მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
იცოდა აბელმა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ცხოველის შეწირვა იყო საჭირო?
ბიბლია არც თუ ისე ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის კაენისა და აბელის შესაწირავის შესახებ. დაბადების 4:3—5–ში ვკითხულობთ: „გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა“.
ბიბლიაში მანამდე საერთოდ არ არის მოხსენიებული იეჰოვას არც ერთი კანონი შესაწირავთან დაკავშირებით, არც ის, თუ როგორი შესაწირავი იყო მისთვის მისაღები. როგორც ჩანს, კაენმა და აბელმა თავად აირჩიეს, თუ რა შეეწირათ. მათ იცოდნენ, რომ სამოთხის კარი დაკეტილი იყო, გრძნობდნენ ცოდვის შედეგებსა და იმას, რომ ჩამოსცილდნენ ღმერთს. ასეთ ცოდვილ და სავალალო მდგომარეობაში ისინი ღვთისკენ შემობრუნების აუცილებლობას ხედავდნენ. ღვთისთვის ძღვენის მირთმევა მისი კეთილგანწობილების მოსაპოვებლად გადადგმული ნებაყოფლობითი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.
შედეგად, აბელის მსხვერპლი მიიღო ღმერთმა, კაენის კი — არა. რატომ? იმიტომ ხომ არ მოხდა ეს, რომ კაენისგან განსხვავებით, აბელმა სათანადო მსხვერპლი შესწირა? ჩვენ დარწმუნებული არა ვართ, ჰქონდა თუ არა მსხვერპლის რაობას მნიშვნელობა, ვინაიდან ღმერთს არც ერთი მათგანისთვის არ უთქვამს, რა იქნებოდა მისთვის მისაღები და რა — არა. მაგრამ, როგორც ჩანს, ორივე მსხვერპლი მისაღები იყო. მოგვიანებით, როდესაც იეჰოვამ ისრაელ ერს რჯული მისცა, მისაღებ შესაწირავში შედიოდა არა მხოლოდ ცხოველები ან ცხოველთა ნაწილები, არამედ სხვადასხვა მოხალული მარცვლეული, ქერის ძნები, გაცრილი ფქვილი, კვერები და ღვინო (ლევიანნი 6:19—23; 7:11—13; 23:10—13). როგორც ჩანს, ის, თუ რას მიიტანდნენ კაენი და აბელი მსხვერპლად, გადამწყვეტი არ იყო ღვთისთვის, მიიღებდა მათ შესაწირავს თუ არა (შეადარეთ ესაია 1:11; ამოსი 5:22).
საუკუნეების შემდეგ, მოციქული პავლე წერდა: „რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ“ (ებრაელთა 11:4). ამგვარად, რწმენის გამო იქნა აბელი ღვთის წინაშე მართლად აღიარებული. მაგრამ რისადმი რწმენით? იეჰოვას აღთქმისადმი, რომ მოავლენდა მას, ვინც ‘გველს თავს გაუჭეჭყავდა’ და აღადგენდა იმ მშვიდობასა და სრულყოფილებას, რომლითაც ოდესღაც ხარობდა კაცობრიობა. იმის საფუძველზე, რომ თესლი ქუსლში უნდა დაგესლილიყო, აბელმა შესაძლოა დაასკვნა, რომ მსხვერპლის შეწირვა სისხლის დაღვრასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული (დაბადება 3:15). ნებისმიერ შემთხვევაში, აბელის რწმენის გამო იყო, რომ მისი მსხვერპლი „კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი“ აღმოჩნდა.
მაშასადამე, ღმერთმა კაენის შესაწირავი უარყო არა იმიტომ, რომ არასათანადო მსხვერპლი შესწირა, არამედ რწმენა აკლდა, რაც მისი მოქმედებებით დამტკიცდა. იეჰოვამ საკმაოდ გასაგებად უთხრა კაენს: „თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო?“ (დაბადება 4:7). ღმერთმა კაენი თავად შესაწირავის გამო კი არ უარყო, არამედ იმიტომ, რომ „მისი საქმენი ბოროტი იყო“. შური, სიძულვილი და ბოლოს მკვლელობა — სწორედ ამის გამო უარყო ღმერთმა კაენი (1 იოანე 3:12).