მოხუცებული და ცხოვრებით კმაყოფილი
ბიოგრაფია
მოხუცებული და ცხოვრებით კმაყოფილი
მოგვითხრო მიურელ სმითმა
ის-ის იყო შუადღისას სამქადაგებლო მსახურებიდან წასახემსებლად სახლში დაღლილი დავბრუნდი, რომ ბრახუნმა კარი შეაზანზარა. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩაისთვის წყალს ვადუღებდი და ნახევარი საათით დასვენებას ვაპირებდი. ვიღაც დაჟინებით აკაკუნებდა. რა თქმა უნდა, მაშინვე კარისკენ გავეშურე, თან ვფიქრობდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. მალე ყველაფერი ნათელი გახდა: კართან მდგომმა ორმა მამაკაცმა განმიცხადა, რომ პოლიციიდან იყვნენ და სახლის გაჩხრეკას აპირებდნენ, რათა იეჰოვას მოწმეების, როგორც აკრძალული ორგანიზაციის, ლიტერატურა ეპოვათ. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ იყო იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ავსტრალიაში აკრძალული და როგორ გავხდი მეც ერთ-ერთი მათგანი? ეს ყველაფერი 1910 წელს დაიწყო, როდესაც დედაჩემმა საჩუქარი გამიკეთა. მაშინ 10 წლის ვიყავი.
ჩემი მშობლები სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ქროუს ნესტში, ხის კოტეჯში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს სკოლიდან რომ დავბრუნდი, დედაჩემი კართან ვიღაც უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდა. ძალიან დავინტერესდი, თუ ვინ იყო კოსტიუმში გამოწყობილი ეს უცნობი მამაკაცი წიგნებით სავსე ხელჩანთით. ბოდიში მოვიხადე და მაშინვე სახლში შევედი. რამდენიმე წუთის შემდეგ დედამ დამიძახა და მითხრა: „ამ მამაკაცს ბიბლიურ თემაზე ძალიან საინტერესო წიგნები აქვს. შენი დაბადების დღე ახლოვდება, რა უფრო გინდა, ახალი კაბა თუ ეს წიგნები?“.
„რა თქმა უნდა, წიგნები. ოჰ, რა კარგია, გმადლობთ დედიკო!“ — სიხარულით წამოვიძახე.
ასე რომ, ათი წლისას უკვე მქონდა ჩარლზ ტეიზ რასელის „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველი სამი ტომი. იმ მამაკაცმა გვითხრა, რომ ეს წიგნები საკმაოდ რთული იყო და დედის დახმარება დამჭირდებოდა. დედაჩემიც დაჰპირდა, რომ ამას სიხარულით გააკეთებდა. სამწუხაროდ, დედა მალე გარდამეცვალა. მამა გულმოდგინედ გვივლიდა მე და ჩემს უმცროს და-ძმას, მაგრამ ახლა ახალი დამატებითი მოვალეობები დამეკისრა, რამაც ძალიან დამამძიმა. მაგრამ, თურმე სხვა უბედურება ჯერ კიდევ წინ გველოდა.
1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და სწორედ ერთი წლის შემდეგ საყვარელი მამა მოგვიკლეს. რადგან დავობლდით, და-ძმა ნათესავებმა შეიფარეს, მე კი კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში მიმაბარეს. დროდადრო სიმარტოვეს ვგრძნობდი. მაგრამ დიდად მადლობელი ვარ, რომ მუსიკის სწავლის საშუალება მქონდა; განსაკუთრებით კი ფორტეპიანოზე დაკვრა მიყვარდა. რამდენიმე წლის შემდეგ სკოლა-ინტერნატი დავამთავრე. 1919 წელს კი მუსიკალური ინსტრუმენტების გამყიდველ, როი სმითს, გავყევი ცოლად. 1920 წელს ბავშვი შეგვეძინა და კვლავ ოჯახის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩავეფლე. მაგრამ რა მოუვიდა ზემოხსენებულ წიგნებს?
მეზობელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას მიზიარებს
მთელი ამ ხნის განმავლობაში „ბიბლიური წიგნები“ ჩემთან ერთად მოგზაურობდნენ. თუმცა არასოდეს წამეკითხა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათში მნიშვნელოვანი ცნობა იყო მოცემული. ერთხელ, 20-იანი წლების დასასრულს, მეზობელი, ლილ ბიმსონი, მესტუმრა. ოთახში შევიპატიჟე და ჩაით გავუმასპინძლდი.
— შენ რა უკვე მიიღე ეს წიგნები?! — მოულოდნელად წამოიძახა მან.
— რა წიგნები? — ვკითხე გაოცებულმა.
მან კარადაში დადებულ „საღვთო წერილის გამოკვლევაზე“ მიმანიშნა. ლილმა მთხოვა, თუ შეიძლებოდა მისთვის მეთხოვებინა ეს წიგნები. მე დავთანხმდი. მანაც წაიღო და მაშინვე წაიკითხა. წაკითხულმა ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ლილმა ბიბლიის მკვლევარებისგან (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) უფრო მეტი ლიტერატურა მიიღო. გარდა ამისა, წაკითხული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაგვიზიარა. ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მან მიიღო, იყო „ღვთის არფა“ და მაშინვე ჩვენ მოგვირბენინა. როგორც იქნა, მეც დავიწყე ბიბლიური ლიტერატურის კითხვა, რაც იეჰოვასადმი მსახურების დაწყების წინა პირობა იყო. როგორც იქნა, პასუხი მივიღე ისეთ ძირითად კითხვებზე, რომლებზეც ჩემი ეკლესია ვერ მპასუხობდა.
საბედნიეროდ, როიმაც დიდი ინტერესი გამოავლინა ბიბლიური ცნობისადმი და ორივემ გულმოდგინედ დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. ადრე როი მასონობის მიმდევარი იყო, ახლა კი ჩვენი ოჯახი ჭეშმარიტ თაყვანისცემაში გაერთიანდა და ძმები კვირაში ორჯერ გვიტარებდნენ ბიბლიის შესწავლას. ბიბლიის მკვლევართა კრების შეხვედრებზე დასწრების შემდეგ კი უფრო მეტი სტიმული მოგვეცა. კრების შეხვედრები სიდნეის გარეუბანში, ნიუთაუნში, ნაქირავებ პატარა დარბაზში ტარდებოდა. იმ დროს მთელ ქვეყანაში 400-მდე მოწმე ცხოვრობდა და ძმების უმეტესობას კრების შეხვედრებზე დასასწრებად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უხდებოდა.
ჩვენ კი კრების შეხვედრებზე დასასწრებად გამუდმებით სიდნეის ნავსადგურის გადაკვეთა
გვიხდებოდა. სანამ 1932 წელს სიდნეის ხიდს ააშენებდნენ, მეორე სანაპიროზე ბორანით გადავდიოდით. მიუხედავად დიდი დროის დაკარგვისა და მგზავრობის ხარჯებისა, ყველანაირად ვცდილობდით, იეჰოვას მიერ მომზადებული სულიერი ნადიმი არ გაგვეცდინა. ჭეშმარიტებაში მყარად დადგომა მართლაც რომ ღირდა, რადგან მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ნეიტრალიტეტის საკითხი ჩვენს ოჯახსაც შეეხო.გამოცდები და კურთხევები
30-იანი წლების დასაწყისი ჩვენი ოჯახისთვის აღმაფრთოვანებელი იყო. 1930 წელს მოვინათლე. 1931 წელს კი იმ ღირსშესანიშნავ კონგრესს დავესწარი, რომელზეც მშვენიერი სახელწოდება, იეჰოვას მოწმეები, მივიღეთ. მე და როი ვცდილობდით, ამ სახელის შესაბამისად გვეცხოვრა და ყველა იმ სამქადაგებლო მეთოდს ვიყენებდით და ყველა იმ კამპანიაში ვმონაწილეობდით, რომელსაც ორგანიზაცია გვირჩევდა. მაგალითად, 1932 წელს მონაწილეობა მივიღეთ სპეციალური ტრაქტატის გავრცელების კამპანიაში, რომლის მიზანიც სიდნეის ხიდის გახსნაზე მოსული ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაცნობა იყო. განსაკუთრებით ყურადღება მახვილდებოდა რუპორიანი ავტომობილების გამოყენებაზე. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავდა ავტომობილი, რომელსაც ხმის გამაძლიერებელი სისტემა ჰქონდა. სწორედ ამის მეშვეობით ისმოდა სიდნეის ქუჩებში ძმა რუტერფორდის ბიბლიური მოხსენებები.
მაგრამ დრო კვლავ იცვლებოდა და ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. 1932 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ავსტრალიასაც შეეხო. მე და როიმ ცხოვრების გამარტივება გადავწყვიტეთ. საცხოვრებლად კრებასთან ახლოს გადავედით; ამით კი მგზავრობის თანხებს ვზოგავდით. მალე ეკონომიკური კრიზისი ყველას დაავიწყდა, რადგან მთელი მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვია.
რადგან იეჰოვას მოწმეები იესოს მითითებისამებრ წუთისოფლის ნაწილი არ იყვნენ, მათ მთელ მსოფლიოში დევნიდნენ. ამ მხრივ არც ავსტრალიელი მოწმეები იყვნენ გამონაკლისი. ომის ქაოსში მდგომარეობა უკონტროლო იყო და ზოგი კომუნისტებადაც კი გვნათლავდა. ეს მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა იეჰოვას მოწმეები ავსტრალიაში თავიანთი ოთხი რადიოსადგურიდან იაპონიის ჯარებს ცნობებს აწვდიდნენ.
ახალგაზრდა ძმებზე, რომლებსაც ჯარში იწვევდნენ, დიდ დაწოლას ახდენდნენ, რომ კომპრომისზე წაეყვანათ. სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამივე ვაჟი რწმენის ერთგული დარჩა და სამხედრო სამსახურში წასვლაზე უარი თქვა. უფროს ვაჟს, რიჩარდს, ამის გამო 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შუათანა კეივინს კი სამხედრო სამსახურის უარმყოფელის სტატუსი მისცეს. სამწუხაროდ, ჩვენი ნაბოლარა ვაჟი, სტიუარტი, ავარიაში დაიღუპა, როდესაც ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ საკუთარ სასამართლოზე მოტოციკლეტით მიდიოდა. ეს ტრაგედია ჩვენთვის შემაძრწუნებელი იყო. მაგრამ, ამის გადატანაში ღვთის სამეფოსა და მიცვალებულების აღდგომასთან დაკავშირებული იმედი დაგვეხმარა.
მათ უფრო მნიშვნელოვანი რამ ვერ იპოვეს
იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ავსტრალიაში 1941 წლის იანვრიდან აიკრძალა. მაგრამ იესოს მოციქულების მსგავსად, მე და როი ღმერთს უფრო ვემორჩილებოდით, ვიდრე ადამიანს და ორ წელიწად-ნახევარი იატაკქვეშა საქმიანობას ვეწეოდით. სწორედ მაშინ მოვიდა ის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ორი პოლიციელი ჩვენთან სახლში. რა მოხდა შემდეგ?
სახლში შევიპატიჟე და, როგორც კი შემოვიდნენ, ვკითხე: „წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ჩაის დალევა დავამთავრო, სანამ სახლს გაჩხრეკთ?“. ჩემდა გასაოცრად, ისინი დამთანხმდნენ; მეც გავედი სამზარეულოში, იეჰოვას მივმართე ლოცვით და აზრები მოვიკრიბე. როდესაც ოთახში დავბრუნდი, პოლიციელი საწერ მაგიდასთან მივიდა და ყველაფერი წამოკრიფა, რასაც კი „საგუშაგო კოშკის“ ნიშანი ჰქონდა; შემდეგ კი ჩემი ჩანთიდანაც ამოიღო ლიტერატურა და ბიბლია.
— სხვაგანაც ხომ არა გაქვთ ყუთებით გადამალული ლიტერატურა? — მკითხა მან. — საიმედო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ყოველკვირა ამ ქუჩაზე მდებარე დარბაზში კრებებს ესწრებით და უამრავი ლიტერატურა მიგაქვთ ხოლმე იქ.
— ეს ასეა, მაგრამ ახლა ლიტერატურა აქ არ არის, — ვუპასუხე.
— დიახ, ქალბატონო სმით, ჩვენ ეს ვიცით, — თქვა მან. — ისიც ვიცით, რომ ლიტერატურა ამ რაიონში მცხოვრებ ხალხთან ინახება.
ჩვენი ვაჟის საძინებელ ოთახში ხუთი ყუთი იპოვეს, რომელშიც ბროშურა „თავისუფლება თუ კათოლიციზმი“ იყო.
— იმასაც ხომ არ იტყვით, რომ გარაჟშიც არაფერი გაქვთ? — მკითხა მან.
— არა, იქ არაფერია, — ვთქვი მე.
შემდეგ კი სასადილო ოთახში კარადის კარი გამოაღო და ბლანკები იპოვა, რომელშიც კრების ანგარიშებს ვწერდით ხოლმე. აიღო ხელში და გარაჟს მიაშტერდა დაჟინებით.
— გამომყევით და იქაც ნახეთ, თუ გინდათ, — ვუთხარი მე.
ისინი გამომომყვნენ და გარაჟის დათვალიერების შემდეგ წავიდნენ.
ალბათ ფიქრობდნენ, რომ ის ხუთი ყუთი ყველაზე ძვირფასი იყო, რაც აღმოაჩინეს! სინამდვილეში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ვერ იპოვეს. იმ დღეებში კრების მდივნის მოვალეობას ვასრულებდი და მაუწყებელთა სია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სახლში მქონდა. საბედნიეროდ, ძმებს უკვე გაფრთხილებული ვყავდით, რომ ასეთი ჩხრეკა მოსალოდნელი იყო და ეს საბუთები კარგად დავმალე: კონვერტებში ჩავდე და ჩაის, შაქრისა და ფქვილის ყუთების ფსკერზე მოვათავსე. ზოგიერთი საბუთი კი გარაჟის მახლობლად საფრინველეში მქონდა გადამალული. ასე რომ, პოლიციელებმა სწორედ ის ინფორმაცია ვერ იპოვეს, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდათ.
სრული დროით მსახურების დაწყება
1947 წელს უფროსი შვილები დაქორწინდნენ. ამ დროს მე და როიმ გადავწყვიტეთ, რომ სრული დროით მსახურება დაგვეწყო. იმ დროს ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში სამეფოს შესახებ მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ჩვენც გავყიდეთ სახლი და ვიყიდეთ ფურგონი, რომელსაც „მიცფა“ დავარქვით, რაც „საგუშაგო კოშკს“ ნიშნავს. ამგვარი ცხოვრება იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ მოშორებულ ტერიტორიებზე გვექადაგა. ხშირად ისეთ სოფლებში ვქადაგებდით, სადაც ღვთის სამეფოს შესახებ არაფერი სმენოდათ. ასეთი მსახურებიდან ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. ერთ შესწავლას ახალგაზრდა ქალთან, ბევერლისთან, ვატარებდი. მაგრამ სანამ მოინათლებოდა, სხვაგან გადასახლდა. წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდა, როდესაც ერთ-ერთ კონგრესზე ერთი და მომიახლოვდა და მითხრა, რომ ბევერლი იყო! ძალიან გამიხარდა იმის გაგება, რომ წლების შემდეგ ქმარ-შვილთან ერთად იეჰოვას ემსახურებოდა.
1979 წელს საშუალება მომეცა პიონერული მსახურების სკოლას დავსწრებოდი. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ სკოლაზე ხაზგასმით აღინიშნა, პიონერული მსახურების გაგრძელებისთვის რეგულარული პირადი შესწავლის აუცილებლობა იყო. რა თქმა უნდა, მალე დავრწმუნდი ამ რჩევის ჭეშმარიტებაში. შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურება — ესაა მთელი ჩემი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ 50 წელზე მეტხანს პიონერად ვიმსახურე.
ავადმყოფობებისთვის თავის გართმევა
ამ ბოლო ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებულ სიძნელეებს ვხვდები. 1962 წელს გლაუკომის დიაგნოზი დამისვეს. იმ დროს არც თუ ისე კარგად მკურნალობდნენ ამ დაავადებას და თვალთ
ძალიან სწრაფად დამაკლდა. ჯანმრთელობა როისაც საგრძნობლად გაუუარესდა. 1983 წელს კი დამბლა დაეცა, ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა და მეტყველების უნარი წაერთვა. სამწუხაროდ, ის 1986 წელს გარდაიცვალა. სრული დროით მსახურებაში როი ძალიან მეხმარებოდა და ახლა უმისობას მწვავედ განვიცდიდი.მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ სულიერად აქტიური დავრჩენილიყავი. ვიყიდე ავტომობილი, რომელიც სამქადაგებლო მსახურებაში გამომადგებოდა და ჩემი ქალიშვილის, ჯოისის, დახმარებით პიონერული მსახურება განვაგრძე. დროთა განმავლობაში მხედველობა ძალიან დამიქვეითდა; მალე კი ერთ თვალში სინათლე მთლად დავკარგე. ექიმებმა შუშის თვალი ჩამისვეს. მიუხედავად ამისა, ყოველდღე სამ-ხუთ საათს ვკითხულობდი გამადიდებელი შუშის დახმარებით დიდი შრიფტით დაბეჭდილ პუბლიკაციებს. თუმცა ცალი თვალიდანაც ძლივძლივობით ვხედავდი.
პირადი შესწავლა ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამ არის. ასე რომ, ალბათ წარმოიდგენთ, რა შემაძრწუნებელი იქნებოდა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ერთ ნაშუადღევს კითხვისას უეცრად ვეღარაფერი დავინახე. ისე მოხდა, თითქოს ვიღაცამ სინათლე ჩააქრო. მხედველობა საერთოდ დავკარგე. როგორღა განვაგრძობდი შესწავლას? მიუხედავად იმისა, რომ ყურთასმენაც დამაკლდა, აუდიოკასეტებს ვუსმენ და შვილებიც მეხმარებიან სულიერობის შენარჩუნებაში.
სიმტკიცის ბოლომდე შენარჩუნება
ახლა ას წელს ვარ მიღწეული; სხვა ავადმყოფობებიც მაწუხებს და საგრძნობლად დავსუსტდი. ზოგჯერ ორიენტაციას ვკარგავ. რადგან ვერ ვხედავ, ხანდახან გზაც მებნევა. ძალიან მინდა, რომ კვლავ ვინმეს ვასწავლიდე ბიბლიას, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის პატრონს აღარ შემიძლია გარეთ გასვლა და დაინტერესებული ადამიანების პოვნა. თავდაპირველად ეს ძალიან მტკენდა გულს, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეგუე იმას, რომ უწინდებურად ვეღარ ვმსახურობ. ეს კი ადვილი არ იყო. მახარებს ის ფაქტი, რომ ყოველთვიურად შემიძლია გარკვეული დრო ჩვენი დიდებული ღმერთის, იეჰოვას შესახებ საუბარს დავუთმო. ძალიან მიხარია, როგორც კი ვინმესთან ბიბლიის შესახებ საუბრის შესაძლებლობა მეძლევა, მაგალითად, მომვლელთან ან გამყიდველთან, რომლებიც სახლში მაკითხავენ. თანაც ვცდილობ, რომ ეს ტაქტიანად გავაკეთო.
ჩემთვის ყველაზე დიდი კურთხევა ის არის, რომ ჩემი ოთხი თაობა ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ზოგიერთი მათგანი იქ მსახურობს პიონერად, სადაც დიდი მოთხოვნილებაა, ზოგი უხუცესი ან თანაშემწეა, ზოგი კი ბეთელში მსახურობს. მრავალი ჩემი თაობის წარმომადგენლის მსგავსად, იმედი მაქვს, რომ ამ წუთისოფლის აღსასრული ძალიან მალე მოვა. 70 წლის მანძილზე, რაც იეჰოვას ვემსახურები, ჩემ თვალწინ მისი ხალხის რიცხვი ძალიან გაიზარდა. და სწორედ ეს მანიჭებს უდიდეს კმაყოფილებას, რომ ასეთ დიდებულ საქმეში ვიღებდი მონაწილეობას.
მომვლელები, რომლებიც სახლში მაკითხავენ, მეუბნებიან, რომ სწორედ ჩემი რწმენის წყალობით ვარ დღესდღეობით ცოცხალი. მეც ასე ვფიქრობ. იეჰოვას მსახურებაში დახარჯვა მართლაც ცხოვრების საუკეთესოდ გატარებაა. მეფე დავითის მსგავსად, მეც შემიძლია ვთქვა, რომ მოხუცებული და ცხოვრებით კმაყოფილი ვარ (პირველი ნეშტთა 29:28, აქ).
(სამწუხაროდ, და მიურელ სმითი 2002 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა, როდესაც ეს სტატია მზადდებოდა. სწორედ ერთი თვის შემდეგ 102 წელი შეუსრულდებოდა. ის მართლაც გამოირჩეოდა თავისი ერთგულებითა და მოთმინებით).
[სურათები 24 გვერდზე]
როდესაც ხუთი წლის ვიყავი; როის რომ შევხვდი, მაშინ 19 წლის ვიყავი.
[სურათი 26 გვერდზე]
ჩვენი ავტომობილი და ფურგონი, რომელსაც „მიცფას“ ვეძახდით.
[სურათი 27 გვერდზე]
მე და როი 1971 წელს.