არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები

ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები

ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები

„როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი!“ (რომაელთა 2:21).

1, 2. რა მიზეზების გამო უნდა გვინდოდეს ბიბლიის შესწავლა?

ღვთის სიტყვის შესასწავლად მრავალი მიზეზი არსებობს. ალბათ, გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ მასში აღწერილი ადამიანების, მოვლენების, ადგილებისა და სხვა დეტალების შესახებ. გინდათ, გაიგოთ ჭეშმარიტება ისეთ ცრუ რელიგიურ დოგმატებთან დაკავშირებითაც, როგორიცაა სამება და ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი (იოანე 8:32). აგრეთვე იეჰოვას უკეთესად გაცნობაც გენდომებათ, რათა უკეთ მიჰბაძოთ მას და სწორად მოიქცეთ მის თვალში (მესამე მეფეთა 15:4, 5).

2 ღვთის სიტყვის შესწავლის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ მომზადებულნი ვიყოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების, ნაცნობებისა და მათ სასწავლებლად, რომლებსაც, შესაძლოა, ჯერ არც კი ვიცნობთ. ამის კეთება ჭეშმარიტი ქრისტიანის მოვალეობაა. თავის მოწაფეებს იესომ უთხრა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი... ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20).

3, 4. რატომ არის იესოს მითითებისამებრ სხვებისთვის სწავლება საპატიო მოვალეობა?

3 სხვების სწავლების სურვილით ბიბლიის შესწავლა ღირსეული საქმეა, რომელმაც შეიძლება ხანგრძლივი კმაყოფილების გრძნობა მოგვგვაროს. მასწავლებლობა დიდი ხნის მანძილზე საპატიო საქმედ ითვლებოდა. ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „მრავალი იუდეველი მასწავლებლებს გადამრჩენად მიიჩნევდა. ამიტომ ბავშვებისგან მოითხოვდნენ, რომ მასწავლებლებისთვის მშობლებზე მეტად ეცათ პატივი“ (Encarta Encyclopedia). ბიბლიის შესწავლა და შემდეგ მისი სხვებისთვის სწავლება განსაკუთრებით საპატიო მოვალეობაა ქრისტიანებისთვის.

4 „ყველაზე მეტად ადამიანები მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. მსოფლიოში დაახლოებით 48 მილიონი მასწავლებელია“ (The World Book Encyclopedia). მასწავლებელზე ახალგაზრდების ნორჩი გონებაა მინდობილი და შეუძლიათ მთელ მათ მომავალ ცხოვრებაზე მოახდინონ ზეგავლენა. ეს ზეგავლენა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, როცა საქმე სხვების სწავლებასთან დაკავშირებულ იესოს მითითებას ეხება. თქვენმა სწავლებამ შეიძლება ადამიანის მარადიულ მომავალზე იმოქმედოს. ზუსტად ამას გაუსვა ხაზი მოციქულმა პავლემ, როდესაც ტიმოთეს მოუწოდა: „გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:16). დიახ, ჩვენი სწავლება გადარჩენასთან არის დაკავშირებული.

5. რატომ არის ქრისტიანული სწავლება სხვა ნებისმიერ სწავლებაზე აღმატებული?

5 საკუთარი თავისა და შემდეგ კი სხვების სწავლების უფლებით ყველაზე დიდებული პიროვნება, სამყაროს უზენაესი მმართველი აღგვჭურავს. თავად ეს ფაქტი ამ სწავლებას ყველა სხვა სახის სწავლებაზე მაღლა აყენებს, იქნება ეს ზოგადი განათლება, ხელობის შესწავლა ან თუნდაც სამედიცინო განათლება. ქრისტიანულ სწავლებაში იგულისხმება ის, რომ მოსწავლე სწავლობს ღვთის ძის, იესო ქრისტეს მიბაძვას და შემდეგ იმავეს ასწავლის სხვებს (იოანე 15:10).

რატომ უნდა ვასწავლოთ საკუთარ თავს?

6, 7. ა) რატომ უნდა ვასწავლოთ პირველ რიგში საკუთარ თავს? ბ) რატომ არ გამოდგებოდნენ მასწავლებლებად პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველები?

6 რატომ ვამბობთ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვასწავლოთ? ფაქტია, რომ სხვების სწავლებას ვერ შევძლებთ, თუ თავდაპირველად თავად არ განვისწავლებით. პავლემ ამას ხაზი გაუსვა იუდეველებისადმი მიმართულ მეტად დამაფიქრებელ სიტყვებში, რომლებიც დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. პავლემ შემდეგი კითხვები დასვა: «კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? ქადაგებ: არა იპარო, და იპარავ? ამბობ: არა იმრუშო, და მრუშობ? კერპები გძაგს, და მკრეხელობ [„ტაძარს ძარცვავ“, აქ]? რჯულს იქადი, და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?» (რომაელთა 2:21—23, სსგ).

7 რიტორიკული კითხვების გამოყენებით პავლემ მოიხსენია ორი რამ, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა ათ მცნებას: არ იმრუშო, არ იქურდო (გამოსვლა 20:14, 15). პავლეს დღეებში მცხოვრები ზოგიერთი იუდეველი ამაყობდა იმით, რომ ღვთის რჯული ჰქონდათ. მათ ‘რჯულიდან ჰქონდათ ნასწავლი და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბრმების მეგზურნი და ბნელში მყოფთათვის ნათელი და ჩვილთა მოძღვარნი იყვნენ’ (რომაელთა 2:17—20). მაგრამ ზოგიერთი მათგანი თვალთმაქცობდა, რადგან ისინი ფარულად ქურდობდნენ ან მრუშობდნენ. ეს კი რჯულს და მის ზეციერ ავტორსაც შეურაცხყოფდა. როგორც ხედავთ, ისინი სრულებით მოუმზადებელი იყვნენ სხვების სასწავლებლად; სინამდვილეში, ისინი საკუთარ თავსაც კი არ ასწავლიდნენ.

8. შესაძლოა, როგორ ძარცვავდნენ ტაძრებს პავლეს დღეებში მცხოვრები იუდეველები?

8 პავლემ ტაძრის მძარცველებიც მოიხსენია. მართლაც ასე იქცეოდა ზოგიერთი იუდეველი? რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში? სიმართლე რომ ვთქვათ, რადგან ამ მუხლის თაობაზე მცირე ინფორმაცია მოგვეპოვება, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, როგორ ‘ძარცვავდა’ ზოგი იუდეველი ‘ტაძარს’. ადრე ეფესოს მწერალმა განაცხადა, რომ პავლეს თანამგზავრები „ტაძრის მძარცველები“ არ იყვნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთის აზრით მაინც, იუდეველებს შეიძლება ჩაედინათ მსგავსი რამ (საქმეები 19:29—37). პირადად იყენებდნენ ისინი თუ ვაჭრობდნენ წარმართული ტაძრებიდან დამპყრობლების ან რელიგიური ფანატიკოსების მიერ წამოღებული ძვირფასი ნივთებით? ღვთის რჯულით კერპების ოქრო-ვერცხლი პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ. ისინი უნდა განადგურებულიყო (მეორე რჯული 7:25) *. ამიტომ, შესაძლოა, პავლე მოიხსენიებდა იმ იუდეველებს, რომლებიც არღვევდნენ ღვთის ამ მითითებას და პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ ან ყიდდნენ წარმართული ტაძრებიდან წამოღებულ ნივთებს.

9. იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებულ რომელ ბოროტ ქმედებებს შეიძლება ვუწოდოთ ტაძრის ძარცვა?

9 მეორე მხრივ, იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს რომში იმ ოთხი იუდეველის მიერ ჩადენილი სამარცხვინო საქციელის შესახებ, რომელთაც რჯულის მასწავლებელი თაოსნობდა. ამ ოთხეულმა დაარწმუნა რომაელი ქალი — იუდეველი პროზელიტი — რომ იერუსალიმის ტაძრისთვის შესაწირად მათთვის მიეცა ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები. მათ მიითვისეს ეს სიმდიდრე და ამგვარად გაძარცვეს ტაძარი *. სხვები კი იმ გაგებით ძარცვავდნენ ტაძარს, რომ ნაკლოვანი მსხვერპლშესაწირავი მოჰქონდათ ან ტაძარში ვაჭრობდნენ, რითაც ტაძარი „ავაზაკთა ბუნაგად“ აქციეს (მათე 21:12, 13; მალაქია 1:12—14; 3:8, 9).

ისწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები

10. რომაელთა 2:21—23-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან, რა არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ?

10 იმისდა მიუხედავად, პირველ საუკუნეში მომხდარ, რომელ საქმეებზე — ქურდობაზე, მრუშობასა თუ ტაძრების ძარცვაზე — ლაპარაკობდა პავლე, მოდი უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ ამ რჩევის არსს. „კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?“ — იკითხა მან. აღსანიშნავია, რომ პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითები ზნეობასთან იყო დაკავშირებული. აქ პავლე ყურადღებას არ ამახვილებდა ბიბლიურ სწავლებასა თუ ისტორიაზე. საკუთარი თავის, შემდეგ კი სხვების სწავლება, რის შესახებაც პავლე საუბრობდა, ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებთან იყო დაკავშირებული.

11. რატომ უნდა მივაქციოთ ღვთის სიტყვის შესწავლისას ყურადღება ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს?

11 რომაელთა 2:21—23-ში ჩაწერილი სიტყვების გამოყენება ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ ღვთის სიტყვიდან ვისწავლოთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები, ვიმოქმედოთ ნასწავლის შესაბამისად და შემდეგ სხვებსაც იგივე ვასწავლოთ. ამიტომ ბიბლიის შესწავლისას ყურადღება მიაქციეთ იეჰოვას იმ ნორმებს, რომლებზეც ჭეშმარიტი ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებია დაფუძნებული. იფიქრეთ ბიბლიაში წაკითხულ რჩევებსა და ჭკუის სასწავლებელ შემთხვევებზე. ნასწავლი გაბედულად გამოიყენეთ ცხოვრებაში. ამის კეთება კი გამბედაობასა და მზადყოფნას მოითხოვს. არასრულყოფილი ადამიანები ადვილად პოულობენ გარკვეულ შემთხვევებში ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების დარღვევისთვის საპატიო მიზეზებს და ათასი მიზეზი მოჰყავთ იმისა, თუ რამ აიძულათ ამის კეთება; თითქოს მათი დარღვევა ზოგიერთ სიტუაციაში აუცილებელიც კი იყო. შესაძლოა, პავლეს მიერ მოხსენიებული იუდეველებიც ასეთივე მცდარ აზროვნებას იყვნენ აყოლილი, რაც მათი მოქმედებების ასახსნელად ან სხვების შეცდომაში შესაყვანად იყო გამიზნული. მაგრამ პავლეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების დაკნინება ან უგულებელყოფა საკუთარი სურვილისამებრ დაუშვებელია.

12. რა ზეგავლენას ახდენს სხვების თვალში იეჰოვას სახელზე ჩვენი კარგი ან ცუდი საქციელი და რატომ არის სასარგებლო, ყოველთვის გვახსოვდეს ეს?

12 მოციქულმა ხაზგასმით აღნიშნა ის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ და შემდეგ ცხოვრებაში გამოვიყენოთ ზნეობრივი პრინციპები, რომლებსაც ბიბლიაში ვპოულობთ. იუდეველთა არასწორი მოქმედებები სხვების თვალში იეჰოვას სახელზე ახდენდა გავლენას: „რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში“ (რომაელთა 2:23, 24). დღესაც იმავეს თქმა შეიძლება. თუ ჩვენ ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს უარვყოფთ, ამით მათ დამწესებელს შეურაცხვყოფთ. ხოლო თუ გულმოდგინედ ვცდილობთ, მივყვეთ ღვთის ნორმებს, ეს პატივს მიაგებს მას (ესაია 52:5; ეზეკიელი 36:20). ამის გათვალისწინება დაგვეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში ცდუნებების ან ისეთი სიტუაციების დროს, როდესაც ქრისტიანული ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენის უადვილეს ან საუკეთესო საშუალებად გვეჩვენება. გარდა ამისა, პავლეს სიტყვებიდან სხვა რამესაც ვსწავლობთ. არა მარტო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი საქციელი სხვების თვალში ღვთის სახელზე ახდენს გავლენას, არამედ მათაც, ვისაც ვასწავლით, უნდა დავეხმაროთ იმის დანახვაში, თუ როგორ მოახდენს მათი საქციელი — ცხოვრობენ თუ არა ისინი ნასწავლი მაღალზნეობრივი ნორმების შესაბამისად — სხვების თვალში იეჰოვას სახელზე გავლენას. ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები ხელს არა მხოლოდ კმაყოფილებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს, არამედ გავლენას ახდენს სხვების თვალში ამ ნორმების დამფუძნებლისა და მხარდამჭერის სახელზე (ფსალმუნი 73:10; იაკობი 3:17).

13. ა) როგორ გვეხმარება ბიბლია ზნეობრიობის ფასეულობის დანახვაში? ბ) გადმოეცით 1 თესალონიკელთა 4:3—7-ში ჩაწერილი რჩევის არსი.

13 ჩვენ მიერ მაღალზნეობრივი პრინციპების დაცვა სხვა ადამიანებზეც ახდენს ზეგავლენას. ამის დანახვა ადვილად შეიძლება ღვთის სიტყვაში აღწერილი შემთხვევებიდან. ერთი მხრივ, რამდენად სასარგებლოა ღვთის ზნეობრივი პრინციპების გამოყენება და, მეორე მხრივ, რა შედეგი მოჰყვება მათ უგულებელყოფას (დაბადება 39:1—9, 21; იესო ნავეს ძე 7:1—25). ზნეობრიობასთან დაკავშირებით სათანადო რჩევას შემდეგ სიტყვებშიც ვპოულობთ: «ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს [„არავინ მიაყენოს ზიანი“, აქ] და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში [„არ შელახოს ძმის უფლებები ამ მხრივ“, აქ]... ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ» (1 თესალონიკელთა 4:3—7).

14. რა კითხვები შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს 1 თესალონიკელთა 4:3—7-ში ჩაწერილ რჩევასთან დაკავშირებით?

14 ამ სიტყვებიდან თითქმის ყველას შეუძლია თვალნათლივ დაინახოს, რომ სექსუალური უზნეობა არღვევს ქრისტიანული ზნეობრიობის პრინციპებს. თუმცა შეგვიძლია ამის თაობაზე უფრო მეტიც გავიგოთ. ზოგიერთი მუხლი უფრო ღრმა გამოკვლევასა და დაფიქრებას მოითხოვს, რის შედეგადაც უკეთესად ჩავწვდებით ამა თუ იმ საკითხს. მაგალითად, შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, თუ რას გულისხმობდა პავლე, როდესაც ამბობდა, რომ სიძვას შეუძლია ‘ზიანი მიაყენოს და შელახოს ძმის უფლებები’. რომელ უფლებებზეა აქ საუბარი? როგორ დაგვეხმარება ამ საკითხის უკეთ გაგება ქრისტიანული ზნეობრიობის შენარჩუნებაში? როგორ დაგვეხმარება ასეთი გამოკვლევა იმაში, რომ უკეთ მომზადებულები ვიყოთ სხვების სასწავლებლად და დავეხმაროთ მათ, პატივი მიაგონ ღმერთს?

ვისწავლოთ, რათა სხვებსაც ვასწავლოთ

15. რომელი საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ ბიბლიის პირადი შესწავლის დროს?

15 იეჰოვას მოწმეებს აქვთ სხვადასხვა საშუალებები, რათა მოძებნონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც პირადი შესწავლის დროს გაუჩნდებათ ან სხვების სწავლების დროს წამოიჭრება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რომელიც მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი, «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელია». თუ თქვენთვისაც ხელმისაწვდომია ის, შეგიძლიათ ბიბლიაზე დაფუძნებულ იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძებნად გამოიყენოთ. თქვენთვის საინტერესო საკითხი შეგიძლიათ თემატური ან ბიბლიური მუხლების საძიებლის მეშვეობით ეძებოთ. კიდევ ერთი საშუალება იეჰოვას მოწმეებისთვის „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკაა, რომელიც მრავალ ენაზეა გამოსული. კომპაქტ-დისკებზე არსებული ეს კომპიუტერული პროგრამა ელექტრონული სახით მრავალ პუბლიკაციას ინახავს. აღნიშნული პროგრამა ადამიანს საშუალებას აძლევს, მოძებნოს ბიბლიური თემები და ბიბლიური მუხლების ახსნები. თუ ერთ-ერთი ან ორივე საშუალებაა თქვენთვის ხელმისაწვდომი, ღვთის სიტყვის შესწავლის დროს რეგულარულად გამოიყენეთ ისინი, რათა შემდეგ სხვებსაც ასწავლოთ.

16, 17. ა) სად შეიძლება მეტი ინფორმაციის პოვნა იმ უფლებების შესახებ, რომლებიც 1 თესალონიკელთა 4:6-შია მოხსენიებული? ბ) რა მხრივ შეიძლება სიძვით შეილახოს სხვების უფლებები?

16 მოდი განვიხილოთ, ზემოთ ციტირებული 1 თესალონიკელთა 4:3—7. გვებადება კითხვები უფლებასთან დაკავშირებით. ვისი უფლებებია აქ ნაგულისხმები? როგორ შეიძლება შეილახოს ეს უფლებები? წინა აბზაცში მოხსენიებული საშუალებების გამოყენებით თქვენ შეიძლება მრავალი სტატია იპოვოთ, რომლებიც ნათელს ჰფენს ამ მუხლებს და მათ შორის პავლეს მიერ მოხსენიებული უფლებების საკითხსაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წაკითხვა შეგიძლიათ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარის“ I ტომში, გვ. 863, 864 (ინგლ.), წიგნში: „ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება — როგორ შეგიძლია იპოვო?“, გვ. 145 (ინგლ.), 1989 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 31 (ინგლ.).

17 შესწავლის პროცესში ამ პუბლიკაციების მეშვეობით დაინახავთ, რამდენად ჭეშმარიტია პავლეს სიტყვები. გარდა იმისა, რომ მეძავი ღვთის წინააღმდეგ სცოდავს, შეიძლება დაავადდეს კიდეც (1 კორინთელთა 6:18, 19; ებრაელთა 13:4). კაცი მრავალმხრივ არღვევს იმ ქალის უფლებებს, რომელთანაც მრუშობს. ის ქალის მორალურ უფლებებს ლახავს და სუფთა სინდისს უბღალავს. თუ ქალი გასათხოვარია, მამაკაცი ლახავს მის უფლებას, გათხოვდეს როგორც ქალწული, ხოლო მის მომავალ მეუღლეს კი იმის უფლებას ართმევს, რომ ქალწული შეირთოს ცოლად. ის ტკივილს აყენებს ქალის მშობლებს და თუ ქალი გათხოვილია, მის მეუღლეს. უზნეო მამაკაცი თავისი ოჯახის უფლებებსაც ლახავს, რადგან სახელს უტეხს მას. თუ ეს მამაკაცი ქრისტიანული კრების წევრია, ის არცხვენს კრებას და ჩრდილს აყენებს კრების რეპუტაციას.

18. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით ბიბლიის გამოკვლევას?

18 განა ამ უფლებების ასეთმა განმარტებამ მეტი ნათელი არ მოჰფინა ამ მუხლებს? ამგვარი შესწავლა ფასდაუდებელია. ასეთი შესწავლების ჩატარებით, საკუთარ თავს ვასწავლით. უფრო ღრმად ვწვდებით ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას და ღვთის ცნობაც უფრო მეტად ახდენს ჩვენზე ზეგავლენას. უფრო გვიმტკიცდება გადაწყვეტილება, რა ცდუნების წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ გადავუხვიოთ ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტურად შეძლებთ სხვების სწავლებას! მაგალითად, ვინმეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლით, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით განუმარტოთ 1 თესალონიკელთა 4:3—7, რაც მათ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების უკეთ გაგებასა და დაფასებაში დაეხმარება. ამგვარად, თქვენი შესწავლა თქვენც და სხვა მრავალ ადამიანსაც დაეხმარება ღვთისთვის პატივის მიგებაში. ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიხსენიეთ თესალონიკელთა მიმართ მიწერილი პავლეს წერილიდან. გარდა ამისა, ქრისტიანული ზნეობის სხვა მრავალი ასპექტი და შესაბამისად მრავალი ბიბლიური მაგალითი თუ რჩევა არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ ისწავლოთ, გამოიყენოთ და სხვებსაც ასწავლოთ.

19. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების დაცვა?

19 ეჭვგარეშეა, რომ ასე მოქცევა გონივრულია. იაკობის 3:17-ში ნათქვამია, რომ „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“, რომელიც თვით იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს, „პირველყოვლისა წმიდაა“. ეს აშკარად მიუთითებს ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვის აუცილებლობაზე. ფაქტია, იეჰოვა მათგან, ვინც ბიბლიის მასწავლებლებად წარადგენენ თავს, მოელის, რომ სამაგალითონი იყვნენ „სიწმიდეში“ (1 ტიმოთე 4:12). პირველი ქრისტიანი მოწაფეების, პავლესა და ტიმოთეს, ცხოვრება ამის დადასტურებაა. ისინი გაურბოდნენ უზნეობას; პავლემ დაწერა: „ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით“ (ეფესელთა 5:3, 4).

20, 21. რატომ ეთანხმებით იმ აზრს, რომელიც მოციქულმა იოანემ 1 იოანეს 5:3-ში ჩაწერა?

20 ღვთის სიტყვაში ღვთის ზნეობრივი ნორმები ნათლად და კონკრეტულად არის გადმოცემული, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი დამამძიმებელია ჩვენთვის. ამას ცხადყოფს იოანეს, ყველაზე დიდხანს მცხოვრები მოციქულის, მაგალითი. მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, მან იცოდა, რომ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები საზიანო არ ყოფილა. პირიქით, ისინი გონივრული, სასარგებლო და ჯილდოს მომტანი იყო. იოანემ ამას შემდეგი სიტყვებით გაუსვა ხაზი: «ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია [„დამამძიმებელი როდია“, ახალი ინგლისური თარგმანი]» (1 იოანე 5:3).

21 ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იოანე ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების დაცვას საუკეთესოდ მხოლოდ იმიტომ კი არ მიიჩნევდა, რომ ის პრობლემებისგან, ანუ არასწორი მოქმედებით გამოწვეული ცუდი შედეგებისგან, გვიცავს, არამედ სწორად აფასებდა ამ საკითხს, რადგან პირველ რიგში აღიარებდა, რომ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებით ხელმძღვანელობა იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულის გამოვლენის შესანიშნავი საშუალებაა. მართლაც, ღვთის სიყვარული რომ ვისწავლოთ და შემდეგ სხვებსაც ვასწავლოთ ის, საჭიროა, მისი მაღალზნეობრივი ნორმებით ვიხელმძღვანელოთ. დიახ, ეს ნიშნავს ვისწავლოთ და სხვებსაც ვასწავლოთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპები.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, იუდეველები უპატივცემლოდ არ ეპყრობოდნენ წმინდა საგნებს (არ მკრეხელობდნენ), მაგრამ თავად მან შემდეგნაირად გადააკეთა ღვთის რჯული: „დაე ნუ დავგმობთ ღმერთებს, რომლებსაც სხვა ქალაქებში სცემენ თაყვანს, ნუ გავძარცვავთ წარმართულ ტაძრებს, ნურც რომელიმე ღმერთის სახელზე შეწირულ საგანძურს წამოვიღებთ“ (კურსივი ჩვენია) („იუდეველთა სიძველენი“ [Jewish Antiquities], მე-4 წიგნი, თავი 8, აბზ. 10).

^ აბზ. 9 „იუდეველთა სიძველენი“ (Jewish Antiquities, მე-18 წიგნი, თავი 3, აბზ. 5).

გახსოვთ თუ არა?

• რატომ უნდა ვასწავლოთ პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ სხვებს?

• როგორ ახდენს ჩვენი ქცევა გავლენას სხვების თვალში იეჰოვას სახელზე?

• ვის უფლებებს ლახავს მრუში?

• რა გაქვთ გადაწყვეტილი ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 22 გვერდზე]

„მისი მცნებები დამამძიმებელი როდია“.