არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოეღება ოდესმე ბოლო კაცობრიობის პრობლემებს?

მოეღება ოდესმე ბოლო კაცობრიობის პრობლემებს?

მოეღება ოდესმე ბოლო კაცობრიობის პრობლემებს?

„მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს, 1300000 ადამიანს დღეში ერთ ამერიკულ დოლარზე ნაკლები თანხით უწევს თავის გატანა, ერთი მილიარდი ადამიანი გაუნათლებელია, 1300000-ს სასმელად ვარგისი წყალი არა აქვს, ერთი მილიარდი კი შიმშილობს“, — იუწყება ირლანდიიდან მიღებული ცნობა მსოფლიო მდგომარეობის შესახებ.

რა სამწუხარო დადასტურებაა ეს ადამიანის უუნარობისა, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას მსოფლიო პრობლემები! იმის წარმოდგენა, რომ, ზემოთ მოცემული ანგარიშის თანახმად, ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა უმწეო ქალები და ბავშვები არიან, ამ პრობლემებს უფრო შემზარავს ხდის. ნუთუ შემზარავი არ არის ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეშიც კი „უამრავი ადამიანის უფლებები კვლავაც ყოველდღიურად ირღვევა?“ („მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2000 წელს“).

„ახალი მსოფლიო — მხოლოდ ერთ თაობაში“

გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდმა იმედი გამოთქვა, რომ „შესაძლებელია... იმ საშინელებების აღმოფხვრა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ახდენს ადამიანებზე გავლენას“. ამ ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საშინელი პირობები, რომლებშიც ამჟამად მილიარდობით ადამიანს უწევს ცხოვრება, „არც გარდაუვალია და არც — უცვლელი“. ფაქტობრივად, გაისმა მოწოდება ყველას მიმართ: „ერთ თაობაში შეექმნათ ახალი მსოფლიო“. როგორც იმედოვნებენ, ეს უნდა იყოს მსოფლიო, სადაც კაცობრიობა „გათავისუფლდება სიღარიბისა და დისკრიმინაციისგან, ძალადობისა და ავადმყოფობისგან“.

ასეთ იმედებს საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ დღესდღეობითაც არიან სხვების კეთილდღეობით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხს შეუმსუბუქონ „გაუთავებელი კონფლიქტებითა და კრიზისებით“ გამოწვეული ტანჯვა. მაგალითად, ბოლო 15 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერნობილის ბავშვთა დახმარების პროგრამამ „დიდი დახმარება აღმოუჩინა რადიოაქტიური ნალექების შედეგად კიბოთი დაავადებულ ასობით ბავშვს“ (The Irish Examiner, 2000 წლის 4 აპრილი). დიდი თუ მცირე ჰუმანიტარული ორგანიზაციები, უდავოა, დიდ დახმარებას უწევენ ომისა თუ სტიქიურ უბედურებათა უამრავ მსხვერპლს.

თუმცა ისინიც კი, ვინც ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაში იღებენ მონაწილეობას, რეალურად აფასებენ სიტუაციას. მათ იციან, რომ არსებული პრობლემები „დღეისათვის უფრო მეტად არის გავრცელებული და ღრმად ფესვგადგმული, ვიდრე ათი წლის წინათ“. ირლანდიის საქველმოქმედო კონცერნის დირექტორმა, დეივიდ ბეგმა, აღნიშნა, რომ მოზამბიკში მომხდარ დიდ წყალდიდობას „დამხმარე პერსონალის, მათი მხარდამჭერებისა და დამფინანსებლების მხრიდან დაუყოვნებელი გამოხმაურება მოჰყვა“. „მაგრამ, — დასძენს ის, — მხოლოდ ჩვენ არ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ასეთ მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებს“. აფრიკისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით ის გულახდილად აღნიშნავს: „იმედის ნაპერწკალი ოდნავღა ბჟუტავს“. მრავალი დაეთანხმება იმ აზრს, რომ ეს განაცხადი მსოფლიო მდგომარეობასაც კარგად მიესადაგება.

რამდენად რეალურია, ასე ნანატრი, „ერთ თაობაში ახალი მსოფლიოს“ შექმნის მოლოდინი? ნამდვილად საქებარია ადამიანთა დასახმარებლად გაწეული ეს მცდელობები; თუმცა კარგი იქნებოდა, ყურადღება მიგვექცია სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნასთან დაკავშირებული სხვა იმედისთვისაც. როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, ბიბლია ყურადღებას ამახვილებს ამ იმედზე.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

Page 3, children: UN/DPI Photo by James Bu