არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა რჩევებია მოცემული ბიბლიაში ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, როდესაც მშობლებიდან მხოლოდ ერთია იეჰოვას მოწმე?

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ბიბლია ორ მნიშვნელოვან რჩევას აძლევს იეჰოვას მოწმე მშობელს, რომლის მეუღლეც იეჰოვას მოწმე არ არის. პირველი: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). მეორე: „ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი“ (ეფესელთა 5:23). მეორე რჩევა არა მხოლოდ იმ ცოლებს ეხება, რომლებსაც იეჰოვას მოწმე ქმრები ჰყავთ, არამედ მათაც, რომელთა ქმრებიც მათ რწმენას არ იზიარებენ (1 პეტრე 3:1). როგორ შეუძლია იეჰოვას მოწმე მშობელს გაწონასწორებულად გამოიყენოს ეს პრინციპები შვილების აღზრდისას?

თუ ქმარი იეჰოვას მოწმეა, ვალდებულია ოჯახის სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე იზრუნოს (1 ტიმოთე 5:8). შეიძლება, ცოლი, რომელიც მოწმე არ არის, შვილებთან უფრო მეტ დროს ატარებს; მიუხედავად ამისა, მამამ რწმენა უნდა ჩაუნერგოს შვილებს სახლში და ქრისტიანული კრების შეხვედრებზეც ატაროს, სადაც ზნეობრივ დარიგებას მიიღებენ და ჯანსაღი ურთიერთობაც ექნებათ. ეს კი ნამდვილად სასარგებლო იქნება მათთვის.

რა შეიძლება ითქვას იმასთან დაკავშირებით, თუ ცოლი (რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის) დაჟინებით ითხოვს ბავშვების იქ წაყვანას, სადაც მისთვის მისაღებ თაყვანისმცემლობას ასრულებენ და ცდილობს მათთვის თავისი რწმენის ჩანერგვას? შეიძლება ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე მას ამის უფლება აქვს. მიიღებენ თუ არა ბავშვები ასეთ ადგილებში რაიმე რელიგიურ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ასწავლის მამა შვილებს ჭეშმარიტებას. როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, მამისგან მიღებული ბიბლიური დარიგება დაეხმარება მათ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებისამებრ მოქცევაში. როგორ გაუხარდება მამას იმის დანახვა, რომ მისი შვილები ჭეშმარიტების მხარეს დადგებიან!

თუ დედა არის იეჰოვას მოწმე, შვილების მარადიულ კეთილდღეობაზე ზრუნვისას, მას მეთაურობის პრინციპი არ უნდა დაავიწყდეს (1 კორინთელთა 11:3). ხშირად მეუღლე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, შეიძლება არ ეწინააღმდეგება ცოლს შვილებისთვის ზნეობრივი და სულიერი განათლების მიცემისას; აგრეთვე არც იმის წინააღმდეგია, რომ ბავშვებმა იეჰოვას ხალხის კრებებზე იარონ. ცოლს შეუძლია დაეხმაროს ქმარს იმის დანახვაში, თუ რა სარგებლობა მოაქვს მათი შვილებისთვის იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ ცოდნას. მას შეუძლია ქმართან საუბრისას ტაქტიანად გაუსვას ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი ნორმების ჩანერგვა დღეს, როდესაც ბავშვებს ზნედაცემულ წუთისოფელში უხდებათ ცხოვრება.

მაგრამ შეიძლება ქმარმა დაჟინებით მოითხოვოს, რომ ბავშვებმა მისი რელიგია გაიზიარონ. შეიძლება შვილები თავისი რელიგიის თაყვანისმცემლობის ადგილებშიც დაჰყავდეს და თავის რწმენასაც უნერგავდეს. ან კიდევ, შეიძლება მამა საერთოდ წინააღმდეგია, რომ ბავშვებმა რელიგიური განათლება მიიღონ. ჩვეულებრივ, როგორც ოჯახის თავს, ძირითადი პასუხისმგებლობა ოჯახში გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით მას აკისრია *.

ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი ცოლი, რა თქმა უნდა, აფასებს მეთაურობის პრინციპს, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ახსოვს მოციქულ პეტრესა და იოანეს პოზიცია, რომლებმაც თქვეს: „არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქმეები 4:19, 20). შვილების სულიერი კეთილდღეობისთვის მზრუნველი მორწმუნე დედა გამონახავს საშუალებებს, რათა მათ ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგოს. ის იეჰოვას წინაშე ვალდებულია, რომ ჭეშმარიტების შესახებ ესაუბროს სხვებს და შვილები გამონაკლისს არ უნდა წარმოადგენდნენ (იგავნი 1:8; მათე 28:19, 20). როგორ შეუძლია იეჰოვას მოწმე დედას ამ სიტუაციისთვის თავის გართმევა?

მაგალითად, ავიღოთ ღვთისადმი რწმენის საკითხი. ქმარი შეიძლება იეჰოვას მოწმე ცოლს შვილებთან ბიბლიის შესწავლის უფლებას არ აძლევს. განა ამის გამო დედამ იეჰოვას შესახებ შვილებს არაფერი უნდა უთხრას? არავითარ შემთხვევაში. ბუნებრივია, რომ დედის სიტყვებსა და საქმეებში შემოქმედისადმი რწმენა აისახება. უეჭველია, ბავშვებს ამ თემაზე შეკითხვები წამოეჭრებათ. რელიგიის თავისუფლება დედას აძლევს უფლებას, გამოხატოს თავისი რწმენა შემოქმედისადმი და მას შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება შვილებთან სასაუბროდაც. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შვილებთან ბიბლიის შესწავლას ვერ ატარებს ან კრების შეხვედრებზე რეგულარულად ვერ დაჰყავს, დედას მაინც შეუძლია შვილებისთვის იეჰოვა ღმერთის შესახებ ცოდნის გადაცემა (მეორე რჯული 6:7).

მორწმუნე და ურწმუნო მეუღლეებს შორის დამოკიდებულების შესახებ მოციქული პავლე წერდა: „ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან“ (1 კორინთელთა 7:14). თუ ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი მოწმეა, იეჰოვა მათ კავშირს მორწმუნის გამო წმინდად მიიჩნევს და ბავშვებიც წმინდებად ითვლებიან იეჰოვას თვალში. იეჰოვას მოწმე დედა ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ შვილებს ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმაროს, ხოლო დანარჩენი კი იეჰოვას მიანდოს.

როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი სწორედ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მშობლებისგან მიიღეს. მათ შეიძლება იესოს სიტყვების შესაბამისად მოქცევა გადაწყვიტონ: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:37). ღმერთმა მათ შემდეგი რჩევაც მისცა: „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში“ (ეფესელთა 6:1). მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, ‘დამორჩილებოდა ღმერთს’ და არა იმ მშობელს, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის. რა დიდი კურთხევაა იეჰოვას მოწმე მშობლისთვის, როდესაც შვილები იეჰოვასადმი მსახურებას ირჩევენ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ცოლს კანონიერი უფლება აქვს, აირჩიოს რელიგია და დაესწროს კიდეც ქრისტიანულ შეხვედრებს. ზოგჯერ, როდესაც ქმარი უარს აცხადებს ბავშვების მოვლაზე იმ დროის განმავლობაში, როდესაც ცოლი კრებაზეა წასული, მოსიყვარულე დედა თავს ვალდებულად გრძნობს, ისინი კრების შეხვედრებზე წაიყვანოს.