„ჩაიძირნენ“
„ჩაიძირნენ“
„მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში“.
ამ სიმღერით ზეიმობდნენ მოსე და ისრაელი თავიანთ გადარჩენას მეწამული ზღვის გავლის შემდეგ და მათი ეგვიპტელი მტრების — ფარაონისა და მისი ჯარის — განადგურებას (გამოსვლა 15:4, 5).
ამ შთამბეჭდავი მოვლენის შემსწრე თითოეული ადამიანისთვის ეს აშკარა გაკვეთილი იყო. მათ დაინახეს, რომ, ვინც კი იეჰოვას ძალაუფლებას შეეწინააღმდეგება, ცოცხალი არ დარჩება. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ ისრაელის გამოჩენილმა კაცებმა — კორახმა, დათანმა, აბირამმა და მათმა 250 თანამოაზრემ — მოსესა და აარონის იმ უფლებამოსილებების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა (რიცხვნი 16:1—3).
იეჰოვას დავალებით მოსემ ისრაელიანები გააფრთხილა, რომ მეამბოხეთა კარვებს გარიდებოდნენ. დათანი და აბირამი თავიანთი ოჯახებით მაინც თავისას არ იშლიდნენ. შემდეგ მოსემ ხალხს განუცხადა, რომ იეჰოვა ნათლად დაანახვებდა მთელ ისრაელს, რომ ამ მამაკაცებს „უფალი დაუგმია“. დაამთავრა თუ არა მოსემ თავისი სიტყვები, იეჰოვამ მეამბოხეთა ფეხქვეშ მიწა გააპო. „ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა“. რა დაემართა კორახსა და სხვა მეამბოხეებს? „გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი“ (რიცხვნი 16:23—35; 26:10).
ფარაონი, მისი ჯარი და აგრეთვე უდაბნოში მყოფი მეამბოხეები — ყველა დაიღუპა, რადგან იეჰოვას ძალაუფლება და მის ხალხთან დაკავშირებული ინტერესი არ ცნეს. ამიტომ აუცილებელია, ყველა, ვისაც ამ კრიტიკულ დროს სურს, რომ იეჰოვამ დაიცვას, გაეცნოს და დაემორჩილოს მას, როგორც „უზენაესს“ და „ყოვლისშემძლეს“. თუ ასე მოიქცევიან, იეჰოვას შემდეგი სიტყვები მათ გულს დაუმშვიდებს: „დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი“ (ფსალმუნი 90:1, 7—9).