქტის წინაშე, რომ სიკვდილს, „უკანასკნელ მტერს“, განურჩევლად მიაქვს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთა თუ ნებისმიერი ასაკის ადამიანთა სიცოცხლე და ხშირად ათასობით ადამიანის სიკვდილი მხოლოდ წუთების საქმეა (1 კორინთელთა 15:26).
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სიკვდილის ფენომენი მაინც ინტერესს იწვევს ადამიანებში. არაფერი უწყობს ხელს გაზეთების ასე დიდი რაოდენობით გაყიდვასა და ტელე-ეკრანებთან ასე მრავალი ადამიანის მიჯაჭვას, როგორც სიკვდილის, განსაკუთრებით კი შემზარავ ვითარებებში მრავალი ადამიანის დაღუპვის შესახებ, ცნობები. როგორც ჩანს, ადამიანებს არ ჰბეზრდებათ ცნობები სიკვდილის შესახებ, იქნება ეს ომებით, სტიქიური უბედურებებით, დამნაშავეობითა თუ დაავადებით გამოწვეული. ეს გასაოცარი ინტერესი განსაკუთრებით თვალნათლივ ვლინდება მაშინ, როდესაც საქმე საზოგადო მოღვაწეთა და ცნობილი პიროვნებების სიკვდილს ეხება.
უდავოა, რომ სიკვდილზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. მაგრამ ყველას აინტერესებს ეს საკითხი მაშინ, როცა საქმე სხვის სიკვდილს ეხება. თუმცა, როდესაც ჯერი მათ სიკვდილზე მიდგება, შიშის ჟრუანტელი უვლით. არავის სურს საკუთარ სიკვდილზე ფიქრი.
სიკვდილით თავგზააბნეულნი?
საკუთარ სიკვდილზე ფიქრი ყოველთვის არასასიამოვნო იყო და იქნება კიდეც. რატომ? რადგან ღმერთმა ჩვენში მარადიული სიცოცხლის ძლიერი სურვილი ჩადო. „მან მარადიულობა ჩადო მათ გულებში“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 3:11-ში (Anchor Bible). მაგრამ სიკვდილის გარდაუვალობამ შინაგანი წინააღმდეგობის გრძნობები წარმოშვა ადამიანებში. ამ შინაგანი წინააღმდეგობის დასაძლევად და სიცოცხლის ბუნებრივი სურვილის დასაკმაყოფილებლად ადამიანებმა ათასგვარი მრწამსი მოიგონეს, სულის უკვდავებით დაწყებული და გარდასახვით დამთავრებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, სიკვდილი ადამიანებს შიშის ზარს სცემს და ეს შიში ყველგან ბატონობს. ამიტომ არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ, მთლიანობაში, საზოგადოებას საგონებელში აგდებს და აშინებს სიკვდილი. ერთი რამ ცხადია, სიკვდილი ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ სიმდიდრისა და ძალაუფლების დევნაში სიცოცხლის გატარება ამაოებაა.
სასიკვდილო სარეცელზე მარტოდ მყოფნი?
ძველად სასიკვდილოდ დაავადებული ან დაჭრილი ადამიანი, ჩვეულებრივ, მისთვის ნაცნობ და საყვარელ ოჯახურ გარემოში კვდებოდა. ბიბლიურ დროშიც ხშირად ასე ხდებოდა და დღემდე დაბადება 49:1, 2, 33). ამ დროს ოჯახი ერთად იკრიბება და საუბარში ბავშვებსაც რთავენ. ამიტომ ოჯახის თითოეული წევრი მწუხარებისას მარტო არ არის, რაც მანუგეშებელია მათთვის, რადგან პასუხისმგებლობები ყველაზე ნაწილდება და ერთმანეთის მწუხარებასაც იზიარებენ.
ზოგიერთ კულტურაშიც ასეა მიღებული (სრულიად საპირისპირო რამ ხდება საზოგადოებაში, სადაც სიკვდილზე საუბარი აკრძალულია, მასზე ლაპარაკს ზედმეტად მიიჩნევენ და ყოვლად მიუღებლად თვლიან ბავშვებთან ამაზე საუბარს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის მეტისმეტად მძიმე ემოციური ტვირთი იქნება. სიკვდილს დღესდღეობით ყველა სხვადასხვანაირად ხვდება; მრავალს მარტოობაში უწევს სიკვდილი. თუმცა ადამიანთა უმეტესობას ურჩევნია სახლში, მშვიდ და მოსიყვარულე ატმოსფეროში, ოჯახის წევრებით გარშემორტყმული შეხვდეს სიკვდილს, მაგრამ მწარე სინამდვილე ის გახლავთ, რომ მრავალს საავადმყოფოებში, შიშისმომგვრელი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით გარემოცულებს, ჩვეულებრივ, იზოლირებულებსა და ტკივილებით გატანჯულებს უწევთ სიკვდილი. მეორეს მხრივ, გენოციდის, შიმშილის, შიდს-ის, სამოქალაქო ომის ან უკიდურესი სიღარიბის გამო მილიონობით ადამიანი ისე იღუპება, რომ მათ შესახებ არავინ იცის.
ფიქრის საგანი
ბიბლია არ გვიკრძალავს სიკვდილის ფაქტზე ფიქრს. სინამდვილეში, ეკლესიასტეს 7:2-ში ნათქვამია: „ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა“. როდესაც სიკვდილის მოწმენი ვხდებით, ვივიწყებთ ყოველდღიურ საფიქრალსა და საქმიანობას და სიცოცხლის ხანმოკლეობაზე ვიწყებთ ფიქრს. ეს შეიძლება იმაში დაგვეხმაროს, რომ ცხოვრებას მეტი აზრი შევძინოთ, ნაცვლად იმისა, რომ უმიზნოდ გავლიოთ სიცოცხლე.
როგორი თვალსაზრისი გაქვთ სიკვდილზე? ოდესმე დაფიქრებულხართ სიცოცხლის დასრულებასთან დაკავშირებულ თქვენს გრძნობებზე, მრწამსზე, იმედებსა და შიშზე?
სიცოცხლის არსის მსგავსად, ადამიანებს არ შეუძლიათ ახსნან და ჩასწვდნენ სიკვდილის არსს. ერთადერთი პიროვნება, ვისაც დანამდვილებით შეუძლია ნათელი მოჰფინოს ამ საკითხს, ჩვენი შემოქმედია. ის არის „წყარო სიცოცხლისა“ და მის ხელშია „სიკვდილის გასაღები“ (ფსალმუნი 35:10; 67:21). შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიკვდილთან დაკავშირებული ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული მრწამსის ღვთის სიტყვის შუქზე განხილვა, შეიძლება მანუგეშებელიც აღმოჩნდეს და გამომაცოცხლებელიც. ეს დაგვანახვებს, რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულს როდი ნიშნავს.
[ჩანართი 4 გვერდზე]
იმის გათვითცნობიერება, რომ სიკვდილი შეიძლება ყოველ წუთში „გვესტუმროს“, გვეხმარება, უფრო მეტი აზრი შევძინოთ ჩვენს ცხოვრებას.