არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისადმი ერთგულებისთვის დაჯილდოვებული

ღვთისადმი ერთგულებისთვის დაჯილდოვებული

ბიოგრაფია

ღვთისადმი ერთგულებისთვის დაჯილდოვებული

მოგვითხრო უილიამ აიჰინორიამ

შუაღამისას ნაცნობმა კვნესამ გამაღვიძა. საცოდავ მამაჩემს ხელები მუცელზე ეწყო და იატაკზე გორაობდა. დედაჩემი, ჩემი უფროსი და და მე მაშინვე თავზე დავადექით. როდესაც ტკივილმა ცოტა გადაუარა, წამოჯდა, ამოიოხრა და თქვა: „მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს აქვთ მშვიდობა მთელ დედამიწაზე“. მართალია, მისი სიტყვებიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამან, რადგან არასდროს მსმენოდა იეჰოვას მოწმეების შესახებ. ძალიან დამაინტერესა მამაჩემის სიტყვებმა.

ეს მოხდა 1953 წელს, როდესაც მე ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი. ვიზრდებოდი პოლიგამიურ ოჯახში, ნიგერიის ერთ-ერთ სოფელ ევოზაში. მე ოჯახში მეორე შვილი, მაგრამ პირველი ვაჟი ვიყავი. მამაჩემს სულ სამი ცოლი და 13 შვილი ჰყავდა. ვცხოვრობდით პაპაჩემის მიერ აგებულ, ჩალით გადახურულ და ტალახით შელესილ ოთხ ოთახში. ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ბებიაჩემი და მამაჩემის სამი ძმა თავიანთი ოჯახებით.

ბავშვობა მძიმე მქონდა, რაც განსაკუთრებით მამაჩემის სუსტი ჯანმრთელობით იყო გამოწვეული. მას ქრონიკული მუცლის ტკივილი ჰქონდა, რაც სიკვდილამდე მრავალი წელი ტანჯავდა. მის ამ დაუდგენელ ავადმყოფობას ვერანაირმა მკურნალობამ, რომლითაც კი აფრიკელი გლეხის ოჯახს შეეძლო ესარგებლა, იქნებოდა ეს ბალახებით მკურნალობა თუ ტრადიციული მედიცინის მეთოდებით, ვერ უშველა. ბევრი ღამე ტირილში გაგვიტარებია მამის გვერდით, როდესაც ის ტკივილებით გატანჯული მამლის ყივილამდე გორაობდა იატაკზე. სწორედ ამ დაავადების განსაკურნავად მიდიოდნენ ხოლმე ის და დედაჩემი ხშირად სახლიდან და ბავშვებს კი ბებიასთან გვტოვებდნენ.

თავს ბატატის, მანიჰოტისა და კოლას კაკლის მოყვანითა და გაყიდვით ვირჩენდით. ოჯახის შემოსავლის გასაზრდელად კაუჩუკსაც მოვიპოვებდით ხოლმე. ძირითადად ბატატით ვიკვებებოდით. დილით ბატატს ვჭამდით, შუადღისასაც ბატატს შევექცეოდით და საღამოსაც გვერდს ვერ ვუვლიდით მას. ხანდახან კი მენიუში მცირე მრავალფეროვნება გვქონდა, როდესაც შემწვარ ბანანს მივირთმევდით.

წინაპრებისადმი თაყვანისცემას ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ოჯახში ამზადებდნენ საჭმელს და სხვადასხვა ხასხასა საღებავებით შეღებილ ნიჟარებით მორთულ ჯოხებთან აწყობდნენ. მამაჩემი იმ კერპსაც სცემდა თაყვანს, რომელიც ბოროტი სულებისა და კუდიანებისგან დამცველად ითვლებოდა.

ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი სოფლიდან 11 კილომეტრით დაშორებულ ბანაკში გადავედით დროებით საცხოვრებლად. აქ მამაჩემი რიშტათი დაავადდა და მის ტანჯვას კიდევ ერთი სნეულება დაემატა. მთელი დღის განმავლობაში მას მუშაობა არ შეეძლო, ღამღამობით კი მუცლის ტკივილი აწამებდა. მეც ტიფის ერთ-ერთი სახეობა შემეყარა. ასე რომ, ჩვენი ნათესავები სამადლოდ გვაჭმევდნენ პურს. სიღარიბეში რომ არ ამოგვხდომოდა სული, სოფელში დავბრუნდით. მამაჩემს სურდა, რომ როგორც უფროს ვაჟს, რაღაც მესწავლა და უბრალოდ მიწის მუშად არ დავრჩენილიყავი. ის ხვდებოდა, რომ ოჯახის ფეხზე დაყენებაში და და-ძმების წამოზრდაში კარგი განათლება დამეხმარებოდა.

სხვადასხვა რელიგიებთან კავშირი

სოფელში დაბრუნების შემდეგ განათლების მიღების საშუალება მომეცა. რისი წყალობითაც ქრისტიანული სამყაროს რელიგიებთან მომიწია შეხება. გასული საუკუნის 50-იან წლებში ძნელად თუ განასხვავებდით დასავლურ განათლებას კოლონიზატორთა რელიგიისგან. რადგან კათოლიკური სკოლის დაწყებით კლასში ვიყავი, ეს იმას ნიშნავდა, რომ კათოლიკე უნდა გავმხდარიყავი.

1966 წელს, როდესაც 19 წლის გავხდი, პატარა ქალაქ ევოჰინმში, რომელიც ჩვენი სახლიდან 8 კილომეტრით იყო დაშორებული, არსებულ პილიგრიმულ ბაპტისტურ საშუალო სკოლაში მიმიღეს. აქ ჩემი რელიგიური განათლება შეიცვალა. რადგან ახლა უკვე პროტესტანტულ სკოლაში ვსწავლობდი, კათოლიკე მღვდლები კვირის ლიტურგიაზე დასწრებას მიშლიდნენ.

სწორედ აქ სწავლისას მომიწია პირველად ცხოვრებაში ბიბლიასთან შეხება. თუმცა კვლავ კათოლიკურ ეკლესიაში დავდიოდი, ბიბლიას კვირაობით, ეკლესიაში მსახურების შემდეგ, ვკითხულობდი. მოხიბლული ვიყავი იესოს სწავლებებით, რამაც სურვილი აღმიძრა, რომ ღვთისადმი ერთგულებით აზრიანად გამეტარებინა ცხოვრება. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ბიბლიას, მით უფრო მეტ ზიზღს იწვევდა ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლის ფარისევლობა და ხალხის უზნეობა. ამ თვითმარქვია ქრისტიანების ქცევა დიდად განსხვავდებოდა იესოსა და მისი მოწაფეების სწავლებებისა და მოქმედებისგან.

ერთმა შემთხვევამ კი განსაკუთრებით გამაოცა. ერთხელ, როდესაც მოძღვრის საწყობში შევედი კრიალოსანისთვის, კარის წირთხლზე მიმაგრებული თილისმა დავინახე. ერთხელ კი ბაპტისტური სკოლის დირექტორმა ჩემი შეცდენა სცადა. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე ჰომოსექსუალისტი იყო და სხვებსაც ჰრყვნიდა. ამან ძალიან დამაფიქრა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „განა მოსწონს ღმერთს ისეთი რელიგიები, რომლის წევრებიც და მისი წინამძღოლებიც პასუხს არ აგებენ თავიანთ სერიოზულ ცოდვებზე?“.

რელიგიის შეცვლა

ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მომწონდა ის, რასაც ბიბლიაში ვკითხულობდი და გადავწყვიტე, ბიბლიის კითხვა განმეგრძო. სწორედ ამ დროს გამახსენდა მამაჩემის მიერ თითქმის 15 წლის წინათ ნათქვამი სიტყვები: „მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს აქვთ მშვიდობა მთელ დედამიწაზე“. მაგრამ შიში გასაქანს არ მაძლევდა, რადგან იმ მოწმე მოსწავლეებს, რომლებიც ჩემს სკოლაში სწავლობდნენ, დასცინოდნენ და ზოგჯერ კი სჯიდნენ კიდეც იმის გამო, რომ დილაობით რელიგიურ მსახურებაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ზოგიერთი მათი შეხედულება კი მეც ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. მაგალითად, ჩემთვის ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ მხოლოდ 144000 ადამიანი წავიდოდა ზეცაში (გამოცხადება 14:3). რადგან მე ზეცაში მინდოდა წასვლა, ვფიქრობდი, ეს რიცხვი ჩემს დაბადებამდე ხომ არ შეივსო-მეთქი.

ცხადი იყო, რომ მოწმეები თავიანთი მოქმედებითა და აზროვნებით ძალიან განსხვავდებოდნენ. ისინი სხვა მოწაფეებისგან განსხვავებით არ მონაწილეობდნენ უზნეობასა და ძალადობაში. როგორც ვხედავდი, ისინი არ იყვნენ წუთისოფლისანი და როგორც ბიბლიაში მქონდა უკვე წაკითხული, ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები სწორედ ასეთები უნდა ყოფილიყვნენ (იოანე 17:14—16; იაკობი 1:27).

გადავწყვიტე, რომ მოწმეების შესახებ უფრო მეტი გამეგო. 1969 წლის სექტემბერში ვიშოვე წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. მომდევნო თვეს კი ერთ-ერთმა პიონერმა (სრული დროით მსახურმა იეჰოვას მოწმემ) მომინახულა და ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი პირველი შესწავლის შემდეგ, რომ შაბათ საღამოსვე დავიწყე ამ წიგნის კითხვა და კვირას ნაშუადღევს დავამთავრე. რაღა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავიწყე თანასკოლელებთან იმ საკითხებზე საუბარი, რაც ამ წიგნში წავიკითხე. მასწავლებლები და მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ ამ ახალმა რელიგიამ ჭკუიდან შემშალა, მაგრამ ვიცოდი, რომ მე სრულ ჭკუაზე ვიყავი (საქმეები 26:24).

ახალ რელიგიას რომ ვქადაგებდი, ამან ჩემი მშობლების ყურამდეც მიაღწია. მათ კი მთხოვეს, დაუყოვნებლივ დავბრუნებულიყავი სახლში და ამეხსნა, რაში იყო საქმე. ამ დროს ქალაქ ილეშაში საოლქო კონგრესი ტარდებოდა. მოწმეები იქ იყვნენ წასული და რჩევისთვის ვერავის მივმართე. სახლში ჩასულს დედაჩემმა და სხვა ნათესავებმა უამრავი კითხვები დამაყარეს, შემდეგ კი გამაკრიტიკეს. ყველანაირად ვცდილობდი, მათთვის დამენახვებინა, თუ რა მართალი იყო ის, რაც ბიბლიიდან ვისწავლე (1 პეტრე 3:15).

ბიძაჩემმა მას შემდეგ, რაც ვერანაირად ვერ დამიმტკიცა, რომ იეჰოვას მოწმეები ცრუ მასწავლებლები იყვნენ, სხვა მხრიდან მომიარა. დამსვა და სერიოზულად მთხოვა: „გახსოვდეს, რომ სკოლაში განათლების მისაღებად წახვედი. თუ მიატოვებ სწავლას და ქადაგებას დაიწყებ, ამ განათლებას ვეღარასოდეს მიიღებ. მოდი და სანამ სწავლას მორჩები, ამ რელიგიას თავი დაანებე“. მაშინ მეც ვიფიქრე, რომ ასეთი მოქმედება ჭკუასთან ახლოს იქნებოდა და მოწმეებთან შესწავლა შევწყვიტე.

1970 წლის დეკემბერში, სწავლის დამთავრებისთანავე, სამეფო დარბაზს მივაშურე და მას შემდეგ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს ვესწრები. 1971 წლის 30 აგვისტოს კი ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. ჩემმა ნაბიჯმა არა მხოლოდ ჩემი ოჯახი, არამედ მთელი სამეზობლოც შეძრა. ისინი ამბობდნენ, რომ იმედები გავუცრუე, რადგან ჩვენს სოფელში მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც განათლება ჰქონდა მიღებული. ამიტომაც ბევრი დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. იმედოვნებდნენ, რომ განათლებას ჩვენს სოფელში პირობების გასაუმჯობესებლად გამოვიყენებდი.

რა მოჰყვა რელიგიის შეცვლას?

ჩემი ოჯახის წევრებმა და სოფლის თავკაცებმა კაცები გამომიგზავნეს, რომ რელიგიის შეცვლაზე დავეთანხმებინე. მათ საუბრისას დამწყევლეს კიდეც. „თუ არ დატოვებ ამ რელიგიას, — მითხრეს მათ, — არანაირი მომავალი არ გექნება. ვერ იშოვი სამუშაოს; ვერ ააშენებ საკუთარ სახლს; ვერ შეძლებ დაქორწინებასა და ბავშვების აღზრდას“.

ჩემს ცხოვრებაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. სწავლის დამთავრებიდან ათი თვის შემდეგ სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. 1972 წლის ოქტომბერში კი ჩემს საყვარელ მეუღლეზე, ვერონიკაზე, დავქორწინდი. მოგვიანებით კი მთავრობამ აგრონომის მოვალეობის შესრულების კვალიფიკაციაც მომანიჭა. ამასობაში მანქანაც ვიყიდე და სახლის შენებაც დავიწყე. 1973 წლის 5 ნოემბერს პირველი გოგონა, ვიქტორია შეგვეძინა; მომდევნო წლებში კი მას ლიდია, ვილფრედი და ჯოანი მოჰყვნენ. 1986 წელს კი ნაბოლარა მიქაელი დაიბადა. მართლაცდა, ჩვენი ბავშვები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან — ძვირფასები არიან ჩვენთვის (ფსალმუნი 126:3).

როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვხედავ, რომ მათი თითოეული წყევლა, კურთხევით შეიცვალა. სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს პირმშოს ვიქტორია. ამას წინათ სოფლიდან შემდეგი შინაარსის წერილი მივიღე: „ძალიან გთხოვთ, დაბრუნდი შენს მშობლიურ სოფელში და შენი მიღწევები გაგვიზიარე, რადგან ღმერთი კურთხევებს არ გაკლებს“.

ღვთის პრინციპებით ბავშვების აღზრდა

მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით, რომ ერთდროულად ვერ შევძლებდით ღვთისგან ბოძებული პასუხისმგებლობის — ბავშვების აღზრდის — შესრულებასა და მატერიალური სიმდიდრის დაგროვებას. ამიტომ უბრალო ცხოვრებით დაკმაყოფილება ვისწავლეთ. ეს გზა ავირჩიეთ და არა ისეთი ცხოვრება, რომელსაც, შეიძლებოდა, ჩვენი ოჯახისთვის კარგი არაფერი მოეტანა.

ჩვენს ქვეყანაში, ჩვეულებრივ, ოჯახები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, სადაც აბაზანა, სამზარეულო და სხვა სათავსოები საერთო აქვთ. ძალიან გვიხაროდა, რომ ჩვენ ცხოვრება კერძო სახლებში გვიხდებოდა იმ ქალაქებში, სადაც მთავრობა მაგზავნიდა ხოლმე, როგორც თავის მუშაკს. მართალია, ასეთი საცხოვრებლები უფრო ძვირი ღირდა, მაგრამ ამის წყალობით ჩვენს ბავშვებს ცუდი გავლენის ქვეშ მოხვედრა არ უხდებოდათ. მადლობას ვწირავ იეჰოვას, რომ წლების მანძილზე შესაძლებლობა გვქონდა სულიერად ჯანსაღ გარემოში აღგვეზარდა შვილები.

გარდა ამისა, ჩემი მეუღლეც ყოველთვის სახლში იყო, რომ ბავშვებისთვის მიეხედა. სამუშაოს შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი, რომ მთელ ოჯახს ერთად გვეთანამშრომლა სხვადასხვა საქმიანობაში. თუ რამეს ვაკეთებდით, ყველანი ვიღებდით ამაში მონაწილეობას, იქნებოდა ეს ბიბლიის ოჯახური შესწავლა, კრების შეხვედრებისთვის მომზადება და მათზე დასწრება, ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის მიღება და აგრეთვე სხვა საქმიანობა.

ვცდილობდით, ყოველთვის მეორე რჯულის 6:6-სა და 7 მუხლებში ჩაწერილი რჩევისამებრ მოვქცეულიყავით, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ სახლში კი არ გვესწავლებინა, არამედ ყველგან. ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ბავშვები მეგობრებს მხოლოდ მოწმეებს შორის ირჩევდნენ. ისინი ამას ჩვენი მაგალითიდან სწავლობდნენ, რადგან მე და ვერონიკა არასდროს ვატარებდით დროს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებდნენ (იგავნი 13:20; 1 კორინთელთა 15:33).

რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი ხელმძღვანელობა და სწავლება არ ახდენდა ჩვენს შვილებზე დადებით გავლენას. ჩვენი სახლის კარი ყოველთვის იყო და არის ღია იმ ერთგული ქრისტიანებისთვის, რომელთაგანაც ბევრი იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელი ზედამხედველია. ის დრო, როდესაც ეს მოწიფული ქრისტიანები ჩვენს ოჯახთან ატარებდნენ, ბავშვებს იმის საშუალებას აძლევდა, რომ დაჰკვირვებოდნენ და ბევრი რამ ესწავლათ მათი თავდაუზოგავი ცხოვრებიდან. ამან ჩვენი სწავლება უფრო გაამყარა და ბავშვებმა ბიბლიური ჭეშმარიტება გაითავისეს.

ღვთისადმი ერთგულებისთვის დაჯილდოვებული

დღესდღეობით მე და ჩემი მეუღლე ოთხ შვილთან ერთად სრული დროით ვმსახურობთ. პიონერული მსახურება პირველად 1973 წელს დავიწყე. ეკონომიკური პირობების გამო დროდადრო ამ მსახურების შეწყვეტა მომიწია. აგრეთვე პატივი მხვდა წილად მესწავლა „სამეფო მსახურების სკოლაში“, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანი ზედამხედველების მოსამზადებლად ტარდება. ამჟამად ვმსახურობ საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტში და აგრეთვე ქალაქ უჰონმორას ზედამხედველად.

ჩემს უფროს ორ ქალიშვილს, ვიქტორიას და ლიდიას ბედნიერი ოჯახები აქვთ. მათი ქმრები შესანიშნავი უხუცესები არიან. ახლა ისინი იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობენ იგედუმაში (ნიგერია). უფროსი ვაჟი, ვილფრედი, თანაშემწეა, მიქაელი კი დროდადრო დამხმარე პიონერად მსახურობს. 1997 წელს ჯოანმა საშუალო სკოლა დაამთავრა და პიონერული მსახურება დაიწყო.

იეჰოვას მსახურებად გახდომაში სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კურთხევაა. მათ შორის იყვნენ ჩემი ახლობელი ნათესავებიც. მამაჩემმა იეჰოვასადმი მსახურება სცადა, მაგრამ პოლიგამიამ შეუშალა ამაში ხელი. ადამიანები ბავშვობიდანვე მიყვარს. როდესაც ვხედავ, როგორ იტანჯებიან სხვები, ჩემი პრობლემები უმნიშვნელოდ მეჩვენება. ალბათ, ისინი მამჩნევენ, რომ გულწრფელად მსურს დახმარების აღმოჩენა და ჩემთან საუბარი უადვილდებათ.

ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ღვთის განზრახვების გაგებაში დავეხმარე, ლოგინად ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცია. მას სამსახურში დენმა დაარტყა და წელს ქვემოთ დამბლა დაეცა. ამ ახალგაზრდამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და თანდათანობით გაითავისა ნასწავლი. 1995 წლის 14 ოქტომბერს ის ჩვენი სახლის მახლობლად მდებარე მდინარეში მოინათლა. მაშინ, მთელი 15 წლის განმავლობაში, ის პირველად წამოაყენეს საწოლიდან. როგორც აღნიშნა კიდეც, ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო. ახლა ის თანაშემწეა კრებაში.

უნდა ვთქვა, რომ არ შევმცდარვარ, როდესაც 30 წლის წინათ იეჰოვასადმი მსახურება ავირჩიე მის ერთიან, მიძღვნილ ხალხთან ერთად. მათში მართლაც ნამდვილი სიყვარული დავინახე. იეჰოვას თავისი ერთგული მსახურებისთვის მარადიული სიცოცხლეც რომ არ ჰქონოდა გათვალისწინებული, მე მაინც მისადმი ერთგულებით ცხოვრებას ვარჩევდი (1 ტიმოთე 6:6; ებრაელთა 11:6). სწორედ ღვთისადმი ერთგულებამ ამაღებინა ცხოვრებაში კურსი და სიხარული, კმაყოფილება და ბედნიერება მოგვიტანა მე და ჩემს ოჯახს.

[სურათი 25 გვერდზე]

ჩემი ოჯახი 1990 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

მე, ჩემი მეუღლე, შვილები და სიძეები.