მალე შიმშილის გრძნობას დაგიკმაყოფილებენ
მალე შიმშილის გრძნობას დაგიკმაყოფილებენ
„რა სახის შიმშილზეა საუბარი?“ — შესაძლოა დაგებადოთ კითხვა. სულიერ შიმშილზე, რომლის შესახებაც ძველ დროში მცხოვრებმა ებრაელმა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა: „აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11). პატერსონში არსებული „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 112-ე კლასის 48 სტუდენტი ადამიანთა სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად 5 კონტინენტზე მდებარე 19 სხვადასხვა ქვეყანაში და კუნძულებზე აპირებს გამგზავრებას.
ისინი იმ მიზნით კი არ მიდიან თავიანთი დანიშნულებების შესასრულებლად, რომ ადამიანები, პირდაპირი გაგებით, ხორცითა და მარცვლეულით მოამარაგონ, არამედ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ხუთი თვის მანძილზე სტუდენტები ბიბლიის გაძლიერებული სწავლების კურსს გადიოდნენ, რათა რწმენაში გაძლიერებულიყვნენ და უცხო ქვეყნებში მისიონერებად ემსახურათ. 2002 წლის 9 მარტს 5554 დამსწრემ სიამოვნებით მოისმინა გამოსაშვები საღამოს პროგრამა.
სტივენ ლეტმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დიდი სიხარულით გახსნა პროგრამა. ის განსაკუთრებულად მიესალმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ უამრავ სტუმარს. შემდეგ იესოს სიტყვები — „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი“ — მისიონერთა მომავალ საქმიანობას დაუკავშირა (მათე 5:14). ძმა ლეტმა განმარტა: „მიღებული დანიშნულების შესრულებისას თქვენ ნათელს მოჰფენთ იეჰოვას სასწაულებრივი საქმეების მრავალ სხვადასხვა მხარეს, რაც გულწრფელ ადამიანებს დაანახვებს, თუ რამდენად შესანიშნავია იეჰოვა ღმერთი და მისი განზრახვები“. ძმა ლეტმა მისიონერებს მოუწოდა, რომ ღვთის სიტყვის სინათლით ცრუ მოძღვრებები გამოეაშკარავებინათ და ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანები სწორი მიმართულებით წაეყვანათ.
წარმატებისთვის უმთავრესი სათანადო განწყობილებაა
პროგრამის თავმჯდომარის მიერ წარმოთქმული შესავალი სიტყვების შემდეგ, ბალტასარ პერლამ, ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, აუდიტორიის წინაშე კურსდამთავრებულთა დასახმარებლად, წარმატებული მისიონერული მსახურებისთვის გამიზნული მოხსენებათა სერიის პირველი ნაწილი წარადგინა. მან განიხილა თემა „იყავ გაბედული, მტკიცედ დეგ და იმოქმედე“ (პირველი ნეშტთა 28:20, აქ). ძველი ისრაელის მეფეს, სოლომონს, რთული სამუშაოს შესრულება დაევალა; მას ისეთი სამუშაო უნდა შეესრულებინა, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია — სოლომონს იერუსალიმში ტაძარი უნდა აეშენებინა. ის საქმეს შეუდგა და იეჰოვას მხარდაჭერით მშენებლობა დაასრულა. ძმა პერლამ ეს სამაგალითო შემთხვევა გამოსაშვებ კლასს დაუკავშირა და თქვა: „თქვენ, რამდენადაც მისიონერები გახდით, ახალი დანიშნულება მიიღეთ, რის გამოც გაბედულება და სიმტკიცე გესაჭიროებათ“. სტუდენტებისთვის ძალიან გამამხნევებელი იყო იმაში დარწმუნება, რომ იეჰოვა არ მიატოვებდა მათ, სანამ მასთან ახლო ურთიერთობას შეინარჩუნებდნენ. თემის დასასრულს ძმა პერლამ აღნიშნა, თუ რა გამოსცადა პირადად, რაც ძალიან შეეხო მსმენელთა გულებს: „თქვენ, მისიონერებს, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. სწორედ მისიონერების წყალობით გავიგეთ ჭეშმარიტება მე და ჩემმა ოჯახმა!“.
შემდეგი მოხსენებით, „გსურთ წარმატებას მიაღწიოთ? — მიმართეთ იეჰოვას“, სამუელ ჰერდი, ხელმძღვანელი საბჭოს სხვა წევრი, წარდგა მსმენელთა წინაშე. რამდენადაც სტუდენტები მისიონერული მოღვაწეობის დაწყებას აპირებენ, მათი წარმატება, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია იეჰოვასთან მათ ურთიერთობაზე. ძმა ჰერდმა სტუდენტებს ურჩია: «„გალაადის“ სკოლაში ბიბლიური ცოდნის დიდი მარაგი დაიგროვეთ. თქვენ ამ ცოდნას სიამოვნებით იღებდით, მაგრამ ახლა, ნამდვილ წარმატებას რომ მიაღწიოთ, მიღებული ცოდნა სხვებს უნდა გაუზიაროთ» (საქმეები 20:35). მისიონერებს ამის გაკეთების უამრავი შესაძლებლობა ექნებათ მაშინ, როდესაც სხვების სასარგებლოდ ‘დაიღვრებიან’ (ფილიპელთა 2:17, აქ).
რა რჩევა მისცეს გამოთხოვებისას სკოლის მასწავლებლებმა სტუდენტებს? მარკ ნუმარმა თავისი თემა, „დაელოდე, სანამ გაიგებდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე“, რუთის 3:18-ზე დააფუძნა. მომხსენებელმა ნაყომისა და რუთის მაგალითი მოიყვანა და კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ სრულად დანდობოდნენ ღვთის მიწიერი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ღონისძიებებს და პატივი ეცათ თეოკრატიულად უფლებამოსილი პირებისთვის. სტუდენტების გულებს რომ შეხებოდა, ძმა ნუმარმა აღნიშნა: «შეიძლება ზოგჯერ არ გესმოდეთ, რატომ იქნა თქვენს შემთხვევაში მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება ან შესაძლოა ძალიან აღელდეთ, როცა რაღაცა ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდეს. როგორ მოიქცევით? თავად შეუდგებით ასეთი საკითხების მოგვარებას, თუ „დაელოდებით“, ანუ მიენდობით ღვთის ხელმძღვანელობას იმაში დარწმუნებულები, რომ თავის დროზე ის საუკეთესოდ გადაჭრის ყველაფერს?» (რომაელთა 8:28). სტუდენტებს ურჩიეს, რომ მთელი ყურადღება სამეფოს ინტერესების წინ წაწევაზე შეეჩერებინათ და უფრო მეტად იეჰოვას ორგანიზაციის მოქმედებისთვის ედევნებინათ თვალ-ყური და არა ცალკეული ადამიანებისთვის. ამ რჩევის გათვალისწინება, უეჭველად, სასარგებლო აღმოჩნდება მომავალი მისიონერებისთვის უცხო ტერიტორიებზე თავიანთი დანიშნულების შესრულებისას.
უოლას ლივერანსი, რომელიც თავად იყო მისიონერი და ამჟამად „გალაადის“ სკოლის მასწავლებელია, მოხსენებათა პირველი სერიის ბოლო ნაწილით წარდგა აუდიტორიის წინაშე. მისი მოხსენების თემა იყო „ყურადღებით იყავით და ემსახურეთ ღმერთს“. მან მსმენელებს დაანახვა, რომ წინასწარმეტყველმა დანიელმა ბაბილონის დაცემის ხილვისა და იერემიას წინასწარმეტყველების საფუძველზე, წინასწარ განჭვრიტა, რომ ისრაელი ერი მალე გათავისუფლდებოდა ტყვეობიდან (იერემია 25:11; დანიელი 9:2). მან იცოდა იეჰოვას გეგმების შესახებ, რაც დაეხმარა, მთელი ყურადღება იმაზე შეეჩერებინა, თუ როგორ შესრულდებოდა ღვთის განზრახვა. ამის საპირისპიროდ, ისრაელები წინასწარმეტყველ ანგიას დღეებში ამბობდნენ: „ჯერ არ დამდგარაო ჟამი“ (ანგია 1:2). იმის მაგივრად, რომ მთელი სერიოზულობით გაეაზრებინათ, რა დროში ცხოვრობდნენ, მათი მთავარი საზრუნავი პირადი კეთილდღეობა და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება იყო. მათ მიატოვეს თავიანთი სამუშაო — ტაძრის აღდგენა, რისთვისაც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ძმა ლივერანსმა ასეთი სიტყვებით დაასრულა თავისი მოხსენება: „ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ იეჰოვას განზრახვა და ყურადღებით იყავით“.
„გალაადის“ სკოლის მასწავლებელმა, ლორენს ბოუენმა, პროგრამის მომდევნო ნაწილი წარმოადგინა; მან წაიკითხა მოხსენება, თემაზე „იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც ‘ცოცხალი სიტყვით’ სარგებლობს“ (ებრაელთა 4:12). პროგრამის ამ ნაწილში ყურადღება გამახვილდა კლასის სამქადაგებლო საქმიანობის შემთხვევებზე და ხაზი გაესვა იმას, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვინც ქადაგებისა და სწავლების დროს ბიბლიით სარგებლობს. პროგრამის ამ ნაწილის წამყვანმა აღნიშნა, რომ იესო ქრისტემ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა ღვთის ყველა მსახურს: „იესოს შეეძლო გულახდილად ეთქვა, რომ რასაც სხვებს ასწავლიდა, მისგან კი არა, ღვთის სიტყვიდან მომდინარეობდა“. იმ დროს გულწრფელმა ადამიანებმა აღიარეს ჭეშმარიტება და დადებითად გამოეხმაურნენ მას (იოანე 7:16, 17). იგივე ხდება დღესაც.
„გალაადის“ სასწავლო პროგრამა ყოველგვარი კეთილი საქმისთვის ამზადებს სტუდენტებს
მოგვიანებით რიჩარდ ეიბრაჰამსონმა და პატრიკ ლაფრანკმა, ბეთელის ოჯახის დიდი ხნის წევრებმა, ინტერვიუ აიღეს „გალაადის“ ექვსი ყოფილი კურსდამთავრებულისგან, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სახის სპეციალურ სრული დროით მსახურებაში მონაწილეობენ. 112-ე კლასის კურსდამთავრებულები გაამხნევა იმის მოსმენამ, რომ ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი ეს ექვსი კურსდამთავრებული დღემდე იყენებს „გალაადში“ მიღებულ ცოდნას ბიბლიის შესწავლისა თუ გამოკვლევის დროს, და აგრეთვე ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის მიზნით.
პროგრამის წამყვანი მოხსენებით თეოდორ იარაჩი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გამოვიდა. მისი მოხსენების სათაური იყო „აი, რა ხდება, როდესაც ღვთის მსახურები სატანის მხრიდან გამოვლენილ სიძულვილს მოთმინებით იტანენ“. გასული ხუთი თვის მანძილზე სტუდენტები თბილ, თეოკრატიულ გარემოში ცხოვრობდნენ. მაგრამ, როგორც საკლასო ოთახებში სასწავლო პროგრამის შესწავლისას აღინიშნა, ჩვენ დღესდღეობით მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. იეჰოვას ხალხს მთელ მსოფლიოში თავს ესხმიან (მათე 24:9). ძმა იარაჩმა რამდენიმე ბიბლიური მაგალითი მოიყვანა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ეშმაკის განსაკურთებული სამიზნე ვართ. ამიტომ, კიდევ უფრო უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას და გავძლიერდეთ მოსალოდნელ გამოცდებთან შესახვედრად“ (იობი 1:8; დანიელი 6:4; იოანე 15:20; გამოცხადება 12:12, 17). ძმა იარაჩმა დასასრულს თქვა: «მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხისადმი ჯერ კიდევ ავლენენ სიძულვილს, როგორც ესაიას 54:17-შია ნათქვამი, ‘ყოველი იარაღი, ჩვენ წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება’. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მის მიერ დანიშნულ დროს შვებას ვპოვებთ და ეს ისეთი სახით მოხდება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ».
უდავოა, რომ „ყოველმხრივ მომზადებული“ „გალაადის“ 112-ე კლასის სტუდენტები ბევრს იშრომებენ, რათა იმ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების სულიერი შიმშილი დააკმაყოფილონ, რომლებშიც უნდა იმსახურონ (2 ტიმოთე 3:16, 17, აქ). მოუთმენლად მოველით იმის გაგებას, თუ როგორ დააკმაყოფილებენ ისინი ნოყიერი სულიერი საზრდოთი ამ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს.
ჩარჩო 23 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 6
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 19
სტუდენტების რაოდენობა: 48
საშუალო ასაკი: 33,2
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა:15,7
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12,2
[სურათი 24 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 112-ე გამოსაშვები კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
(1) მ. პაროტი, ი. ჰუკერი, რ. ანაია, ჯ. რეინოლდზი, კ. ჯეზუალდო, ჯ. გონსალესი; (2) კ. რობინსონი, ბ. ფილიპსი, ქ. მეიდმენტი, ი. მური, ჯ. ნოუკსი, ს. ბარნეტი; (3) ტ. სტაირზი, ბ. პალმერი, კ. იანგი, ს. გრუტჰუისი, ტ. გრუპე, კ. ბაკი, (4) რ. ანაია, ი. სიუკრეფი, კ. სტიუარტი, ნ. სიმოზრაგი, კ. სიმოტელი, ე. ბაკი; (5) რ. სტიუარტი, ჰ. იანგი, ა. გილფეზერი, რ. ჰარისი, დ. ბარნეტი, ს. პაროტი; (6) ე. მეიდმენტი, ჯ. მური, კ. გრუტჰუისი, კ. გილფეზერი, ს. ნოუკსი, ტ. სტაირზი; (7) დ. ჯეზუალდო, ტ. გრუპე, ბ. სიუკრეფი, გ. პალმერი, ნ. ფილიპსი, ი. სიმოტელი; (8) ს. ჰარისი, პ. ჰუკერი, ჯ. გონსალესი, დ. სიმოზრაგი, დ. რეინოლდზი, მ. რობინსონი.