არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას ბილიკებით სიარულს მრავალი კურთხევა მოაქვს

იეჰოვას ბილიკებით სიარულს მრავალი კურთხევა მოაქვს

იეჰოვას ბილიკებით სიარულს მრავალი კურთხევა მოაქვს

ოდესმე წასულხართ მთების დასალაშქრად? თუ დიახ, ალბათ, მთის მწვერვალზე ასულს ისეთი შეგრძნება გქონდათ, თითქოს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეთ. ო, რა სასიამოვნო იყო, ალბათ, სუფთა ჰაერის მთელი გულმკერდით შესუნთქვა, მიდამოსთვის ზემოდან გადმოხედვა და ბუნების მშვენების მთელი არსებით აღქმა! შეიძლება ცხოვრებისეული საზრუნავებიც უკვე ნაკლებ მნიშვნელოვნად გეჩვენებოდათ.

ასეთი ლაშქრობები უმეტესობისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ, თუ თქვენ ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანი ხართ, შეიძლება უკვე გარკვეული ხანია, ისეთ ცხოვრებას ეწევით, რომელიც მთებში სიარულს შეიძლება შევადაროთ. ძველი დროის ფსალმუნმომღერლის მსგავსად, თქვენც, ეჭვგარეშეა, გილოციათ: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნი 24:4). გახსოვთ თუ არა, რა გრძნობა დაგეუფლათ მაშინ, როდესაც იეჰოვას სახლის მთაზე მიმავალ ბილიკს აუყევით და „გორაკებზე“ სიარული დაიწყეთ? (მიქა 4:2; აბაკუმი 3:19). რა თქმა უნდა, თქვენ მალევე დაინახეთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის ამაღლებულ ბილიკებზე სიარულმა ათასგვარი უბედურებისგან დაგიცვათ და სიხარული მოგიტანათ. თქვენც ისეთივე გრძნობები დაგეუფლათ, როგორც ფსალმუნმომღერალს, რომელიც მღეროდა: «ნეტარ არს [„ბედნიერია“, აქ] ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო» (ფსალმუნი 88:16).

ზოგჯერ მთამსვლელს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მთის ციცაბო კალთებზე უწევს სიარული. ამიტომ ფეხებში ტკივილის შეგრძნება ეწყება და თანდათანობით იღლება. ღვთისთვის მსახურებაში ჩვენც შეიძლება წავაწყდეთ სირთულეებს. არც ისე დიდი ხნის წინათ შეიძლება ვიგრძენით, რომ ცოტა დავიღალეთ. როგორ შეგვიძლია ენერგიისა და სიხარულის აღდგენა? ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ იეჰოვას გზები სხვა დანარჩენ გზებზე ბევრად უმჯობესია.

იეჰოვას აღმატებული კანონები

იეჰოვას გზები უფრო ‘მაღალია, ვიდრე ადამიანთა გზები და მისადმი თაყვანისცემა ‘მთების თავში დამყარდა და გორაკებზე მაღლა აღიმართა’ (ესაია 55:9; მიქა 4:1). იეჰოვას სიბრძნე „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნეა“ (იაკობი 3:17). მისი კანონები ყველა სხვა კანონზე აღმატებულია. მაგალითად, იმ დროს, როდესაც ქანაანელები უმოწყალოდ სწირავდნენ ბავშვებს ცრუ ღმერთებს, იეჰოვამ ისრაელებს მისცა კანონები, რომლებიც ზნეობრივად აღმატებული იყო და მათში დიდი თანაგრძნობაც გამოსჭვიოდა. ღმერთმა ისრაელებს უთხრა: «ზედმეტად ნუ მოუფონებ [„მიკერძოებულად ნუ მოექცევი“, აქ] საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს [„დიდკაცს“, აქ]... როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი“ (ლევიანნი 19:15, 34).

თხუთმეტი საუკუნის შემდეგ იესომ უფრო ბევრი მაგალითი მოგვცა იმისა, რომ იეჰოვას ‘რჯული დიდებულია’ (ესაია 42:21). მთაზე ქადაგებისას მან თავის მოწაფეებს უთხრა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი“ (მათე 5:44, 45). „ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, — დასძინა იესომ. — ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათე 7:12).

ეს აღმატებული კანონები გავლენას ახდენს გულისხმიერ ადამიანებზე და იმისკენ აღძრავს, რომ მიჰბაძონ ღმერთს, რომელსაც თაყვანს სცემენ (ეფესელთა 5:1; 1 თესალონიკელთა 2:13). დაფიქრდით იმ ცვლილებაზე, რომელიც პავლეში მოხდა. პირველი, რასაც ამ კაცის შესახებ ვიგებთ, ისაა, რომ სტეფანეს ‘მოკვლას იწონებდა’ და „არბევდა ეკლესიას“. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ის თესალონიკეს კრებას ისე თბილად ეპყრობოდა, „როგორც მეძუძური, თავის ბალღებს“. ღვთიურმა სწავლებამ პავლე, ყოფილი მდევნელი, მზრუნველ ქრისტიანად აქცია (საქმეები 8:1, 3; 1 თესალონიკელთა 2:7). ის ნამდვილად მადლიერი იყო იმისათვის, რომ მისი პიროვნება ქრისტეს სწავლებამ გამოძერწა (1 ტიმოთე 1:12, 13). როგორ შეიძლება მსგავსი მადლიერება ჩვენც დაგვეხმაროს ღვთის აღმატებული ბილიკებით სიარულის გაგრძელებაში?

ვიაროთ ღვთის გზებით და ვიყოთ მადლიერნი

მთის დასალაშქრად წასულებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს იმ დიდებული ხედების ხილვა, რომლებიც მთებში მოსიარულეთა თვალწინ იშლება. მათ აგრეთვე ახარებს ის პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები, რომლებსაც საცალფეხო ბილიკებზე ხვდებიან, მაგალითად, უჩვეულო მოყვანილობის კლდეები თუ მიმზიდველი ყვავილის ხილვა ან გარეული ცხოველისთვის თვალის მოკვრა. სულიერი გაგებითაც საჭიროა, რომ ფხიზლად ვიყოთ და შევნიშნოთ ნებისმიერი — დიდი თუ პატარა — კურთხევა, რომლებსაც იეჰოვას ბილიკებზე სიარულისას ვიღებთ. ეს ენერგიის აღდგენაში დაგვეხმარება და, შედეგად, ლასლასით სიარულის ნაცვლად, კვლავ მხნედ განვაგრძობთ გზას. ჩვენც გავიმეორებთ დავითის სიტყვებს: „მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო“ (ფსალმუნი 142:8).

მერი, რომელიც მრავალი წელია იეჰოვას ბილიკებით დადის, ამბობს: „როდესაც იეჰოვას ქმნილებებს ვუყურებ, მათში არა მარტო საოცრად რთულ აგებულებას ვხედავ, არამედ ღვთის მოსიყვარულე ბუნებასაც. იქნება ეს ცხოველი, ჩიტი თუ მწერი, თითოეული თავისებურად საოცარი და მომხიბლავია. მსგავსი სიამოვნების მომნიჭებელია სულიერი ჭეშმარიტებებიც, რომლებიც, რაც წლები გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება“.

როგორ შეგვიძლია მადლიერების გაღრმავება? ნაწილობრივ იმით, რომ ყურადღების გარეშე არ დაგვრჩეს ყოველივე ის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს. „გამუდმებით ილოცეთ. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“, — წერდა პავლე (1 თესალონიკელთა 5:17, 18; ფსალმუნი 118:62).

პირადი შესწავლაც ხელს უწყობს მადლიერების გრძნობის განვითარებას. პავლე კოლასელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „იარეთ მასში [ქრისტე იესოში]... განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში“ (კოლასელთა 2:6, 7). ბიბლიის წაკითხვა და წაკითხულზე დაფიქრება რწმენას გვიმტკიცებს და ბიბლიის ავტორთან გვაახლოებს. საღვთო წერილში ჩადებული განძი აღგვძრავს, ‘ვიუხვოთ მადლიერებაში’ (აქ).

იეჰოვასთვის ძმების მხარდამხარ მსახურებაც გასავლელ გზას გვიადვილებს. ფსალმუნმომღერალმა საკუთარ თავზე თქვა: „თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია“ (ფსალმუნი 118:63). ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტებიდან ზოგს ქრისტიანულ კონგრესებსა თუ სხვა შემთხვევებისას ძმათა წრეში განვიცდით. გვესმის, რომ ჩვენთვის ძვირფასი მსოფლიო ქრისტიანული ოჯახი იეჰოვასა და მისი აღმატებული გზების წყალობით არსებობს (ფსალმუნი 143:15ბ).

მადლიერების გრძნობის გარდა, პასუხისმგებლობის გრძნობაც გვაძლევს ძალას, რათა იეჰოვას აღმატებული ბილიკებით სიარული განვაგრძოთ.

ვიაროთ ღვთის ბილიკებით და ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას

მთაში ლაშქრობაზე წასულ ტურისტს, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ესმის, რომ საჭიროა, ფრთხილად იაროს, რათა არ დაიკარგოს ან ფრიალო კლდის ნაპირთან ძალიან ახლოს არ მივიდეს. ჩვენ, როგორც ნების თავისუფლების მქონეთ, იეჰოვა სათანადო თავისუფლებასა და ინიციატივის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. მაგრამ ქრისტიანული ვალდებულებების შესრულებისას ასეთი თავისუფლებით სარგებლობისთვის პასუხისმგებლობის გრძნობის ქონაა საჭირო.

მაგალითად, იეჰოვა თავის მსახურებს ენდობა, რომ ისინი თავიანთ ვალდებულებას პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ის არ გვეუბნება, რამდენი დრო და ენერგია უნდა მოვახმაროთ ქრისტიანულ საქმიანობებს ან რა რაოდენობით ფულადი, ან სხვა სახის შესაწირავი გავიღოთ. პირიქით, თითოეულ ჩვენგანს ეხება პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი სიტყვები: „ყველამ გაიღოს გულის კარნახით“ (2 კორინთელთა 9:7, სსგ; ებრაელთა 13:15, 16).

პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქრისტიანის მიერ გაცემაში სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებაც შედის. ეს გრძნობა რომ გვაქვს, იმითაც ცხადვყოფთ, რომ მსოფლიო მასშტაბით სამეფო საქმიანობის წინ წასაწევად ფულად შესაწირავებს ვწირავთ. გერჰარდტი, უხუცესი, ამბობს, რომ მან და მისმა მეუღლემ აღმოსავლეთ ევროპაში კონგრესზე დასწრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდეს შესაწირავი თანხის ოდენობა. „იქ ყოფნისას დავინახეთ, რომ ადგილობრივ ძმებს მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ ბიბლიურ ლიტერატურას ისე ძალიან აფასებდნენ, რომ გადავწყვიტეთ, სხვა ქვეყნებში გაჭირვებაში მყოფი ძმების დასახმარებლად რაც შეიძლება მეტი შესაწირავი გავიღოთ“, — ამბობს ის.

მეტი ამტანობა

მთებში სიარულისთვის ამტანობაა საჭირო. მთამსვლელები, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ, ვარჯიშობენ და პატარ-პატარა დისტანციების გადალახვით დიდი ლაშქრობისთვის ემზადებიან. მსგავსად ამისა, პავლე გვირჩევს, რომ თეოკრატიული საქმიანობებით დავკავდეთ, რათა სულიერად ყოველთვის ფორმაში ვიყოთ. მათ, რომლებსაც ‘უფლის ღირსად მოქცევა’ და ‘გაძლიერება’ სურთ, პავლეს სიტყვების თანახმად, უნდა განაგრძონ ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღება’ (კოლასელთა 1:10, 11).

მთამსვლელის ამტანობაზე დიდ გავლენას ახდენს სტიმული. როგორ? მაგალითად, მთამსვლელს სტიმული ეძლევა, როდესაც ყურადღება გარკვეული ნათელი მიზნისკენ, სადღაც შორს მდებარე მწვერვალისკენ, აქვს მიმართული. გარკვეულ მიჯნამდე მისვლის შემდეგ, მას შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად მიუახლოვდა ამ მწვერვალს. როდესაც უკან იხედება და ხედავს, რომ რაღაც მანძილი უკვე გაიარა, კმაყოფილების გრძნობა ეუფლება.

მსგავსად ამისა, მარადიული ცხოვრების იმედი ამტანობასა და სტიმულს გვაძლევს (რომაელთა 12:12). იეჰოვას ბილიკებით სიარულისას ქრისტიანული მიზნების დასახვა და მათი მიღწევა სიამოვნებას გვგვრის. და რამხელა სიხარულს გვანიჭებს უკან მოხედვისას იმის დანახვა, რომ ღვთისთვის ერთგულად მსახურებაში წლები გავატარეთ ან იმის შემჩნევა, თუ რა ცვლილებები მოხდა ჩვენს პიროვნებაში! (ფსალმუნი 15:11).

დიდი მანძილი რომ გადალახოს და თანაც ენერგია შეინარჩუნოს, ამისათვის მთებში მოსიარულე თანაბარზომიერი სიჩქარით მიდის. მსგავსად ამისა, გაწონასწორებულად შედგენილი გრაფიკი, რომელშიც კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა შედის, ჩვენი მიზნისკენ მიმავალი გზის გაგრძელებაში დაგვეხმარება. პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „დაე, კვლავაც იმავე წესის თანახმად მოვიქცეთ“ (ფილიპელთა 3:16, აქ).

რა თქმა უნდა, იეჰოვას ბილიკებზე ჩვენ მარტონი არ მივდივართ. „მოდი დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია სხვებს სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ ვუბიძგოთ“, — წერს პავლე (ებრაელთა 10:24, „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). სულიერად მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა გზის გაგრძელებას უფრო გაგვიადვილებს (იგავნი 13:20).

დაბოლოს, რაც უმნიშვნელოვანესია — არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალას იეჰოვა გვაძლევს. ისინი, ვისი ძლიერებაც იეჰოვაშია, „ივლიან ძალით-ძალამდე“ (ფსალმუნი 83:6, 8). თუმცა ზოგჯერ სირთულეებს ვაწყდებით, იეჰოვას დახმარებით ავიტანთ მათ.