არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნი

„ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნი

„ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნი

„ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე“ (საქმეები 2:11).

1, 2. რა საოცარი მოვლენა მოხდა იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

იერუსალიმში, ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე, ერთ ოთახში შეკრებილი იესო ქრისტეს მოწაფეები, ქალები და კაცები, საოცარი მოვლენის თვითმხილველნი გახდნენ. „მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და... ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე“ (საქმეები 2:2—4, 15).

2 ამ ხმაურზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები, რომლებმაც იუდაიზმი მიიღეს. ეს „ღვთის მოშიში ხალხი“ იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დასასწრებად ჩავიდა. ისინი გაოგნებულები იყვნენ, რადგან მოწაფეები მათ მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდნენ „ღვთის დიადი საქმეების“ შესახებ. როგორ გახდა ეს შესაძლებელი, როცა იესოს ყველა მოწაფე გალილეველი იყო? (საქმეები 2:5—8, 11).

3. რაზე ესაუბრა მოციქული პეტრე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილთ?

3 ერთ-ერთი გალილეველი მოციქული პეტრე იყო. მან ახსნა, რომ რამდენიმე კვირით ადრე ბოროტმა ადამიანებმა იესო ქრისტე მოკლეს, მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა თავისი ძე. მას შემდეგ, იესო მრავალ მოწაფეს გამოეცხადა, მათ შორის პეტრეს და სხვებსაც, რომლებიც მაშინ იერუსალიმში იმყოფებოდნენ. იესოს ზეცად ამაღლებიდან სულ რაღაც ათი დღე გავიდა. სწორედ მან მოჰფინა სულიწმიდა თავის მოწაფეებს. ჰქონდა ამას რაიმე მნიშვნელობა ამ დღესასწაულზე დამსწრეთათვის? რა თქმა უნდა, ჰქონდა. იესოს სიკვდილი მათ ცოდვების მიტევებისა და «სულიწმიდის ნიჭის [„ძღვენის“, აქ]» მიღებისკენ გაუხსნიდა გზას, თუკი მისადმი რწმენას გამოავლენდნენ (საქმეები 2:22—24, 32, 33, 38). მაშ, რა გააკეთეს მათ, რომლებმაც „ღვთის დიადი საქმეების“ შესახებ მოისმინეს? და როგორ დაგვეხმარება ეს შემთხვევა იეჰოვასადმი ჩვენი მსახურების დაფასებაში?

მოქმედებისკენ აღძრულნი

4. იოველის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

4 სულიწმიდის მიღებისთანავე მოწაფეებმა ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარება დაიწყეს და პირველი, ვინც ეს ცნობა მოისმინა, დღესასწაულზე შეკრებილი ხალხი იყო. მათი ქადაგებით შესრულდა ამ შემთხვევამდე რვა საუკუნით ადრე ფეთუელის ძის, იოველის, მიერ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს... სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 1:1; 3:1, 2, 4; საქმეები 2:17, 18, 20).

5. რა გაგებით იყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები წინასწარმეტყველები? (იხილეთ სქოლიო).

5 ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ღმერთი აპირებდა დავითის, იოველისა და დებორას მსგავსი ქალებისა და კაცებისგან წინასწარმეტყველთა მთელი თაობის შექმნას, რომლებიც მომავალს იწინასწარმეტყველებდნენ? არა. ქრისტიანი „ვაჟები და ასულები... ყმები და მხევლები“ იმ გაგებით იწინასწარმეტყველებდნენ, რომ იეჰოვას სულით აღძრულები განაცხადებდნენ „ღვთის დიად საქმეებს“, რომლებიც გაუკეთებია და რომელთა გაკეთებასაც მომავალში აპირებს. მათ უზენაესის წარმომადგენლებად უნდა ემსახურათ *. როგორი იყო მსმენელთა რეაქცია? (ებრაელთა 1:1, 2).

6. რისკენ აღიძრა მრავალი მათგანი, ვინც პეტრეს სიტყვა მოისმინა?

6 პეტრეს სიტყვების მოსმენის შემდეგ, მრავალი აღიძრა, რომ ემოქმედა. ყველამ „ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული“ (საქმეები 2:41). როგორც იუდეველები, ისე პროზელიტები წმინდა წერილებს გარკვეულწილად იცნობდნენ. ამ ცოდნას დაუმატეს ის, რაც პეტრესგან ისწავლეს და ეს საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რომ მონათლულიყვნენ „მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19). მონათვლის შემდეგ „ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში“ იყვნენ და, ამავე დროს, ახლად შეძენილ რწმენას სხვებს უზიარებდნენ. ისინი „დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იყვნენ... აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის სიყვარულს იხვეჭდნენ“. ასეთი სამქადაგებლო საქმიანობის შედეგი კი ის იყო, რომ „უფალი მათ დღითიდღე სძენდა დახსნილთ“ (საქმეები 2:42, 46, 47). ქრისტიანული კრებების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა იმ ადგილებში, სადაც ახალი მორწმუნეები ცხოვრობდნენ; გარკვეულწილად, ეს იმის შედეგი იყო, რომ „სასიხარულო ცნობის“ გულმოდგინე მქადაგებლები თავ–თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების დროსაც არ წყვეტდნენ მსახურებას (კოლასელთა 1:23, აქ).

ღვთის სიტყვა არის მოქმედი

7. ა) რით იზიდავს იეჰოვას დღევანდელი ორგანიზაცია ხალხს ყველა ერიდან? ბ) ზრდის რა შესაძლებლობებს ხედავთ მთელი მსოფლიო მასშტაბით და ადგილობრივად? (იხილეთ სქოლიო).

7 რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებსაც დღეს იეჰოვასადმი მსახურების დაწყება სურთ? მათაც მართებთ ღვთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლა. ამით გაიგებენ, რომ იეჰოვა „მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი“ ღმერთია (გამოსვლა 34:6; საქმეები 13:48). აგრეთვე ისწავლიან, რომ იეჰოვამ უზრუნველყო ჩვენი გამოსყიდვა იესო ქრისტეს მეშვეობით, ვისი დაღვრილი სისხლიც ადამიანს ნებისმიერი ცოდვისგან წმენდს (1 იოანე 1:7). ასევე დააფასებენ ღვთის განზრახვას, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). მათი გულები აივსება ღვთისადმი, „დიადი საქმეების“ წყაროსადმი, სიყვარულით და გაუჩნდებათ სურვილი, იქადაგონ ძვირფასი ჭეშმარიტება. შემდეგ ისინი გახდებიან ღვთისადმი მიძღვნილი და მონათლული მსახურები და გააგრძელებენ ‘ღვთის შემეცნებაში ზრდას’ * (კოლასელთა 1:10ბ, აფ; 2 კორინთელთა 5:14).

8—10. ა) როგორ ამტკიცებს ერთი ხანდაზმული ქრისტიანი დის შემთხვევა, რომ ღვთის სიტყვა მოქმედია? ბ) რას გვასწავლის ეს შემთხვევა იეჰოვაზე და თავისი მსახურებისადმი მის დამოკიდებულებაზე? (გამოსვლა 4:12).

8 ღვთის მსახურები ბიბლიის შესწავლისას არ ღებულობენ მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას. ასეთი ცოდნა გულამდე აღწევს, ცვლის აზროვნებას და მათი განუყოფელი ნაწილი ხდება (ებრაელთა 4:12). მაგალითად, კამილა იეჰოვას ერთი ხანში შესული მოწმის, მართას, მომვლელად მუშაობდა. ასაკთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემების გამო, მართა გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებდა. მისთვის არა მხოლოდ ჭამის შეხსენება იყო აუცილებელი, არამედ რომ გადაეყლაპა კიდეც. მაგრამ, როგორც ვნახავთ, ერთი რამ მართას არასდროს ავიწყდებოდა.

9 ერთხელ, მართამ დაინახა, რომ პირადი პრობლემებით დამწუხრებული კამილა ტიროდა. მართამ მომვლელს ხელი მოხვია და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. მაგრამ, შეეძლო კი მართას ბიბლიის შესწავლის ჩატარება? დიახაც, შეეძლო! თუმცა მახსოვრობა ხშირად ღალატობდა, მართას არც თავისი დიადი ღმერთი და არც ბიბლიიდან ნასწავლი ძვირფასი ჭეშმარიტება დავიწყებია. შესწავლისას მართა კამილას სთხოვდა, რომ წაეკითხა ყოველი აბზაცი, ბიბლიაში მოენახა ციტატები, წაეკითხა მოცემული კითხვები და ეპასუხა მათზე. ეს შესწავლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა და მართას შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, კამილას ბიბლიური ცოდნა იზრდებოდა. მართას ესმოდა, რომ კამილასთვის აუცილებელი იყო ურთიერთობა მათთანაც, ვინც ასევე ემსახურებოდა ღმერთს. ამიტომ, თავის მომვლელს კაბა და ფეხსაცმელი მისცა, რომ სამეფო დარბაზში შეხვედრაზე დასასწრებად შესაფერისად ყოფილიყო ჩაცმული.

10 კამილა აღფრთოვანებული იყო მართას მიერ გამოვლენილი სიყვარულით, პირადი მაგალითითა და მტკიცე რწმენით. მან დაასკვნა, რომ რასაც მართა ასწავლიდა ბიბლიიდან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ასაკოვან ქალს ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა გარდა იმისა, რაც ღვთის სიტყვიდან ისწავლა. მოგვიანებით, როდესაც მოხუცებულთა სახლში გადაიყვანეს სამუშაოდ, კამილა მიხვდა, რომ მოვიდა დრო, ემოქმედა. პირველივე შესაძლებლობისთანავე, მართას ნაჩუქარ ტანსაცმელში გამოწყობილი მივიდა სამეფო დარბაზში და ბიბლიის შესწავლა ითხოვა. კამილა მალე გაიზარდა სულიერად და მოინათლა.

დაემორჩილეთ იეჰოვას ნორმებს

11. აქტიურად ქადაგების გარდა, კიდევ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ სამეფოს შესახებ ცნობამ იმოქმედა ჩვენზე?

11 დღეს, მართასა და კამილას მსგავსად, იეჰოვას ექვს მილიონზე მეტი მოწმე ქადაგებს „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მათე 24:14, აქ; 28:19, 20). როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები, ისინიც აღფრთოვანებულები არიან „ღვთის დიადი საქმეებით“. აგრეთვე მადლიერნი არიან, რომ იეჰოვას სახელის ტარების პატივი ხვდათ წილად და ის თავისი სულიწმიდით ხელმძღვანელობს მათ. შედეგად, ისინი ძალ–ღონეს არ იშურებენ, რომ ‘მოიქცნენ უფლის ღირსად და ყველაფერში აამონ მას’ იმით, რომ იეჰოვას ნორმებს ცხოვრების ყველა სფეროში იყენებენ. სხვათა შორის, ამაში შედის ღვთის ნორმების გათვალისწინება ჩაცმულობისა და გარეგნობის საკითხშიც (კოლასელთა 1:10ა; ტიტე 2:10).

12. ჩაცმულობასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით რა განსაკუთრებული რჩევაა მოცემული 1 ტიმოთე 2:9, 10–ში?

12 დიახ, იეჰოვას დადგენილი აქვს ნორმები გარეგნობასთან დაკავშირებით. მოციქულმა პავლემ მოიხსენია ამ მოთხოვნათაგან ზოგიერთი. „დედაკაცებიც წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს“ *. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ სიტყვებიდან? (1 ტიმოთე 2:9, 10).

13. ა) რა იგულისხმება ‘წესიერ სამოსელში’? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას ნორმები გონივრულია?

13 პავლეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ქრისტიანები უნდა ‘შეიმკონ წესიერი სამოსლით’. ისინი არ უნდა გამოიყურებოდნენ უსუფთაოდ და მოუწესრიგებლად. ფაქტობრივად, ყველას, მათაც კი, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, შეუძლია გაითვალისწინოს ეს გონივრული მოთხოვნა და ყურადღება მიაქციოს იმას, რომ აკურატულად, სუფთად და წესიერად ეცვას. მაგალითად, იეჰოვას სამხრეთ ამერიკელი მოწმეები ყოველწლიურ საოლქო კონგრესებზე დასასწრებად ფეხით გადიან მრავალ კილომეტრს ჯუნგლებში და საათობით მგზავრობენ პატარა ნავებით. საკმაოდ ჩვეულებრივია, თუკი მოგზაურობისას ვინმე პირდაპირ მდინარეში ჩავარდება ან ტყეში გავლისას ტანსაცმელი გაეხევა. ამიტომ კონგრესის ჩატარების ადგილზე მისვლისას მათ მოწესრიგება ესაჭიროებათ; და ისინიც გამოყოფენ დროს, რომ კონგრესზე ჩასაცმელად განკუთვნილ ტანსაცმელს დააკერონ ღილები, გარეცხონ ის და დააუთოონ. დები და ძმები ძალიან აფასებენ იმას, რომ იეჰოვას სუფრასთან არიან მიწვეული და სურთ, რომ შესაფერისად გამოიყურებოდენენ.

14. ა) რას ნიშნავს ჩაცმა „მორცხვობითა და კდემამოსილებით“? ბ) როგორ უნდა მეტყველებდეს ჩვენი ჩაცმულობა „ღვთისმოსაობაზე“?

14 პავლემ ასევე გვირჩია, რომ უნდა ჩავიცვათ „მორცხვობითა და კდემამოსილებით“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტანსაცმელი არ უნდა იყოს თვალში საცემი, უცნაური, გამომწვევი, ზედმეტად მოკლე, შეხსნილი, ამოღებული ან ძალიან თანამედროვე. საერთო ჯამში, ჩვენი ჩაცმულობა „ღვთისმოსაობაზე“ უნდა მეტყველებდეს. ნუთუ არ უნდა დავფიქრდეთ ამაზე? არ იქნებოდა სწორი, რომ კრების შეხვედრებზე გვცმოდა მოწესრიგებულად, სხვა დროს კი ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია. ჩვენი გარეგნობა ყოველთვის უნდა მეტყველებდეს მოკრძალებულობასა და ღვთისადმი პატივისცემაზე, ვინაიდან დღე–ღამეში 24 საათის განმავლობაში ვართ ქრისტიანი მსახურები. თავისთავად ცხადია, სამსახურსა და სკოლაშიც შესაბამისად გვეცმევა. თუმცაღა ჩვენი ჩაცმულობა მოკრძალებული და ღირსეული უნდა იყოს. თუ ის ყოველთვის ჩვენი მრწამსის შესახებ მეტყველებს, არასოდეს შევიკავებთ თავს არაფორმალური ქადაგებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაცმულობის გამო თავს უხერხულად ვგრძნობთ (1 პეტრე 3:15).

ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს“

15, 16. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ მივბაძოთ ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებულ ქვეყნიურ სტილს? (1 იოანე 5:19). ბ) რატომ უნდა ვერიდოთ უცნაურობებს ჩაცმულობასა და გარეგნობაში?

15 ტანსაცმლის არჩევასა და გარეგნობასთან დაკავშირებით 1 იოანეს 2:15, 16–შიც კარგი რჩევა გვეძლევა. აქ ვკითხულობთ: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის“.

16 რა დროული რჩევაა! ახლა, როდესაც თანატოლების ზეგავლენა განსაკუთრებით დიდია, წუთისოფელს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გვიკარნახოს, რა ჩავიცვათ. ჩაცმულობისა და გარეგნობის სტილი დღითი დღე უარესდება. საქმიანი თუ გარკვეული პროფესიის ადამიანთა ჩაცმულობა, ყოველთვის არ შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ‘არ დავემსგავსოთ ამ წუთისოფელს’ და ღვთის ნორმებით ცხოვრებით ‘ყველაფერში შევამკოთ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება’ (რომაელთა 12:2; ტიტე 2:10).

17. ა) რა კითხვებზე გვმართებს დაფიქრება, როდესაც ჩასაცმელს ვყიდულობთ ან ვირჩევთ სტილს? ბ) რატომ უნდა იყვნენ დაინტერესებულები ოჯახის თავები, თავიანთი ოჯახის წევრების გარეგნობით?

17 ტანსაცმლის ყიდვამდე, გონივრული იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „რატომ მომწონს ასეთი სტილი? იქნებ ასე ის გამოჩენილი პიროვნება იცვამს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს? აცვიათ ასე ქვეყნიურ ახალგაზრდებს ან იმ დაჯგუფების წევრებს, რომლებიც ზედმეტად თავისუფალი და მოჯანყე სულით გამოირჩევიან?“. ამიტომ ყურადღებით უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვიცვამთ. რა სიგრძისაა ესა თუ ის ქვედაბოლო ან კაბა? რა სტილზეა შეკერილი? მოკრძალებული, სათანადო და გემოვნებით შეკერილია თუ ტანზე შემოტმასნილი, გამომწვევი და მოუწესრიგებელი? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩემი ჩაცმულობა ვინმეს ხომ არ დააბრკოლებს?“ (2 კორინთელთა 6:3, 4). რატომ არის ამაზე დაფიქრება მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ბიბლია ამბობს: „ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის“ (რომაელთა 15:3). ქრისტიანი მამაკაცები დაინტერესებული უნდა იყვნენ იმით, თუ როგორ გამოიყურებიან მათი ოჯახის წევრები. იმ დიდებული ღვთისადმი პატივისცემის გამო, რომელსაც ემსახურებიან, ოჯახის თავებმა დაუყოვნებლივ სიყვარულით უნდა მისცენ რჩევა მათ, თუკი ეს აუცილებელია (იაკობი 3:13).

18. რა უნდა აღგვძრავდეს, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ჩაცმულობასა და გარეგნობას?

18 ცნობა, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, უკეთილშობილესი და უწმინდესი იეჰოვასგან მომდინარეობს (ესაია 6:3). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ მას, „როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). ჩაცმულობა და გარეგნობა გარკვეულწილად მოქმედებს ჩვენს ზეციერ მამაზე. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყველას გვსურს მისი გულის გახარება! (იგავნი 27:11).

19. რა სარგებლობას მივიღებთ ჩვენ, „ღვთის დიადი საქმეების“ სხვებისთვის გაცხადებით?

19 რას ფიქრობთ „ღვთის იმ დიადი საქმეების“ შესახებ, რომლებსაც უკვე გაეცანით? მართლაცდა, რამხელა კურთხევაა ჭეშმარიტების ცოდნა! იესოს დაღვრილი სისხლისადმი გამოვლენილი რწმენის გამო მოგვეტევა ჩვენი ცოდვები (საქმეები 2:38). შედეგად, შეგვიძლია თავისუფლად ველაპარაკოთ ღმერთს. ჩვენ არ გვეშინია სიკვდილის ისე, როგორც მათ, ვისაც იმედი არ გააჩნია. ამასთანავე, დარწმუნებულები ვართ იესოს სიტყვებში, რომ ერთ დღეს „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და... გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ყოველივე ამის გამჟღავნებით, იეჰოვამ ჩვენდამი კეთილგანწყობილება გამოავლინა. ამასთანავე თავისი სულიწმიდა გვიწილადა. ამიტომ, მადლიერება ღვთის ყოველი ძვირფასი საჩუქრისთვის აღგვძრავს, დავაფასოთ მისი მაღალი ნორმები და „დიადი საქმეების“ სხვებისთვის გაცხადებით თავგამოდებით განვადიდოთ ის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 როდესაც იეჰოვამ მოსე და აარონი ფარაონთან გაგზავნა, რათა ხალხის სახელით ელაპარაკა, მოსეს უთხრა: «იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი [„წინასწარმეტყველი“, აქ] იქნება» (გამოსვლა 7:1). აარონი წინასწარმეტყველი იყო არა იმ გაგებით, რომ მომავალს აცხადებდა, არამედ მოსეს წარმომადგენლად მსახურობდა, ანუ მის მაგივრად ლაპარაკობდა.

^ აბზ. 7 2002 წლის 28 მარტს უფლის გახსენების საღამოზე დამსწრე უამრავი ადამიანიდან მილიონები ჯერ კიდევ არ ემსახურებიან იეჰოვას. გულწრფელად გვსურს და ვლოცულობთ, რომ მალე მათაც აღეძრათ სასიხარულო ცნობის მაუწყებლად მსახურების სურვილი.

^ აბზ. 12 თუმცა პავლე ქრისტიან ქალებს მიმართავს, მსგავსი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ როგორც ქრისტიანმა მამაკაცებმა, ასევე ახალგაზრდებმაც.

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• რა „დიადი საქმეების“ შესახებ მოისმინეს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილებმა და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას?

• როგორ ხდება ადამიანი იესოს მოწაფე და რა შედის ამაში?

• რატომ არის მნიშვნელოვანი, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობას?

• რა ფაქტორებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, როდესაც ირჩევთ, როგორი ტანსაცმელი ან სტილია მისაღები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

პეტრემ განაცხადა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა.

[სურათები 17 გვერდზე]

რამდენად კარგად წარმოაჩენს თქვენი გარეგნობა ღმერთს, რომელსაც თაყვანს სცემთ?

[სურათები 18 გვერდზე]

ქრისტიან მშობლებს მართებთ, ყურადღება მიაქციონ ოჯახის წევრების გარეგნობას.