არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის თაყვანისცემა „სულით“

ღვთის თაყვანისცემა „სულით“

ღვთის თაყვანისცემა „სულით“

„ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?“

(ესაია 40:18).

შესაძლოა, გულწრფელად გწამთ, რომ ხატების გამოყენება ღვთისადმი თაყვანისცემაში მისაღებია. შეიძლება ფიქრობთ, რომ ისინი გაახლოებენ ლოცვების მომსმენთან, რომელიც უხილავია და ამიტომ მისი პიროვნებად აღქმა გიჭირთ ან თავად ღმერთი აბსტრაქტული გეჩვენებათ.

მაგრამ გვაქვს თუ არა სრული თავისუფლება იმაში, რომ თავად ავირჩიოთ ღმერთთან მიახლოების საშუალება? განა, საერთო ჯამში, ღმერთი არ უნდა წყვეტდეს იმას, რა არის მისაღები და რა — არა? იესომ განმარტა, თუ რა შეხედულება აქვს ღმერთს ამასთან დაკავშირებით: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). მხოლოდ ეს სიტყვებიც კი კმარა იმის დასანახად, რომ ღმერთი კრძალავს ხატების ან სხვა წმინდა საგნების გამოყენებას.

დიახ, ღმერთისთვის განსაკუთრებული სახის თაყვანისცემაა მისაღები. მაინც როგორი? ერთხელ იესომ თქვა: „დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23, 24).

შეიძლება თუ არა ღმერთის, რომელიც სულია, გამოსახულების შექმნა? არა. რაოდენ ლამაზიც უნდა იყოს ხატი, ის ვერასდროს აირეკლავს ღვთის დიდებას. შეუძლებელია ღვთის ხატების სრულყოფილად წარმოსახვა (რომაელთა 1:22, 23). შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთს ხელთქმნილი ხატებით უახლოვდება, „ჭეშმარიტებით“ სცემს მას თაყვანს?

ნათელი ბიბლიური სწავლება

ღვთის კანონი კრძალავდა გამოსახულებების თაყვანისცემას. ათი მცნებიდან მეორეში ნათქვამი იყო: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ (გამოსვლა 20:4, 5). ღვთივსულიერ ქრისტიანულ წერილებშიც ნათქვამია: „განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელთა 10:14).

მართალია, მრავალი ამტკიცებს, რომ თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენება კერპთაყვანისმცემლობას არ ნიშნავს. მაგალითად, მართლმადიდებელი ქრისტიანები ხშირად უარყოფენ იმას, რომ სინამდვილეში ხატებს ემსახურებიან, რომელთა წინაშეც ქედს იხრიან, მუხლს იდრეკენ და ლოცულობენ. ერთი მართლმადიდებელი მღვდელი წერდა: „ისინი წმინდა საგნებია, ამიტომ ჩვენ პატივს მივაგებთ მათ და ვეთაყვანებით იმას, რაც მათზეა გამოსახული“.

მაგრამ კვლავ ღიად რჩება კითხვა: იწონებს თუ არა ღმერთი, ასე ვთქვათ, არაპირდაპირი თაყვანისცემისთვის ხატების გამოყენებას? ბიბლიაში არსად არ არის გამართლებული ასეთი თაყვანისცემა. როდესაც ისრაელებმა თითქოსდა იეჰოვას განსადიდებლად ხბოს ქანდაკება ჩამოასხეს, ამით ძლიერ განარისხეს ღმერთი, რომელმაც მათ ეს მოქმედება განდგომილებაში ჩაუთვალა (გამოსვლა 32:4—7).

ფარული საფრთხე

თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენება სახიფათოა. ამან ადამიანები ადვილად შეიძლება შეიტყუოს ღვთის ნაცვლად იმ საგნისადმი თაყვანისმცემლობაში, რომელიც თითქოსდა მისი განსახიერებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხატი კერპთაყვანისმცემლობის მთავარი ობიექტი ხდება.

იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ისრაელების დროს არსებული მრავალი საგანი. მაგალითად, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში ყოფნისას, მოსემ სპილენძის გველი ჩამოასხა. თავდაპირველად კეტზე მიმაგრებული გველი განკურნების საშუალება იყო. მას, ვინც გველისგან დაკბენით ისჯებოდა, შეეძლო სპილენძის გველისთვის შეეხედა და ღვთის დახმარება მიეღო. მაგრამ აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ, ხალხმა, როგორც ჩანს, ის კერპად აქცია, თითქოსდა თვით ამ სპილენძის გველს შესწევდა განკურნების ძალა. ისინი საკმეველსაც უკმევდნენ მას და სახელიც კი შეარქვეს, ნეხუშთანი (რიცხვნი 21:8, 9; მეოთხე მეფეთა 18:4).

ისრაელებმა შეთანხმების კიდობნის მტრების წინააღმდეგ თილისმად გამოყენებაც კი სცადეს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა (პირველი მეფეთა 4:3, 4; 5:11). იერემიას დღეებში კი იერუსალიმის მცხოვრებთ ტაძარი უფრო ადარდებდათ, ვიდრე ღმერთი, რომელსაც ამ ტაძარში სცემდნენ თაყვანს (იერემია 7:12—15).

ღვთის ნაცვლად საგნების თაყვანისცემის ტენდენცია დღესაც საკმოდ გავრცელებულია. მკვლევარი ვიტალი პეტრენკო აღნიშნავს: „ხატი... თაყვანისცემის საგანი ხდება და კერპთაყვანისმცემლობის საშიშროებას ქმნის... უნდა ვაღიაროთ, რომ მას სინამდვილეში წარმართული წარმოშობა აქვს; დიახ, ქრისტიანობაში წარმართობიდან შემოვიდა ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა მრწამსი, რომელსაც თან მოჰყვა ხატებისადმი თაყვანისცემაც“. მსგავსადვე, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი დიმიტრიოს კონსტანტელოსი თავის წიგნში აღნიშნავს: „ქრისტიანისთვის დასაშვებია, ხატს თაყვანი სცეს“ (Understanding the Greek Orthodox Church).

იმის მტკიცება, რომ ხატი თაყვანისცემაში მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, ძალიან საეჭვოა. რატომ? განა სინამდვილეში მარიამის ან „წმინდანების“ ზოგიერთი ხატი უფრო მეტ მოწიწებას არ იმსახურებს და უფრო ძლიერად არ ითვლება, ვიდრე მათივე სხვა ხატები? მაგალითად, ტინოსის (საბერძნეთი) მარიამის ხატს თავისი გულმოდგინე მართლმადიდებელი თაყვანისმცემლები ჰყავს, რომელთაც ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე სოუმელას მონასტრის მარიამის ხატის ასეთივე ერთგული თაყვანისმცემლები უპირისპირდებიან. ორივე ჯგუფის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ხატი სხვებზე უმჯობესია, მეორეზე უფრო დიდი სასწაულების მოხდენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხატზე ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული. ამგვარად, ფაქტობრივად, ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეულ ხატებს ძალა აქვთ და მათ ემსახურებიან.

მარიამისა თუ „წმინდანებისადმი“ ლოცვის აღვლენა?

რა შეიძლება ითქვას პიროვნებების, მაგალითად, მარიამის ან „წმინდანების“, თაყვანისცემაზე? როდესაც სატანა იესოს შეცდენას ცდილობდა, მან მეორე რჯულის 6:13–ში ჩაწერილი სიტყვებით უპასუხა: „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:10). მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა მხოლოდ „მამას“ უნდა სცენ თაყვანი (იოანე 4:23). ანგელოზს ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მოციქული იოანე მისი თაყვანისცემის მცდელობისთვის გაკიცხა: „ნუ იზამ ამას... ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 22:9).

მართებულია, ვილოცოთ იესოს დედის, მარიამის, ან რომელიმე „წმინდანის“ მიმართ, რათა მათ ღმერთთან გვიშუამდგომლონ? ბიბლია არაორაზროვნად გვპასუხობს: „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი — კაცი ქრისტე იესო“ (1 ტიმოთე 2:5).

გაუფრთხილდით ღმერთთან თქვენს ურთიერთობას

თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენება, რომელიც ბიბლიის ნათელ სწავლებას ეწინააღმდეგება, ადამიანს ღმერთის კეთილგანწყობილების მოპოვებასა და გადარჩენაში ვერ დაეხმარება. პირიქით, იესომ აღნიშნა, რომ მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შემეცნების მიღებაზე, მისი უბადლო პიროვნების გაცნობაზე, მისი განზრახვებისა და ადამიანებთან ურთიერთობის გაგებაზეა დამოკიდებული (იოანე 17:3). ხატები, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ ლაპარაკობენ, ადამიანს ღმერთის გაცნობასა და მისთვის მისაღები სახით თაყვანისმცმელობაში ვერ დაეხმარებიან (ფსალმუნი 113:12—16). ღვთის გაცნობა მხოლოდ მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლითაა შესაძლებელი.

ხატების თაყვანისცემა გარდა იმისა, რომ უსარგებლოა, სულიერ საშიშროებასაც ქმნის. როგორ? პირველ რიგში, ამას შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. ისრაელების შესახებ, რომლებმაც „გააჯავრეს უცხო ღმერთებით“, ღმერთმა იწინასწარმეტყველა: „დავუმალავ ჩემს სახეს“ (მეორე რჯული 32:16, 20). ისინი ღმერთთან ურთიერთობის აღდგენას იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ შეწყვეტდნენ კერპებისადმი თაყვანისცემას (ესაია 31:6, 7).

ამიტომ, მართლაც რომ მართებულია ბიბლიური რჩევა: „შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან!“ (1 იოანე 5:21).

[ჩარჩო 6 გვერდზე]

მათ „სულით“ თაყვანისცემა დაიწყეს

ოლივერა ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგული წევრი იყო. 1967 წელს, როდესაც ქვეყანაში რელიგია აიკრძალა, ამ ღვთისმოსავ ქალს რელიგიური მსახურებისთვის თავი არ დაუნებებია და ამას საიდუმლოდ აკეთებდა. თავის მცირე პენსიას ის თითქმის მთლიანად ოქროსა და ვერცხლის ხატებში, საკმეველსა და სანთლებში ხარჯავდა. ხატებს ის ლოგინში მალავდა და ხშირად ლოგინის გვერდით სკამზე ათევდა ღამეს იმის შიშით, რომ ისინი არ დაენახათ ან არ მოეპარათ. 90-იანი წლების დასაწყისში ოლივერას იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს; მან მათ სიტყვებში ბიბლიური ჭეშმარიტება დაინახა. გაიგო, რას ლაპარაკობს ბიბლია „სულით“ ჭეშმარიტ თაყვანისცემასთან დაკავშირებით და როგორი თვალსაზრისი აქვს ღმერთს ხატების გამოყენებაზე (იოანე 4:24). მოწმემ, რომელიც ოლივერასთან ბიბლიის შესწავლას ატარებდა, შენიშნა, რომ ყოველი მონახულების დროს მის სახლში ხატების რაოდენობა მცირდებოდა. საბოლოოდ, ისინი სრულიად გაქრა მისი ბინიდან. მონათვლის შემდეგ ოლივერამ განაცხადა: „ახლა უსარგებლო ხატების ნაცვლად იეჰოვას სულიწმიდა მაქვს. მადლობა ღმერთს, რომ მისი სულიწმიდის მისაღებად ხატები არ მესაჭიროება“.

კუნძულ ლესბოსზე (საბერძნეთი) მცხოვრები ათენა მართლმადიდებლური ეკლესიის ძალიან აქტიური წევრი იყო. ის ეკლესიის გუნდში მღეროდა და გულმოდგინედ იცავდა რელიგიურ ტრადიციებს. ის ხატებსაც ეთაყვანებოდა. იეჰოვას მოწმეები ათენას იმის დანახვაში დაეხმარნენ, რომ ყველაფერი, რასაც მას ასწავლიდნენ, არ ეთანხმებოდა ბიბლიას. ეს თაყვანისმცემლობაში ხატებისა და ჯვრის გამოყენებასაც ეხებოდა. ათენამ მოისურვა, თავად გამოეკვლია ამ რელიგიური სიმბოლოების წარმოშობა. სხვადასხვა ნაშრომების გულმოდგინე გამოკვლევის შემდეგ, ის დარწმუნდა, რომ ეს საგნები არაქრისტიანული წარმოშობის იყო. რადგან მას სურდა „სულით“ ეცა თაყვანი ღმერთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძვირადღირებული იყო, მან თავიდან მოიცილა ხატები. ათენა მზად იყო ნებისმიერი მატერიალური დანაკლისისთვის, ოღონდ ღმერთისთვის სუფთა და მისაღები სახით ეცა თაყვანი (საქმეები 19:19).

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

ხატი, როგორც ხელოვნების ნიმუში?

ამ ბოლო წლებში მსოფლიოში მრავალი კოლექციონერი აგროვებს მართლმადიდებლურ ხატებს. ჩვეულებრივ, კოლექციონერები ხატს წმინდა რელიგიურ სიმბოლოდ კი არ მიიჩნევენ, არამედ ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მრავალი ხატი იმათ სახლებს ამშვენებს, ვინც თავს ათეისტად თვლის.

მაგრამ გულწრფელი ქრისტიანები არ ივიწყებენ იმას, თუ რა არის ხატის ძირითადი დანიშნულება. ის თაყვანისცემის საგანია. მართალია, ქრისტიანები სხვებს არ უკრძალავენ ხატების ქონას, მაგრამ თვითონ ისინი სახლში არ აჩერებენ მათ, თუნდაც კოლექციის შეგროვების მიზნით. ეს ეთანხმება მეორე რჯულის 7:26-ში ჩაწერილ პრინციპს: „არ შეიტანო სისაძაგლე [თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი გამოსახულებები] შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს“.

[სურათი 7 გვერდზე]

ღმერთი არ იწონებს თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენებას.

[სურათი 8 გვერდზე]

ბიბლიური შემეცნების მიღება ღვთისადმი სულით თაყვანისცემაში გვეხმარება.