ცრურწმენის მარწუხებში
ცრურწმენის მარწუხებში
სახლიდან გამოსვლისას ვიღაცას შეეჩეხეთ; ქვას ფეხი წამოჰკარით; ღამით რომელიღაც ფრინველის ხმა შემოგესმათ; უკვე რამდენჯერმე ნახეთ ერთი და იგივე სიზმარი. მრავალისთვის ეს უმნიშვნელო, ჩვეულებრივი მოვლენებია. მაგრამ დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ზოგიერთი ხალხი ყოველივე ამას რაიმეს მომასწავებელ ნიშნად ან სულთა სამყაროდან მიღებულ ცნობად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნიშნებსა და მათ ახსნაზეა დამოკიდებული წარმატება ან რაიმე უბედურება.
რა თქმა უნდა, ცრუმორწმუნეობას აფრიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც აქვს მოკიდებული ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი ათეისტურ წყობაში მოუწიათ ცხოვრება, ჩინეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში საოცრად ბევრი ადამიანი ცრუმორწმუნეა. დასავლეთის ქვეყნებში მრავალი ჰოროსკოპებს მიმართავს, ეშინია 13 რიცხვის, თუ ის პარასკევ დღეს ემთხვევა და შავ კატას უფრთხის. შორეულ ჩრდილოეთში ზოგიერთი ჩრდილოეთის ციალს ომისა და ეპიდემიების მომასწავებლად მიიჩნევს. ინდოეთში შიდს-ის ვირუსს ავრცელებენ სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც თვლიან, რომ ვინმესთან სქესობრივი კავშირით ცხელ დღეებში თავს დაიცავენ სხეულის გადახურებისგან. იაპონიაში გვირაბის მთხრელებს სწამთ, რომ თუ ქალი შევა გვირაბში მის დასრულებამდე, ეს ცუდის მომასწავებელია. ცრურწმენა სპორტშიც კი იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ფრენბურთელი ზედიზედ რამდენიმე გამარჯვებას იმას მიაწერდა, რომ თამაშის დროს თეთრი წინდების ნაცვლად შავი ეცვა. მსგავსი შემთხვევების ჩამოთვლა შეგვეძლო უსასრულოდ გაგვეგრძელებინა.
როგორაა საქმე თქვენს შემთხვევაში? გაქვთ რაიმე ფარული, ქვეცნობიერი შიში? თქვენზეც ახდენს გავლენას „რწმენა, გარკვეული შეხედულება ან წეს-ჩვეულება, რომელსაც არავითარი ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება“? თქვენი პასუხი ცხადყოფს, ახდენს თუ არა თქვენზე ზეგავლენას ის, რაც ზემოთ იყო განმარტებული.
ადამიანი, რომლის გადაწყვეტილებებზე გავლენას ცრურწმენა ახდენს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ცრურწმენით ხელმძღვანელობს, ემორჩილება იმას, რაც სინამდვილეში არც კი ესმის. განა გონივრულია ეს? განა უნდა მივცეთ საშუალება ასეთ ბუნდოვან და, შესაძლოა, ბოროტ ძალებს ზემოქმედება მოახდინონ ჩვენზე? ცრურწმენა მხოლოდ უმნიშვნელო სისუსტეა თუ სახიფათო რამ?