ტეტრაგრამატონი „სეპტუაგინტაში“
ტეტრაგრამატონი „სეპტუაგინტაში“
ღვთის სახელი, იეჰოვა, ტეტრაგრამატონით ანუ ოთხი ებრაული ასოთი יהוה (ჲჰვჰ) იწერება. დიდი ხანი ფიქრობდნენ, რომ „სეპტუაგინტაში“ ტეტრაგრამატონი არ იყო გამოყენებული. ამიტომ არსებობდა მოსაზრება, რომ, როდესაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები ებრაული წერილებიდან ციტირებდნენ, ღვთის სახელს არ იყენებდნენ.
ბოლო ასწლეულების მანძილზე აღმოჩენებმა ცხადყო, რომ „სეპტუაგინტაში“ ღვთის სახელი იყო გამოყენებული. ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია: „ელინისტ იუდეველებს ისე ძლიერ სურდათ ღვთის წმინდა სახელის შენარჩუნება, რომ, როდესაც ებრაულ ბიბლიას ბერძნულად თარგმნიდნენ, ბერძნულ ტექსტში პირდაპირ ტეტრაგრამატონს წერდნენ“.
მარცხნივ ნაჩვენები პაპირუსის ფრაგმენტი შემორჩენილი ხელნაწერებიდან ერთ-ერთია. ის ნაპოვნია ოქსირინხში (ეგვიპტე). მისი ნომერია 3522 და ახ. წ. I საუკუნით თარიღდება *. მისი ზომა სიგრძეში 7 და სიგანეში 10,5 სანტიმეტრია და მოიცავს წიგნ „იობის“ ნაწყვეტს, კერძოდ 42-ე თავის მე-11, მე-12 მუხლების ნაწყვეტს. ეს შემოხაზული ტეტრაგრამატონი ძველი ებრაულითაა შესრულებული *.
ამგვარად, იყო თუ არა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ პირველ ასლებში ღვთის სახელი? მეცნიერი ჯორჯ ჰოუვარდი ამბობს: «რადგან ბერძნული ბიბლიის ასლებში [„სეპტუაგინტაში“], რომელსაც პირველი ეკლესია იყენებდა, ჯერ კიდევ იყო ჩაწერილი ტეტრაგრამატონი, გონივრულია გვჯეროდეს, რომ „ახალი აღთქმის“ შემდგენებმა, როდესაც ამ საღვთო წერილიდან ციტირებდნენ, ბიბლიის ტექსტში ტეტრაგრამატონი ჩასვეს». როგორც ჩანს, მალე გადამწერებმა ღვთის სახელი ისეთი სიტყვებით შეცვალეს, როგორიცაა „კირიოს“ (უფალი) და „თეოს“ (ღმერთი).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ოქსირინხში ნაპოვნი პაპირუსის შესახებ უფრო დაწვრილებითი ცნობისთვის იხილეთ 1992 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26—28 (რუს.).
^ აბზ. 4 ძველ ბერძნულ ხელნაწერებში მოცემული ღვთის სახელის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“, დანართი 1C.
[საავტორო უფლება 30 გვერდზე]
Courtesy of the Egypt Exploration Society