მათ ძალიან უხაროდათ, რომ წერა-კითხვა ისწავლეს!
მათ ძალიან უხაროდათ, რომ წერა-კითხვა ისწავლეს!
სოლომონის კუნძულებზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა 80-მა პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა. ეს არა მარტო კრების შეხვედრებზე მონაწილეობის მიღებაში უშლიდა მათ ხელს, არამედ სამეფოს შესახებ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაშიც. არის თუ არა ნამდვილად შესაძლებელი წერა-კითხვის სწავლა ზრდასრული ხალხისთვის, რომელთაც კალამი არასდროს სჭერიათ ხელში?
სოლომონის კუნძულებზე თითქმის ყველა კრებაში ტარდებოდა გაკვეთილები, რომლებზეც იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული ბროშურით, „ისწავლეთ წერა-კითხვა“, სწავლობდნენ კითხვას. ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან დაინახავთ, თუ როგორ დაეხმარნენ ამ პროგრამის საშუალებით ასეულებს საერთო დონის ამაღლებაში. უმთავრესი კი ის არის, რომ წერა-კითხვის ცოდნამ მათ თავიანთი რწმენის სხვებისთვის უკეთესად ქადაგების საშუალება მისცა (1 პეტრე 3:15).
მისიონერმა, რომლის კრებაშიც ასზე მეტი მაუწყებელია, შენიშნა, რომ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე ძალიან ცოტას თუ ჰქონდა ჟურნალი და მათგანაც უმცირესობა თუ იღებდა კომენტარებში მონაწილეობას. რატომ? იმიტომ, რომ წერა-კითხვა არ იცოდნენ. ერთხელაც, კრების შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ ყალიბდებოდა წერა-კითხვის შესასწავლი ჯგუფები და მისიონერებმაც დიდი სიამოვნებით გამოავლინეს მზადყოფნა, ჩაეტარებინათ ეს გაკვეთილები. თავდაპირველად სულ რამდენიმე მივიდა გაკვეთილზე, მაგრამ მალე მოსწავლეთა რიცხვმა ორმოცს გადააჭარბა, რომელთა შორისაც ყველა ასაკის წარმომადგენელი იყო.
როგორი იყო შედეგები? მისიონერი მოგვითხრობს: «კურსების დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისიონერული სახლისთვის საკვების საყიდლად დილის ექვს საათზე ბაზარში წავედი. იქ ზოგიერთ მოსწავლეს შევხვდი, მათ შორის ბავშვებსაც კი, რომლებიც ქოქოსსა და ბოსტნეულს ყიდიდნენ. რატომ
ვაჭრობდნენ ასე დილაადრიან? იმიტომ, რომ კალმისა და რვეულების შესაძენად საჭირო ფული ეშოვათ. აგრეთვე ამ კურსებზე დასწრებამ მოწმეები წაახალისა, „საგუშაგო კოშკის“ საკუთარი ეგზემპლარი ჰქონოდათ. ახლა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე კომენტარებში მონაწილეობს ყველა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, და განხილვაც საინტერესოდ მიმდინარეობს». ეს მისიონერი და განსაკუთრებით იმან გაახარა, რომ კრების ოთხმა წევრმა სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნეს, „უკვე აღარ ეშინოდათ“ ქადაგების.ამ კურსებმა წერა-კითხვის სწავლის გარდა, სხვა დადებითი გავლენაც მოახდინა შემსწავლელებზე. მაგალითად, იეჰოვას ერთი მოწმის ურწმუნო ცოლი წლების მანძილზე კრებას ათასგვარ საზრუნავს უჩენდა. მას გასაბრაზებლად ცოტა რამ ჰყოფნიდა, განაწყენებული კი ხალხს ქვებს უშენდა და ქალებს ჯოხითაც კი სცემდა. ისეთი ეჭვიანი იყო, რომ, როდესაც ქმართან ერთად დროდადრო კრებას ესწრებოდა, ქმარი მზის სათვალეს იკეთებდა, რათა ცოლს სხვა ქალების ყურებაში არ დაედანაშაულებინა.
მაგრამ წერა-კითხვის შესასწავლი კურსების დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ამ ქალმა მოკრძალებით იკითხა: „შეიძლება მეც მათთან ერთად ვისწავლო?“. პასუხი დადებითი იყო. მას შემდეგ არც შესწავლა და არც კრების შეხვედრა არ გაუცდენია. ძალიან ბევრს მეცადინეობდა და კარგ შედეგებსაც მიაღწია, რაც ძალიან უხაროდა. შემდეგ კი ითხოვა: „შეიძლება, რომ ვინმემ ბიბლია მასწავლოს?“. ქმარმა სიხარულით დაიწყო მასთან ბიბლიის შესწავლა და ახლა ის წერა-კითხვისა და ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლას განაგრძობს.
კუნძულის ერთი 50 წლის მკვიდრისთვის, რომელსაც ცხოვრებაში კალამი არ სჭერია ხელში, კალმის ხელში აღება და ანბანის ასოების გამოყვანა უდიდესი სირთულის ამოცანა იყო. თავდაპირველად ზოგი ისე აწვებოდა კალმით ფურცელს, რომ თითებზე ბებერებიც კი გაუჩნდა. კალმის ხელში თავისუფლად დაჭერის შესწავლას მოწაფეებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ჯაფა მოანდომეს, რის შემდეგაც სახეგაბრწყინებულმა ზოგიერთმა მათგანმა წამოიძახა: „შეხედეთ, აი, უკვე ფურცელზე მსუბუქად შემიძლია ხელი გადავაადგილო!“. შემსწავლელთა ასეთი წარმატება მასწავლებლებსაც ახარებთ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „მათთვის წერა-კითხვის სწავლება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. იეჰოვას ამ ღონისძიებისადმი დიდ მადლიერებას შემსწავლელები გაკვეთილის დამთავრების შემდეგაც ხშირად გამოხატავენ“.
მისიონერებთან ერთად ახლა წერა-კითხვის მცოდნე მოწმეებიც ხარობენ. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვას განსადიდებლად ახლა წერა-კითხვის უნარის გამოყენებაც შეუძლიათ.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
დიდები თუ პატარები აფასებენ, რომ წერა-კითხვის სწავლის საშუალება აქვთ.