ჭეშმარიტების პოვნა იქ, სადაც არ ელი
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ჭეშმარიტების პოვნა იქ, სადაც არ ელი
ღმერთს სურს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ამ მიზნის მისაღწევად იეჰოვას მოწმეები მილიონობით ბიბლიასა და ბიბლიის შესასწავლ დამხმარე ლიტერატურას ბეჭდავენ და ავრცელებენ. ზოგჯერ ეს პუბლიკაციები გულწრფელ ადამიანებს საოცარი გზებით აცნობენ ჭეშმარიტებას. მაუწყებლები ფრიტაუნიდან (სიერა-ლიონე) შემდეგ შემთხვევას გვატყობინებენ.
ოსმენის მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ. თვითონ ოსმენი კი მათი მეორე შვილი იყო. მათი ოჯახი რელიგიურ წეს-ჩვეულებებს იცავდა და მამასთან ერთად ის რეგულარულად დადიოდა თაყვანისმცემლობაზე. მაგრამ საგონებელში აგდებდა ის, რასაც მისი რელიგია ჯოჯოხეთის შესახებ ასწავლიდა. ვერ გაეგო როგორ შეიძლებოდა, მოწყალე ღმერთს ბოროტი ადამიანები ცეცხლით ეწამებინა. ჯოჯოხეთის შესახებ სწავლების ვერც ერთმა ახსნამ ვერ დააკმაყოფილა.
ერთ დღეს 20 წლის ოსმენმა ნაგვის გროვაში ლურჯყდიან წიგნს მოჰკრა თვალი. რადგან წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა, ნაგვიდან ამოიღო, გაწმინდა და სათაურიც წაიკითხა: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ *.
„რა ჭეშმარიტებაა ნეტავ ეს?“ — დაინტერესდა ოსმენი. ცნობისმოყვარეობით აღძრულმა წიგნი სახლში წაიღო და მაშინვე მთლიანად წაიკითხა. აღაფრთოვანა იმის გაგებამ, რომ ღმერთს პირადი სახელი — იეჰოვა — აქვს! (ფსალმუნი 82:19, აქ). მან ამ წიგნიდან ისიც გაიგო, რომ ღვთის მთავარი თვისება სიყვარულია და ის აზრიც კი, რომ ხალხი ცეცხლში დატანჯოს, მისთვის სიბილწეა (იერემია 32:35; 1 იოანე 4:8). ბოლოს კი წაიკითხა, რომ მალე იეჰოვა დედამიწაზე სამოთხეს დაამყარებს, სადაც ხალხი მარადიულად იცოცხლებს (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4). რა დიდებული ჭეშმარიტებაა მოწყალე ღმერთზე, არა?! ოსმენმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა იეჰოვას, რომ ისეთ ადგილზე აპოვნინა ჭეშმარიტება, სადაც არ ელოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრების დახმარებით ოსმენმა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მისამართი გაიგო და კრების შეხვედრაზე მივიდა. შემდეგ მოწმეებს სთხოვა, რომ მასთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ. და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ, მან სულიერად წინ წაიწია და მოინათლა (მათე 10:36). დღეს კი ის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს. რა საოცარია, რომ ეს ყველაფერი ნაგვის გროვაში ბიბლიური პუბლიკაციის პოვნას მოჰყვა!
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ 1968 წელს.