ნუ მოტყუვდებით!
ნუ მოტყუვდებით!
მოტყუება თითქმის ისეთივე ძველია, როგორც თვით კაცობრიობა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აღიწერა, მოტყუებას ეხებოდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ედემის ბაღში სატანამ ევა შეაცდინა (დაბადება 3:13; 1 ტიმოთე 2:14).
მას შემდეგ, დედამიწაზე ყოველთვის ფართოდ იყო გავრცელებული მსგავსი ქმედებები, მაგრამ დღეს ის განსაკუთრებით არის გაბატონებული. ჩვენი დღეების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველება გვაფრთხილებს: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:13).
ხალხი ათასგვარი მეთოდებით შეჰყავთ შეცდომაში. თაღლითები და გაიძვერები თავიანთ მსხვერპლთ ფულს სტყუებენ. ზოგი პოლიტიკოსი თავის ამომრჩევლებს ატყუებს, რათა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თანამდებობა შეინარჩუნოს. ზოგჯერ ადამიანები საკუთარ თავსაც იტყუებენ. ნაცვლად იმისა, რომ სიმართლეს თვალებში შეხედონ, თავს ირწმუნებენ, რომ მოწევას, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასა თუ სქესობრივ უზნეობას არავითარი ზიანი არ მოაქვს.
შეცდომაში შეჰყავთ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებითაც. იესოს დღეებში რელიგიურ წინამძღოლებს ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ. იმ მატყუარების შესახებ იესომ თქვა: „ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“ (მათე 15:14). გარდა ამისა, რელიგიურ საკითხებშიც იტყუებს ხალხი თავს. იგავნის 14:12-ში ნათქვამია: „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“.
როგორც იესოს დღეებში, ისე დღესაც რელიგიურ საკითხებში მრავალი შეცდომაშია შეყვანილი და ეს გასაკვირი სულაც არ არის! მოციქულმა პავლემ თქვა, რომ სატანამ „დაუბრმავა გონება [ადამიანებს], რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, იმისი ვინც უხილავი ღვთის ხატია“ (2 კორინთელთა 4:4).
თუ ვიღაც გაიძვერა გვატყუებს, დავკარგავთ ფულს, თუ პოლიტიკური მოღვაწე — გარკვეულ თავისუფლებას, მაგრამ თუ სატანა გვატყუებს და არ მივიღებთ იესო ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტებას — მარადიულ სიცოცხლეს! ასე რომ, ნუ მოვტყუვდებით. ნუ დავიხშობთ გულსა და გონებას რელიგიური ჭეშმარიტების უტყუარი წყაროდან, ბიბლიდან, ინფორმაციის მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძვირად დაგვიჯდება (იოანე 17:3).