არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?

რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?

რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?

რაც არ უნდა წარმოგვესახოს სიტყვა ჯოჯოხეთის გაგონებაზე, ჩვეულებრივ, მას ჩადენილი ცოდვისთვის საწამებელ ადგილად მიიჩნევენ. ცოდვისა და მისი გავლენის შესახებ ბიბლია ამბობს: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). საღვთო წერილი აგრეთვე აცხადებს: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23). ვინაიდან ცოდვისთვის სასჯელი სიკვდილია, ჯოჯოხეთის რაობის დასადგენად მთავარი კითხვა გახლავთ: რა მოგვდის სიკვდილის შემდეგ?

გრძელდება ამა თუ იმ სახით ან ფორმით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე? რა არის ჯოჯოხეთი და როგორი ადამიანები ხვდებიან იქ? არსებობს რაიმე იმედი ჯოჯოხეთში მოხვედრილებთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე საიმედო და დამაკმაყოფილებელ პასუხებს ბიბლია იძლევა.

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე?

არის ჩვენში რაღაც სუბსტანცია ანუ სული, რომელიც სხეულის სიკვდილისას სიცოცხლეს აგრძელებს? განვიხილოთ, როგორ გახდა ცოცხალი არსება ადამი. ბიბლიაში ნათქვამია: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [„სულად ცხოველად“, ძველი აღთქმის ორტომეული, 1884] (დაბადება 2:7). თუმცა მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სუნთქვა აუცილებელი იყო, ნესტოებში „სიცოცხლის სუნთქვის“ შთაბერვა ბევრად უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე, უბრალოდ, ფილტვებში ჰაერის ჩაბერვას. ეს ადამის უსიცოცხლო სხეულის გაცოცხლებას, მისთვის „სიცოცხლის სულის“ ანუ ყოველ მიწიერ ცოცხალ ქმნილებაში მოქმედი ძალის მიცემას ნიშნავდა (დაბადება 6:17; 7:22). ბიბლია ამ „სიცოცხლის სულს“, უბრალოდ, „სულსაც“ უწოდებს (იაკობი 2:26). ეს სული შეიძლება შევადაროთ ელექტრული დენის ნაკადს, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს გარკვეული მანქანა ან ხელსაწყო და ამა თუ იმ ფუნქციის შესრულების საშუალებას აძლევს. როგორც დენის ნაკადს არა აქვს იმ იარაღებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც მოქმედებაში მოჰყავს, ისე სულს, ანუ სასიცოცხლო ძალას, არ ახასიათებს ყოველივე ის, რაც იმ ქმნილებებს, რომლებიც მისი საშუალებით ცოცხლობენ. მას არ ახასიათებს არავითარი პიროვნული თვისებები და არც აზროვნების უნარი აქვს.

რა მოსდის სულს ადამიანის სიკვდილისას? ფსალმუნის 145:4 ამბობს: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. სიკვდილისას ადამიანისგან არ გამოდის რაღაც უპიროვნო სული და სადღაც სხვა სამყოფელში არ განაგრძობს სულიერ ქმნილებად არსებობას. ‘სული უბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა‘ იგი (ეკლესიასტე 12:7). ეს ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ ყოველგვარი იმედი გარდაცვლილის მომავალ სიცოცხლესთან დაკავშირებით მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული.

ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, სოკრატესა და პლატონს, სწამდათ, რომ ადამიანში არსებული სული ამ პიროვნების სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს და არასოდეს კვდება. მაგრამ, რას გვასწავლის ბიბლია სულის შესახებ? ადამი გახდა „სული ცხოველი“, — ამბობს დაბადების 2:7. მას არ მიუღია სული; იგი თავად იყო სული. საღვთო წერილი ლაპარაკობს, რომ სული თავს იმდაბლებს, მას ჭამის სურვილი აქვს, იგი ნაღვლიანდება და ასე შემდეგ (ლევიანნი 23:29, „მცხეთური ხელნაწერები; მეორე რჯული 12:20, „თორა“; ფსალმუნი 118:28). დიახ, ადამიანი თვითონ არის სული. როდესაც ადამიანი კვდება, კვდება მისი სულიც (ეზეკიელი 18:4).

მაშ, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? იეჰოვამ, როდესაც ადამისთვის მსჯავრი გამოჰქონდა, თქვა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). სად იყო ადამი მანამ, სანამ ღმერთი მიწის მტვრისგან გამოძერწავდა და სიცოცხლეს მისცემდა? ის, უბრალოდ, არ არსებობდა! სიკვდილის შემდეგაც ადამი არარსებობის მდგომარეობას დაუბრუნდა. მკვდრების მდგომარეობას ნათელს ჰფენს ეკლესიასტეს 9:5, 10, სადაც ნათქვამია: ‘მკვდრებმა კი არაფერი იციან და არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ მიჰყვებათ შავეთში, სადაც მიდიან’ (ეკლესიასტე 9:5, 10). როგორც ვხედავთ, ბიბლიის თანახმად, სიკვდილი არარსებობის მდგომარეობაა. მკვდრებმა არაფერი იციან, არაფერს გრძნობენ და არაფერზე ფიქრობენ.

უბოლოო წამება თუ საერთო საკაცობრიო სამარე?

ვინაიდან მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან, შეუძლებელია ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი საწამებელი ადგილი იყოს, სადაც ბოროტები სიკვდილის შემდეგ იტანჯებიან. მაშ, რაღაა ჯოჯოხეთი? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში იმის გამოკვლევა დაგვეხმარება, თუ რა მოუვიდა იესოს სიკვდილის შემდეგ. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი ლუკა გვამცნობს: „მიტოვებული არ არის [იესო] ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება“ * (საქმეები 2:31). სად იყო ჯოჯოხეთი, რომელშიც იესოც კი მოხვდა? მოციქული პავლე წერდა: „თავდაპირველად გადმოგეცით... რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დაკრძალულ იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია“ (1 კორინთელთა 15:3, 4). ამგვარად, იესო ჯოჯოხეთში ანუ სამარეში იყო, მაგრამ ის იქ მიტოვებული არ იქნა, რამეთუ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა.

განვიხილოთ აგრეთვე მართალი იობის შემთხვევაც, მამაკაცისა, რომელსაც მრავალი სატანჯველის ატანა მოუწია. ამ გასაჭირიდან თავის დაღწევის მიზნით, მან იეჰოვას სთხოვა: „უკუეთუმცა ჯოჯოხეთს [შეოლს] შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარვიდეს რისხვა შენი“ * (იობი 14:13, „მცხეთური ხელნაწერები“). რაოდენ არაგონივრულია ვიფიქროთ, რომ იობს შვების საპოვნელად ცეცხლოვან ჯოჯოხეთში წასვლა სურდა! იობისთვის „ჯოჯოხეთი“ იყო სამარე, სადაც მის წამებას ბოლო მოეღებოდა. ასე რომ, ბიბლიური გაგებით ჯოჯოხეთი არის კაცობრიობის საერთო სამარე, სადაც როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები ხვდებიან.

ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი — სრულიად მომსპობი?

შეიძლება იმის დაშვება, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი მთლიანად მოსპობის, საბოლოო განადგურების, სიმბოლოა? საღვთო წერილი განსხვავებას აკეთებს ჰადესსა (ჯოჯოხეთსა) და ცეცხლს შორის და ამბობს: „სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში“. აქ მოხსენიებულ „ტბას“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან მასში ჩაყრილი სიკვდილი და ჯოჯოხეთი (ჰადესი) შეუძლებელია პირდაპირი გაგებით დაიწვას. „ეს [ცეცხლის ტბა] არის მეორე სიკვდილი“, ისეთი სიკვდილი, რომელზეც მკვდრეთით აღდგომა არ ვრცელდება (გამოცხადება 20:14).

ცეცხლის ტბას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც «ცეცხლის გეენას [„ცეცხლოვან ჯოჯოხეთს“, „მეფე იაკობის თარგმანი“]», რომელზედაც იესო ლაპარაკობდა (მათე 5:22; მარკოზი 9:47, 48, სსგ). ბერძნული წერილების ორიგინალში სიტყვა გეენა 12-ჯერ გვხვდება და იერუსალიმის კედლებს მიღმა მდებარე ჰინომის ველზე მიუთითებს. დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს ამ ველს ნაგავსაყრელად იყენებდნენ, „სადაც ბოროტმოქმედთა გვამები, მკვდარი ცხოველები და ნებისმიერი სახის ნარჩენები იყრებოდა“ („სმიტის ბიბლიური ლექსიკონი“). ნაგვის დასაწვავად იქ ყოველთვის ენთო ცეცხლი, რის შენარჩუნებასაც ცეცხლისთვის გოგირდის დამატება უწყობდა ხელს. იესოს მიერ ამ ველის მარადიული განადგურების სიმბოლოდ გამოყენება, მართლაც რომ შესაფერისი იყო.

ამგვარად, გეენის მსგავსად ცეცხლის ტბაც მარადიული განადგურების სიმბოლოა. სიკვდილისა და ჰადესის მასში (ცეცხლის ტბაში) ‘ჩაყრა’ იმის მაჩვენებელია, რომ ცოდვისა და სიკვდილის მსჯავრისგან კაცობრიობის გათავისუფლების შემდეგ, ისინი საბოლოოდ განადგურდება. ჯიუტ, მოუნანიებელ ცოდვილთა „ხვედრიც“ ეს ტბა იქნება (გამოცხადება 21:8). ისინიც სამუდამოდ მოისპობიან. მეორე მხრივ, მათ, ვინც კოცობრიობის საერთო სამარეში — ჯოჯოხეთში — იმყოფება და ღმერთს ახსოვს, საოცარი მომავალი ელით.

ჯოჯოხეთი დაცარიელდება!

გამოცხადების 20:13-ში ნათქვამია: „დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“ (გამოცხადება 20:13, სსგ). დიახ, ბიბლიაში მოხსენიებული ჯოჯოხეთი დაცარიელდება. იესოს აღთქმისამებრ: «მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ [და]... გამოვლენ» (იოანე 5:28, 29). თუმცა მილიონობით გარდაცვლილი დღეს არავითარი სახით აღარ არსებობს, იეჰოვას ახსოვს ისინი და ეს ადამიანები მკვდრეთით აღდგენილი ანუ გაცოცხლებული იქნებიან, რათა დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში იცხოვრონ (ლუკა 23:43, აქ; საქმეები 24:15).

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იმ მკვდრეთით აღდგენილებს, რომლებიც ღვთის სამართლიანი კანონების შესაბამისად იცხოვრებენ, არასოდეს მოუწევთ სიკვდილი (ესაია 25:8). იეჰოვა „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“. ფაქტობრივად, ‘წინანდელნი გადაივლის’ (გამოცხადება 21:4). რა დიდებული მომავალი ელით ჯოჯოხეთში, „სამარხებში“, მყოფთ! ეს დიდებული მომავალი ღირს იმად, რომ მეტი ცოდნა მივიღოთ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ (იოანე 17:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 საქართველოს საპატრიარქოს ბერძნული წერილების თარგმანში სიტყვა „ჰადესი“ იმ 10 ადგილიდან, რომლებშიც იგი ორიგინალში გვხვდება, ათივეჯერ „ჯოჯოხეთად“ არის თარგმნილი. ლუკას 15:19—31-ის თარგმანში მოხსენიებულია წამება, მაგრამ მოყვანილ კონკრეტულ ცნობას მთლიანად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. იხილეთ წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ 88-ე თავი (წიგნი გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 11 ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში სიტყვა „შეოლი“ 30-ჯერ შავეთად, 17-ჯერ ქვესკნელად, 17-ჯერ ჯოჯოხეთად, ერთხელ სულეთად და ერთხელაც საფლავად არის ნათარგმნი.

[სურათი 5 გვერდზე]

იობი ლოცულობდა, რომ შვების საპოვნელად ჯოჯოხეთში მომხვდარიყო.

[სურათი 6 გვერდზე]

ცეცხლის გეენა მარადიული განადგურების სიმბოლოა.

[სურათი 7 გვერდზე]

‘სამარხებში მყოფნი იქიდან გამოვლენ’.