დამახინჯებული წარმოდგენა ერთგულებაზე
დამახინჯებული წარმოდგენა ერთგულებაზე
პარასკევს თბილი საღამო იდგა თელ-ავივში (ისრაელი). ღამის კლუბთან მდგარ ახალგაზრდების ჯგუფს ახალგაზრდა მამაკაცი შეერია. რამდენიმე წამში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
ერთ-ერთმა ფანატიკოსმაც ასეთივე საშინელი სახით შეიწირა 19 ახალგაზრდის სიცოცხლე. „გარშემო ყველგან სხეულის ნაფლეთები ეყარა; ისინი ხომ ყველანი ახალგაზრდები იყვნენ, სრულიად ყმაწვილები. მსგავსი საშინელება არასდროს მინახავს“, — მოგვიანებით აღნიშნავდა ერთ-ერთი მედმუშაკი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„თვისებებმა, რომლებიც ყველას ხიბლავს, მათ შორის ერთგულებამ... შეიძლება, ომის გაჩაღებასაც შეუწყოს ხელი და მისი დასრულებაც გაართულოს“, — წერდა ტერსტენ ბრუინი ჟურნალ „ლანცეტში“. დიახ, ქრისტიანული სამყაროს მიერ მოწყობილი ჯვაროსნული ომებით დაწყებული და ნაცისტური გერმანიის დროს მომხდარი ხოცვა-ჟლეტით დამთავრებული, კაცობრიობის ისტორიის ფურცლები ერთგულების სახელით ჩადენილი მრავალი დანაშაულის სისხლით არის შეღებილი.
ორგულობის მსხვერპლთა ზრდა
უდავოა, ფანატიკური ერთგულება დამღუპველია, მაგრამ ერთგულების ნაკლებობამაც შეიძლება საზოგადოების რღვევა გამოიწვიოს. ერთ–ერთი ენციკლოპედიის თანახმად, ერთგულება ‘ვინმესთვის ან რამესთვის თავდადებას’ ნიშნავს და „გულისხმობს ერთგულების შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიტოვების ან ღალატის ცდუნება წამოიჭრება“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა მოხიბლულია ასეთი ერთგულებით, საერთო ჯამში, საზოგადოება ერთგულების მწვავე ნაკლებობას განიცდის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში — ოჯახში. განქორწინებათა რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება, რასაც ხელს უწყობს საკუთარ „მე“–ზე კონცენტრირება, ყოველდღიური სტრესი და დაძაბულობა და ფართოდ გავრცელებული ცოლ-ქმრული ღალატი. თელ–ავივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ხშირად ახალგაზრდები ხდებიან უდანაშაულო მსხვერპლნი.
„ბავშვის განვითარებაზე ხშირად ზეგავლენას ახდენს მტკიცე ოჯახების უქონლობა, რაც მშობლების განქორწინებით, განცალკევებით ცხოვრებითა და მარტოხელა მშობლიანი ოჯახების არსებობით არის განპირობებული“, — ნათქვამია ერთ ცნობაში. როგორც ჩანს, ბიჭების შემთხვევაში, რომლებსაც მარტოხელა დედები ზრდიან, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ სწავლაში მოიკოჭლონ და მიდრეკილნი იყვნენ თვთმკვლელობისა და დამნაშავეობისკენ. ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში მილიონ ბავშვს უწევს მშობლების განქორწინებასთან შეგუება; ამ ქვეყანაში ყოველ წელს სრულფასოვან ოჯახებში დაბადებული ბავშვების ნახევარს, სავარაუდოა, რომ თვრამეტი წლის ასაკამდე მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებული ტკივილის გადატანა მოუწიოთ. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ასეთივე არასასიამოვნო მომავალი ელით.
ერთგულება — მიუღწეველია?
ახლა, როდესაც ტრადიციული ერთგულების ცნება კნინდება, ძალიან აქტუალურია მეფე დავითის სიტყვები: «მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი [„ერთგული“, აქ], რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან» (ფსალმუნი 11:2). რატომ გახდა ერთგულება ასეთი იშვიათი? როჯერ როზენბლატი ჟურნალ „ტაიმში“ შემდეგ სიტყვებს წერდა: „მართალია, ერთგულება ძვირფასი თვისებაა, მაგრამ ჩვენში იმდენი შიში, თვითრწმენის ნაკლებობა, გამორჩენისკენ სწრაფვა და პატივმოყვარეობა დევს, რომ ერთგულებისთვის ადგილი აღარ რჩება“. ბიბლია, როდესაც აღწერს იმ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პირდაპირ ამბობს: «ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი... უწმინდურნი [„ორგულნი“, აქ], მოძულენი» (2 ტიმოთე 3:1—5).
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ძლიერ ზეგავლენას, რომელსაც ერთგულება ან მისი ნაკლებობა ახდენს ადამიანის აზროვნებასა და მოქმედებებზე, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: სინამდვილეში ვინ იმსახურებს ჩვენს ერთგულებას? გთხოვთ, გაეცნოთ მომდევნო სტატიას, სადაც ეს საკითხი იქნება განხილული.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Photo above: © AFP/CORBIS