არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს

იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს

იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს

«აღდექ [„დედაკაცო“, აქ], განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე» (ესაია 60:1).

1, 2. ა) რა მდგომარეობაშია კაცობრიობა? ბ) ვინ დგას მსოფლიოში არსებული სიბნელის მიღმა?

„ო,ნეტავ ცოცხალი იყოს ესაია ან წმიდა პავლე!“. ასეთი ნაღვლიანი სიტყვები აღმოხდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. რა იყო ამის მიზეზი? ის გრძნობდა, რომ მსოფლიოს მაღალზნეობრივი ნორმებით გამორჩეული ლიდერები ესაჭიროებოდა. კაცობრიობამ ის-ის იყო თავი დააღწია მეორე მსოფლიო ომს, მე-20 საუკუნის ყველაზე შავბნელ პერიოდს. ომის დასრულების მიუხედავად, მსოფლიოში მშვიდობა მაინც არ სუფევდა. სიბნელეც კვლავინდებურად რჩებოდა. სინამდვილეში, ომიდან 57 წლის გასვლის შემდეგაც კი, მსოფლიო კვლავაც ბნელით არის მოცული. პრეზიდენტი ტრუმენი დღესდღეობით ცოცხალი რომ ყოფილიყო, უეჭველია, ის კვლავაც დაინახავდა მაღალზნეობრივი ნორმებით გამორჩეული, ესაიასა და მოციქულ პავლეს მსგავსი, ლიდერების საჭიროებას.

2 არ ვიცით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ტრუმენმა ამის შესახებ, მაგრამ პავლე ლაპარაკობდა და თავის წერილებში გაფრთხილებასაც იძლეოდა იმ სიბნელესთან დაკავშირებით, რომელიც კაცობრიობას ზიანს აყენებს. მაგალითად, პავლე თანამორწმუნეებს აფრთხილებდა: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფესელთა 6:12). ამ სიტყვებით პავლემ ცხადყო, რომ მან იცოდა არა მარტო იმ სულიერი სიბნელის არსებობის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, არამედ იმის შესახებაც, თუ ვინ იყო სინამდვილეში ამ სიბნელის სათავე — ძლიერი დემონური ძალები, რომელთაც ‘წუთისოფლის მპყრობელები’ ეწოდებათ. რადგან მსოფლიოში არსებული სიბნელის მიღმა ძლიერი დემონური ძალები დგანან, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამ სიბნელის გაფანტვა?

3. მიუხედავად კაცობრიობაზე გამეფებული სიბნელისა, რა იწინასწარმეტყველა ესაიამ მართალ ადამიანებთან დაკავშირებით?

3 ასევე ესაიაც ლაპარაკობდა იმ სიბნელეზე, რომელიც კაცობრიობას ზიანს აყენებს (ესაია 8:22; 59:9). მაგრამ ჩვენს დღეებთან დაკავშირებით მან ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ ამ ბნელით მოცულ დროსაც კი, იეჰოვა გზას გაუნათებდა სინათლის მოყვარულთ. მართალია, პავლე და ესაია დღეს ჩვენ გვერდით არ არიან, მაგრამ სახელმძღვანელოდ მათი ღვთივსულიერი წერილები გვაქვს. იმის გასაგებად, თუ რა კურთხევები მოელით იეჰოვას მოყვარულთ, განვიხილოთ ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც მისი წიგნის მე-60 თავში ვკითხულობთ.

სიმბოლური დედაკაცი სინათლეს ასხივებს

4, 5. ა) რის გაკეთებას უბრძანებს იეჰოვა დედაკაცს და რას ჰპირდება მას? ბ) რა ამაღელვებელ ინფორმაციას შეიცავს ესაიას მე-60 თავი?

4 ესაიას მე-60 თავის შესავალი სიტყვები სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქალისადმია მიმართული. ის სიბნელეში მიწაზეა გართხმული. უეცრად სიბნელეში სინათლის ნაკადი იჭრება და იეჰოვა ხმამაღლა აცხადებს: «აღდექ [„დედაკაცო“, აქ], განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე» (ესაია 60:1). დროა, დედაკაცი წამოდგეს და ღვთის ნათელი, ანუ მისი დიდება, აირეკლოს. რატომ? პასუხს მომდევნო მუხლში ვპოულობთ: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება“ (ესაია 60:2). როდესაც დედაკაცი იეჰოვას ბრძანებას ემორჩილება, მას არწმუნებენ, რომ ამას შესანიშნავი შედეგი მოჰყვება. იეჰოვა აცხადებს: „ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე“ (ესაია 60:3).

5 ამ სამ მუხლში მოცემული ამაღელვებელი სიტყვები არის ესაიას მე-60 თავის შესავალიც და რეზიუმეც. მასში ნაწინასწარმეტყველებია, რა გადახდება თავს სიმბოლურ ქალს და ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია, კაცობრიობაზე გამეფებული სიბნელის მიუხედავად, იეჰოვას სინათლეში ვიცხოვროთ. მაგრამ, რას ნიშნავს ამ სამ მუხლში მოცემული წინასწარმეტყველური სიმბოლოები?

6. რას ასახიერებს ესაიას მე-60 თავში მოხსენიებული დედაკაცი და ვისით არის დედამიწაზე წარმოდგენილი?

6 ესაიას 60:1—3-ში აღწერილი დედაკაცი სიონს, ანუ სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას ასახიერებს. დღესდღეობით, სიონი დედამიწაზე წარმოდგენილია ‘ღვთის ისრაელის’ დარჩენილი ნაწილით, ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობის იმედის მქონე სულით ცხებული ქრისტიანების საერთაშორისო შესაკრებლით (გალატელთა 6:16). ეს სულიერი ერი 144000 წევრისგან შედგება და დღესდღეობით ესაიას მე-60 თავი „უკანასკნელ დღეებში“ დედამიწაზე მცხოვრებ ამ ერის წარმომადგენლებზე სრულდება (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 14:1, სსგ). წინასწარმეტყველებაში ბევრი რამ არის ნათქვამი ამ ცხებული ქრისტიანების თანამსახურებზეც — ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარ ‘უამრავ ხალხზეც’ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16).

7. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სიონი 1918 წელს და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?

7 იყო თუ არა ისეთი დრო, როცა, წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული დედაკაცის მსგავსად, ‘ღვთის ისრაელი’ სიბნელეში იმყოფებოდა? დიახ, ეს 80 წელზე მეტი ხნის წინ იყო ასე. პირველი მსოფლიო ომის დროს, სულით ცხებული ქრისტიანები მთელი ძალით ცდილობდნენ სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელებას. მაგრამ 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ორგანიზებული სამქადაგებლო საქმიანობა, ფაქტობრივად, შეწყდა. ჯოზეფ რუტერფორდს, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, და სხვა პასუხისმგებელ ძმებს ცრუ ბრალდებების საფუძველზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოცხადების წიგნი წინასწარმეტყველურად აღწერს იმ დროინდელ ცხებულ ქრისტიანებს, როგორც დაყრილ გვამებს „დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე“ (გამოცხადება 11:8). დიახ, როგორც დედამიწაზე დედაკაცის ცხებული შვილების მდგომარეობით იყო ნაჩვენები, ეს ნამდვილად ბნელი დრო იყო სიონისთვის!

8. რა მკვეთრი ცვლილებები მოხდა 1919 წელს და რა იყო ამის შედეგი?

8 შემდეგ კი, მკვეთრი ცვლილებები 1919 წელს მოხდა. იეჰოვამ ნათელი მოჰფინა სიონს! ღვთის ისრაელის გადარჩენილი წევრები წამოდგნენ, ღვთის სინათლე აირეკლეს და კიდევ ერთხელ გაბედულად წამოიწყეს სასიხარულო ცნობის გაცხადება (მათე 5:14—16). ამ ქრისტიანების გულმოდგინების წყალობით სხვებიც მიუახლოვდნენ იეჰოვას სინათლეს. თავდაპირველად ესენი ღვთის ისრაელის ახალი სულითცხებული წევრები იყვნენ. მათ ესაიას 60:3-ში (აქ) მეფეები ეწოდებათ, რადგან ისინი ღვთის ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეები უნდა იყვნენ (გამოცხადება 20:6). მოგვიანებით, იეჰოვას ნათელმა სხვა ცხვრებისგან შემდგარი უამრავი ხალხი მიიზიდა. ისინი არიან აღნიშნულ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „ხალხები“.

დედაკაცის შვილები სახლში ბრუნდებიან!

9, 10. ა) რა გულში ჩამწვდომი სანახაობა იშლება დედაკაცის წინაშე და რა არის ამით წინასწარ ნაჩვენები? ბ) სიხარულის რა მიზეზი ჰქონდა სიონს?

9 ახლა იეჰოვა ესაიას 60:1—3-ში მოცემულ მონახაზს უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს. ის დედაკაცს სხვა მითითებასაც აძლევს. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა: „ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე“. დედაკაცი ემორჩილება ბრძანებას და რა გულში ჩამწვდომი სანახაობა იშლება მის თვალწინ! მისი შვილები სახლში ბრუნდებიან. წინასწარმეტყველებაში შემდგომ ნათქვამია: „ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ“ (ესაია 60:4). სამეფოს შესახებ 1919 წელს დაწყებულმა ქადაგების მსოფლიო საქმიანობამ იეჰოვას მსახურებისკენ ათასობით ადამიანი მიიზიდა. ისინიც სიონის „ვაჟები“ და „ასულები“, ანუ ღვთის ისრაელის სულით ცხებული წევრები გახდნენ. ამგვარად, 144000-ის ბოლო წევრების სინათლეში მოყვანით იეჰოვამ დაამშვენა სიონი.

10 წარმოგიდგენიათ, რა სიხარულს განიცდის სიონი, შვილები რომ გვერდით ჰყავს? მაგრამ იეჰოვა სიონს სიხარულის სხვა მიზეზსაც აძლევს. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“ (ესაია 60:5). ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესაბამისად, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე უამრავი ქრისტიანი გროვდება სიონთან. ისინი გამოვიდნენ ღმერთს ჩამოშორებული კაცობრიობის ‘ზღვიდან’ და ხალხთა დოვლათს წარმოადგენენ. ისინი არიან „ყოველი ერიდან სასურველნი“ (ანგია 2:7, აქ; ესაია 57:20). ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ეს „სასურველნი“ იეჰოვას მსახურებაში თითოეული საკუთარი გზით როდი მიდის. არა, ისინი სიონს იმით ამშვენებენ, რომ თაყვანისმცემლობისთვის თავიანთ სულითცხებულ ძმებთან ერთად მიდიან, რათა ‘ერთ ფარაში’ იყვნენ და „ერთი მწყემსი“ ჰყავდეთ (იოანე 10:16).

ვაჭრები, მწყემსები და სავაჭრო გემები სიონისკენ მოემართებიან

11, 12. აღწერეთ ხალხი, რომლებიც სიონისკენ მიემართებიან.

11 ამ ნაწინასწარმეტყველები შეკრების შედეგი იეჰოვას განმადიდებელთა თვალსაჩინო რიცხობრივი ზრდაა, რაც წინასწარმეტყველებაში შემდგომ არის მოხსენიებული. წარმოიდგინეთ, რომ ესაიას წიგნში აღწერილ დედაკაცთან ერთად დგახართ სიონის მთაზე, იხედებით აღმოსავლეთისკენ და რას ხედავთ? „უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ“ (ესაია 60:6). ვაჭრები აქლემთა ქარავნებით იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგანან. ეს აქლემები წარღვნის წყლებივით ფარავენ მიწას! ვაჭრებს ძვირფასი ძღვენი, ‘ოქრო და გუნდრუკი’, მოაქვთ. ეს ვაჭრები ღვთის ნათლისკენ მოდიან, რათა სახალხოდ ‘გააცხადონ მისი სადიდებელი’.

12 მგზავრთა შორის მხოლოდ ვაჭრები არ არიან. აქ არიან მწყემსებიც, რომლებიც სიონისკენ მოერეკებიან თავიანთ ფარებს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან“ (ესაია 60:7ა). მეცხვარეთა ტომები წმინდა ქალაქში მოდიან, რათა თავიანთი ფარიდან საუკეთესო შესწირონ იეჰოვას. ისინი მზად არიან, თავადაც მოემსახურონ სიონს! როგორ იღებს იეჰოვა ამ უცხოელებს? აღნიშნულ კითხვაზე პასუხს თავად ღმერთი იძლევა: «ნებით [„კეთილგანწყობილებას გამოვავლენ მათ მიმართ და“, აქ] ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ» (ესაია 60:7ბ). იეჰოვა ამ უცხოელების შესაწირავსა და მსახურებას გულმოწყალებით იღებს. მათი იქ ყოფნა ამშვენებს მის ტაძარს.

13, 14. რა მოდის დასავლეთის მხრიდან?

13 ახლა კი მობრუნდით და დასავლეთ ჰორიზონტს გახედეთ. რას ხედავთ? შორს, რაღაც თეთრი ღრუბელივით მოსრიალებს ზღვაზე. იეჰოვა იმავე კითხვას სვამს, რაც ჩვენც დაგვებადა: „ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?“ (ესაია 60:8). იეჰოვა კითხვაზე თავადვე პასუხობს: „მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ“ (ესაია 60:9).

14 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს სურათი? ღრუბელი ახლოვდება და ახლა ის დასავლეთის მხრიდან მომავალ თეთრ წერტილებს მოგვაგონებს. ისინი ჩიტების გუნდს ჰგვანან. მაგრამ, როდესაც ახლოვდებიან, ხედავთ, რომ ეს იალქნებაშვებული ხომალდებია. იმდენად ბევრი გემი მოემართება იერუსალიმისკენ, რომ ისინი მტრედების გუნდს ჰგვანან. შორეული მხარეებიდან ამ გემებს მაქსიმალური სიჩქარით მოჰყავს მორწმუნენი, რომლებიც იეჰოვასადმი თაყვანსაცემად იერუსალიმისკენ ისწრაფიან.

იეჰოვას ორგანიზაციის ზრდა

15. ა) რომელი ზრდა არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას 60:4—9-ში? ბ) როგორ სულისკვეთებას ავლენენ ჭეშმარიტი ქრისტიანები?

15 რა ნათელი წინასწარმეტყველური სურათია აღწერილი მე-4—9 მუხლებში იმ მსოფლიო ზრდისა, რომელიც 1919 წლიდან შეიმჩნევა! რატომ აკურთხა იეჰოვამ სიონი ასეთი ზრდით? იმიტომ რომ 1919 წლიდან ღვთის ისრაელი მორჩილად და განუწყვეტლივ ირეკლავს იეჰოვას ნათელს. ყურადღება მიაქციეთ თუ არა, რომ, მე-7 მუხლის თანახმად, ახალმოსულები ‘[ღვთის] სამსხვერპლოზე ადიან’? სამსხვერპლო მსხვერპლშესაწირი ადგილია და წინასწარმეტყველების ეს დეტალი შეგვახსენებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება მსხვერპლთან არის დაკავშირებული. მოციქული პავლე წერდა: „შეგაგონებთ... რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება“ (რომაელთა 12:1). პავლეს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტ ქრისტიანებს კმაყოფილებას მხოლოდ კვირაში ერთხელ რელიგიურ მსახურებაზე დასწრება არ ანიჭებთ. ისინი თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლას ახმარენ. განა არ ამშვენებს იეჰოვას სახლს ამ ერთგული თაყვანისმცემლების იქ ყოფნა? როგორც ესაიას წინასწარმეტყველება გვამცნობს, დიახ. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ, თავის მხრივ, ეს გულმოდგინე თაყვანისმცემლებიც მშვენიერნი არიან იეჰოვას თვალში.

16. ვინ უჭერდა მშენებლობას მხარს ძველ დროში და ვინ აკეთებს იმავეს დღეს?

16 ახალმოსულებს მუშაობა სურთ. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს“ (ესაია 60:10). ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას, ისრაელების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებისას, მეფეები და სხვა ერების წარმომადგენლები ნამდვილად ეხმარებოდნენ მათ ტაძრისა და იერუსალიმის აღდგენაში (პირველი ეზრა 3:7; ნეემია 3:26). ამ წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებისას კი უამრავი ხალხი მხარში ამოუდგა ცხებულთა დარჩენილ ნაწილს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენაში ეხმარება. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ქრისტიანული კრების აღშენებაში და ამგვარად განამტკიცებენ იეჰოვას გალავანშემოვლებული, ქალაქისმაგვარი ორგანიზაციის „კედლებს“. ისინი პირდაპირი გაგებითაც მონაწილეობენ მშენებლობაში — აგებენ სამეფო და საკონგრესო დარბაზებსა თუ ბეთელის შენობებს. ამგვარად, ისინი ყოველმხრივ მხარში უდგანან ცხებულ ძმებს, რომლებიც იეჰოვას მზარდი ორგანიზაციის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ!

17. როგორ ამშვენებს იეჰოვა თავის ხალხს?

17 რაოდენ გამამხნევებელია ესაიას 60:10-ის ბოლო სიტყვები! იეჰოვა ამბობს: „თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ“. დიახ, 1918—1919 წლებში თავისი ხალხის გამოსასწორებლად იეჰოვამ გარკვეული ზომები მიიღო. მაგრამ ეს წარსულში მოხდა. ახლა კი ის დროა, როდესაც იეჰოვა ცხებული მსახურებისა და მათი თანამსახური სხვა ცხვრების მიმართ გულმოწყალებას ავლენს. ამას ის გასაოცარი ზრდაც ადასტურებს, რომლითაც იეჰოვამ თავისი ხალხი აკურთხა და ამგვარად, ასე ვთქვათ, ‘დაამშვენა ისინი’.

18, 19. ა) რა დაპირებას იძლევა იეჰოვა მის ორგანიზაციაში მოსასვლელებთან დაკავშირებით? ბ) რაზეა საუბარი ესაიას მე-60 თავის დანარჩენ მუხლებში?

18 ყოველწლიურად ასი ათასობით ახალი ‘უცხო’ უერთდება იეჰოვას ორგანიზაციას და მრავალთათვის გზა ჯერ კიდევ ხსნილია. იეჰოვა სიონს ეუბნება: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ“ (ესაია 60:11). ზოგი მოწინააღმდეგე ცდილობს ამ ‘კარიბჭეების’ ჩაკეტვას, მაგრამ ვიცით, რომ ვერაფერს გახდებიან. თავად იეჰოვამ თქვა, რომ კარიბჭენი ნებისმიერ შემთხვევაში ღია დარჩება. ზრდა კვლავაც გაგრძელდება.

19 ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვამ კიდევ მრავალი სხვა საშუალებით აკურთხა და ამგვარად დაამშვენა თავისი ხალხი. ესაიას მე-60 თავის დანარჩენ მუხლებში წინასწარმეტყველურად არის ნაჩვენები, თუ რა საშუალებებია ეს.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• ვინ არის „დედაკაცი“ და ვისით არის დედამიწაზე წარმოდგენილი?

• როდის იყვნენ სიონის შვილები მიწაზე გართხმულნი და როდის და როგორ ‘წამოდგნენ’ ისინი?

• როგორ წინასწარმეტყველებს იეჰოვა სიმბოლური ენით სამეფოს მაუწყებელთა თანამედროვე ზრდას?

• როგორ გაანათა იეჰოვამ თავისი ხალხი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

იეჰოვამ უბრძანა „დედაკაცს“, რომ ამდგარიყო.

[სურათი 12 გვერდზე]

გემები შორიდან მტრედებს ჰგვანან.