საერთაშორისო კონგრესები 2003 წელს
საერთაშორისო კონგრესები 2003 წელს
ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზის შტატი, აშშ) 2001 წლის 6 ოქტომბერს, შაბათს, პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წევრების ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საზოგადოების წევრებმა და სტუმრებმა სპეციალური პროგრამა მოისმინეს. მომდევნო დღეს დამატებითი შეხვედრები კანადისა და შეერთებული შტატების ოთხ ქალაქში ჩატარდა. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა ბოლო მოხსენების, დასასრულს შემდეგი განცხადება გააკეთეს:
„მომავლის მოლოდინში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვთის ხალხმა არ მიატოვოს ერთობლივი შეკრებები. მოციქული პავლე მოგვიწოდებდა, რომ შევკრებილიყავით არა მხოლოდ ერთმანეთის გასამხნევებლად, არამედ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავინახავდით იეჰოვას დიდი და შიშისმომგვრელი დღის მოახლოებას (ებრაელთა 10:24, 25). ამ ბიბლიური მითითების თანახმად, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს [2002] მსოფლიოს ყოველ კუთხეში ჩატარდება საოლქო კონგრესები. ხოლო თუ იეჰოვა ინებებს, 2003 წელს, შესაძლოა, მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში საერთაშორისო კონგრესებიც კი ჩატარდეს. ახლა დროა, ვიფხიზლოთ და თვალი ვადევნოთ მსოფლიო მოვლენების განვითარებას“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთისოფლის აღსასრულის მოახლოებისას დიდი ცვალებადობა და დაძაბულობა შეინიშნება, ღვთის ხალხის საქმიანობამ კვლავაც წინ უნდა წაიწიოს. ყოველი ერის, ტომისა და ენის ხალხს უნდა ეუწყოს სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ, მათ შორის ბიბლიური გაფრთხილება, რათა ‘ეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგონ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი’ (გამოცხადება 14:6, 7). ამგვარად, ჩვენი ზეციერი მამის ნება-სურვილის შესაბამისად, 2003 წლისთვის დაგეგმილია საერთაშორისო კონგრესების ჩატარება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
თავდაპირველად ასეთი შეხვედრების ჩატარება დაგეგმილია ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ქალაქში, ცოტა ხნის შემდეგ კი — ევროპაში. ამავე წელს, ცოტა მოგვიანებით, ორგანიზება გაეწევა დელეგატთა ჯგუფების გამგზავრებას აზიის რიგ ქალაქებში; ხოლო წლის ბოლოს დელეგატთა დამატებითი ჯგუფები გაემგზავრებიან აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და წყნარი ოკეანის რეგიონებში. ზოგიერთმა ფილიალმა შეიძლება მოითხოვოს დელეგატთა შეზღუდული რაოდენობის გაგზავნა ამ განსაკუთრებულ კონგრესებზე; ამგვარად, შეუძლებელი იქნება ყველას მოწვევა ამ კონგრესებზე. მიუხედავად ამისა, გამამხნევებელი იქნება თითოეულ ასეთ კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დელეგატების ხილვა.
იეჰოვას მოწმეთა კრებები მალე მიიღებენ ინფორმაციას ამ შეხვედრებთან დაკავშირებით. ამ კონგრესების ჩატარების ზუსტს თარიღსა და ადგილს, სადაც მოწვეულ დელეგატებს შეეძლებათ დასწრება, ამავე ქვეყნის ფილიალები შეატყობინებენ კრებებს. ამიტომ გთხოვთ, ჯერჯერობით ნუ მოგვწერთ და ნუ დაიწყებთ გამოკითხვას ამის თაობაზე.
არჩეული დელეგატები მიძღვნილი და მონათლული მოწმეები უნდა იყვნენ, რომლებიც სამაგალითონი არიან და ძმურ სიყვარულს ავლენენ ადგილობრივი თანაქრისტიანებისადმი. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ძმებს, გულთბილად შეხვდნენ მათ და სტუმართმოყვარეობა გამოავლინონ მათდამი (ებრაელთა 13:1, 2). შედეგი კი ‘ურთიერთგამხნევება‘ იქნება (რომაელთა 1:11, 12, აქ). დაწვრილებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ის ფილიალები მოგაწვდიან, რომლებმაც უნდა გააგზავნონ დელეგატები ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.
სამდღიანი საოლქო კონგრესები 2003 წლისთვის, ჩვეულებრივ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჩატარდება. ერთად შეკრებით ყველა შევძლებთ ‘მოვისმინოთ, ვისწავლოთ და ვინუგეშოთ’ (მეორე რჯული 31:12; 1 კორინთელთა 14:31). ეს კი საშუალებას მისცემს ღვთის ხალხს, ‘განიცადოს და ნახოს, რომ კარგია უფალი’ (ფსალმუნი 33:9). ყველა საერთაშორისო კონგრესს, მათ შორის მრავალ საოლქო კონგრესს, დაესწრებიან მისიონერები, რომელთაგან ზოგიერთი პროგრამაშიც მიიღებს მონაწილეობას.
წელს კი დავტკბებით საოლქო კონგრესით „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“, რაც სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტად დავამოწმოთ. თუ ამგვარად ვიქცევით, უფრო მეტი მონდომებით დაველოდებით იმას, რასაც იეჰოვა მომავალი წლისთვის გვიმზადებს. ეს დაგვეხმარება ‘ვიფხიზლოთ და მზად ვიყოთ’ ამ კრიტიკულ და მნიშვნელოვან დროს (მათე 24:42—44).