არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მსოფლიო საძმოს დახმარებით განმტკიცებულნი

მსოფლიო საძმოს დახმარებით განმტკიცებულნი

ბიოგრაფია

მსოფლიო საძმოს დახმარებით განმტკიცებულნი

მოგვითხრო ტომსონ კანგალემ

1993 წლის 24 აპრილს ლუსაკაში (ზამბია) ახალი ფილიალის კომპლექსის მიძღვნის პროგრამაზე დამპატიჟეს; კომპლექსში 13 შენობა შედიოდა. სიარული ძალიან მიჭირდა; ამიტომაც ქრისტიანმა დამ, რომელიც ექსკურსიას გვიტარებდა, გულითადად მკითხა: „ხომ არ ისურვებდით, რომ სკამი წამომეღო, რათა დროდადრო შესვენების საშუალება გქონოდათ?“. მე შავკანიანი ვარ, ის კი თეთრი, მაგრამ ამ დისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია. გულაჩუყებულმა დიდი მადლობა გადავუხადე გამოვლენილი სიკეთისთვის, რადგანაც მისი წყალობით ფილიალის ყველა შენობის დათვალიერების საშუალება მომეცა.

წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი შემთხვევა გადამხდენია, რაც გულს სითბოთი მივსებდა და უფრო და უფრო მარწმუნებდა, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ საძმოში არსებობს სიყვარული, რომლის შესახებაც ქრისტე ამბობდა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრების სხვებისგან განმასხვავებელი ნიშანი იქნებოდა (იოანე 13:35; 1 პეტრე 2:17). ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ, როგორ გავეცანი ამ ქრისტიანებს წლების წინათ, 1931 წელს, სწორედ იმ წელს, როდესაც მათ საჯაროდ გამოაცხადეს, რომ სურდათ, ეტარებინათ ბიბლიაზე დაფუძნებული სახელი: იეჰოვას მოწმეები (ესაია 43:12).

იმ შორეულ წლებში აფრიკაში მსახურება

1931 წლის ნოემბერში 22 წლის ვიყავი და კიტვეში ვცხოვრობდი. ეს ქალაქი ჩრდილოეთ როდეზიის (დღევანდელი ზამბიის) კოპერბელტის რეგიონში მდებარეობს. იმ დროს მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად გუნდში ფეხბურთს თამაშობდა, იეჰოვას მოწმეები გამაცნო, რის შემდეგაც მათ რამდენიმე შეხვედრას დავესწარი. შემდეგ კი კეიპტაუნის (სამხრეთი აფრიკა) ფილიალში წერილი გავაგზავნე, რომელშიც ვითხოვდი, რომ ბიბლიის შესასწავლად დამხმარე სახელმძღვანელო „ღვთის არფა“ * გამოეგზავნათ. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე იყო და ენის არც თუ ისე კარგად ცოდნის გამო მისი გაგება გამიჭირდა.

კოპერბელტის რეგიონი ტბა ბანგვეულუს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და მისგან 240 კილომეტრით არის დაშორებული; სწორედ იმ რეგიონის მახლობლად გავიზარდე, სადაც სპილენძის საბადოებში სამუშაოდ სხვა პროვინციებიდან მრავალი მუშა იყო გადმოსული. აქ იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე ჯგუფი ბიბლიის შესასწავლად რეგულარულად იკრიბებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, საცხოვრებლად კიტვედან მეზობელ ქალაქ ნდოლაში გადავსახლდი და იქაურ მოწმეთა ჯგუფს დავუკავშირდი. იმ დროს ფეხბურთის გუნდის, „უელსის პრინცის“, კაპიტანი ვიყავი. პარალელურად „აფრიკან ლეიკს კორპორეიშენის“, ცენტრალურ აფრიკაში მთელი რიგი მაღაზიების მფლობელი კომპანიის, მეპატრონე თეთრ მამაკაცს ვემსახურებოდი.

სკოლაში მაინც და მაინც დიდი განათლება არ მიმიღია და ინგლისური რაც ვიცოდი, იმ ევროპელებისგან მქონდა ნასწავლი, ვისაც ვემსახურებოდი. მიუხედავად ამისა, მთელი გულით მეწადა, მეტი განათლება მიმეღო. ამ მიზნის მისაღწევად პლამტრის, სამხრეთ როდეზიის (ახლანდელი ზიმბაბვე) სკოლაში განვაგრძე სწავლა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კეიპტაუნში არსებულ ფილიალში მეორე წერილი გავგზავნე. ამჯერად ვწერდი, რომ მივიღე „ღვთის არფა“ და იეჰოვასთვის სრული დროით მსახურება მსურდა.

გამიკვირდა, როდესაც შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღე: „ძალიან კარგია, იეჰოვასთვის მსახურების სურვილი რომ გაქვთ. ილოცეთ ამაზე და იეჰოვა დაგეხმარებათ ჭეშმარიტების უკეთესად გაგებასა და მისთვის მსახურებაში თქვენი ადგილის პოვნაში“. წერილის არაერთხელ გადაკითხვის შემდეგ, რამდენიმე მოწმეს ვკითხე, რა უნდა ვქნა-მეთქი. მათ მითხრეს: „თუ ნამდვილად გინდა, რომ იეჰოვას ემსახურო, აღარ გადადო და დღეიდანვე შეუდექი საქმეს“.

მთელი კვირის განმავლობაში ვლოცულობდი, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ საერო განათლება გვერდზე გადამედო და მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა განმეგრძო. მომდევნო წელს, 1932 წლის იანვარში, იეჰოვა ღმერთისთვის თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. ნდოლადან მეზობელ ქალაქ ლუანშიაში გადასვლის შემდეგ ჯანეტი, ჩვენი თანამორწმუნე, გავიცანი და 1934 წლის სექტემბერში დავქორწინდით კიდეც. ამ დროისთვის ჯანეტს უკვე ორი შვილი, ბიჭი და გოგო, ჰყავდა.

თანდათანობით სულიერად გავიზარდე და 1937 წელს სრული დროით მსახურება დავიწყე. ცოტა ხნის შემდეგ მიმომსვლელ ზედამხედველად ანუ სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. მიმომსვლელი ზედამხედველები იეჰოვას მოწმეთა კრებებს ინახულებენ და სულიერად განამტკიცებენ მათ.

საძირკვლის ჩაყრა

1938 წლის იანვარში ერთ აფრიკელ თანამდებობის პირთან მისვლა დამევალა; ამ კაცს სოკონტვე ერქვა. ის ითხოვდა, რომ იეჰოვას მოწმეებს მოენახულებინათ. გავუდექი გზას და იმ ტერიტორიამდე ველოსიპედით მისვლას სამი დღე მოვანდომე. როდესაც სოკონტვეს მოვუყევი, რომ კეიპტაუნის ოფისში მისი წერილი მიიღეს და ამის საპასუხოდ გამომაგზავნეს მასთან, კაცი უსაზღვროდ მადლიერი დარჩა.

მის განმგებლობაში შემავალ ტერიტორიაზე ქოხები დავიარე და ყველა „ინსაკაში“ (დიდი ფარდული, სადაც საჯარო შეხვედრები იმართებოდა) მივიწვიე. ხალხი როგორც კი მოგროვდა, საუბარი დავიწყე. შედეგად, მრავალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. სოფლის თავი და მისი მდივანი პირველები გახდნენ იქაური კრებების ზედამხედველები. დღეს ამ ტერიტორიაზე, რომელიც სამფიად არის ცნობილი, 50-ზე მეტი კრებაა.

1942—1947 წლებში ტბა ბანგვეულუს მიმდებარე რეგიონებში ვმსახურობდი. თითოეულ კრებაში 10 დღე ვრჩებოდი. სულიერ მკაში მონაწილენი ძალიან ცოტანი ვიყავით და ამიტომაც ისეთივე გრძნობები გვეუფლებოდა, როგორიც ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც თქვა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:36—38). იმ წლებში მიმოსვლა საკმაოდ რთული იყო, ამიტომ, როდესაც მე კრებებში მივდიოდი მონახულებებზე, ჯანეტი ბავშვებთან ერთად ლუანშიაში რჩებოდა. ამ დანიშნულებით მსახურებისას ორი შვილი შეგვეძინა, მაგრამ ერთი 10 თვისა დაგვეღუპა.

ეს იყო დრო, როდესაც ავტომობილიცა და საავტომობილო გზაც იშვიათობას წარმოადგენდა. ერთხელ ჯანეტის ველოსიპედით 200 კილომეტრზე მეტი გავიარე. ზოგჯერ, როდესაც გზად რომელიმე პატარა მდინარის გადალახვა მიწევდა, ველოსიპედს მხარზე გავიდებდი, ცალი ხელით მას ვიჭერდი, ცალით კი მივცურავდი. სხვათა შორის, ლუანშიაში მოწმეთა რიცხვი საოცრად გაიზარდა და 1946 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 1850 ადამიანი ესწრებოდა.

წინააღმდეგობა

ერთხელ, მეორე მსოფლიო ომის დროს, კავამბვას მთავრობის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დამიბარა და მითხრა: «შეწყვიტე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წიგნების გამოყენება, რადგან ახლა თქვენი ლიტერატურა აკრძალულია. მე მოგცემ ნაშრომებს, რომლებიც შენი საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო სხვა წიგნების დასაწერად გამოგადგება».

— მე სრულიად მაკმაყოფილებს ჩვენი ლიტერატურა, სხვა რამ მე არ მჭირდება, — ვუპასუხე მას.

— როგორ გეტყობა, რომ ამერიკელებს არ იცნობ, ისინი გაგაცურებენ (მაშინ ჩვენი ლიტერატურა შეერთებულ შტატებში იბეჭდებოდა).

— სულაც არა. ვისთანაც მე მაქვს საქმე, ისინი არ გამაცურებენ.

— იქნებ შენს კრებებს ის მაინც უთხრა, რომ სხვა რელიგიების მსგავსად ომისთვის ფულადი შესაწირავები გაიღონ?

— ეს მთავრობის მოხელეების საქმეა და არა ჩემი.

— იქნებ სახლში უკეთ მოგეფიქრებინა პასუხი, — შემომთავაზა მან.

გამოსვლის 20:13-სა და 2 ტიმოთეს 2:24-ში ბიბლია გვიბრძანებს, არა ვკლათ და არც ომებში მივიღოთ მონაწილეობა, — ვუპასუხე მე.

მაშინ კი გამიშვეს სახლში, მაგრამ მოგვიანებით ფორტ-როზბერში (ახლა ამ ქალაქს მანსა ეწოდება) მთავრობის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გამომიძახა და მითხრა: „იმისათვის დაგიბარე, რომ მეთქვა, მთავრობამ აკრძალა თქვენი წიგნები“.

— ვიცი, ამის შესახებ მსმენია, — ვუპასუხე მე.

— მაშ, წადი ახლა და დაიარე ყველა კრება და შენს თანამორწმუნეებს უთხარი, რომ თავიანთი ყველა წიგნი აქ მოიტანონ. გაიგე?

— ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის. ეს მთავრობის წარმომადგენლებს ევალებათ, — ვუპასუხე მე.

შემთხვევით შეხვედრას ნაყოფი გამოაქვს

ომის შემდეგ ქადაგება კვლავაც განვაგრძეთ. 1947 წელს ის-ის იყო მვანზას ერთ-ერთი სოფლის კრებაში მონახულება დავასრულე, რომ ჩაის დალევა მომინდა და ვიკითხე, სად შეიძლებოდა მისი ყიდვა. მისტერ ნკოდის სახლისკენ მიმასწავლეს, რომელსაც ჩაის დალევის მსურველთათვის ერთი პატარა საჩაიე ჰქონდა. მისტერ ნკოდმა და მისმა მეუღლემ თბილად მიმიღეს. სახლის პატრონს ვკითხე, სანამ მე ჩაის ვსვამდი, ხომ არ ისურვებდა წიგნიდან „დაე მართალი იყოს ღმერთი“ წაეკითხა ერთ-ერთი თავი „ჯოჯოხეთი, ადგილი, სადაც განისვენებენ და მდგომარეობაც უიმედო არ არის“.

ჩაის სმის დამთავრების შემდეგ მასპინძელს ვკითხე: მაშ, როგორ ფიქრობთ, რა არის ჯოჯოხეთი? წაკითხულით განცვიფრებულმა ნკოდმა იეჰოვას მოწმეებთან შესწავლა დაიწყო, მოგვიანებით კი მეუღლესთან ერთად მოინათლნენ. თუმცა ის დღეს აღარ არის იეჰოვას მოწმე, მისი ცოლი და რამდენიმე შვილი არიან. ერთ-ერთი შვილი, პილნეი, ზამბიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს. პილნეის დედა ახლა საკმაოდ ხანდაზმულია, მაგრამ დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

მცირე ხნით აღმოსავლეთ აფრიკაში

ჩრდილოეთ როდეზიაში მდებარე ფილიალიდან, რომელიც ლუსაკაში 1948 წლიდან ფუნქციონირებს, მივიღე დანიშნულება — ტანგანიიკაში (დღევანდელი ტანზანია) მაგზავნიდნენ. ცოლთან და კიდევ ერთ მოწმესთან ერთად ფეხით შევუდექით მთიანი რეგიონის გადალახვას. გზას სამი დღე მოვუნდით და საშინლად დავიღალეთ. მე წიგნების შეკვრა მომქონდა, მეუღლეს ტანსაცმელი, ხოლო მოწმეს, რომელიც ჩვენთან ერთად მოდიოდა, ჩვენი ქვეშაგები.

მბეიაში 1948 წლის მარტში ჩავედით. იმ დროს იქ ძმებს გარკვეულ საკითხებში ძალიან დიდი დახმარება სჭირდებოდათ, რათა უფრო ზუსტად მიჰყოლოდნენ ბიბლიურ სწავლებებს. ჯერ ერთი, იმ არე-მარეში ჩვენ „საგუშაგო კოშკის“ ხალხად გვიცნობდნენ. თუმცა ძმებს უკვე მიღებული ჰქონდათ სახელი „იეჰოვას მოწმეები“, ხალხისთვის ეს ცნობილი არ იყო. გარდა ამისა, ზოგი მოწმე მკვდრებისთვის პატივის მიგებასთან დაკავშირებულ გარკვეულ ჩვეულებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც თავი უნდა დაენებებინათ. მაგრამ, ალბათ, ბევრისთვის ყველაზე რთული ქორწინების კანონიერად რეგისტრირება და ამგვარად ამ კავშირის ყველას წინაშე ღირსეულად წარდგენა იყო (ებრაელთა 13:4).

მოგვიანებით წილად მხვდა პატივი, მემსახურა აღმოსავლეთ აფრიკაში და მათ შორის უგანდაშიც. დაახლოებით ექვს თვეს დავყავი ენტებესა და კამპალაში, სადაც მრავალს დავეხმარეთ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ შემეცნების მიღებაში.

ნიუ-იორკში მიწვევა

უგანდაში გარკვეული დროის განმავლობაში მსახურების შემდეგ, 1956 წლის დასაწყისში, დარ-ეს-სალამში, ტანგანიიკის დედაქალაქში, ჩავედი. იქ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მიღებული წერილი მელოდა. წერილში მირჩევდნენ, რომ უკვე დამეწყო ნიო-იორკში საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად მომზადება; ეს კონგრესი 1958 წლის 27 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 3 აგვისტოს დამთავრებულიყო. რა თქმა უნდა, სიხარულისგან ცას ვეწიე.

როგორც კი წასვლის დრო მოახლოვდა, მე და კიდევ ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი, ლუკა მვანგო, ჯერ ნდოლადან სოლზბერში (დღევანდელი ჰარარე, სამხრეთ როდეზია) ჩავფრინდით, შემდეგ კი ნაირობიში (კენია). აქედან გადავფრინდით ლონდონში, სადაც ძალიან თბილად მიგვიღეს. უკვე ლოგინში ჩაწოლილები საოცრად აღფრთოვანებულები ერთმანეთს გაუთავებლად იმაზე ველაპარაკებოდით, რომ ჩვენ, აფრიკელები, ასე თბილად მიგვიღეს თეთრკანიანმა ადამიანებმა. ამ შემთხვევამ ძალიან გაგვამხნევა.

ბოლოს, ინგლისიდან ნიუ-იორკში ჩავედით, სადაც კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. კონგრესის ერთ-ერთ დღეს მე წარვადგინე ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ჩრდილოეთ როდეზიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა. იმ დღეს ნიუ-იორკში პოლო გრაუნდზისა და იანკის სტადიონებზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით 200000-ს შეადგენდა. იმ ღამეს ვეღარ დავიძინე; თავში სულ ის მიტრიალებდა, თუ რაოდენ დიდებული პატივი მხვდა წილად.

კონგრესის დღეებმა სწრაფად გაიქროლა და სახლებში დავბრუნდით. უკან დაბრუნებისას ინგლისელმა ძმებმა და დებმა კვლავაც დიდი სიყვარული და სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს ჩვენ მიმართ. არასოდეს დაგვავიწყდება, იეჰოვას ხალხს შორის რასისა თუ ეროვნების მიუხედავად არსებული ის ერთიანობა, რომლის მოწმენიც ამ მოგზაურობისას თავად გავხდით!

მსახურების გაგრძელება და განსაცდელები

1967 წელს საოლქო მსახურად დამნიშნეს (საოლქო ზედამხედველის მოვალეობაში რაიონების მომსახურება შედის). იმ დროს იქ მოწმეთა რიცხვი საოცრად გაიზარდა და 35000-ს გადააჭარბა. მოგვიანებით ჯანმრთელობის შერყევის გამო კვლავ კოპერბელტის სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. მალე ჯანეტი სერიოზულად დაავადდა და 1984 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული მსახური იყო.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ დიდი ტკივილი მომაყენა მისი ნათესავების სიტყვებმა; მათ ჯანეტის სიკვდილში მე დამადანაშაულეს და მითხრეს, რომ ყველაფერი შენი ბრალია, რადგან შენ ჯადოქარს ემსახურებიო. მაგრამ მის ნათესავთაგან რამდენიმემ, ვინც ჯანეტის ავადმყოფობის შესახებ იცოდა და მის ექიმთან ჰქონდა ნასაუბრები, სხვებს ყოველივე აუხსნეს და სიმართლე დაანახვეს. შემდეგ სხვა გამოცდის წინაშე აღმოვჩნდი. ზოგ ნათესავს სურდა, რომ შემესრულებინა ტრადიციული ჩვეულება, რომელსაც „უკუპიანიკა“ ეწოდებოდა. იმ რეგიონში, საიდანაც წარმოშობით მე ვარ, ამ ჩვეულების თანახმად მოითხოვება, რომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ, დაქვრივებულმა ქმარმა ან ცოლმა გარდაცვლილის ახლო ნათესავთან იქონიოს სქესობრივი კავშირი. რა თქმა უნდა, ამაზე ცივი უარი განვაცხადე.

ბოლოს, როგორც იქნა, ნათესავების მხრიდან შემოტევაც დასრულდა. დიდად ვემადლიერებოდი იეჰოვას იმისათვის, რომ მყარი პოზიციის დაჭერაში დამეხმარა. მეუღლის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ ერთი ძმა მოვიდა ჩემთან და მითხრა: „ძმაო კანგალე, შენ ნამდვილად ძალიან გაგვამხნევე ყველა იმით, რომ ცოლის სიკვდილისას ღვთისთვის მიუღებელი არც ერთი ტრადიცია არ დაგიცავს. ამიტომ მთელი გულით გვინდა, რომ მადლობა გითხრათ“.

საოცარი მკა

ახლა უკვე 65 წელია, რაც იეჰოვას სრული დროით ვემსახურები. რაოდენ სასიხარულო იყო ამ წლების განმავლობაში ასობით კრების დაფუძნებისა და მრავალი სამეფო დარბაზის აშენების ხილვა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი! 1943 წელს იქ დაახლოებით 2800 მოწმე ვიყავით, ახლა კი ზამბიაში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვმა 122000-ს გადააჭარბა. გასულ წელს ამ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 11 მილიონამდეა, გახსენების საღამოს 514000 ესწრებოდა.

ამასობაში კი იეჰოვა მზრუნველობას არ მაკლებს. როდესაც ჯანმრთელობის მხრივ დახმარებას ვსაჭიროებ, ქრისტიან ძმებს საავადმყოფოში მივყავარ. კრებებში ჯერაც მიწვევენ საჯარო მოხსენებების წარმოსათქმელად, რაც ძალიან მამხნევებს. ჩემი კრების წევრი ქრისტიანი დები მორიგეობით მოდიან და სახლს მილაგებენ, ძმები კი ყოველთვის მაკითხავენ, რათა კრების შეხვედრებზე ერთად წავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს მივიღებდი ამდენ სიყვარულსა და მზრუნველობას, იეჰოვას მსახური რომ არ ვყოფილიყავი. დიდად ვემადლიერები ღმერთს იმისათვის, რომ დღემდე სრული დროით მსახურების გაგრძელებისა და მრავალი პასუხისმგებლობის შესრულების საშუალება მომცა.

მხედველობა ძალიან დამისუსტდა; აგრეთვე სამეფო დარბაზში სიარულიც მიჭირს და გზაში რამდენჯერმე ვისვენებ. წიგნების ჩანთაც დღეს უფრო მამძიმებს და ჩანთიდან ვიღებ ყველა წიგნს, რომლებიც შეხვედრაზე შეიძლება არ დამჭირდეს. ჩემი სამქადაგებლო მსახურებაც, ძირითადად, იმ ადამიანებთან ბიბლიის შესწავლით შემოიფარგლება, რომლებიც ჩემთან მოდიან სახლში. მაგრამ რამდენად სასიამოვნოა, როდესაც უკან ვიხედები და ვფიქრობ იმ სასწაულებრივ ზრდაზე, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მოხდა. სწორედ იქ მომიწია სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა, სადაც განსაკუთრებით შესრულდა ესაიას 60:22-ში ჩაწერილი სიტყვები! ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. მართლაც, სწორედ ამის შესრულების მოწმე გავხდი და ეს ხდებოდა არა მხოლოდ ზამბიაში, არამედ მთელ მსოფლიოში *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ უკვე აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 50 სამწუხაროდ, სანამ ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა, ძმა კანგალეს ძალებმა უმტყუნა და იეჰოვას ეს ერთგული მსახური გარდაიცვალა.

[სურათები 24 გვერდზე]

ტომსონი ზამბიაში არსებული ფილიალის ფონზე.

[სურათი 26 გვერდზე]

ფილიალი ზამბიაში დღეს.