მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
როდის არის მართებული ქრისტიანი ქალისთვის თავზე დაფარება?
„ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს“, — წერდა მოციქული პავლე. რატომ? ამის მიზეზი მეთაურობის ბიბლიური პრინციპია: „ცოლის თავი — ქმარია“. ქრისტიანულ კრებაში ლოცვისა და სწავლების პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მამაკაცებს აკისრიათ. ამიტომ, როდესაც ქრისტიანი ქალი ასრულებს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, რომელსაც მისი მეუღლე ან ნებისმიერი მონათლული ძმა უნდა ასრულებდეს, ქალს მართებს, რომ თავზე დაიფაროს (1 კორინთელთა 11:3—10).
ქრისტიანი ქალისთვის თავზე დაფარება შეიძლება აუცილებელი გახდეს ოჯახურ წრეშიც. მაგალითად, როდესაც ოჯახი ერთად იკრიბება ბიბლიის შესასწავლად ან სუფრასთან, ძირითადად, ქმარი იღებს თავის თავზე ხელმძღვანელობას, რომ ასწავლოს და ლოცვით მიმართოს ღმერთს. მაგრამ, თუ ქმარი არ იზიარებს ქრისტიანულ რწმენას, მაშინ ეს პასუხისმგებლობა შეიძლება ცოლს დაეკისროს. ამიტომ, თუ ქმრის თანდასწრებით ხმამაღლა ლოცულობს ან შვილებთან ბიბლიის შესწავლას ატარებს, ქრისტიანმა ცოლმა თავზე უნდა დაიფაროს. თუ ქმარი არ ესწრება, ცოლისთვის არ არის აუცილებელი თავზე დაფარება, რადგან ღვთისგან მასაც ავალია ბავშვების სწავლება (იგავნი 1:8; 6:20).
მაგრამ რა უნდა გააკეთოს, თუ ერთ–ერთი მისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი იეჰოვა ღმერთზე მიძღვნილი და მონათლული ძმაა? ვინაიდან ქრისტიანული კრების წევრია, ვაჟმა კრების მამაკაცი წევრებისგან უნდა მიიღოს მითითებები (1 ტიმოთე 2:12). თუ მამა მორწმუნეა, მაშინ ვაჟს მან უნდა ასწავლოს. მამის არყოფნისას კი დედას მართებს თავზე დაფარება, რადგან ბიბლიას ასწავლის, როგორც მონათლულ პატარა ვაჟს, ასევე სხვა შვილებსაც. ილოცებს ასეთი შესწავლის ან ჭამის წინ თავისი მონათლული ვაჟი თუ არა, ეს დედის გადასაწყვეტია. დედა შეიძლება ფიქრობს, რომ მისი ვაჟი ჯერ საკმაოდ უნარიანი არ არის და ამიტომ შეიძლება თავად ილოცოს. თუ გადაწყვეტს ლოცვას, ქრისტიანმა დამ თავზე უნდა დაიფაროს.
ქრისტიან ქალებს ასევე მართებთ თავზე დაფარება, თუ ისინი კრების გარკვეულ საქმეებში მონაწილეობენ. მაგალითად, შეხვედრაზე სამქადაგებლო მსახურებისთვის, რომელიც შუა კვირაში ტარდება, შეიძლება მხოლოდ დები ესწრებიან. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კრების შეხვედრას არც ერთი მონათლული მამაკაცი არ დაესწროს. თუ დას უწევს იმ მოვალეობების შესრულება, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ძმები ასრულებენ, იქნება ეს კრების თუ სამქადაგებლო მსახურებისთვის შეხვედრის ჩატარება, დამ უნდა დაიფაროს თავზე.
მართებულია თუ არა ეს იმ შემთხვევაში, თუ და ზეპირად ან ჟესტების ენაზე თარგმნის ბიბლიურ მოხსენებებს ან როცა ხმამაღლა კითხულობს აბზაცებს ბიბლიის შესწავლისას, როგორც ეს კრების შეხვედრებზე კეთდება? არა. ამ დავალებების შესრულებისას დები არ ხელმძღვანელობენ და არ ასწავლიან. მსგავსადვე, დებისთვის არ არის საჭირო თავზე დაფარება ინსცენირებების, შემთხვევების მოყოლის ან თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალების შესრულების დროს.
თუმცა კრებაში სწავლება მონათლულ ძმებს ავალიათ, მამაკაცებსაც და ქალებსაც აქვთ კრების გარეთ ქადაგებისა და სწავლების მოვალეობა (მათე 24:14; 28:19, 20). ასე რომ, როდესაც ქრისტიანი ქალი ღვთის სიტყვის შესახებ ესაუბრება არა იეჰოვას მოწმეს, თუნდაც ძმის თანდასწრებით, თავზე დაფარება სავალდებულო არ არის.
თუმცა საკითხი სხვაგვარად დგას, როდესაც მიმდინარეობს ბიბლიის რეგულარული, დაგეგმილი საშინაო შესწავლა მიძღვნილი და მონათლული მამაკაცის თანდასწრებით. ეს არის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც, სინამდვილეში, ერთ–ერთი მოწმე ხელძღვანელობს. ასეთ შემთხვევაში, შესწავლა შეიძლება კრების ნაწილად მივიჩნიოთ. თუ ამ შესწავლას უძღვება მონათლული და, მაგრამ შესწავლას ესწრება მონათლული ძმა, ქრისტიან ქალს მართებს თავზე დაფარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის ლოცულობს მიძღვნილი ძმა. დას არ შეუძლია ხმამაღლა ილოცოს მონათლული ძმის თანდასწრებით, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც ძმას ფიზიკურად არ შეუძლია ლაპარაკი.
ხანდახან დები ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას თანამშრომლობენ სამეფოს შესახებ მაუწყებელ მოუნალთავ მამაკაცებთან. თუ დას სურს, შეუძლია შესთავაზოს მას შესწავლის წაძღოლა. მაგრამ რადგან მას არ შეუძლია მონათლული და სათანადოდ წარადგინოს იეჰოვასადმი ლოცვაში, სწორი იქნებოდა, თუ შესწავლისას და ილოცებდა. ასეთ შემთხვევაში შესწავლის ჩატარებისას ან ლოცვისას, დას მართებს თავზე დაფარება. თუმცა მაუწყებელი ჯერ არ არის მონათლული, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის გამო, გარეშეები მას კრების სრულუფლებიან წევრად მიიჩნევენ.
„დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის“, — წერდა მოციქული პავლე. დიახ, ქრისტიან დებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ იყვნენ მორჩილების კარგი მაგალითები იეჰოვასადმი ერთგული მილიონობით ანგელოზისთვის. რაოდენ სასიამოვნოა, რომ ღვთისმოშიში ქალები უყურადღებოდ არ ტოვებენ ამ მოთხოვნას და საჭიროებისამებრ იფარებენ თავზე.
[სურათები 26 გვერდზე]
თავზე დაფარება ხელმძღვანელობისადმი პატივისცემის ნიშანია.