არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯოჯოხეთი ის არ ყოფილა, რაც ეგონათ

ჯოჯოხეთი ის არ ყოფილა, რაც ეგონათ

ჯოჯოხეთი ის არ ყოფილა, რაც ეგონათ

რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როდესაც სიტყვა „ჯოჯოხეთი“ გესმით? წარმოგესახებათ იგი, პირდაპირი გაგებით, უბოლოო ტანჯვა-წამების ადგილად, სადაც გამუდმებით ანთია ცეცხლი, რომელსაც გოგირდი ემატება? თუ ის გარკვეული მდგომარეობის სიმბოლური აღწერილობაა?

საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლების წარმოდგენით ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი ცოდვილების საწამებელი ადგილი იყო. ეს შეხედულება დღემდე ფართოდ არის გავრცელებული მრავალ სხვა რელიგიურ ჯგუფებშიც. «ქრისტიანობამ სიტყვა „ჯოჯოხეთი“ გაიშინაურა, — აღნიშნავს „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“, — მაგრამ ის არც სხვებისთვის არის უცხო. საიქიო ცხოვრებაში მტანჯველი საზღაურის მიღების შესახებ შიში მსოფლიოს დიდი რელიგიებიდან თითქმის ყველას, და აგრეთვე ზოგი პატარა რელიგიის, განუყოფელი ნაწილია». ინდუსებს, ბუდისტებს, მუსლიმანებს, ჯაინიზმისა და დაოსიზმის მიმდევრებს სწამთ ჯოჯოხეთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა.

მაგრამ ჯოჯოხეთმა თანამედროვეთა აზროვნებაში სახე იცვალა. „თუმცა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ ტრადიციული წარმოდგენები დღემდე იზიდავს მორწმუნეებს, — აღნიშნავს ზემოთ მოხსენიებული ჟურნალი, — მარადიული წამების შესახებ თანამედროვეთა წარმოდგენაში აღმოცენება იწყო თვალსაზრისმა, რომ ის განსაკუთრებით არასასიამოვნო იზოლირებული ადგილია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი შეიძლება სულაც არ იყოს პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი, როგორც ეს ადრე სჯეროდათ“.

იეზუიტთა ჟურნალი „ლა ჩივილტა კათოლიკა“ აღნიშნავს: „არასწორია... ვიფიქროთ, რომ ღმერთი დემონების საშუალებით საშინლად აწამებს მსჯავრდადებულებს ცეცხლში, — შემდეგ კი დასძენს, — ჯოჯოხეთი არის არა ადგილი, არამედ მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ღვთისგან განცალკევებით ყოფნის შედეგად მიყენებული ტკივილით იტანჯება“. 1999 წელს პაპმა იოანე II-მ განაცხადა: „ჯოჯოხეთი ადგილი კი არ არის, არამედ იმათ მდგომარეობაზე მიუთითებს, ვინც ნებაყოფლობით და საბოლოოდ გამოეყო ღმერთს, ყოველგვარი სიცოცხლისა და სიხარულის წყაროს“. ჯოჯოხეთის ცეცხლოვან ადგილად წარმოსახვასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „ისინი [ჯოჯოხეთის შესახებ წარმოდგენები] ცხადყოფს, რომ ღვთის გარეშე ცხოვრება აბსოლუტურად იმედგამაცრუებელი და აზრს მოკლებულია“. პაპს რომ ჯოჯოხეთი აღეწერა „ცეცხლის ალში გახვეულ ადგილად, სადაც დიდი ჩანგლით შეიარაღებული წითლებში გამოწყობილი ეშმაკი“ ბინადრობს, „ხალხი ამას სერიოზულად არ მოეკიდებოდა“, — აღნიშნავს ეკლესიების ისტორიის მკვლევარი მარტინ მარტი.

იგივე ცვლილებები ხდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებშიც. სარწმუნოებრივი მოძღვრებების შემსწავლელმა ანგლიკანური ეკლესიის კომისიამ აღნიშნა: „ჯოჯოხეთი მარადიულად ტანჯვის ადგილი კი არ არის, არამედ ცხოვრებაში ისეთი კურსის არჩევის საბოლოო და შეუქცევადი შედეგი, რომელიც ღმერთს იმდენად და ისე აბსოლუტურად ეწინააღმდეგება, რომ მისი ერთადერთი ბოლო სრული არ არსებობის მდგომარეობაა“.

შეერთებული შტატების საეპისკოპოსო ეკლესიის კატეხიზისი ჯოჯოხეთს შემდეგნაირად განმარტავს: „ღვთის უარყოფის გამო მარადიული სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნა“. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტაცებს იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ «ბოროტ ადამიანთა საბოლოო ხვედრი განადგურებაა და არა მარადიული წამება... [მათი] განცხადების თანახმად, ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ უარყოფენ ღმერთს, ჯოჯოხეთის „შთანმთქმელ ცეცხლში“ არსებობას შეწყვეტენ», — აღნიშნავს „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“.

დღეს უკვე შეინიშნება ცეცხლისა და გოგირდის შესახებ შეხედულების უკუგდების ტენდენცია, მაგრამ მრავალს მაინც სჯერა, რომ ჯოჯოხეთი საწამებელი ადგილია. „საღვთო წერილი ნათლად ლაპარაკობს ჯოჯოხეთის, როგორც ცეცხლოვანი საწამებელი ადგილის, შესახებ, — ამბობს ალბერტ მოლერი (სამხრეთის ბაპტისტთა ლუისვილის [კენტუკი, აშშ] თეოლოგიური სემინარია). ევანგელისტთა ალიანსის კომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშში (The Nature of Hell) აღნიშნული იყო: „ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ადამიანს ცნობიერება შენარჩუნებული აქვს და განკვეთილობას და წამებას განიცდის. ეს ანგარიში შემდეგ იუწყებოდა: „ჯოჯოხეთში დასჯისა და წამების სხვადასხვა ფორმები არსებობს და მისი სიმკაცრე დედამიწაზე ჩადენილი ცოდვების სიმძიმეზეა დამოკიდებული“.

კვლავ ისმის კითხვა: ჯოჯოხეთი მარადიული წამებისთვის განკუთვნილი ცეცხლოვანი ადგილია თუ საბოლოო განადგურება? თუ ის, უბრალოდ, ღვთისგან განცალკევებით ყოფნის მდგომარეობაა? რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?

[ჩარჩო⁄სურათები 4 გვერდზე]

ჯოჯოხეთის მოკლე ისტორია

მოდის გაითავისეს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ მრწამსი? დედამიწაზე იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების მსახურებიდან დიდი ხნის შემდეგ. «„პეტრეს აპოკალიფსი“ (ახ. წ. მეორე საუკუნე) იყო პირველი [აპოკრიფული] ქრისტიანული ნაშრომი, რომელშიც ჯოჯოხეთში ცოდვილთა დასჯა და წამება იყო აღწერილი», — აღნიშნავს ფრანგული „ენციკლოპედია უნივერსალის“.

მაგრამ ჯოჯოხეთთან დაკავშირებით ეკლესიის ადრინდელ მამებს შორისაც იყო უთანხმოება. იუსტინე წამებულს, კლემენტ ალექსანდრიელს, ტერტულიანესა და კიპრიანეს სწამდათ, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი ადგილი იყო. ორიგენე და თეოლოგი გრიგოლ ნოსელი ფიქრობდნენ, რომ ჯოჯოხეთი იყო ადგილი, სადაც ღვთისგან ჩამოშორების გამო სულიერად იტანჯებოდნენ. მეორე მხრივ, ჰიპონელ ავგუსტინეს სწამდა, რომ ჯოჯოხეთში წამება სულიერიც იყო და ფიზიკურიც და სწორედ ეს უკანასკნელი გავრცელდა ფართოდ. „მეხუთე საუკუნისთვის მკაცრი სწავლება იმის შესახებ, რომ ცოდვილებს სიკვდილის შემდეგ არავითარი შანსი არ ჰქონდათ და მათ ჩაუქრობელი ცეცხლი შთანთქავდა, ყველგან იყო გაბატონებული“, — წერდა პროფესორი ჯ. ნ. დ. კელი.

მეთექვსმეტე საუკუნეში ისეთი პროტესტანტი რეფორმატორების აზრით, როგორებიც იყვნენ მარტინ ლუთერი და ჯონ კალვინი, ცეცხლოვან ჯოჯოხეთს გადატანითი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა და ღვთისგან მარადიულად გამოყოფის მაჩვენებელი ყოფილიყო. მაგრამ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ჯოჯოხეთის, როგორც ცეცხლოვანი წამების ადგილის, შესახებ შეხედულება კვლავ დაბრუნდა. მე-18 საუკუნეში პროტესტანტი მქადაგებელი ჯონათან ედუარდზი ჯოჯოხეთის ცეცხლის თვალსაჩინოდ აღწერას ამერიკულ კოლონიებში მცხოვრებთა გულებში შიშის ჩასანერგად იყენებდა.

მაგრამ მოკლე დროის შემდეგ ჯოჯოხეთის ცეცხლი განელდა და სრულიად მინავლდა. „მე-20 საუკუნეში ცნება ჯოჯოხეთის შესახებ თითქმის ჩაკვდა“, — აცხადებს „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“.

[სურათები]

იუსტინე წამებულს სწამდა, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი ადგილი იყო.

ავგუსტინე ჰიპონელი ფიქრობდა, რომ ჯოჯოხეთში წამება სულიერიც იყო და ფიზიკურიც.