როდის აჯილდოებს იეჰოვა გულწრფელ ძალისხმევას?
როდის აჯილდოებს იეჰოვა გულწრფელ ძალისხმევას?
— გამიშვი, უკვე თენდება.
— არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
— რა გქვია?
— იაკობი.
— ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე (დაბადება 32:26—28).
ეს საინტერესო დიალოგი ანგელოზთან 97 წლის იაკობის საოცარ შეჭიდებას მოჰყვა. თუმცა ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ იაკობი ათლეტი იყო, ის მთელი ღამე ანგელოზს ეჭიდებოდა და ერკინებოდა. რატომ? იაკობს ძალიან აინტერესებდა ის დაპირება, ანუ ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც იეჰოვამ მის წინაპარს აღუთქვა.
წლების წინათ იაკობმა საკუთარ ძმას, ესავს, შეჭამადის სანაცვლოდ პირმშოობა წაართვა. ახლა კი შეიტყო, რომ ესავი 400 კაცით უახლოვდება. გასაგებია, რომ აფორიაქებულ იაკობს იეჰოვას იმ დაპირების უტყუარობის დამადასტურებელი ნიშანი სჭირდება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახი მდინარე იორდანეს გაღმა მდებარე მიწაზე ბედნიერად იცხოვრებს. იაკობი არა მარტო ლოცულობს, არამედ მოქმედებს კიდეც ლოცვების შესაბამისად. ის უამრავ საჩუქარს უგზავნის შესახვედრად მომავალ ესავს. ამასთანავე, თავდაცვით ზომებსაც იღებს — თავის ბანაკს ორ ნაწილად ყოფს და ცოლ-შვილი მდინარე იაბოკის მეორე მხარეს გადაჰყავს. იაკობი თავდაუზოგავად ერკინება ანგელოზს და ‘ტირილით ემუდარება’ (ოსია 12:5; დაბადება 32:1—32).
გავიხსენოთ უფრო ადრე მომხდარი შემთხვევა, რომელიც იაკობის მეორე, მაგრამ უსაყვარლეს ცოლს, რახელს ეხება. რახელმა კარგად იცის, რომ იეჰოვამ იაკობს კურთხევა აღუთქვა. მისი და, ლეა, იაკობის პირველი ცოლი, ოთხი ვაჟითაა კურთხეული, მაშინ როცა რახელი უშვილძიროა (დაბადება 29:31—35). მაგრამ რახელი იმედს არ კარგავს, ყოველთვის ემუდარება იეჰოვას ლოცვებში და ამ ლოცვების შესაბამისად მოქმედებს. როგორც მისმა წინაპარმა სარამ მიუყვანა თავისი მოახლე აგარი აბრაამს, ასევე რახელმაც მიჰგვარა თავისი მხევალი ბალა იაკობს, რათა, როგორც თვითონ თქვა, ‘შვილიერი გამხდარიყო მისგან’ *. ბალა იაკობს ორ ვაჟს, დანსა და ნაფთალს, უშობს. ნაფთალის დაბადების შემდეგ რახელი სიხარულს ვერ ფარავს: „ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც“. შემდგომში კი რახელს თვითონაც ეყოლა ორი ვაჟი, იოსები და ბენიამინი, და ამგვარად დაჯილდოვდა (დაბადება 30:1—8; 35:24).
რატომ აკურთხა იეჰოვამ იაკობისა და რახელის ძალისხმევა? იმიტომ რომ იეჰოვას ნება მათ პირველ ადგილზე დააყენეს და დააფასეს თავიანთი მემკვიდრეობა. ისინი გამუდმებით სთხოვდნენ იეჰოვას კურთხევას და ღვთის ნებასთან და საკუთარ ლოცვებთან შესაბამისად მოქმედებდნენ.
იაკობისა და რახელის მსგავსად, დღესაც ბევრმა გამოსცადა, რომ იეჰოვა გულმოდგინე ძალისხმევას აუცილებლად აჯილდოებს. მათ ძალიხმევას ხშირად თან სდევს ცრემლი, გულგატეხილობა და იმედგაცრუება. ერთი ქრისტიანი დედა, ელიზაბეტი, იხსენებს, თუ რამხელა ძალისხმევა დასჭირდა, რომ დიდი ხნის შემდეგ კვლავ რეგულარულად დაეწყო ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება. რა თქმა უნდა, მისთვის ამის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან ხუთი პატარა ბიჭუნა და ურწმუნო ქმარი ჰყავდა. ამასთანავე, უახლოესი სამეფო დარბაზი მისი სახლიდან 30 კილომეტრით იყო დაშორებული. „კრებებზე რეგულარული დასწრებისთვის თვითდისციპლინა იყო საჭირო, რაც ვიცოდი, რომ ჩემთვის და ჩემი ვაჟებისთვის სასარგებლო იქნებოდა. ეს დაეხმარა ჩემს შვილებს იმის დანახვაში, რომ ამის გაკეთება ნამდვილად ღირდა“. იეჰოვამ აკურთხა ამ დედის ძალისხმევა. მისი სამი ვაჟი იეჰოვას მოწმეა, რომელთაგან ორი სრული დროით მსახურობს. მათი სულიერი წინსვლით გახარებული ელიზაბეტი ამბობს: „მათ მე სულიერად ზრდაში გამასწრეს“. მართლაცდა, რა დიდებულად დაჯილდოვდა მისი გულწრფელი ძალისხმევა!
გულწრფელი ძალისხმევა, რომელსაც იეჰოვა აჯილდოებს
უეჭველია, გულწრფელ ძალისხმევას და დაუღალავ შრომას კურთხევები მოაქვს. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ვახმართ დავალების შესრულებას, მით უფრო მეტ კმაყოფილებას ვგრძნობთ. ასეთებად შეგვქმნა იეჰოვამ. „თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები“, — წერდა მეფე სოლომონი (ეკლესიასტე 3:13; 5:18, 19). მაგრამ, ღვთის კურთხევა რომ მივიღოთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ სწორად ვახმართ ძალისხმევას. მაგალითად, განა გონივრული იქნებოდა იეჰოვას კურთხევებზე გვეფიქრა მაშინ, თუ ისე ვცხოვრობთ, რომ სულიერი საკითხები ჩვენს ცხოვრებაში მეორე ადგილზე დგას? განა შეუძლია მიძღვნილ ქრისტიანს იფიქროს, რომ იეჰოვა მოიწონებს მის საქციელს, თუ ისეთ სამსახურზე ან დაწინაურებაზე დათანხმდება, რომელიც ყოველთვის ხელს შეუშლის ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში, სადაც რწმენას ვიმტკიცებთ ძმებთან ურთიერთობით და ვსწავლობთ? (ებრაელთა 10:23—25).
თუ ვინმემ მთელი ცხოვრება კარიერის შექმნას ან სიმდიდრის დაგროვებას შეალია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ „სიკეთეს ჰპოვებს“, თუ ამას სულიერი საქმეების ხარჯზე აკეთებდა. მთესველის მაგალითზე იესომ დაგვანახვა, თუ რა შედეგები მოჰყვება არასწორ ძალისხმევას. „ეკლებში დათესილი“ თესლის შესახებ იესო გვიხსნის, რომ ‘ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ [ამ] სიტყვას ... იგი უნაყოფო შეიქნება’ (მათე 13:22). პავლეც გვაფრთხილებს იმავე მახის შესახებ და დასძენს, რომ ისინი, ვინც გამდიდრებისკენ ილტვიან, „ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“. როგორ შეიძლება თავი დააღწიოთ ასეთ დამღუპველ ცხოვრებას? პავლე განაგრძობს: ‘გაერიდე ამას... არ მიენდო მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად’ (1 ტიმოთე 6:9, 11, 17).
მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისა ვართ და რამდენი ხანია, რაც იეჰოვას ვემსახურებით, იაკობისა და რახელის გულწრფელი ძალისხმევის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება. ისინი ყოველთვის ეძებდნენ ღვთის კეთილგანწყობას და არასდროს ივიწყებდნენ თავიანთ სულიერ მემკვიდრეობას, რა სახიფათო ან იმედის გამაცრუებელ ვითარებაშიც უნდა აღმოჩენილიყვნენ. დღესაც, წუთისოფლისგან ზეწოლა და სიძნელეები შეიძლება გვაშინებს, იმედს გვიცრუებს ან დეპრესიაშიც კი გვაგდებს. შეიძლება ცდუნება გვძლევს, ბრძოლას თავი დავანებოთ და სატანის მსხვერპლი გავხდეთ. მიზნის მისაღწევად მან შეიძლება ყველა საშუალება გამოიყენოს: გართობა, სპორტი, ჰობი, სამუშაო, სიმდიდრის დაგროვება. ხშირად მოლოდინი არ მართლდება და იმედებიც იმედებად რჩება. საკმაოდ ხშირად კი, როდესაც ადამიანები ასეთი რამეებით არიან გატაცებული, იმედგაცრუებულნი რჩებიან. იაკობისა და რახელის მსგავსად, მოდი ჩვენც მტკიცე წინააღმდეგობა გავუწიოთ და ვძლიოთ სატანის ხრიკებს.
სატანას ისე არაფერი სურს, როგორც იმის დანახვა, რომ დავნებდით და ვფიქრობთ, რომ „ვითარება უიმედოა; აღარაფრის გაკეთება შეიძლება; ცდაც კი აღარ ღირს“. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, არ დავყაროთ ფარ-ხმალი და არ ვიფიქროთ, რომ „არავის ვუყვარვართ“ და „იეჰოვამაც დაგვივიწყა“. ასეთი აზრები გაგვანადგურებს. ნიშნავს ყოველივე ეს იმას, რომ აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია და კურთხევების მისაღებად აღარ უნდა ვიბრძოლოთ? გახსოვდეთ, იეჰოვა აკურთხებს ჩვენს გულწრფელ ძალისხმევას.
იბრძოლეთ იეჰოვას კურთხევისთვის
იეჰოვას მსახურთათვის სულიერი კეთილდღეობა, უმთავრესად, დამოკიდებულია ორი ძირითადი ჭეშმარიტების დაფასებაზე: 1) არავინაა დაზღვეული პრობლემებისგან, ავადმყოფობისა და სიძნელეებისგან, და 2) იეჰოვა ისმენს დახმარებისა და კურთხევისთვის მისადმი აღვლენილ ღაღადს (გამოსვლა 3:7—10; იაკობი 4:8, 10; 1 პეტრე 5:8, 9).
მნიშვნელობა არა აქვს, რა რთულ ვითარებაშიც უნდა იყოთ და რა შეზღუდვებსაც უნდა გრძნობდეთ, არ დაემორჩილოთ „დამაბრკოლებელ ცოდვას“ — რწმენის ნაკლებობას (ებრაელთა 12:1). იბრძოლეთ მანამ, სანამ კურთხევას არ მიიღებთ; მოთმინება გამოავლინეთ; გაიხსენეთ მხცოვანი იაკობი, რომელიც მთელი ღამე ერკინებოდა ღვთის ანგელოზს კურთხევისთვის. მთესველის მსგავსად, რომელიც გაზაფხულობით თესავს და მოსავლის აღებას ელოდება, მოთმინებით დაელოდეთ სულიერ მსახურებაში იეჰოვას კურთხევებს და მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რამდენად შეუძლებლად თვლით ამას (იაკობი 5:7, 8). ყოველთვის გახსოვდეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“ (ფსალმუნი 125:5; გალატელთა 6:9). მტკიცედ იდექით და იმ მებრძოლთა რიგებში დარჩით, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 რჯულის მიცემამდე ხარჭის ყოლა ჩვეულებრივ რამედ ითვლებოდა, რაც მოგვიანებით რჯულითაც მიღებული იყო და მისი მეშვეობითვე რეგულირდებოდა. ღმერთი ხედავდა, რომ დედამიწაზე იესოს მოსვლამდე ჯერ არ დამდგარიყო იმისი დრო, რომ აღედგინა ედემის ბაღში თავდაპირველად დადგენილი კანონი ერთცოლიანობის შესახებ. მაგრამ ხარჭებს კანონის ძალით იცავდა. სწორედ ხარჭების ყოლა უწყობდა ხელს ისრაელი ერის რიცხობრივ ზრდას.