რას ვსწავლობთ რომის ისტორიიდან?
რას ვსწავლობთ რომის ისტორიიდან?
„თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში“... ზოგის აზრით, 1 კორინთელთა 15:32-ში ჩაწერილი ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მოციქულ პავლეს რომის არენაზე საბრძოლველად გამოსვლა მიესაჯა. ასე იყო თუ ისე, იმ დროს არენებზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ბრძოლა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. საინტერესოა, რას მოგვითხრობს მატიანე არენებისა და იქ მომხდარი მოვლენების შესახებ?
ჩვენ, ქრისტიანებს, გვსურს, რომ სინდისი იეჰოვას აზროვნების შესაბამისად გავიწვრთნათ, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება; სწორ გადაწყვეტილებაში შედის გართობის თანამედროვე სახეების შერჩევის საკითხიც. მაგალითად, დავფიქრდეთ იმაზე, როგორია ძალადობის შესახებ ღვთის თვალსაზრისი, რომელიც ჩანს სიტყვებიდან: „ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას“ (იგავნი 3:31). პირველი საუკუნის ქრისტიანებს შეეძლოთ ამ რჩევით ეხელმძღვანელათ მაშინ, როდესაც იმ დროს მრავალი აღტაცებაში მოჰყავდა რომაულ გლადიატორთა ორთაბრძოლებს. არენაზე მომხდარი მოვლენების განხილვით, მოდი ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია თანამედროვე ქრისტიანებს.
რომის არენაზე ორი შეიარაღებული გლადიატორი ხვდება ერთმანეთს. ფარზე ხმლის პირველი გაჟღარუნებისთანავე აღტყინებული ბრბო ყურთასმენის წამღები ყვირილით ახელებს თავის ფავორიტს. შერკინება საოცრად დაუნდობელია. მალე ერთ-ერთი დაჭრილი გლადიატორი, რომელსაც ბრძოლის გაგრძელება აღარ შეუძლია, იარაღს ყრის და იჩოქებს, რითაც მარცხს აღიარებს და შეწყალებას ითხოვს. ბრბოს ყვირილი კულმინაციას აღწევს. ზოგი გაჰყვირის, რომ გლადიატორი შეწყალებულ იქნას, ზოგიც მისი სიკვდილის მომხრეა. ყველას მზერა იმპერატორისკენაა მიპყრობილი. ის კი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მაყურებელთა რეაქციას და შეუძლია გაათავისუფლოს დამარცხებული ან ცერის დაბლა დაშვებით მისი მოკვლის ბრძანება გასცეს.
რომაელებს ძალიან უყვარდათ გლადიატორთა ორთაბრძოლების ყურება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ბრძოლები თავიდან გავლენიანი პირების დაკრძალვებზე იმართებოდა. გადმოცემების თანახმად, ეს სანახაობები დღევანდელ ცენტრალურ იტალიაში მცხოვრები ოსკანა და სამნიტი ხალხის მიერ ადამიანური მსხვერპლის შეწირვის ჩვეულებიდან იღებს სათავეს. ამგვარი მსხვერპლშესაწირავები გარდაცვლილთა სულების დასამშვიდებლად იყო გამიზნული. აღნიშნულ ორთაბრძოლას „მუნუს“ (munus) ანუ „ძღვენს“ (მრავლობითში „მუნერა“ [munera]) უწოდებდნენ. პირველი სანახაობა, რომლის შესახებაც ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია, ძვ. წ. 264 წელს ხარების ბაზარში სამ წყვილ გლადიატორს შორის გამართული ორთაბრძოლა იყო. მარკუს ემილიუს ლეპიდუსის დაკრძალვაზე 22 წყვილი გლადიატორი შეერკინა ერთმანეთს. პუბლიუს ლიცინიუსის გასვენებაზე კი 60 წყვილის ორთაბრძოლა გაიმართა. ძვ. წ. 65 წელს კი იულიუს კეისარმა 320 წყვილი შეაწყვიტა ერთმანეთს.
„არისტოკრატთა დაკრძალვები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, — აღნიშნავს ისტორიკოსი კიტ ჰოპკინზი, — და იქ გამართულ სანახაობებში ეს მიზნები გამოსჭვიოდა... რამეთუ აღნიშნული სანახაობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში, ანუ ამომრჩევლებში. დიახ, გლადიატორთა ორთაბრძოლების სულ უფრო და უფრო დიდ სანახაობად ქცევას ამბიციურ არისტოკრატთა პოლიტიკური ქიშპი უწყობდა ხელს“. ავგუსტუსის მეფობის დროს (ძვ. წ. 27—ახ. წ. 14 წლებში) „მუნერა“ ხალხთა მასების გასართობი უხვი ძღვენი გახდა, ძღვენი, რომელსაც სახელმწიფოს მდიდარი წარჩინებულნი პოლიტიკურ სფეროში წინ წასაწევად სწირავდნენ.
მონაწილენი და მათი წვრთნა
შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „ვინ იყვნენ გლადიატორები?“. ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ მონები, სიკვდილმისჯილი ბოროტმოქმედები, სამხედრო ტყვეები და თავისუფალი პირები, რომლებსაც სანახაობის პიკანტურობა ან სახელისა თუ სიმდიდრის მოხვეჭის იმედი იზიდავდა. მათ სკოლა-ყაზარმებში წვრთნიდნენ. წიგნი „თამაშობანი და სანახაობანი“ გვამცნობს, რომ გლადიატორთა წვრთნას „ყოველთვის თვალყურს ადევნებდნენ გუშაგნი, და ის უმოწყალო მოპყრობით, უმკაცრესი წესებითა და განსაკუთრებით სასტიკი დასჯით გამოირჩეოდა... ასეთ მოპყრობას გლადიატორები ხშირად თვითმკვლელობამდე ან ამბოხებამდე მიჰყავდა“. რომის უდიდეს საგლადიატორო სკოლის ერთ პატარა ყაზარმაში, სულ მცირე, ათასი გლადიატორი იყო თავმოყრილი და ყველა ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში იწვრთნებოდა. ზოგი აბჯარასხმული, ფარითა და ხმლით იბრძოდა, ზოგიც — ბადითა და სამკაპით. სხვებს კიდევ ერთი პოპულარული სანახაობისთვის, მხეცებთან საბრძოლველად წვრთნიდნენ. იქნებ პავლე თავის წერილში სწორედ ამაზე ლაპარაკობდა?
სანახაობის ორგანიზატორები ეძებდნენ დამხმარეებს, რომლებიც თავს მოუყრიდნენ და გლადიატორებად გაწვრთნიდნენ 17—18 წლის ახალგაზრდებს. იმ დროს ადამიანებით ვაჭრობა ძალიან შემოსავლიანი საქმე იყო. ერთ-ერთ ძალიან დიდ სანახაობაზე, რომელიც ტრაიანემ ომში გამარჯვების აღსანიშნავად გამართა, 10000 გლადიატორი და 11000 ცხოველი იღებდა მონაწილეობას.
ერთი ტიპიური დღე არენაზე
დილით არენა მხეცებთან ბრძოლებს ეთმობოდა. იქ შეიძლება იძულებით ნებისმიერი მხეცი გამოეყვანათ.
მაყურებლებს განსაკუთრებით ხარისა და დათვის ბრძოლა მოსწონდათ. ზოგჯერ ორ ცხოველს ერთმანეთზე გადააბამდნენ და მანამ აჩხუბებდნენ, სანამ ერთ-ერთი არ მოკვდებოდა, გადარჩენილს კი ბოლოს გლადიატორი კლავდა. სხვა პოპულარული სანახაობა ლომისა და ვეფხვის ან სპილოსა და დათვის ორთაბრძოლა გახლდათ. გლადიატორები თავიანთ ხელოვნებას მთელი იმპერიის ყოველი კუთხიდან მოყვანილი ეგზოტიკური ცხოველების ხოცვით აჩვენებდნენ და არავინ დაგიდევდათ, თუ რა ჯდებოდა ამ ცხოველების იქ მიყვანა; არენაზე ნახავდით: ლეოპარდებსა თუ მარტორქებს, ბეჰემოთებსა თუ ჟირაფებს, აფთრებსა თუ აქლემებს, მგლებს, ტახებსა თუ ანტილოპებს.დეკორაციები ამ სანახაობებს დაუვიწყარს ხდიდა. რას არ ნახავდით იქ: კლდეებსა თუ ხელოვნურ ტბებს; აგრეთვე ხეებს, რომლებიც ტყის იმიტაციას ქმნიდა. ზოგ არენაზე ისეთ ეფექტებს იყენებდნენ, რომ თითქოს მხეცები მაგიურად ჩნდებოდნენ — ისინი მიწისქვეშიდან ამწე დანადგარების საშუალებით ამოჰყავდათ და ლუკიდან უშვებდნენ. თავგზააბნეული მხეცის მოქმედება მაყურებელთა ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სისასტიკის ყურება გახლდათ.
პროგრამის შემდგომი ნაწილი სიკვდილით დასჯა იყო. ყოველ ღონეს ახმარდნენ იმას, რომ ყველაფერი ბუნებრივად წარმოედგინათ. აჩვენებდნენ მითოლოგიურ დრამებს, რომლებშიც მსახიობები სინამდვილეში კვდებოდნენ.
ნაშუადღევს სხვადასხვაგვარად შეიარაღებული და სრულიად განსხვავებული საბრძოლო ტექნიკის მქონე გლადიატორთა ჯგუფები თითო-თითოდ ებრძოდნენ ერთმანეთს. ისინი, ვისაც არენიდან ცხედრები გაჰქონდათ, ქვესკნელის ღვთაების სამოსელით იყვნენ შემოსილი.
მაყურებლებზე მოხდენილი გავლენა
მაყურებელს ბრძოლის ხილვა სწყუროდა; ამიტომაც დუნედ მებრძოლებს მათრახითა და გაცხელებული რკინით აიძულებდნენ, აქტიურად ემოქმედათ. ბრბო ყვიროდა: „რატომ გაურბის ხმლის წვერს ასე ლაჩრულად? რატომ იბრძვის ასე უღიმღამოდ? რატომ არ ილტვის სიკვდილისკენ? მათრახი მაგას, რათა გამოცოცხლდეს! დასცხეთ, დასცხეთ მაგას და მკერდი გაუშიშვლეთ ხმლის შესაგებებლად!“. რომაელი პოლიტიკური მოღვაწე სენეკა წერდა, რომ შესვენების დროს კეთდებოდა განცხადება: „ამასობაში კი ყელის გამოღადვრის რამდენიმე სცენა, რათა შესვენების დროსაც რაიმეთი გავერთოთ!“.
ამის შემდეგ გასაკვირი სულაც არ არის სენეკას მიერ იმის აღიარება, რომ თვითონ სახლში „უფრო სასტიკი და არაადამიანური“ ბრუნდებოდა. ჩვენი მხრიდან კი ღირს, სერიოზულად დავფიქრდეთ მაყურებელთა ამგვარ გულწრფელ აღიარებაზე. შეიძლება თუ არა, რომ დღევანდელმა სპორტულმა შეჯიბრებებმაც მსგავსი გავლენა იქონიოს მაყურებელზე და „უფრო სასტიკი და არაადამიანური გახადოს“?
ზოგიერთი მაყურებელი თავს ბედნიერად თვლიდა, თუ სახლში დაბრუნებას შეძლებდა. როდესაც ერთ-ერთმა მაყურებელმა დომიციანეს მისამართით მახვილგონივრული შენიშვნა გააკეთა, იმპერატორის ბრძანებით, ის თავისი ადგილიდან აათრიეს და ძაღლებს მიუგდეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სიკვდილმისჯილ ბოროტმოქმედთა რიცხვი საკმარისი არ აღმოჩენილა და
კალიგულას ბრძანებით მაყურებელთა გარკვეული ნაწილი შეუპყრიათ და მხეცებისთვის მიუგდიათ. თუ კლავდიუსის აზრით სასცენო დანადგარი ცუდად მუშაობდა, იმპერატორის ბრძანებით, არენაზე საბრძოლველად უნდა გამოეყვანათ ის, ვინც ამ დანადგარზე პასუხისმგებელი იყო.მაყურებელთა ფანატიზმს ხან უბედურებაც და, ხანაც აურზაურიც მოჰყვებოდა ხოლმე. ერთხელ რომის ამფითეატრის ჩრდილოეთი ნაწილი ჩამოინგრა და, არსებული ცნობის თანახმად, ათასობით ადამიანი დაიღუპა. სანახაობის მსვლელობისას აურზაური კი ძვ. წ. 59 წელს პომპეიში მოხდა. ტაციტუსის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასა და მეტოქე მეზობელი ქალაქის მცხოვრებლებს შორის შეტაკება ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, შემდეგ ქვების სროლაზე გადავიდნენ და ბოლოს ხმლები იშიშვლეს. რამდენიმე დასახიჩრდა ან დაიჭრა და მრავალი დაიხოცა.
გაკვეთილი ნათელია
რომში, კოლიზეიში, არც ისე დიდი ხნის წინათ მოწყობილი გამოფენა მნახველს გონებაში „მუნერას“ (munera) თანამედროვე პარალელს აღუდგენდა. აღსანიშნავია, რომ იქ ნაჩვენები იყო ხარების ორთაბრძოლის, პროფესიული ბოქსის, ავტო და მოტო-რბოლისას საშინელი ავარიების, თამაშის დროს სპორტსმენებს შორის ატეხილი ჩხუბის და მაყურებელთა თავაწყვეტილი ბრძოლის ამსახველი ვიდეო-კლიპები. პრეზენტაცია კოლიზეის ზემოდან გადაღებული კადრის ჩვენებით მთავრდებოდა. როგორ ფიქრობთ, რა დასკვნა უნდა გაეკეთებინათ იქ მისულ მნახველთ? რამდენისთვის იყო ეს გაკვეთილი?
ძაღლების, მამლების, ხარების ორთაბრძოლა და სისასტიკით გამორჩეული სპორტის სახეობები დღეს ზოგ ქვეყანაში მიღებული მოვლენაა. მოტო-სპორტში მონაწილე სპორტსმენები საფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს იმისათვის, რომ მრავალრიცხოვან მაყურებელს ასიამოვნონ. დაფიქრდით, აგრეთვე, ყოველდღიურ სატელევიზიო გასართობ პროგრამებზეც. დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ბავშვი, რომელიც ტელეგადაცემებს უყურებს, ათი წლის ასაკამდე საშუალოდ 10000 მკვლელობისა და 100000 აგრესიული ქმედების მოწმე ხდება.
სანახაობებზე სიამოვნების მიღება არანაირად „არ უთავსდება ჭეშმარიტ რელიგიასა და ჭეშმარიტი ღვთისადმი ჭეშმარიტ მორჩილებას“, — თქვა მესამე საუკუნის მწერალმა ტერტულიანემ. ის ამ სანახაობებზე დამსწრეებს მკვლელობის თანამონაწილეებად მიიჩნევდა. რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე? შეიძლება საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: ვერთობი ტელევიზიის ან ინტერნეტის საშუალებით სისხლისღვრის, სიკვდილისა და ძალადობის სცენების ყურებით? კარგს ვიზამთ, თუ გვემახსოვრება ფსალმუნის 10:5-ში ჩაწერილი სიტყვები: „უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
ბრძოლები „გარდაცვლილთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად“
გლადიატორთა ბრძოლების წარმოშობის შესახებ მესამე საუკუნის მწერალი ტერტულიანე ამბობდა: „ძველად მიიჩნევდნენ, რომ ამ ბრძოლებით მკვდრებს უწევდნენ სამსახურს, შემდეგ კი სისასტიკეს უფრო თანამედროვე ფორმა მისცეს. ადრე დაკრძალვებისთვის ყიდულობდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ტყვეებსა და ცუდ მონებს, რათა ადამიანთა სისხლით გარდაცვლილთა სულები დაემშვიდებინათ. მოგვიანებით კი, თავიანთი უღვთოობის შესანიღბად, სისასტიკისთვის სასიამოვნო სანახაობის ფორმის მიცემა არჩიეს. ამგვარად, მას შემდეგ, რაც ადამიანებს შეიძენდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ერთმანეთის დახოცვა ესწავლებინათ და იმ დროისთვის საუკეთესოდ გაეწვრთნათ იარაღის ხმარებაში, დანიშნულ დღეს, დაკრძალვისას, სამარხებთან ხოცავდნენ. ასეთნაირად, სიკვდილის სიმძიმეს მკვლელობებით იმსუბუქებდნენ. ამგვარი გახლავთ „მუნუსის“ (munus) წარმოშობის ისტორია. მაგრამ თანდათანობით ის უფრო და უფრო სასტიკი და დახვეწილი ხდებოდა, რადგანაც დღესასწაული დღესასწაული არ იქნებოდა, თუ მხეცები არ მიიღებდნენ სანახაობებში მონაწილეობას და ადამიანთა სხეულებს ნაფლეთებად არ აქცევდნენ. მიცვალებულთა დასამშვიდებლად გაღებული მსხვერპლი დაკრძალვის ცერემონიად ითვლებოდა“.
[სურათი 27 გვერდზე]
გლადიატორთა მუზარადი და მუხლის დასაცავი, რომელსაც ძველად იყენებდნენ.
[სურათები 29 გვერდზე]
პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის სასტიკი გართობები მიუღებელი იყო. თქვენთვის?
[საავტორო უფლება
Boxing: Dave Kingdon/Index Stock Photography; car crash: AP Photo/Martin Seppala
[საავტორო უფლება 26 გვერდზე]
Phoenix Art Museum, Arizona/Bridgeman Art Library