არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?

მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?

მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?

ცრურწმენას მსოფლიოს ყველა ნაწილში აქვს ფესვები გადგმული. ზოგჯერ მას კულტურულ მემკვიდრეობადაც კი მიიჩნევენ. ან, შესაძლოა, უბრალო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელ საშუალებად თვლიან, რაც, მათი აზრით, ცხოვრებას მეტ ელფერს მატებს. დასავლეთის ქვეყნებში ცრურწმენას, ჩვეულებრივ, სერიოზულად არ ეკიდებიან. მაგრამ სხვაგან, მაგალითად აფრიკაში, ცრურწმენა დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე.

აფრიკულ კულტურაში მრავალი რამ ცრურწმენაზეა დაფუძნებული. აფრიკულ კინოფილმებში, რადიოპროგრამებსა და ლიტერატურაში, ხშირ შემთხვევაში, ცრურწმენასა და მისტიკურ საგნებზე კეთდება აქცენტი; მაგალითად, ჯადოქრობაზე, წინაპრებისადმი თაყვანისცემასა და ავგაროზებზე. რატომ აქვს ცრურწმენას ხალხზე ასეთი ძლიერი გავლენა და საიდან იღებს ის სათავეს?

რა დგას ცრურწმენის მიღმა?

მრავალ ცრურწმენას, ძირითადად, მიცვალებულთა და სხვა სულებისადმი შიში უდევს საფუძვლად. გარკვეულ მოვლენებს ისე ხსნიან, თითქოს სულები უკავშირდებიან ცოცხლებს იმისათვის, რომ შეაშინონ, გააფრთხილონ ან აკურთხონ ისინი.

ცრურწმენა აგრეთვე მკურნალობასთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობისთვის თანამედროვე სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და ხშირად მიუწვდომელი. ამიტომ მრავალი სამკურნალოდ და პროფილაქტიკური ზომების მისაღებად წინაპართა წეს-ჩვეულებებს, სპირიტიზმსა და ცრურწმენას მიმართავს. ისინი თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ ექიმბაშთან, რომელიც გარკვეულია მათ წეს-ჩვეულებებში და ესმის მათი ენა, ვიდრე კვალიფიცირებულ ექიმთან. ამგვარად ნარჩუნდება ცრურწმენა.

ტრადიციული ცრურწმენის თანახმად, უბედური შემთხვევა და ავადმყოფობა შემთხვევითობით კი არ არის განპირობებული, არამედ სულთა სამყაროს ძალების მიერ გამოწვეული მოვლენებია. ექიმბაშმა შეიძლება ეს იმით ახსნას, რომ მიცვალებულ წინაპართაგან რომელიღაც უკმაყოფილოა. სპირიტულმა მედიუმმა კი შეიძლება დაასკვნას, რომ რომელიმე შემლოცველმა დაზარალებულს ჯადო გაუკეთა, რის შედეგადაც ის დაავადდა ან უბედურება შეემთხვა.

ცრუ შეხედულებები მთელ მსოფლიოში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მათი გავრცელება უმეტესწილად ადგილობრივ ფოლკლორზე, ლეგენდებსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული. მაგრამ ყველანაირ ცრურწმენას ერთი რამ აერთიანებს. კერძოდ, რწმენა, რომ უხილავ სულთა სამყაროდან ვიღაც უნდა დამშვიდდეს.

უვნებელი თუ სახიფათო?

უმეტესობა ოჯახებში ტყუპების დაბადება განსაკუთრებული და ძალიან სასიხარულო მოვლენაა. მაგრამ ცრუმორწმუნე ადამიანისთვის ეს შეიძლება რაიმეს მომასწავებელი ნიშანი იყოს. დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში მრავალი ტყუპებს ღვთაებებად მიიჩნევს და თაყვანს სცემს მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი ან ორივე ტყუპისცალი სიკვდილის პირას არის, აკეთებენ ტყუპების პატარა ქანდაკებებს, რომლებსაც ოჯახის წევრებმა საჭმელი უნდა შესწირონ. ზოგიერთ ადგილას ტყუპების დაბადება წყევლად ითვლება; მშობლებმა შეიძლება ერთ-ერთი ტყუპისცალი მოკლან კიდეც. რატომ? მათ სწამთ, რომ, თუ ორივე ტყუპისცალი იცოცხლებს, ერთ მშვენიერ დღესაც ისინი მშობლებს დახოცავენ.

მსგავსი მაგალითები ცხადყოფს, რომ, თუმცა ზოგიერთი ცრუ შეხედულება შეიძლება მიმზიდველი და უვნებელი ჩანდეს, ზოგი მათგანი შეიძლება სახიფათო, თვით მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს. ჩვეულებრივი მოვლენა ავბედითი ინტერპრეტაციით შეიძლება შიშისმომგვრელ ამბად იქცეს.

დიახ, სინამდვილეში, ცრურწმენა არის მრწამსი ანუ რელიგიის ფორმა. თუ მხედველობაში მივიღებთ ცრურწმენის საზიანო მხარეებს, მართებული იქნებოდა, დაგვესვა კითხვა: სინამდვილეში ვის წისქვილზე ასხამს წყალს ცრურწმენასთან დაკავშირებული მრწამსი და წეს-ჩვეულებები?

ცრურწმენის სათავე

არსებული მტკიცებების მიუხედავად, დღესდღეობით ზოგიერთი უარყოფს სატანისა და ბოროტი სულების არსებობას. მაგრამ ომის დროს საშიში მტრის არსებობის უარყოფა მხოლოდ უბედურების მომტანია. იმავეს თქმა შეიძლება ზეადამიანურ სულიერ ქმნილებებთან დაკავშირებითაც, რადგან მოციქული პავლე წერდა: „ჩვენი ბრძოლა ... არის ... ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფესელთა 6:12).

მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავთ, ბოროტი სულიერი ქმნილებები არსებობენ. ბიბლიაში მოთხრობილია უხილავი სულიერი ქმნილების შესახებ, რომელმაც გველი გამოიყენა ისე, როგორც მუცლითმეზღაპრე იყენებს თოჯინას, რათა პირველ ქალს, ევას, დაკავშირებოდა და ღმერთის წინააღმდეგ აემხედრებინა (დაბადება 3:1—5). ბიბლია გვიმხელს ამ სულიერი ქმნილების ვინაობას. ის არის „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ (გამოცხადება 12:9). სწორედ მან, სატანამ, აიყოლია სხვა ანგელოზებიც დაუმორჩილებლობაში (იუდა6). ეს ბოროტი ანგელოზები დემონები ანუ ღვთის მტრები გახდნენ.

იესო და მისი მოწაფეები დევნიდნენ დემონებს ადამიანებიდან (მარკოზი 1:34; საქმეები 16:18). ეს სულები მიცვალებულ წინაპართა სულები არ არიან, რადგან „მკვდრებმა ... არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). სინამდვილეში, ისინი მეამბოხე ანგელოზები არიან, რომლებიც სატანამ შეცდომაში შეიყვანა. მათთან კავშირის დაჭერა ან მათი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა უყურადღებოდ დასატოვებელი საკითხი არ არის, რადგან ისინი თავიანთი წინამძღოლის, სატანა ეშმაკის, მსგავსად, მზად არიან ჩვენ ‘ჩასაყლაპად’ (1 პეტრე 5:8). მათი მიზანია, ჩამოგვაშორონ კაცობრიობის ერთადერთი იმედისგან — ღვთის სამეფოსგან.

ბიბლია გვიმხელს იმ ერთ-ერთ მეთოდს, რომელსაც სატანა და მისი დემონები იყენებენ: „თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება“ (2 კორინთელთა 11:14). სატანას სურს, მოგვატყუოს და დაგვარწმუნოს იმაში, რომ მას უკეთესი ცხოვრების შემოთავაზება შეუძლია. ამიტომ შეიძლება ბოროტი სულების ჩარევამ ერთი შეხედვით გარკვეული სარგებლობაც კი მოიტანოს. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია (2 პეტრე 2:4). სინამდვილეში, მათ არ შეუძლიათ მარადიული სიცოცხლე უბოძონ ვინმეს; გარდა ამისა, მალე ისინი თავადაც უნდა განადგურდნენ (რომაელთა 16:20). ჩვენი შემოქმედი მარადიული სიცოცხლისა და ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი წყაროა; ის არის ბოროტ სულთაგან ჩვენი საუკეთესო მფარველი (იაკობი 4:7).

ღმერთი განსჯის სპირიტიზმის გამოყენებას (მეორე რჯული 18:10—12; მეოთხე მეფეთა 21:6). ეს მტრებთან, ღვთის მოღალატეებთან, კავშირის შეკვრას ნიშნავს! რჩევა-დარიგების მისაღებად ჰოროსკოპებისა და ექიმბაშებისთვის მიმართვა ან ცრურწმენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ბოროტ სულებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას ვაძლევთ. ეს ღვთის წინააღმდეგ ამბოხებაში მათთან შეერთების ტოლფასია.

შეგვიძლია თავი დავიცვათ ბოროტისაგან?

ადეი *, ნიგერიაში მცხოვრები მამაკაცი, იეჰოვას სრული დროით მქადაგებელ მოწმესთან სწავლობდა ბიბლიას. „მტერს რა გამოლევს“, — ამ სიტყვებით ხსნიდა ადეი იმას, თუ რატომ ჰქონდა თავის მაღაზიაში თილისმა. ბიბლიის მასწავლებელმა კი აუხსნა, რომ ნამდვილი უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ იეჰოვაზე მინდობით იყო შესაძლებელი. მან ადეის წაუკითხა ფსალმუნის 33:8, სადაც ნათქვამია: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“. ადეიმ დაასკვნა: „თუ სინამდვილეში იეჰოვას შეუძლია ჩემი დაცვა, მაშინ ამ თილისმას მოვიცილებ თავიდან“. მას შემდეგ წლები გავიდა და ამჟამად ის უხუცესად და სრული დროით მქადაგებლად მსახურობს. მტრებმა მას ვერაფერი ავნეს.

ბიბლია გვიჩვენებს, რომ იმისდა მიუხედავად, ცრუმორწმუნეები ვართ თუ არა, ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ბევრ რამეს დრო და შემთხვევა განაგებს (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ იეჰოვა არასდროს გვცდის უბედურებით (იაკობი 1:13). სიკვდილი და არასრულყოფილება ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგია (რომაელთა 5:12). ამის გამოა, რომ დროდადრო ყველა ავად ხდება და შეცდომებს უშვებს, რომლებსაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. ამიტომაც, არასწორი იქნებოდა, თუ ყველანაირ ავადმყოფობასა და ყველა პრობლემას ბოროტ სულებს მივაწერდით. ასეთი მრწამსი მხოლოდ იმისკენ გვიბიძგებდა, რომ როგორმე დაგვეწყნარებინა ეს სულები *. როდესაც ავად ვხდებით, სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა ვეძიოთ და არა სატანა ეშმაკის რჩევა, რადგან „ცრუა იგი და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). სტატისტიკამ ცხადყო, რომ იმ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, სადაც წინაპართაგან მიღებული ცრურწმენაა გავრცელებული, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით დიდხანს და უკეთესად არ ცხოვრობენ. ნათელია, რომ ცრურწმენა არც უკეთესი ჯანმრთელობის მომტანია.

ღმერთი ნებისმიერ ბოროტ სულზე გაცილებით ძლიერია და, ამავე დროს, ჩვენი კეთილდღეობაც სურს. „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12). ლოცვით სთხოვეთ მას მფარველობა და სიბრძნე (იგავნი 15:29; 18:10). ეცადეთ მისი წმინდა სიტყვის, ბიბლიის, გაგებას. ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა საუკეთესო დამცველი იქნება ჩვენთვის. ეს დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ ხდება უბედურებები და როგორ დავიმსახუროთ ყოვლისშემძლე ღმერთის მოწონება.

ღვთის შესახებ შემეცნებას სარგებლობა მოაქვს

იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ მიღებული საფუძვლიანი ცოდნა, რაც უმეცრებისა და ცრურწმენის საპირისპიროა, ნამდვილი თავდაცვის ძირითადი საშუალებაა. ამას ადასტურებს ბენინში მცხოვრები ჟანის შემთხვევაც. ცრუმორწმუნეობა ღრმად იყო ფესვგადგმული ჟანის ოჯახში. მათ ტომში გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, ახალნამშობიარები ქალი, რომელმაც ვაჟი დაბადა, სპეციალურად აშენებულ ქოხში უნდა დარჩენილიყო ცხრა დღის განმავლობაში. გოგოს დაბადების შემთხვევაში, დედა ქოხში შვიდი დღე უნდა გამოემწყვდიათ.

1975 წელს ჟანის მეუღლემ მშვენიერი ბიჭუნა დაბადა, რომელსაც მარკი დაარქვეს. ბიბლიიდან მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, ჟანსა და მის მეუღლეს არ სურდათ, რაიმე საერთო ჰქონოდათ ბოროტ სულებთან. შეაშინა კი ისინი ცრუ შეხედულებებმა და სხვების მხრიდან ზეწოლამ, რომ დამორჩილებოდნენ ცრუ შეხედულებებს და დედა ქოხში დაეტოვებინათ? არა. მათ უარი თქვეს ტომში გავრცელებული ცრურწმენის შესრულებაზე (რომაელთა 6:16; 2 კორინთელთა 6:14, 15).

ევნო რაიმე ჟანის ოჯახს? მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მარკი ამჟამად თანაშემწედ მსახურობს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში. მთელი ოჯახი ბედნიერია იმის გამო, რომ ცრურწმენას თავიანთ ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება არ მისცეს და სულიერი კეთილდღეობა საფრთხეში არ ჩაიგდეს (1 კორინთელთა 10:21, 22).

ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა თავი უნდა აარიდონ ცრურწმენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ჩვეულებას და დარჩნენ სინათლეში, რომელსაც შემოქმედი, იეჰოვა და მისი ძე, იესო ქრისტე, სთავაზობთ. ამგვარად მათ ექნებათ სულის სიმშვიდე, რადგან ეცოდინებათ, რომ ღვთის თვალში სწორად იქცევიან (იოანე 8:32).

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 21 იხილეთ 1999 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ სათაურით „ეშმაკის ბრალია, ავად რომ ვხდებით?“.

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

მსოფლიოში გავრცელებული ზოგიერთი ცრურწმენა

• თუ ბრინჯის საჭმელად განკუთვნილი ჯოხები ჯამში ვერტიკალურ მდგომარეობაში დგას, ეს სიკვდილის მომასწავებელია.

• მზის სინათლეზე ბუს დანახვა ცუდის ნიშანია.

• თუ რაიმე ცერემონიის დროს სანთელი ჩაქრა, ეს ნიშნავს, რომ ახლომახლო ბოროტი სულები იმყოფებიან.

• თუ იატაკზე ქოლგა დავარდა, ამ სახლში მკვლელობა მოხდება.

• ლოგინზე დადებული ქუდი რაიმე ცუდის მომასწავებელია.

• ზარის ხმა დემონებს აფრთხობს.

• ადამიანს სურვილი შეუსრულდება, თუ დაბადების დღისთვის გამომცხვარ ტორტზე ყველა სანთელს ერთი სულის შებერვით ჩააქრობს.

• თუ ცოცხი ლოგინზეა მიყუდებული, ცოცხში დაბუდებულ ბოროტ სულებს ლოგინის ჯადოთი შეკვრის საშუალება ეძლევათ.

• თუ შავმა კატამ გადაგირბინათ გზაზე, ესე იგი არ გაგიმართლებთ.

• ჩანგლის დავარდნა სტუმრის მოსვლას მოასწავებს.

• თუ კარის პირდაპირ სპილოების სურათია ჩამოკიდებული, ეს ბედნიერების მომასწავებელია.

• შესასვლელში მიმაგრებული ნალი იღბლიანობას ნიშნავს.

• სურო, რომელიც სახლის კედელზე იზრდება, ბოროტებისგან იცავს მას.

• მისადგმელი კიბის ქვეშ გავლა ცუდი ნიშანია.

• სარკის გატეხვა შვიდი წელი უიღბლობას ნიშნავს.

• თუ პილპილი დაგებნა, საუკეთესო მეგობართან იჩხუბებ.

• მარილის დაბნევას უსიამოვნება მოჰყვება, თუ ერთ მწიკვ მარილს მარცხენა მხრის უკან არ გადაყრი.

• თუ საქანელა სკამში არავინ ზის და ისე ქანაობს, ეს ნიშნავს, რომ დემონებს ვიწვევთ იქ დასაჯდომად.

• ამოტრიალებულად ფეხსაცმელების დატოვება უიღბლობის მომასწავებელია.

• როდესაც მიცვალებულია ოჯახში, ფანჯრები ღია უნდა იყოს, რათა სულს გარეთ გასვლის საშუალება ჰქონდეს.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ცრურწმენის მარწუხებისგან თავდახსნილნი

იეჰოვას მოწმეები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ რეგიონში ქადაგებდნენ. დაკაკუნების შემდეგ მოწმეებს კარი „სანგომას“ (ჯადოქრის) ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალმა გაუღო. მოწმეებმა წამოსვლა დააპირეს, მაგრამ ქალმა დაიჟინა, თქვენი სათქმელი მითხარითო. ერთ-ერთმა მოწმემ წაუკითხა მეორე რჯულის 18:10—12, რათა დაენახვებინა ღვთის თვალსაზრისი სპირიტიზმზე. ჯადოქარს მოეწონა ეს აზრი და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. ქალმა თქვა, რომ თუ ბიბლიის შესწავლის შედეგად დარწმუნდებოდა იმაში, რომ მისი საქმიანობა იეჰოვას არ მოსწონს, ამ საქმეს თავს დაანებებდა.

ბიბლიისა და წიგნის „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ მე-10 თავის შესწავლის შემდეგ, მან ჯადოქრობასთან დაკავშირებული ნივთები დაწვა და სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მოგვიანებით კი ოფიციალურად გააფორმა თავისი ქორწინება მიუხედავად იმისა, რომ 17 წელი იყო, რაც ქმართან არ ცხოვრობდა. ამჟამად, ორივენი იეჰოვას მიძღვნილი, მონათლული მოწმეები არიან.

[სურათი 6 გვერდზე]

ჯადოქარი ძვლების გამოყენებით ცდილობს, გაიგოს კლიენტის პრობლემების ზებუნებრივი მიზეზი.

[სურათები 7 გვერდზე]

ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა დამცველი და ბედნიერების მომტანია.