არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხატები მათი წარმოშობის ისტორია

ხატები მათი წარმოშობის ისტორია

ხატები მათი წარმოშობის ისტორია

„ხატებით ღვთისა და მისი წმინდანების მადლსა და სიწმინდეს ვეზიარებით“, — ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქია ავსტრალიაში.

აგვისტოს ცხელი დღეა. მზის სხივები აცხუნებს ცემენტის საფეხურებს, რომლებიც „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის“ ტაძრისკენ მიემართება. ეს ტაძარი ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ტინოსზე არის წამომართული. თუმცა მწველი მზე ვერ აშინებს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის 25000-ზე მეტ სალოცავად მიმავალ მორწმუნეს, რომლებიც ნელ-ნელა მიიწევენ წინ, რათა როგორმე თვალი შეავლონ მდიდრულად მორთულ ხატს, რომელზეც იესოს დედაა გამოსახული.

ხეიბარი გოგონა, რომელსაც ტკივილებით გამოწვეული ტანჯვა აღბეჭდვია სახეზე, დასისხლიანებული მუხლებით მიხოხავს. მის მახლობლად ქანცგაწყვეტილი მოხუცი ქალი, რომელიც ქვეყნის მეორე კუთხიდანაა მოსული, თავს ძალას ატანს და მაინც მილასლასებს. ოფლით გახვითქული შუახნის მამაკაცი გულმოდგინედ ცდილობს გზა გაიკვლიოს ბრბოში. ყოველ მათგანს სურს, მიუახლოვდეს, ემთხვიოს მარიამის ხატს და მის წინაშე განერთხას.

ამ მორწმუნე ადამიანებს, უდავოა, გულწრფელად სურთ, ემსახურონ ღმერთს. მაგრამ რომელი მათგანი დაფიქრებულა იმაზე, რომ ხატთაყვანისცემა ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იღებს სათავეს.

ხატების ფართოდ გავრცელება

მართლმადიდებლობაში ხატებს სად არ შეხვდებით. იესოს, მარიამისა და მრავალი „წმინდანის“ ხატებს ტაძრის ცენტრალური ადგილები აქვს დაკავებული. მორწმუნეები ხშირად ამ ხატებს ამბორით, საკმევლის კმევითა და სანთლების დანთებით მიაგებენ პატივს. გარდა ამისა, თითქმის ყველა მართლმადიდებლის ოჯახში მოწყობილია სამლოცველო კუთხე, სადაც ღვთისადმი აღავლენენ ხოლმე ლოცვებს. ჩვეულებრივ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამბობენ, რომ ხატის თაყვანისცემით ისინი ღმერთს უკავშირდებიან. მრავალს სწამს, რომ ხატები ღვთიური დიდებით არიან მოცული და სასწაულებრივ ძალას ფლობენ.

ეს მორწმუნეები შეიძლება გააოცოს იმ ფაქტმა, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები არ იწონებდნენ თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენებას. წიგნში „ბიზანტია“ ნათქვამია: „პირველი ქრისტიანები, რომლებმაც იუდაიზმისგან მემკვიდრეობით კერპთაყვანისმცემლობის შეუწყნარებლობა მიიღეს, ეჭვის თვალით უყურებდნენ წმინდანთა სურათების თაყვანისცემას“. აღნიშნულ წიგნში აგრეთვე ნათქვამია: „ახ. წ. მე-5 საუკუნიდან მოყოლებული, ხატების ანუ გამოსახულებების კულტი... საჯარო თუ პირად ღვთისმსახურებაში ფართოდ გავრცელდა“. მაშ, საიდან წარმოიშვა ხატების რელიგიური მიზნით გამოყენების ჩვეულება, თუ პირველი საუკუნის ქრისტიანობიდან არა?

ხატების წარმოშობის მიკვლევა

მკვლევარი ვიტალი პეტრენკო წერს: „გამოსახულებების გამოყენების ტრადიცია სათავეს ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე, წარმართობაში, იღებს“. მწერალი აკაკი გელოვანი აღნიშნავს, რომ ხატის თაყვანისცემა ქრისტიანობის გარდა არსებობს „ლამაიზმში, ბუდიზმში. ითვლება ფეტიშიზმის გამოხატულებად, ნასესხებია უფრო ძველი რელიგიებიდან“ („რწმენა, ღმერთები, ადამიანები“, გვ. 228). მრავალი ისტორიკოსი იზიარებს იმ აზრს, რომ ხატების თაყვანისცემის ფესვების პოვნა ძველ ბაბილონურ, ეგვიპტურ და ბერძნულ რელიგიებში შეიძლება. მაგალითად, ძველ საბერძნეთში რელიგიურ გამოსახულებებს ქანდაკებების ფორმა ჰქონდათ. სწამდათ, რომ ისინი ღვთაებრივ ძალას ფლობდნენ. ხალხში ისეთი მრწამსიც არსებობდა, რომ ეს გამოსახულებები ადამიანის ხელით კი არ იყვნენ შექმნილი, არამედ ზეციდან იყვნენ ბოძებული. განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ამ საკულტო ქანდაკებებს ქალაქის გარშემო ჩამოატარებდნენ ხოლმე და თან მსხვერპლს სწირავდნენ. „საკულტო ქანდაკებას მორწმუნეები ღმერთად მიიჩნევდნენ, თუმცა ცდილობდნენ... ღმერთი და მისი გამოსახულება ერთმანეთისგან განესხვავებინათ,“ — ამბობს პეტრენკო.

მაგრამ როგორ შემოიჭრა ეს ჩვეულებები ქრისტიანობაში? ზემოთ მოხსენიებული მკვლევარი აღნიშნავს, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ, განსაკუთრებით ეგვიპტეში, „ქრისტიანულ რწმენას დაუპირისპირდა ერთმანეთში არეული ეგვიპტური, ბერძნული, იუდაური, აღმოსავლური და რომაული წარმართული წეს–ჩვეულებები, რომლებსაც ქრისტიანობის პარალელურად მისდევდნენ“. შედეგად, „ქრისტიანმა მხატვრებმა [სხვადასხვაგვარი რელიგიური მრწამსის მქონეთა] მეთოდები აითვისეს და წარმართული სიმბოლოები ქრისტიანობის სამოსში გახვიეს, თუმცა წარმართულ გავლენას მთლიანად მაინც ვერ გაექცნენ“. „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ კი ნათქვამია: „ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ეკლესიამ გაანადგურა ძველი კერპები, ისინი შეცვალეს ჯვრებით, ხატებით, წმინდანთა ნაწილებით“ (ტომი 5, გვ. 477).

მალე ხატებმა როგორც კონკრეტულ ადამიანთა რელიგიურ, ასევე საეკლესიო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. თავის წიგნში „რწმენის ეპოქა“, ისტორიკოსი უილ დიურანტი აღწერს, თუ როგორ მოხდა ეს: „სათაყვანო წმინდანების რიცხობრივ ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა მათი ამოცნობა და დამახსოვრება; მრავლად იყო დამზადებული ამ წმინდანებისა და მარიამის ფერწერული გამოსახულებები; ხოლო ქრისტეს შემთხვევაში, არა მარტო მისი წარმოსახვითი გარეგნობა, არამედ მისი ჯვარიც კი სათაყვანებელი გახდა, რომელსაც ადვილად დამჯერი ხალხი ჯადოსნურ თილისმადაც კი მიიჩნევდა. ადამიანთა მდიდარი ფანტაზიის წყალობით წმინდანთა ნაწილები, მათი ფერწერული გამოსახულებები და ქანდაკებები თაყვანისცემის საგნად იქცა; ადამიანები მათ წინაშე განერთხმებოდნენ, ეამბორებოდნენ, სანთლებს უნთებდნენ და საკმეველს უკმევდნენ ხოლმე, ყვავილებით რთავდნენ და სასწაულებს მოელოდნენ მათგან... ეკლესიის მამები და საკლესიო კრება არაერთხელ ხსნიდა, რომ გამოსახულებები ღმერთები კი არ იყვნენ, არამედ მხოლოდ მათ განასახიერებდნენ, მაგრამ ხალხი არაფრად აგდებდა ამ სხვაობას“.

დღესდღეობით მრავალი, ვინც ხატებს იყენებს, მსგავსადვე ამტკიცებს, რომ ხატები პატივისცემის და არა თაყვანისცემის საგნებია. მათ ისიც შეიძლება ამტკიცონ, რომ რელიგიური ხასიათის ნახატების გამოყენება ღვთისადმი თაყვანისცემაში საჭირო და აუცილებელიც კი არის. შესაძლოა, თქვენც იმავე აზრის ხართ. მაგრამ იბადება კითხვა: თავად ღმერთი როგორ უყურებს ამ საკითხს? ხატებისადმი ღრმა პატივისცემა სინამდვილეში მათი თაყვანისცემის ტოლფასი ხომ არ არის? იქნებ ასეთი ქმედების მიღმა რაღაც ფარული საშიშროება იმალება?

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

რა არის ხატი?

სკულპტურული გამოსახულებებისგან განსხვავებით, რომლებსაც, ძირითადად, კათოლიკეები ეთაყვანებიან, ხატები ქრისტეს, მარიამის, „წმინდანების“, ანგელოზების, ბიბლიური პერსონაჟებისა და ეპიზოდების ან მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში მომხდარი მოვლენების მხატვრული გამოსახულებებია. ჩვეულებრივ, მათ ადვილად გადასაადგილებელ ხის დაფებზე ხატავენ.

მართლმადიდებლური ეკლესიის განაცხადით, „წმინდანთა ხატები, ჩვეულებრივ, ადამიანთა სურათებს არ ჰგავს“. აგრეთვე „ხატების შესრულებისას უკუპერსპექტივას მიმართავენ“ და შორიდან მისი ყურებისას სურათი პატარა არ გვეჩვენება. ჩვეულებრივ, „მასზე არ აკეთებენ ჩრდილებს და დღის ან ღამის გამოსახატავად მხატვრულ მეთოდებს არ მიმართავენ“. აგრეთვე სწამთ, რომ ხე და მასზე შესრულებული ნახატი შეიძლება „ღვთიური ძალით აღივსოს“.

[სურათი 4 გვერდზე]

ხატების გამოყენება სათავეს წარმართული ჩვეულებებიდან იღებს.

[საავტორო უფლება 3 გვერდზე]

© AFP/CORBIS