მივბაძოთ დიდებულ მასწავლებელს
მივბაძოთ დიდებულ მასწავლებელს
„ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი ... ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20).
ხართ თუ არა მასწავლებელი? გარკვეულწილად, დიახ. როცა გზააბნეულ მგზავრს სწორ გზას მიასწავლით, როდესაც თანამშრომელს უხსნით, როგორ შეასრულოს გარკვეული სამუშაო ან ბავშვს აჩვენებთ, როგორ შეიკრას ფეხსაცმლის ზონარი — ყველა ამ შემთხვევაში მასწავლებელი გამოდიხართ. როდესაც ამგვარად ვეხმარებით სხვებს, განა, გარკვეულწილად, ეს არ გვანიჭებს კმაყოფილებას?
2 მასწავლებლობასთან დაკავშირებით ქრისტიანებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ დავალებული გვაქვს, ‘მოვიმოწაფოთ ყველა ხალხი და ვასწავლოთ მათ’ (მათე 28:19, 20). კრებაშიც გვეძლევა შესაძლებლობა, ვასწავლოთ სხვებს. კრების აღსაშენებლად გამოცდილი მამაკაცები არიან დაყენებული „მწყემსებად და მასწავლებლებად“ (ეფესელთა 4:11—13, აქ). ყოველდღიური ქრისტიანული საქმიანობის დროს მოწიფული ქალები „სიკეთის მასწავლებელნი“ არიან ახალგაზრდებისთვის (ტიტე 2:3—5). ყოველ ჩვენგანს თანამორწმუნეების გამხნევებისკენ მოგვიწოდებენ და ამ მოწოდებას შევასრულებთ, თუ ბიბლიის მეშვეობით ‘აღვაშენებთ’ სხვებს (1 თესალონიკელთა 5:11). რა დიდი პატივია ჩვენთვის, რომ შეგვიძლია ვიყოთ ღვთის სიტყვის მასწავლებლები და იმ სულიერი საგანძურის გამზიარებლები, რომელსაც ხანგრძლივი სარგებლობის მოტანა შეუძლია!
3 მაგრამ, როგორ ვასწავლოთ უფრო ეფექტურად? უპირველესად, დიდებულ მასწავლებელს, იესოს, უნდა მივბაძოთ. ზოგი შეიძლება ფიქრობს: როგორ მივბაძო იესოს? ის ხომ სრულყოფილი იყო. მართალია, სრულყოფილი მასწავლებლები ვერ ვიქნებით, მაგრამ, ჩვენი უნარის მიუხედავად, შეგვიძლია მთელი ძალებით ვეცადოთ, მივბაძოთ იესოს სწავლების მეთოდების გამოყენებაში. მოდი განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ იესოს სწავლების ოთხი მეთოდი — უბრალო ენა, ეფექტური კითხვები, ლოგიკური მსჯელობა და სათანადო მაგალითები.
ასწავლეთ უბრალო ენით
4 ღვთის სიტყვაში მოცემული ძირითადი ჭეშმარიტება რთული არაა. ლოცვაში იესომ ასეთი რამ თქვა: „გადიდებ, შენ მამაო ... რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს“ (მათე 11:25). იეჰოვამ თავისი განზრახვები გულწრფელ და თავმდაბალ ადამიანებს გაუცხადა (1 კორინთელთა 1:26—28). ამგვარად, ბიბლიური ჭეშმარიტების ძირითადი თავისებურება უბრალოებაა.
5 როგორ ვასწავლოთ უბრალო ენით, როდესაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ან განმეორებით მონახულებას ვაკეთებთ? რა ვისწავლეთ დიდებული მასწავლებლისგან? იესო თავის მსმენელებს, რომელთა უმეტესობაც „უბრალო და უწიგნური“ ადამიანი იყო, გასაგები, უბრალო ენით ესაუბრებოდა, რათა ნათქვამი ბოლომდე გაეგოთ (საქმეები 4:13, აფ). უბრალო ენით რომ ვასწავლოთ, პირველ რიგში, საჭიროა ყურადღებით შევარჩიოთ სიტყვები. ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება დამაჯერებლად რომ გადავცეთ სხვებს, ამისათვის მაღალფარდოვანი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება სრულებით არ არის აუცილებელი. ასეთმა „ამაღლებულმა სიტყვებმა“ ადამიანი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ განათლებით ან ათვისების უნარით არ გამოირჩევა (1 კორინთელთა 2:1, 2). იესოს მაგალითი ცხადყოფს, რომ სათანადოდ შერჩეული უბრალო სიტყვებით ჭეშმარიტების გადაცემა უფრო კარგად შეიძლება.
6 როდესაც უბრალო ენით ვასწავლით, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიბლიის შემსწავლელი ბევრი ინფორმაციით არ გადავტვირთოთ. იესო ითვალისწინებდა თავისი მოწაფეების შეზღუდულ შესაძლებლობებს (იოანე 16:12). ეს ფაქტორი ჩვენც უნდა მივიღოთ მხედველობაში. მაგალითად, როდესაც შესწავლას ვატარებთ წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, * არაა საჭირო, ყველა დეტალი ავხსნათ. არც ის არის აუცილებელი, რომ სწრაფად განვიხილოთ მოცემული გაკვეთილი, თითქოს გარკვეული მასალის მოსწრება იყოს უმთავრესი. უმჯობესია, შემსწავლელის მოთხოვნილებისა და უნარის მიხედვით განვსაზღვროთ განსახილველი მასალის მოცულობა. ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ შემსწავლელი ქრისტეს მოწაფე და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდეს. ამიტომ იმდენი დრო უნდა გამოვყოთ, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ნასწავლის კარგად გაგებაში დავეხმაროთ. ამგვარად, ჭეშმარიტება შეეხება მის გულს და აღძრავს მოქმედებისკენ (რომაელთა 12:2).
7 როდესაც საქმე კრებაში საჯარო მოხსენების წარმოთქმას ეხება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსმენელთა შორის ახლებიც იმყოფებიან, როგორ უნდა ვისაუბროთ, რომ ჩვენი სიტყვები „გაუგებარი“ არ იყოს? (1 კორინთელთა 14:9). ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ სამი რჩევა. პირველი, ავხსნათ ყველა ის უცნობი სიტყვა, რომელსაც გამოვიყენებთ. ჩვენ გვესმის ღვთის სიტყვა და ამიტომ ჩვენს სიტყვათა მარაგში სპეციფიკური სიტყვებიც შედის. მაგალითად, როდესაც ისეთ გამოთქმებს ვიყენებთ, როგორიცაა: „ერთგული და გონიერი მონა“, „სხვა ცხვრები“ და „დიდი ბაბილონი“, კარგი იქნებოდა, უბრალო ენით, ნათლად აგვეხსნა მათი მნიშვნელობა. მეორე, მოვერიდოთ მრავალსიტყვაობას. თუ სიტყვების მაღალფარდოვნად წარმოთქმას ვცდილობთ, შეიძლება აუდიტორიას ინტერესი დავუკარგოთ. აზრის ნათლად გადმოცემას მაშინ შევძლებთ, თუ ზედმეტ სიტყვებსა და ფრაზებს მოვერიდებით. და მესამე, ნუ ეცდებით ძალიან ბევრი მასალის განხილვას. როდესაც მასალას პირადად ვიკვლევთ, შეიძლება მრავალი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინოთ. საუკეთესო იქნება, თუ მასალას რამდენიმე ძირითად პუნქტში გავაერთიანებთ და მხოლოდ იმ ინფორმაციას გამოვიყენებთ, რომელიც ამ პუნქტებს უკავშირდება; ეს საშუალებას მოგვცემს, მოცემულ დროში თემა ნათლად ჩამოვაყალიბოთ.
კითხვების ეფექტურად გამოყენება
8 გავიხსენოთ ისიც, რომ იესოს კითხვების დასმაში ბადალი არ ჰყავდა. კითხვების მეშვეობით მას შეეძლო გაეგო თავის მოწაფეთა გულისნადები და ჩამოეყალიბებინა მათი აზროვნება. კითხვების გამოყენებით იესო ფაქიზად ცდილობდა ჩასწვდომოდა და შეხებოდა მათ გულებს (მათე 16:13, 15; იოანე 11:26). როგორ შეგვიძლია, იესოს მსგავსად, ეფექტურად გამოვიყენოთ კითხვები?
9 კარდაკარ ქადაგებისას ვინმეს დასაინტერესებლად შეგვიძლია კითხვები დავსვათ, რაც ღვთის სამეფოზე საუბრის საშუალებას მოგვცემს. როგორ შევარჩიოთ ისეთი კითხვები, რომელიც ინტერესს აღუძრავს მობინადრეს? იყავით დაკვირვებული. სანამ სახლს მიუახლოვდებით, თვალი მიმოავლეთ ირგვლივ. სათამაშოები ხომ არ ყრია ეზოში, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ამ ოჯახში ბავშვები ჰყავთ? თუ ეს ასეა, შეგიძლიათ ჰკითხოთ მობინადრეს: თუ გიფიქრიათ, როგორი იქნება მსოფლიო იმ დროისთვის, ფსალმუნი 36:10, 11). რამდენიმე საკეტი ხომ არ ადევს კარს ან უსაფრთხოების სისტემა ხომ არ არის დამონტაჟებული? ამ შემთხვევაში მობინადრისთვის შეგვეძლო გვეკითხა: თქვენი აზრით, დადგება კი ოდესმე ისეთი დრო, როდესაც ყოველი ჩვენგანი, შინ თუ გარეთ, თავს უსაფრთხოდ იგრძნობს? (მიქა 4:3, 4). სახლს ინვალიდის სავარძლის დამრეცი ასასვლელი ხომ არ აქვს გაკეთებული? მაშინ შეგიძლიათ ასეთი კითხვა დასვათ: იქნება ოდესმე ყველა ჯანმრთელი? (ესაია 33:24). მრავალი შეთავაზების ნახვა შეიძლება ბროშურაში „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“.
როდესაც თქვენი შვილები გაიზრდებიან? (10 როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად კითხვები, როდესაც ბიბლიის შესწავლებს ვატარებთ? იესოსგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია მივხვდეთ ვინმეს გულისნადებს. მაგრამ ტაქტიანი და, ამავე დროს, გონივრული კითხვების დასმით შევძლებთ შემსწავლელის გულიდან მისი აზრებისა და გრძნობების ‘ამოხაპვას’ (იგავნი 20:5). ვთქვათ, წიგნიდან „შემეცნება“ განიხილავთ გაკვეთილს სათაურით „რატომ მოაქვს ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ბედნიერება“. ამ თავში განხილულია ღვთის თვალსაზრისი უპატიოსნობასთან, მრუშობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შემსწავლელი, შესაძლოა, წიგნში მოცემულ კითხვებს სწორად პასუხობს, მაგრამ ეთანხმება კი ის ნასწავლს? შეგიძლიათ ასეთი რამ ჰკითხოთ: თქვენი აზრით, მისაღებია თუ არა იეჰოვას თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით? პირადად თქვენ როგორ გამოიყენებდით ამ ბიბლიურ პრინციპებს ცხოვრებაში? ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა პატივისცემით მოვეპყროთ შემსწავლელს და არ შევლახოთ მისი ღირსება. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ისეთი კითხვები დავუსვათ მას, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდოთ ან დავამციროთ (იგავნი 12:18).
11 მომხსენებლებსაც შეუძლიათ, ეფექტურად გამოიყენონ კითხვები. მაგალითად, რიტორიკული კითხვები. ამ შემთხვევაში მსმენელისგან პასუხს არ მოელიან, მაგრამ ეს დაფიქრებასა და მსჯელობაში ეხმარება მათ. იესო დროდადრო იყენებდა ასეთ კითხვებს (მათე 11:7—9). გარდა ამისა, შესავალში, მთავარ პუნქტებზე გადასვლამდე, მათ ხაზგასასმელად, მომხსენებელს შეუძლია დასვას კითხვები. მაგალითად, მას შეეძლო ასეთი რამ ეთქვა: „დღეს ჩვენ ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს...“. დასკვნით ნაწილში კი შეუძლია კვლავ მოიხსენიოს ეს კითხვები, რათა ძირითადი პუნქტები მოკლედ გაიმეოროს.
12 სამწყემსო მსახურებისას ქრისტიან უხუცესებს შეუძლიათ გამოიყენონ კითხვები, რათა მათი საშუალებით იეჰოვას სიტყვით ანუგეშონ „გულდამძიმებულები“ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). მაგალითად, მათ დასახმარებლად უხუცესს შეუძლია ფსალმუნის 33:18-ზე (ჯ. აჯიაშვილის თარგმანი) გაამახვილოს ყურადღება. იქ ნათქვამია: „თანაუდგება უფალი გულმკვდართ და ყველა მორჩილს უშველის იგი“. გულდამძიმებული ადამიანისთვის იმის დასანახვებლად, რომ ეს მუხლი პირადად მას ეხება, უხუცესს შეუძლია ჰკითხოს: ვის უდგას მხარში იეჰოვა? დროდადრო თავს „გულდამძიმებულად“ ხომ არ გრძნობ? თუ, ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ასეთებს „თანაუდგება“, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შენც გაგიწევს თანადგომას? ასეთმა გულთბილმა ნუგეშისცემამ შეიძლება გამოაცოცხლოს ადამიანი, რომელსაც სიხარული აქვს დაკარგული (ესაია 57:15).
ლოგიკური მსჯელობა
13 მსახურებისას გვსურს, რომ საღი, დამაჯერებელი მსჯელობით შევეხოთ ადამიანთა გულებს (საქმეები 19:8; 28:23, 24, აქ). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რთული მსჯელობაა საჭირო სხვების ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად? სრულებითაც არა. საღი მსჯელობისთვის რთული ლოგიკა არაა აუცილებელი. მარტივად გადმოცემული ლოგიკური მტკიცებები, ხშირ შემთხვევაში, უფრო ეფექტურია. განვიხილოთ ერთი მაგალითი.
14 რა ვუპასუხოთ იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არ შეუძლია იწამოს ღმერთი, რადგანაც ვერ ხედავს? შეგვიძლია ჩვენი მსჯელობა მიზეზშედეგობრივ პრინციპზე ავაგოთ. როდესაც რაღაც შედეგს ვხედავთ, ვასკვნით, რომ ამას მიზეზიც უნდა ჰქონდეს. შეგვიძლია ასეთი რამ ვთქვათ: წარმოიდგინეთ, რომ შორეულ მხარეში მოგზაურობთ და გზად წააწყდით ლამაზ სახლს, რომელშიც უხვად არის სურსათ-სანოვაგე (შედეგი). მაშინვე გაიფიქრებთ, რომ ეს სახლი ვიღაცამ (მიზეზი) ააშენა და სამზარეულოს კარადები თუ საკუჭნაო საკვებით გაავსო. მსგავსად, როდესაც საოცარ ბუნებას და საკვებით უხვად უზრუნველყოფილ დედამიწას (შედეგი) ვხედავთ, განა გონივრული არ არის დავასკვნათ, რომ ყოველივე ეს ვიღაცის (მიზეზი) შექმნილია? ბიბლია ამ აზრს სრულიად მარტივად, მაგრამ საუკეთესოდ ხსნის: „ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). მაგრამ, რაც უნდა საღი და ლოგიკური იყოს ჩვენი მსჯელობა, ყველა როდი დაეთანხმება მას. ბიბლია შეგვახსენებს, რომ მხოლოდ „სწორად განწყობილი“ ადამიანები გახდებიან მორწმუნენი (საქმეები 13:48, აქ; 2 თესალონიკელთა 3:2).
15 სამქადაგებლო მსახურების დროს ან კრებაში სწავლებისას, ლოგიკური მსჯელობით შეგვიძლია იეჰოვას თვისებებსა და მის მოქმედებებზე გავამახვილოთ ყურადღება. განსაკუთრებით ეფექტურია ფრაზის „რაოდენ უფრო მეტად“ გამოყენება, როგორც ამას დროდადრო იესოც აკეთებდა (ლუკა 11:13; 12:24). მსჯელობის ეს ფორმა დაპირისპირებაზეა დაფუძნებული და ამიტომ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე. ადამიანს რომ დაანახვოთ ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ სწავლების უსაფუძვლობა, შეგიძლიათ თქვათ: არც ერთი მოსიყვარულე მამა შვილს დასჯის მიზნით ხელს ცეცხლში არ შეაყოფინებს. მაშ, წარმოიდგინეთ, რაოდენ უფრო შემზარავი იქნება ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისთვის ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის იდეაც კი! (იერემია 7:31). იმის საჩვენებლად, რომ იეჰოვა თითოეულ თავის მსახურზე ზრუნავს, შეგვიძლია ვთქვათ: თუ იეჰოვამ მილიარდობით ვარსკვლავის სახელი იცის, მაშ რაოდენ უფრო მეტად იქნება დაინტერესებული ადამიანებით, რომლებსაც უყვართ ის და, რომლებიც მისი ძის ძვირფასი სისხლით არიან გამოსყიდული! (ესაია 40:26; საქმეები 20:28). ასეთი საფუძვლიანი მსჯელობა დაგვეხმარება, ჩავწვდეთ მსმენელთა გულებს.
სათანადო მაგალითები
16 ეფექტური მაგალითები ჩვენს სწავლებას ხიბლს მატებს და უფრო მიმზიდველს ხდის. რატომ არის სწავლებისას მათი გამოყენება ასე ღირებული? ერთი პედაგოგი აღნიშნავდა: „აბსტრაქტული აზროვნების უნარის განვითარება ადამიანისთვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა“. მაგალითები კი აზრობრივი სურათების წარმოსახვასა და ახალი ინფორმაციის უკეთ ათვისებაში გვეხმარება. მაგალითების მოყვანაში იესოს ბადალი არ ჰყავდა (მარკოზი 4:33, 34). მოდი განვიხილოთ, ჩვენ როგორ გამოვიყენოთ სწავლების ეს მეთოდი.
17 რა ხდის მაგალითს ეფექტურს? პირველ რიგში, ის უნდა ერგებოდეს მსმენელებს და ნაცნობი იყოს მათთვის. ალბათ, გვახსოვს, რომ იესოს მაგალითები, ძირითადად, მსმენელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავდა. მეორე მხრივ, მაგალითი კარგად უნდა იყოს დაკავშირებული მთავარ აზრთან. თუ მთავარი აზრი და მაგალითი ერთმანეთს არ უკავშირდება, მან შეიძლება მსმენელი ვერ მიახვედროს ძირითად აზრს. მესამე, მაგალითი ზედმეტი წვრილმანებით არ უნდა იყოს გადატვირთული. გაიხსენეთ, რომ იესო მხოლოდ აუცილებელ დეტალებს მოიხსენიებდა. და მეოთხე, როდესაც მაგალითი მოგვყავს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის გასაგები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსმენელები შეიძლება ვერ მიხვდნენ, რის თქმა გვსურს.
18 მაგრამ როგორ მოვიფიქროთ სათანადო მაგალითი? საჭირო არ არის გრძელი და რთული ისტორიის დაწვრილებით მოფიქრება. მოკლე მაგალითები საკმაოდ ეფექტურია. ვეცადოთ, მოვიფიქროთ ისეთი საქმეების 3:19-ში ჩაწერილი აზრის ახსნა, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვა ‘აღხოცავს’ ანუ შლის ჩვენს შეცდომებს. მართალია, ეს თავად არის მეტაფორული გამონათქვამი, მაგრამ რა კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ მთავარი აზრის გადმოსაცემად? საშლელის მაგალითი ხომ არა? შეგვეძლო ასეთი რამ ვთქვათ: როდესაც იეჰოვა ცოდვებს გვპატიობს, ის, ასე ვთქვათ, საშლელს იღებს და შლის მათ. შეუძლებელია, რომ ასეთი მარტივი მაგალითის მთავარი აზრი მსმენელისთვის გაუგებარი დარჩეს.
მაგალითები, რომლებიც განსახილველ მასალას უკავშირდება. ვთქვათ, ვსაუბრობთ ღვთის გულმოწყალებაზე და გვსურს მაგალითით19 სად ვიპოვოთ მაგალითები, მათ შორის, ისეთები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება? ისინი შეგვიძლია მოვიყვანოთ საკუთარი ან თანამორწმუნეთა წარსულიდან თუ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. მაგალითებად აგრეთვე შეიძლება სხვადასხვა სულიერი ან უსულო საგნების, საოჯახო ნივთების ან ყველასათვის კარგად ცნობილი ახალი ამბების გამოყენება. კარგი მაგალითების შერჩევაში ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკვირვებულობა და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაციების ყურადღებით ‘დათვალიერება’ დაგვეხმარება (საქმეები 17:22, 23). ერთ ცნობარში, რომელშიც მოცემულია რჩევები მომხსენებლებისთვის, აღნიშნული იყო: „მომხსენებელს, რომელიც აკვირდება ადამიანთა ცხოვრებასა და ყოველდღიურ საქმიანობას, ესაუბრება სხვადასხვა ადამიანს, გულდასმით იკვლევს ყოველივეს და საკითხში ბოლომდე გასარკვევად სვამს კითხვებს, — მაგალითების ძალიან დიდი მარაგი უგროვდება, რაც საჭიროების შემთხვევაში დიდ დახმარებას გაუწევს“.
20 ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, აგრეთვე, იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოშვებული სხვა ლიტერატურა, კიდევ ერთი მდიდარი წყაროა ეფექტური მაგალითების საპოვნელად. ბევრ რამეს გაიგებთ, თუ დააკვირდებით, როგორ არის ამ პუბლიკაციებში გამოყენებული მაგალითები *. მოდი განვიხილოთ წიგნ „შემეცნებიდან“ მე-17 თავის მე-11 აბზაცში მოცემული მაგალითი. კრების წევრების ხასიათების მრავალფეროვნება შედარებულია სხვადასხვა ავტომობილთან, რომლებიც გზაზე მიემართებიან. რა განაპირობებს ამ მაგალითის ეფექტურობას? ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ის ყოველდღიური ცხოვრებიდან არის აღებული, მჭიდროდ უკავშირდება მთავარ აზრს და სრულიად გასაგებია, თუ რატომ არის ეს შედარება მოყვანილი. შეგვიძლია სწავლებისას რომელიმე პუბლიკაციაში მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი გამოვიყენოთ ისე, რომ მივუსადაგოთ ბიბლიის შემსწავლელთა მოთხოვნილებას ან მოხსენებას მოვარგოთ.
21 სხვების ეფექტურად სწავლებას დიდი კურთხევები მოაქვს. როდესაც ვასწავლით, სხვებსაც ვუზიარებთ ცოდნას და ჩვენს შესაძლებლობებს მათ დასახმარებლად ვიყენებთ. ამგვარად, გაცემას ბედნიერება მოაქვს, რამეთუ ბიბლიაც გვეუბნება: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ჩვენთვის, ღვთის სიტყვის მასწავლებლებისთვის, ეს ნეტარება იმ სიხარულში გამოიხატება, რომელიც იმის შეგნებას მოაქვს, რომ სხვებს ვუზიარებთ ჭეშმარიტებას იეჰოვას შესახებ, რასაც ნამდვილი და ხანგრძლივი ღირებულება აქვს. კმაყოფილების გრძნობას გვგვრის იმის ცოდნაც, რომ დიდებულ მასწავლებელს, იესო ქრისტეს, ვბაძავთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 26 მაგალითების მოსაძებნად იხილეთ «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელი 1996—2000» (რუს.), ქვესათაურით „მაგალითები“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ზოგიერთ ენაზე).
გახსოვთ თუ არა?
• როგორ ვასწავლოთ უბრალო ენით, როდესაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ან როდესაც მოხსენებით გამოვდივართ კრებაში?
• როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად კითხვები კარდაკარ მსახურების დროს?
• როგორ შეგვიძლია ლოგიკური მსჯელობით იეჰოვას თვისებებსა და მოქმედებებზე გავამახვილოთ ყურადღება?
• სად ვიპოვოთ ეფექტური თვალსაჩინო მაგალითები?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა გაგებით ვართ ყველანი მასწავლებლები? ბ) მასწავლებლობასთან დაკავშირებული რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
3. როგორ შეგვიძლია უფრო ეფექტური მასწავლებლები გავხდეთ?
4, 5. ა) რატომ არის უბრალოება ბიბლიური ჭეშმარიტების ძირითადი თავისებურება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, ყურადღებით შევარჩიოთ სიტყვები, თუ გვინდა, რომ უბრალო ენით ვასწავლოთ?
6. როგორ ავარიდოთ თავი ბიბლიის შემსწავლელის ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვას?
7. რომელი რჩევები დაგვეხმარება იმაში, რომ კრებაში მოხსენების წარმოთქმისას უბრალო ენით ვასწავლოთ?
8, 9. როგორ შევარჩიოთ ისეთი კითხვა, რომელიც მობინადრეს დააინტერესებს? მოიყვანეთ მაგალითები.
10. როგორ შეგვიძლია კითხვების მეშვეობით ბიბლიის შემსწავლელის გულიდან მისი აზრები და გრძნობები ‘ამოვხაპოთ’, მაგრამ, ამავე დროს, რა უნდა გვახსოვდეს?
11. როგორ შეუძლიათ მომხსენებლებს კითხვების ეფექტურად გამოყენება?
12. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს კითხვების საშუალებით ღვთის სიტყვით ანუგეშონ თანამორწმუნენი.
13, 14. ა) როგორ ვიმსჯელოთ მასთან, ვინც ამტკიცებს, რომ არ შეუძლია იწამოს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს? ბ) რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ჩვენი მსჯელობით ყველას დავარწმუნებთ?
15. როგორი მსჯელობით გავამახვილებთ ყურადღებას იეჰოვას თვისებებსა და მოქმედებებზე და რომელი ორი მაგალითი დაგვეხმარება ამის გაკეთებაში?
16. რატომ არის ასე ღირებული სწავლებისას მაგალითების გამოყენება?
17. რომელი ოთხი ფაქტორი უწყობს ხელს მაგალითის ეფექტურობას?
18. როგორ მოვიფიქროთ სათანადო თვალსაჩინო მაგალითები?
19, 20. ა) სად ვიპოვოთ კარგი მაგალითები? ბ) რომელია ის ზოგიერთი ეფექტური მაგალითი, რომლებიც ჩვენს ლიტერატურაშია მოცემული? (იხილეთ ჩარჩო).
21. რა კურთხევები მოაქვს სხვებისთვის ღვთის სიტყვის ეფექტურად სწავლებას?
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
გახსოვთ ეს მაგალითები?
აქ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე ეფექტური მაგალითი. კარგი იქნებოდა, გენახათ მითითებული პუბლიკაციები და თქვენთვის აღგენიშნათ, როგორ ამახვილებს ყურადღებას თითოეული მაგალითი განსახილველ საკითხზე.
• როგორც აკრობატის ან ფიგურულ სრიალში მონაწილე წყვილის შემთხვევაში, წარმატებული ქორწინებაც ბევრად არის დამოკიდებული კარგი პარტნიორის შერჩევაზე (2001 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 16).
• გრძნობების გამოხატვა ბურთის სროლას ჰგავს. ის შეგიძლიათ ნაზად გადაუგდოთ სხვას ან ისეთი ძალით ესროლოთ, რომ ტრავმა მიაყენოთ (2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 10).
• სიყვარულის გამოხატვის სწავლა ძალიან ჰგავს უცხო ენის შესწავლას (1999 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 18, 22, 23).
• თანდაყოლილი ცოდვა შეიძლება შევადაროთ ვირუსს, რომელიც აზიანებს კომპიუტერის ფაილებს („არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, გვ. 156).
• დემონები სპირიტიზმს ისევე იყენებენ, როგორც მონადირე სატყუარას. სპირიტიზმი თავის მსხვერპლს იზიდავს („მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვ. 111).
• იესოს მიერ ადამის შთამომავლების ხსნა შეიძლება შევადაროთ მდიდარი კეთილისმყოფლის ქმედებას, რომელიც საწარმოს ვალებს ისტუმრებს (ეს ვალები მას თაღლითი დირექტორის გამო დაედო), კვლავ ხსნის ფაბრიკას და ასაქმებს მრავალ თანამშრომელს (1991 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.], გვ. 13).
• ხელოვნების მოყვარული ყველანაირად ცდილობს აღადგინოს სერიოზულად დაზიანებული შედევრი. მსგავსადვე, იეჰოვა ჩვენს არასრულყოფილებაზე არ ახდენს კონცენტრირებას, ის კარგს ხედავს ჩვენში და საბოლოოდ დაგვიბრუნებს ადამის მიერ დაკარგულ სრულყოფილებას (1990 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.], გვ. 22).
[სურათები 20 გვერდზე]
ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სიტყვის მასწავლებლები არიან.
[სურათი 21 გვერდზე]
უხუცესებს შეუძლიათ კითხვების დახმარებით ღვთის სიტყვიდან ანუგეშონ თანამორწმუნეები.