არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით

ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით

ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით

„ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24).

1. როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ, იესო ქრისტემ, თვალნათლივ დაგვანახვა, თუ როგორი თაყვანისცემა სიამოვნებს მის ზეციერ მამას. ქალაქ სიქართან ახლოს მდებარე ჭასთან, იესო გულთბილად გამოესაუბრა სამარიელ ქალს და უთხრა: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:22—24). რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან?

2. რაზე იყო დაფუძნებული სამარიელთა თაყვანისმცემლობა?

2 სამარიელებს მცდარი რელიგიური წარმოდგენები ჰქონდათ. ისინი წმინდა წერილების მხოლოდ პირველ ხუთ წიგნს აღიარებდნენ ღვთივსულიერად და ისიც მხოლოდ მათ მიერ გაკეთებულ თარგმანს, რომელსაც „სამარიელთა ხუთწიგნეულს“ უწოდებდნენ. სამარიელები სინამდვილეში არ იცნობდნენ ღმერთს, მაშინ როცა იუდეველებს მინდობილი ჰქონდათ ბიბლიური შემეცნება (რომაელთა 3:1, 2). ეს შესაძლებელს ხდიდა, რომ მორწმუნე იუდეველებსა და სხვებს იეჰოვას კეთილგანწყობა დაემსახურებინათ. მაგრამ რა მოეთხოვებოდათ მათ ამისათვის?

3. როგორ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი „სულითა და ჭეშმარიტებით“?

3 რა უნდა ეკეთებინათ ძველ დროში მცხოვრებ იუდეველებს, სამარიელებსა და სხვებს, რომ ესიამოვნებინათ იეჰოვასთვის? მათ „სულითა და ჭეშმარიტებით“ უნდა ეცათ თაყვანი. ჩვენც იგივეს კეთება გვმართებს. თუმცა ღმერთს სულით ანუ თავგამოდებით უნდა ვემსახუროთ და მთავარი აღმძვრელი ძალა სიყვარული და რწმენა უნდა იყოს, ღვთისადმი სულით თაყვანისცემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სულიწმიდა და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას. ღვთის სიტყვის შესწავლისა და ცხოვრებაში გამოყენებით, ჩვენი აზროვნება უნდა შევუსაბამოთ ღვთისას (1 კორინთელთა 2:8—12). ჩვენი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მისაღები რომ იყოს, ის აუცილებლად ჭეშმარიტებით უნდა შევასრულოთ; ჭეშმარიტება კი დაფუძნებული უნდა იყოს ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, და უნდა მეტყველებდეს ღმერთის თვისებებსა და მის განზრახვებზე.

ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელია

4. როგორი შეხედულება აქვს ზოგს ჭეშმარიტებაზე?

4 ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით, ადამიანს არ შეუძლია აბსოლუტური ჭეშმარიტების პოვნა. ფაქტობრივად, როგორც ერთი შვედი მწერალი, ალფ ალბერგი, წერდა: „არსებობს უამრავი ფილოსოფიური კითხვა, რომელსაც კონკრეტული პასუხი არ გააჩნია“. თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება პირობითი ცნებაა. მართლა ასეა? იესო ქრისტე სხვაგვარად ფიქრობდა.

5. რატომ მოვიდა იესო წუთისოფელში?

5 წარმოიდგინეთ, რომ ახ. წ. 33 წელს მომხდარ ასეთ მოვლენას შეესწარით: იესო რომაელი მმართველის, პონტოელი პილატეს, წინაშე დგას. ის ეუბნება პილატეს: „იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“. „რა არის ჭეშმარიტება?“ — ეკითხება პილატე იესოს, მაგრამ მის პასუხს არ ელოდება (იოანე 18:36—38).

6. ა) როგორ განიმარტება „ჭეშმარიტება“? ბ) რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს?

6 „ჭეშმარიტება“ განიმარტება, როგორც „სინამდვილე, სიმართლე, სისწორე“ („ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“). მაგრამ ზოგადი ჭეშმარიტება დაამოწმა იესომ? არა. მას განსაკუთრებული ჭეშმარიტება ჰქონდა მხედველობაში. მან თავის მიმდევრებს ამ ჭეშმარიტების გაცხადება დაავალა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20). ‘წუთისოფლის აღსასრულამდე’ იესოს ნამდვილ მიმდევრებს უნდა განეცხადებინათ ‘სახარების [„სასიხარულო ცნობის“, აქ] ჭეშმარიტება’ მთელ დედამიწაზე (გალატელთა 2:14). ეს უნდა გაკეთებულიყო, რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვები: «ექადაგება ეს სახარება [„სასიხარულო ცნობა“, აქ] სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). ასე რომ, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ასწავლის ხალხს ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით.

როგორ ვისწავლოთ ჭეშმარიტება

7. როგორ დაამტკიცებდით, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტების წყარო?

7 იეჰოვა სულიერი ჭეშმარიტების წყაროა. ფსალმუნმომღერალი დავითი იეჰოვას ‘ჭეშმარიტ ღმერთს’ უწოდებდა (ფსალმუნი 30:6; 42:3). იესო აღიარებდა, რომ მისი მამის სიტყვა ჭეშმარიტი იყო. მან განაცხადა: „წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის“ (იოანე 6:45; 17:17; ესაია 54:13). ცხადია, ყველა, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, იეჰოვამ, დიდებულმა მოძღვრმა, უნდა დამოძღვროს (ესაია 30:20, 21). ჭეშმარიტების მძებნელებს „ღვთის შემეცნება“ სჭირდებათ (იგავნი 2:5). და იეჰოვაც უამრავ საშუალებას იყენებს, რათა ჭეშმარიტება სიყვარულით ასწავლოს ან განუცხადოს მათ.

8. რა საშუალებებს იყენებდა ღმერთი ჭეშმარიტების გადმოსაცემად?

8 მაგალითად, ღმერთმა ისრაელებს რჯული ანგელოზების მეშვეობით გადასცა (გალატელთა 3:19). პატრიარქებს, აბრაამსა და იაკობს, მან სიზმარში აღუთქვა კურთხევები (დაბადება 15:12—16; 28:10—19). ხოლო როდესაც იესო მოინათლა, ღვთის შთამბეჭდავი სიტყვები გაისმა დედამიწაზე: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17). ასევე მადლიერნი უნდა ვიყოთ ღმერთის, რომ ბიბლიის შთაგონებული დამწერების მეშვეობით გადმოგვცა ჭეშმარიტება (2 ტიმოთე 3:16, 17). ამიტომ, ღვთის სიტყვის შესწავლით შეგვიძლია აღვივსოთ „ჭეშმარიტების რწმენით“ (2 თესალონიკელთა 2:13).

ჭეშმარიტება და ღვთის ძე

9. როგორ გამოიყენა ღმერთმა თავისი ძე ჭეშმარიტების გასაცხადებლად?

9 ღმერთმა განსაკუთრებით თავისი ძე, იესო ქრისტე, გამოიყენა ადამიანებისთვის ჭეშმარიტების გადასაცემად (ებრაელთა 1:1—3). ცხადია, არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია ჭეშმარიტებაზე, როგორც იესოს (იოანე 7:46). ზეცად ამაღლების შემდეგაც კი განგვიცხადა იესომ მამისგან მიღებული ჭეშმარიტება. მაგალითად, მოციქულმა იოანემ მიიღო „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხადება 1:1—3).

10, 11. ა) რასთან იყო დაკავშირებული ჭეშმარიტება, რომელსაც იესო ქადაგებდა? ბ) როგორ აქცია იესომ ჭეშმარიტება რეალობად?

10 იესომ უთხრა პილატე პონტოელს, რომ მისი დედამიწაზე მოსვლის მიზანი ჭეშმარიტების დამოწმება იყო. თავისი მსახურების განმავლობაში იესომ აჩვენა, რომ ეს ჭეშმარიტება დაკავშირებული იყო იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებასთან ღვთის სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც ქრისტეა. მაგრამ, იესოს მიერ ჭეშმარიტების დამოწმებაში ქადაგებასა და სწავლებაზე მეტი იგულისხმებოდა. იესომ შეასრულა ეს ჭეშმარიტება და, ამგვარად, რეალობად აქცია ის. ამიტომაც, მოციქული პავლე წერდა: «ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული [„სინამდვილე“, აქ] კი — ქრისტესი» (კოლასელთა 2:16, 17).

11 ჭეშმარიტება სინამდვილედ იქცა, როდესაც იესოს ბეთლემში დაბადების წინასწარმეტყველება შესრულდა (მიქა 5:1; ლუკა 2:4—11). მსგავსადვე გამართლდა ჭეშმარიტება, როდესაც მესიის გამოჩენასთან დაკავშირებული დანიელის წინასწარმეტყველური სიტყვები 69 „შვიდეულის“ ბოლოს შესრულდა. ეს მოხდა დანიშნულ დროს, ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესომ მონათვლით წარუდგინა ღმერთს თავი და სულიწმიდით იქნა ცხებული (დანიელი 9:25; ლუკა 3:1, 21, 22). ჭეშმარიტება იესოს, როგორც სამეფოს შესახებ მქადაგებლის მსახურებითაც გამართლდა (ესაია 9:1, 2, 6, 7; 61:1, 2; მათე 4:13—17; ლუკა 4:18—21). ის ასევე იქცა რეალობად იესოს სიკვდილითა და აღდგომით (ფსალმუნი 15:8—11; ესაია 53:5, 8, 11, 12; მათე 20:28; იოანე 1:29; საქმეები 2:25—31).

12. რატომ თქვა იესომ: ‘მე ვარ ჭეშმარიტება’?

12 ვინაიდან ჭეშმარიტება უმთავრესად იესოსთან იყო დაკავშირებული, მას შეეძლო ეთქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). ადამიანები გათავისუფლდნენ სულიერად, ვინაიდან ისინი «ჭეშმარიტებიდან [„ჭეშმარიტების მხარეზე“, აქ]» არიან და ღვთის განზრახვებში იესოს როლს აღიარებენ (იოანე 8:32—36; 18:37). რადგან ცხვრისმაგვარი ადამიანები ეხმაურებიან ჭეშმარიტებას და რწმენით მიჰყვებიან იესოს, ისინი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოანე 10:24—28).

13. ბიბლიური ჭეშმარიტების რომელ სამ ასპექტს განვიხილავთ?

13 იესოსა და მისი სულითცხებული მიმდევრების მიერ გაცხადებული ჭეშმარიტება ჭეშმარიტი ქრისტიანული მრწამსის საფუძველს წარმოადგენს. ისინი, რომლებიც ‘ემორჩილებიან რწმენას’, „ჭეშმარიტებით დადიან“ (საქმეები 6:7; 3 იოანე 3, 4). მაშ, ვინ დადის ჭეშმარიტებით დღესდღეობით? ვინ ასწავლის ხალხს ჭეშმარიტებას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ყურადღებას გავამახვილებთ პირველ ქრისტიანებზე და განვიხილავთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას 1) მრწამსთან, 2) თაყვანისმცემლობასთან და 3) პირად ყოფაქცევასთან დაკავშირებით.

ჭეშმარიტება და მრწამსი

14, 15. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ წმინდა წერილებისადმი პირველ ქრისტიანებსა და როგორი დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს ბიბლიისადმი?

14 პირველი საუკუნის ქრისტიანები იეჰოვას წერილობით სიტყვას დიდ პატივს სცემდნენ (იოანე 17:17). ის მათ მრწამსსა თუ ქცევებს ედო საფუძვლად. II—III საუკუნეებში მცხოვრებმა კლემენტ ალექსანდრიელმა თქვა: „ჭეშმარიტების ძიებისას ისინი ისწრაფოდნენ, ეპოვათ სრულიად ამომწურავი პასუხები და არ წყვეტდნენ ძიებას, სანამ მათი მრწამსის ბიბლიურ საფუძველს არ იპოვიდნენ“.

15 პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ ბიბლიას. მათ სწამთ, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16). მოდი განვიხილოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების ზოგიერთი სწავლება და შევადაროთ იეჰოვას დღევანდელი მოწმეების სწავლებებს, რადგან ბიბლია მათთვისაც ძირითადი სახელმძღვანელოა.

ჭეშმარიტება სულის შესახებ

16. როგორია ჭეშმარიტება სულის შესახებ?

16 ვინაიდან სწამდათ წმინდა წერილების, პირველი ქრისტიანები ასწავლიდნენ ჭეშმარიტებას სულის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და «იქცა ადამი ცოცხალ არსებად [„სულად“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884]» (დაბადება 2:7). გარდა ამისა, აღიარებდნენ, რომ ადამიანის სული კვდება (ეზეკიელი 18:4; იაკობი 5:20). მათ ასევე სწამდათ, რომ „მკვდრებმა... არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10).

17. რა იმედი აქვთ განსვენებულებს?

17 იესოს პირველი მოწაფეები დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთის მეხსიერებაში მყოფი მკვდრები აღდგებოდნენ, ანუ დაუბრუნდებოდნენ სიცოცხლეს. ეს მრწამსი თვალნათლივ გამოხატა პავლემ, რომელმაც თქვა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). მოგვიანებით, ქრისტიანი მინუციუს ფელიქსი წერდა: „განა შეიძლება იყოს ვინმე ისეთი უგუნური ან სულელი, რომელიც დაიჩემებდა, რომ ღმერთი თავდაპირველად მის მიერ შექმნილი ადამიანის ხელახლა შექმნას ვერ შეძლებდა?“. პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეებიც სრულად უჭერენ მხარს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადამიანის სულის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მოდი ახლა ვისაუბროთ ღვთისა და ქრისტეს ვინაობაზე.

ჭეშმარიტება და სამება

18, 19. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამება არ არის ბიბლიური სწავლება?

18 პირველი ქრისტიანები ღმერთს, ქრისტესა და სულიწმიდას სამებად არ მიიჩნევდნენ. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს: «არც სიტყვა სამება და არც ნათელი დოქტრინა ამის თაობაზე არ გვხვდება ახალ აღთქმაში. არც იესო და არც მისი მოწაფეები არ ეწინააღმდეგებოდნენ ძველ აღთქმაში მოცემულ ებრაულ ლოცვას, შემას: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი“» (მეორე რჯული 6:4). ქრისტიანები თაყვანს არ სცემდნენ რომაულ ტრიადას ან სხვა ღმერთებს. ისინი ეთანხმებოდნენ იესოს განაცხადს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი (მათე 4:10). აგრეთვე სწამდათ ქრისტეს სიტყვების: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). დღეს, იეჰოვას მოწმეებს მსგავსი შეხედულებები აქვთ.

19 იესოს პირველი მიმდევრები აშკარა სხვაობას აკეთებდნენ ღმერთს, ქრისტესა და სულიწმიდას შორის. ისინი მოწაფეებს ნათლავდნენ არა სამების, არამედ 1) მამის, 2) ძისა და 3) სულიწმიდის სახელით. იეჰოვას მოწმეებიც მსგავსადვე ასწავლიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს მამას, ძესა და სულიწმიდას (მათე 28:19).

ჭეშმარიტება და ნათლობა

20. რა უნდა იცოდნენ ნათლობის მსურველებმა?

20 იესომ დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ხალხისთვის ჭემარიტება ესწავლებინათ და, ამგვარად, მოწაფეებად მოემზადებინათ ისინი. მათთვის, ვინც ინათლება, აუცილებელია ღვთის სიტყვის ძირითადი სწავლებების ცოდნა. მაგალითად, მათ უნდა აღიარონ მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მდგომარეობა და ავტორიტეტი (იოანე 3:16). მონათვლის მსურველებს ასევე უნდა ესმოდეთ, რომ სულიწმიდა ღვთის მოქმედი ძალაა და არა პიროვნება (საქმეები 2:1—4).

21, 22. რატომ არის ნათლობა მხოლოდ მორწმუნეთათვის?

21 პირველი ქრისტიანები ნათლავდნენ მხოლოდ მათ ვინც, ჯერ ღვთის სიტყვა შეისწავლა, შემდეგ მოინანია და ღმერთს მისი ნების შესასრულებლად მიუძღვნა თავი. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილმა იუდეველებმა და პროზელიტებმა იცოდნენ ებრაული წერილები. ამიტომაც, იესო მესიის შესახებ მოციქული პეტრეს მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ მოინათლა 3000 პიროვნება, რომელმაც «[„მთელი გულით“, აქ] მიიღო მისი სიტყვა» (საქმეები 2:41; 3:19—4:4; 10:34—38).

22 ქრისტიანული ნათლობა მორწმუნეთათვის არის. სამარიელებმა მიიღეს ჭეშმარიტება და „როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფეველსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც“ (საქმეები 8:12). ეთიოპიელმა საჭურისმა, ღვთისმოშიშმა პროზელიტმა, რომელიც იცნობდა იეჰოვას, ჯერ მოისმინა ამომწურავი მტკიცებები მესიანური წინასწარმეტყველების შესახებ და შემდეგ მოინათლა (საქმეები 8:34—36). მოგვიანებით, პეტრემ კორნელიუსსა და სხვა არაებრაელებს უთხრა, რომ ღვთის „მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ და ყველას, ვინც ირწმუნა იესო ქრისტე, მიეტევება ცოდვები (საქმეები 10:35, 43; 11:18). ყოველივე ეს ეთანხმება იესოს დავალებას: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). იეჰოვას მოწმეებსაც მსგავსი ნორმები აქვთ. ინათლება მხოლოდ ის, ვინც იცის ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ვინც თავი მიუძღვნა ღმერთს.

23, 24. როგორ უნდა ხდებოდეს ქრისტიანული ნათლობა?

23 სათანადო სახის ნათლობა წყალში სრული ჩაძირვაა. მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ, იესო ‘წყლიდან ამოვიდა’ (მარკოზი 1:10). ეთიოპიელი საჭურისიც წყალში მოინათლა. ის და ფილიპე „ჩავიდნენ წყალში“; შემდეგ კი „ამოვიდნენ“ იქიდან (საქმეები 8:36—40). წყალში სრული ჩაძირვა ასევე ნათლობასა და სიმბოლურ დამარხვას შორის ბიბლიურ კავშირზე მიუთითებს (რომაელთა 6:4—6; კოლასელთა 2:12).

24 ერთ–ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „ახალ აღთქმაში აღწერილი ნათლობის განსაკუთრებული შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ პიროვნება სრულად უნდა მოექცეს წყალქვეშ“ (The Oxford Companion to the Bible). ერთი ფრანგული ნაშრომის თანახმად კი: „პირველი საუკუნის ქრისტიანები ინათლებოდნენ ჩაძირვით — ყველგან, სადაც კი წყალს ნახულობდნენ“ (Larousse du XXe Siècle, პარიზი, 1928). წიგნში „ქრისტიანობის ტრიუმფი იესოს შემდეგ“ ნათქვამია: „უმეტესწილად, [ნათლობა] ეწოდებოდა რწმენის საჯარო აღიარებას, რასაც იესოს სახელით პიროვნების წყალში სრული ჩაძირვა მოჰყვებოდა ხოლმე“.

25. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

25 ზემოთ ჩვენ მოვიხსენიეთ პირველი ქრისტიანების ბიბლიაზე დაფუძნებული მრწამსისა და საქმიანობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. მათსა და იეჰოვას მოწმეების სწავლებებს შორის სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ კიდევ რით შეგვიძლია ამოვიცნოთ ისინი, ვინც ხალხს ჭეშმარიტებას ასწავლის.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ თაყვანისცემას მოითხოვს ღმერთი?

• როგორ აქცია იესო ქრისტემ ჭეშმარიტება რეალობად?

• რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება სულისა და სიკვდილის შესახებ?

• როგორ ხდება ქრისტიანული ნათლობა და რა მოეთხოვებათ ნათლობის მსურველთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

იესომ უთხრა პილატეს: ‘მე იმიტომ მოვედი, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო’.

[სურათი 17 გვერდზე]

რატომ თქვა იესომ: ‘მე ვარ ჭეშმარიტება’?

[სურათი 18 გვერდზე]

რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება ქრისტიანულ ნათლობასთან დაკავშირებით?