არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვის უნდა ვუერთგულოთ?

ვის უნდა ვუერთგულოთ?

ვის უნდა ვუერთგულოთ?

„ჩვენი ქვეყანა... ყოველთვის მართალია, თუნდაც ტყუოდეს“, — სტივენ დეკეიტური, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი (1779—1820).

სამშობლოსადმი ბრმა ერთგულებას მრავალი თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს. ხოლო ზოგიერთი კი სტივენ დეკეიტურის მსგავსად აცხადებს: „ჩემი რელიგია ყოველთვის სწორია, თუნდაც ჭეშმარიტი არ იყოს“.

სინამდვილეში, ის, თუ რომელი რელიგიისა და ქვეყნის ერთგული ვიქნებით, იმაზეა დამოკიდებული, თუ სად დავიბადეთ. მაგრამ, რადგანაც ერთგულების საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, მხოლოდ ბრმა შემთხვევას ვერ მივანდობთ ამას. თუმცა კი ბავშვობიდან ჩანერგილი ერთგულებისა და მოვალეობის გრძნობის ეჭვქვეშ დაყენებას ვაჟკაცობა სჭირდება და გარკვეულ სირთულეებსაც ქმნის.

ერთგულების გამოცდა

ზამბიაში აღზრდილი ერთი ქალი აღნიშნავს: „ბავშვობიდანვე მორწმუნე ვიყავი. ყოველდღიური ლოცვა ოჯახის სამლოცველო ოთახში, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა და ტაძარში რეგულარულად სიარული ჩემი აღზრდის განუყოფელი ნაწილი იყო. ჩემი რელიგია და თაყვანისმცემლობა ჩემს კულტურასთან, თემთან და ოჯახთან იყო შერწყმული“.

მოზარდობის ასაკში მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან და მალევე გადაწყვიტა რელიგიის შეცვლა. იყო თუ არა ეს მისი მხრიდან ღალატი?

ზლატკო ბოსნიაში გაიზარდა. ერთი პერიოდი ის მონაწილეობდა კონფლიქტში, რომელმაც მისი სამშობლო მოიცვა. მანაც იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ახლა ის უარს ამბობს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაზე. განა იგი მოღალატეა?

თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უპასუხებთ ამ კითხვებს. ზემოთ მოხსენიებული ქალი აღნიშნავს: „ჩვენს დასახლებაში რელიგიის შეცვლა სამარცხვინო დამღის დასმას ნიშნავდა; ამას ოჯახისა და საზოგადოების ღალატად მიიჩნევდნენ“. მსგავსადვე, ზლატკოს ყოფილი თანამებრძოლები ყველას, ვინც მათ გვერდით ბრძოლაზე უარს ამბობდა, მოღალატედ თვლიდნენ. მაგრამ ზემოთ მოხსენიებულ ქალს და ზლატკოს უფრო აღმატებული ერთგულება, ღვთისადმი ერთგულება, ამოძრავებდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რას ფიქრობს ღმერთი მათ შესახებ, ვისაც მისადმი ერთგულება სურს?

ნამდვილი ერთგულება — სიყვარულის გამოვლენა

მეფე დავითი შემდეგი სიტყვებით მიმართავდა იეჰოვა ღმერთს: «მოწყალესთან მოწყალეობ [„ერთგულთან ერთგულობ“, აქ]» (მეორე მეფეთა 22:26). ამ მუხლში „ერთგულებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა მიუთითებს სიკეთეზე, რომელიც სიყვარულით ვლინდება ვინმეს ან რამეს მიმართ მანამ, სანამ მასთან დაკავშირებული მიზანი არ იქნება მიღწეული. მეძუძური დედის მსგავსად, იეჰოვა სიყვარულს ავლენს მათდამი, ვინც მას ერთგულობს. იეჰოვამ ძველ ისრაელში მცხოვრები ერთგული მსახურების შესახებ თქვა: „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ[თ] შენ [თქვენ]“ (ესაია 49:15). ღმერთი სიყვარულით იზრუნებს მათზე, ვინც მისადმი ერთგულებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს.

იეჰოვასადმი ერთგულება სიყვარულზეა დაფუძნებული. ის ადამიანს აღძრავს, შეიყვაროს ის, რაც იეჰოვას უყვარს და შეიძულოს ბოროტება, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმუნი 96:10). რადგან იეჰოვას მთავარი თვისება სიყვარულია, ღვთისადმი ერთგულება ადამიანს საშუალებას არ მისცემს, უსიყვარულოდ მოექცეს სხვებს (1 იოანე 4:8). ამგვარად, თუ ღვთისადმი ერთგულების გამო ადამიანი რელიგიურ მრწამსს იცვლის, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მას აღარ უყვარს თავისი ოჯახი.

ღვთისადმი ერთგულება — სასიკეთო ძალა

ადრე მოხსენიებული ქალი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ბიბლიის შესწავლისას გავიგე, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია და მასთან პირადი ურთიერთობა განვავითარე. იეჰოვა არ ჰგავს არც ერთ ღვთაებას, რომლებსაც ადრე ვეთაყვანებოდი; მას სრულყოფილად აქვს გაწონასწორებული სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა. რადგან იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს, სხვა ღმერთების თაყვანისცემისთვის თავი უნდა დამენებებინა.

მშობლები ხშირად მიმეორებდნენ, რომ ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ ჩემით და რომ იმედი გავუცრუე მათ. ამის ატანა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, რადგან მშობლების კეთილგანწყობას ძალიან ვაფასებდი. მაგრამ, რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ, მით უფრო ნათელი ხდებოდა ჩემთვის, როგორი არჩევანი უნდა გამეკეთებინა. იეჰოვას ზურგს ვერ ვაქცევდი.

რადგან ტრადიციული რელიგიისადმი ერთგულებას იეჰოვასადმი ერთგულება ვარჩიე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის მოღალატე გავხდი. სიტყვითა თუ საქმით ვცდილობ, ვაჩვენო ოჯახის წევრებს, რომ მესმის მათი. თუ იეჰოვას არ ვუერთგულებ, ამით ჩემს ოჯახსაც დავაბრკოლებ მის გაცნობაში. აი, ეს კი ნამდვილად იქნებოდა ღალატი“.

მსგავსადვე, არც ის ადამიანი უნდა ჩაითვალოს მოღალატედ, რომელიც ღვთისადმი ერთგულების გამო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და სხვების წინააღმდეგ ხელში იარაღს არ იღებს. აი, რით ხსნის ზლატკო თავის მოქმედებებს: „თუმცა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანად აღვიზარდე, არაქრისტიანზე დავქორწინდი. როდესაც ომი გაჩაღდა, ორივე მხრიდან მოითხოვდნენ ჩემს ერგულებას. იძულებული ვიყავი, ამერჩია, ვის მხარეზე მებრძოლა. სამწელიწად–ნახევარი ვიბრძოდი. საბოლოოდ, მე და ჩემმა მეუღლემ ხორვატიაში გაქცევით ვუშველეთ თავს, სადაც იეჰოვას მოწმეებს შევხვდით.

ბიბლიის შესწავლისას გავიგეთ, რომ პირველ რიგში იეჰოვას უნდა ვუერთგულოთ, რომელსაც სურს გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი მისი რელიგიისა თუ წარმოშობის მიუხედავად. ახლა მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცემთ თაყვანს იეჰოვას; ვხვდები, რომ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას ვერ შევძლებ, თუ მოყვასის წინააღმდეგ ვიბრძოლებ“.

საფუძვლიანი ცოდნით ფორმირებული ერთგულება

რადგან იეჰოვა შემოქმედია, უპირველეს ყოვლისა ის იმსახურებს ერთგულებას (გამოცხადება 4:11). მაგრამ ღვთისადმი ერთგულება ფანატიზმად და დამანგრეველ ძალად რომ არ იქცეს, საჭიროა საფუძვლიანი ცოდნით მისი ფორმირება. ბიბლია მოგვიწოდებს: ‘განიახლეთ თქვენი გონების სული და შეიმოსეთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთის ნებით... ჭეშმარიტების სიწმინდით [„ჭეშმარიტი... ერთგულებით“, აქ] (ეფესელთა 4:23, 24). გამოჩენილ მამაკაცს, რომელმაც ღვთის შთაგონებით დაწერა ეს სიტყვები, გამბედაობა ეყო იმის გამოსაკვლევად, რისადმი ერთგულებასაც მას ბავშვობიდან უნერგავდნენ. ამ გამოკვლევამ სასიკეთოდ გარდაქმნა მისი პიროვნება.

დიახ, სავლე ერთგულების გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, ისევე როგორც თანამედროვე პერიოდში მრავალი მოწმე. სავლეს ბავშვობიდანვე მყარად უნერგავდნენ ოჯახის ტრადიციებს, ამიტომ მოწიფულობაში ის თავისი რელიგიისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. ამ ერთგულების გამო იყო, რომ ის ძალადობაზეც კი არ იხევდა უკან, როდესაც მის მრწამსს არ იზიარებდნენ. სავლე ცნობილი იყო იმით, რომ თავს ესხმოდა ქრისტიანთა ოჯახებს, ძალით გამოჰყავდა სახლებიდან და დასასჯელად ან მოსაკლავადაც კი მიჰყავდა ისინი (საქმეები 22:3—5; ფილიპელთა 3:4—6).

მაგრამ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანი ცოდნა მიიღო ბიბლიიდან, სავლემ ისეთი რამ გააკეთა, რაც მისი თანამედროვეებისთვის წარმოუდგენელი იყო. მან რელიგია შეიცვალა. სავლემ, რომელიც მოგვიანებით მოციქული პავლეს სახელით გახდა ცნობილი, ტრადიციისადმი ერთგულებას ღვთისადმი ერთგულება ამჯობინა. ზუსტ ცოდნაზე დაფუძნებული ერთგულების წყალობით სავლე შემწყნარებელი, მოსიყვარულე და სხვების გამამახნევებელი გახდა. ეს კი სრულიად განსხვავდებოდა მისი წარსული მოქმედებებისგან, როდესაც ის ფანატიკურად მოქმედებდა.

რატომ უნდა ვიყოთ ერთგულნი?

თუ ერთგულებას ღვთის ნორმებზე დავაფუძნებთ, ეს აშკარა სარგებლობას მოგვიტანს. მაგალითად, ოჯახური სტრუქტურის შემსწავლელი ინსტიტუტი ავსტრალიაში 1999 წლის ანგარიშში იტყობინებოდა, რომ ხანგრძლივი და კმაყოფილების მომგვრელი ოჯახური ცხოვრების საფუძველი „ნდობა, ერთგულება... [და] სულიერი მოთხოვნილებების არსებობაა“. იმავე გამოკვლევამ ცხადყო, რომ „მყარი და კმაყოფილების მომგვრელი ოჯახური ცხოვრების“ წყალობით ქალები და მამაკაცები უფრო ბედნიერნი და ჯანმრთელნი არიან და უფრო დიდხანსაც ცხოვრობენ; მყარ ოჯახებში აღზრდილი ბავშვებიც უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში ერთგულება გადამრჩენი ბაგირივითაა, რომელმაც მოცურავე მაშველ გემთან უნდა მიიყვანოს. თუ „მოცურავეს“ ეს ბაგირი, ანუ ერთგულება, არა აქვს, მას ქარი და ტალღები გაიტაცებს. ხოლო თუ ერთგულება არასწორი მიმართულებით არის წარმართული, ეს იმის მსგავსი იქნება, რომ მისი გადამრჩენი ბაგირი ჩასაძირად განწირულ გემზე იყოს გამობმული. სავლეს მსგავსად, ასეთმა ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დამღუპველი კურსით მიექანება. მაგრამ იეჰოვასადმი ერთგულება, რომელიც საფუძვლიან ცოდნას ემყარება, არის მტკიცე გადამრჩენი ბაგირი, რომელიც სტაბილურობას გვაძლევს და გადარჩენამდე მიმყვანია (ეფესელთა 4:13—15).

იეჰოვა თავის ერთგულებს ჰპირდება: «უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს [„ერთგულებს“, აქ]: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან» (ფსალმუნი 36:28). მალე, იეჰოვას ყველა ერთგული ადამიანი სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრებს, სადაც ისინი გათავისუფლდებიან მწუხარებისა და ტკივილისგან და გაიხარებენ იეჰოვასთან ხანგრძლივი ურთიერთობით, რაშიც რელიგიური თუ პოლიტიკური დაყოფა ხელს ვეღარ შეუშლით (გამოცხადება 7:9, 14; 21:3, 4).

დღესდღეობითაც კი, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაინახა, რომ ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ იეჰოვასადმი ერთგულებას მოაქვს. გსურთ იეჰოვას მოწმეები დაგეხმარონ იმაში, რომ ერთგულებისადმი თქვენი დამოკიდებულება ბიბლიური ჭეშმარიტების შუქზე შეამოწმოთ? ბიბლიაში ნათქვამია: „საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ“ (2 კორინთელთა 13:5).

საკუთარი რწმენისა და იმის გამოკვლევა, თუ რატომ ვართ ამ რწმენის ერთგულები, გამბედაობას მოითხოვს. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს, რადგან ეს იეჰოვა ღმერთთან დაგვაახლოებს. მრავალი დაეთანხმება ზემოთ მოხსენიებული ქალის სიტყვებს: „დავრწმუნდი, რომ იეჰოვასა და მისი ნორმებისადმი ერთგულება გვეხმარება, გაწონასწორებულები ვიყოთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში და საზოგადოების უკეთესი წევრები გავხდეთ. თუ ნებისმიერ რთულ სიტაუციაში იეჰოვას ვუერთგულებთ, ისიც ყოველთვის გვიერთგულებს“.

[სურათები 6 გვერდზე]

სავლეს საფუძვლიანი ცოდნა დაეხმარა, რომ ერთგულების ობიექტი შეეცვალა.

[სურათი 7 გვერდზე]

რატომ უნდა გამოგვეკვლია ბიბლიური ჭეშმარიტების შუქზე ის, თუ ვის ან რის მიმართ ვავლენთ ერთგულებას?

[საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Churchill, upper left: U.S. National Archives photo; Joseph Göbbels, far right: Library of Congress