არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლით ეფექტურად?

ასწავლით ეფექტურად?

ასწავლით ეფექტურად?

მშობლები, უხუცესები და სასიხარულო ცნობის მქადაგებლები — ყველანი მასწავლებლები უნდა იყვნენ. მშობლები შვილებს ასწავლიან, უხუცესები — ქრისტიანული კრების წევრებს, ხოლო სასიხარულო ცნობის მქადაგებლები —ახალ დაინტერესებულებს (მეორე რჯული 6:6, 7; მათე 28:19, 20; 1 ტიმოთე 4:13, 16). რის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად ასწავლოთ? ამისთვის ერთ-ერთი საშუალება ღვთის სიტყვაში მოხსენიებული დახელოვნებული მასწავლებლების მაგალითისა და მათი სწავლების მეთოდების მიბაძვაა. ასეთ მასწავლებელთაგან ერთ-ერთს ეზრა წარმოადგენდა.

ვისწავლოთ ეზრასგან

ეზრა აარონის სამღვდელო შტოს წარმომადგენელი მღვდელი იყო, რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა ბაბილონში. ძვ. წ. 468 წელს ის იერუსალიმში ჩავიდა, რათა იქ მცხოვრებ იუდეველებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აეღორძინებინა (პირველი ეზრა 7:1, 6, 12, 13). ამ დავალების შესასრულებლად საჭირო იყო ხალხისთვის ღვთის რჯული ესწავლებინა. რა გააკეთა ეზრამ იმისათვის, რომ მისი სწავლება ეფექტური ყოფილიყო? მან რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. პირველი ეზრას 7:10-ის კითხვისას ყურადღება მიაქციეთ, თუ რა ნაბიჯები იყო ეს.

«[1] გულს იდვა [„მოამზადა თავისი გული“, აქ] ეზრამ, [2] უფლის რჯულის ძიება, [3] მისი შესრულება და [4] წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში». მოდი მოკლედ განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი და გავიგოთ, რის სწავლა შეგვიძლია აქედან.

„მოამზადა თავისი გული“

მიწის მუშაკის მსგავსად, რომელიც დათესვამდე ჯერ მიწას ხნავს და ამგვარად ამზადებს მას, ეზრამაც ლოცვით მოამზადა გული ღვთის სიტყვის მისაღებად (პირველი ეზრა 10:1). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას გულმა იეჰოვას სწავლებისკენ ‘გაუწია’ (იგავნი 2:2).

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეზრას მსგავსად, მეფე იოშაფატმაც ‘გული მოამზადა ღვთის საძიებლად’ (მეორე ნეშტთა 19:3). ამისგან განსხვავებით ისრაელიანთა თაობას, რომელმაც „აწაღმართა გული თავისი“, ‘გულარძნილი და ურჩი’ ეწოდა (ფსალმუნი 77:8). იეჰოვა ხედავს ‘გულის დაფარულ კაცს’ (1 პეტრე 3:4). დიახ, ის თავის „გზას ასწავლის მორჩილთ“ (ფსალმუნი 24:9). ამიტომ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ დღეს მასწავლებლებმა მიჰბაძონ ეზრას და, პირველ რიგში, გული მოამზადონ ლოცვით!

„უფლის რჯულის ძიება“

დახელოვნებული მასწავლებელი რომ ყოფილიყო, ამისათვის ეზრა ღვთის სიტყვას მიმართავდა. თუ ექიმთან რჩევისთვის მისვლა გიწევთ, განა ყურადღებით არ უსმენთ და არ ცდილობთ, კარგად გაიგოთ, რასაც ის გეუბნებათ ან გინიშნავთ? რა თქმა უნდა, რადგან ამაზე თქვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ამიტომ, რაოდენ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს ის, რასაც იეჰოვა გვეუბნება ან გვირჩევს თავისი სიტყვის, ბიბლიისა, და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით. მის რჩევებზე ხომ ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული! (მათე 4:4; 24:45—47). რა თქმა უნდა, ექიმი შეიძლება შეცდეს, მაგრამ „რჯული უფლისა სრულყოფილია“ (ფსალმუნი 18:8). ჩვენ არასდროს დაგვჭირდება მისი რჩევების ხელმეორედ გადამოწმება.

ბიბლიის წიგნები „პირველი და მეორე ნეშტთა“ (რომლებიც ეზრამ თავდაპირველად ერთ წიგნად დაწერა), იმის მაჩვენებელია, რომ ეზრა მართლაც გულმოდგინე მკვლევარი იყო. ამ წიგნების წერისას მან მრავალი წყარო გამოიყენა *. ბაბილონიდან ახალდაბრუნებულ იუდეველებს ნამდვილად ესაჭიროებოდათ თავიანთი ერის ისტორიის შედგენა. მათ რელიგიური დღესასწაულების, ტაძარში მსახურებისა თუ ლევიანთა მოვალეობების შესახებ არასაკმარისი ცოდნა ჰქონდათ. გენეალოგიური ნუსხების შედგენაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის. ეზრამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ საკითხებზე. მესიის მოსვლამდე იუდეველებს თავიანთი ეროვნული მთლიანობა, ქვეყანა, ტაძარი, სამღვდელოება და მმართველი უნდა შეენარჩუნებინათ. ეზრას მიერ მოგროვებული ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი ერთიანობისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შენარჩუნება.

სწავლობთ თუ არა ეზრას მსგავსად? ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა დაგეხმარებათ, რომ სხვებსაც ეფექტურად ასწავლოთ ის.

ოჯახთან ერთად „უფლის რჯულის ძიება“

იეჰოვას რჯულის ძიება მხოლოდ პირადი შესწავლით როდი ამოიწურება. ამისთვის ოჯახური შესწავლაც შესანიშნავი საშუალებაა.

იანი და იულია, ნიდერლანდელი წყვილი, თავიანთ ორ ვაჟს დაბადებიდანვე ყოველდღე ხმამაღლა უკითხავდნენ ბიბლიას. ამჟამად ივო 15 წლისაა, ედო კი — 14–ის. მათ დღემდე, კვირაში ერთხელ, ოჯახური შესწავლა აქვთ. იანი ყვება: „ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არაა, რომ შესწავლის დროს რაც შეიძლება ბევრი მასალა განვიხილოთ, არამედ ის, რომ ბიჭებმა გაიგონ შესასწავლი მასალა“. ის დასძენს: „ივო და ედო ბევრ რამეს იკვლევენ. ლექსიკონებში ამოწმებენ მათთვის უცხო სიტყვებს; აგრეთვე უცნობი ბიბლიური პერსონაჟების შესახებ იგებენ, თუ როდის ცხოვრობდნენ ისინი, ვინ იყვნენ, რით იყვნენ დაკავებული და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც კითხვა ისწავლეს, ბიჭები იყენებენ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარს“, ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებს. ამიტომაც ოჯახური შესწავლა გაცილებით სასიამოვნოა. ივო და ედო ყოველთვის მოუთმენლად ელიან ყოველ მომდევნო შესწავლას“. გარდა ამისა, ეს იმითაც აღმოჩნდა სასარგებლო, რომ ბიჭები თანაკლასელებს ლინგვისტიკის საკითხებში ბევრად სჯობნიან.

ჯონი და ტინი კიდევ ერთი ნიდერლანდელი წყვილია, რომლებიც თავიანთ ვაჟთან, ეშლისთან (ამჟამად ის 24 წლისაა და სხვა კრებაში მსახურობს პიონერად) და ქალიშვილთან, ლინდასთან (ის 20 წლისაა და გათხოვილია ახალგაზრდა ქრისტიანზე), ატარებდნენ შესწავლას. ნაცვლად იმისა, რომ შესწავლა, უბრალოდ, კითხვა–პასუხებით წარემართათ, ისინი ოჯახურ შესწავლას ბავშვების ასაკისა და მოთხოვნილებების შესაბამისად ატარებდნენ. რა მეთოდს იყენებდნენ ისინი?

ჯონი ყვება, რომ მათი შვილები ირჩევდნენ საინტერესო საკითხს რუბრიკიდან „მკითხველთა შეკითხვები“ („საგუშაგო კოშკი“) და „ბიბლიის თვალსაზრისი“ („გამოიღვიძეთ!“). შემდეგ კი მსჯელობდნენ მომზადებული მასალის თაობაზე; შედეგად, ოჯახური განხილვა ყოველთვის საინტერესო იყო. ამგვარად, ახალგაზრდებმა გამოკვლევა და შესწავლილი მასალის შესახებ მსჯელობა ისწავლეს. ‘ეძიებთ უფლის რჯულს’ თქვენს შვილებთან ერთად? ეს არა მარტო გააუმჯობესებს თქვენი სწავლების უნარს, არამედ თქვენს შვილებსაც დაეხმარება, ეფექტურად ასწავლონ სხვებს.

„შესრულება“

ნასწავლს ეზრა ცხოვრებაში იყენებდა. მაგალითად, შესაძლოა, ის ბაბილონში მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ, როდესაც მიხვდა, რომ შეეძლო გადასახლებაში მყოფ თავის ხალხს დახმარებოდა, ბაბილონში უზრუნველ ცხოვრებას შორეულ იერუსალიმში წასვლა ამჯობინა, თუმცა იქ მრავალი პრობლემა და საფრთხე ელოდა. ნათელია, რომ ეზრა მზად იყო, არა მარტო ესწავლა ღვთის სიტყვა, არამედ ნასწავლი ცხოვრებაში გამოეყენებინა (1 ტიმოთე 3:13).

მოგვიანებით, როდესაც იერუსალიმში დასახლდა, ეზრამ ისევ ცხადყო, რომ ცხოვრებაში იყენებდა იმას, რასაც თავადაც სწავლობდა და სხვებსაც ასწავლიდა. ეს ნათელი გახდა მაშინ, როდესაც შეიტყო, რომ ისრაელი მამაკაცები წარმართ ქალებზე ქორწინდებოდნენ. ბიბლია გვატყობინებს, რომ მან ‘შემოიგლიჯა სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს იგლეჯდა და დამწუხრებული იჯდა საღამომდე’. მას ‘რცხვენოდა და ვერ ბედავდა სახის აღმართვას’ იეჰოვასკენ (პირველი ეზრა 9:1—6).

რამხელა ზეგავლენა მოახდინა მასზე ღვთის რჯულის შესწავლამ! ეზრა ნათლად ხედავდა ხალხის დაუმორჩილებლობის სავალალო შედეგებს. სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები მცირერიცხოვანნი იყვნენ. თუ ისინი სხვა ერების წარმომადგენლებზე დაქორწინდებოდნენ, საბოლოო ჯამში, შეიძლება წარმართ ერებში გათქვეფილიყვნენ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიწის პირისაგან აღგვილიყო!

საბედნიეროდ, ეზრას მიერ გამოვლენილმა ღვთისმოშიშებამ და გულმოდგინებამ ისრაელები გამოსწორებისკენ აღძრა. მათ გაუშვეს უცხოელი ცოლები. სამ თვეში მდგომარეობა გამოსწორდა. ეზრას მიერ ღვთის რჯულისადმი გამოვლენილმა ერთგულებამ დიდი წვლილი შეიტანა მისი სწავლების ეფექტურობაში.

იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელობასთან დაკავშირებითაც. ერთმა ქრისტიანმა მამამ თქვა: „ბავშვები ისე კი არ იქცევიან, როგორც ეუბნები, არამედ ისე, როგორც იქცევი“. ეს პრინციპი ქრისტიანულ კრებასაც ეხება. უხუცესები, რომლებიც კარგ მაგალითს იძლევიან, შეიძლება დარწმუნებული იყვნენ, რომ კრება მათ სწავლებას გამოეხმაურება.

„წესისა და სამართლის სწავლება“

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ იყო ეზრას სწავლება ეფექტური. ის საკუთარი იდეების კი არა, „წესისა და სამართლის“ მასწავლებელი იყო. წესებში იეჰოვას კანონები იგულისხმებოდა. და ეს მისი, როგორც მღვდლის, პასუხისმგებლობა იყო (მალაქია 2:7). ის სამართალსაც ასწავლიდა; თავის სწავლებას კი საკუთარი მაგალითით განამტკიცებდა, რადგან სამართლიანად და მიუკერძოებლად იცავდა ღვთის რჯულს, რაც მოითხოვებოდა კიდეც. როდესაც პასუხისმგებელი პირი სამართლიანად იქცევა, ამით სხვებს განამტკიცებს, რასაც, თავის მხრივ, ხანგრძლივი სასიკეთო შედეგები მოაქვს (იგავნი 29:4). მსგავსადვე, ქრისტიანი უხუცესები, მშობლები და სამეფოს შესახებ მქადაგებლები, რომლებმაც კარგად იციან ღვთის სიტყვა, იეჰოვას წესებისა და სამართლის სწავლებით სულიერად განამტკიცებენ კრებას, ოჯახს და დაინტერესებულებს.

ნუთუ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ შეგიძლიათ უფრო ეფექტურად ასწავლოთ სხვებს, თუ ერთგულ ეზრას მიჰბაძავთ? ამიტომ, ‘გულს იდეთ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება’ (პირველი ეზრა 7:10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 დაახლოებით 20–მდე დასახელების წყაროა ჩამოთვლილი „ბიბლიის საკვლევ ცნობარში“, ტომი I, გვ. 444, 445, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]

რამ გახადა ეზრას სწავლება ეფექტური?

1) მან მოამზადა თავისი გული.

2) იძიებდა ღვთის რჯულს.

3) ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა.

4) გულმოდგინედ სწავლობდა ღვთის სიტყვას, რათა ის სხვებისთვისაც ესწავლებინა.