„მიუტევეთ ერთმანეთს“
„მიუტევეთ ერთმანეთს“
გწამთ, რომ ღმერთი ცოდვებს მოგიტევებთ? როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებში უფროსი ასაკის წარმომადგენელთა უმეტესობას სწამს, რომ ეს ასე იქნება. ერთ-ერთი გამოკითხვის ინიციატორი, „მიჩიგანის უნივერსიტეტთან არსებული სოციალური გამოკვლევის ინსტიტუტის“ დოქტორი, ლორენ ტუსანგი, იუწყება, რომ 1423 გამოკითხულ ამერიკელთა 80-მა პროცენტმა, რომლებიც 45 წელს არიან გადაცილებული, თქვა, რომ ღმერთი მათ პატიობს ცოდვებს.
საინტერესოა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 57-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სხვებს პატიობენ. ეს სტატისტიკური მონაცემები მთაზე ქადაგებისას წარმოთქმულ იესოს სიტყვებს გვახსენებს: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14, 15). დიახ, მოგვიტევებს თუ არა ღმერთი ცოდვებს, იმაზეა დამოკიდებული, ვპატიობთ თუ არა სხვებს.
სწორედ ამ პრინციპს შეახსენებდა მოციქული პავლე კოლასელ ქრისტიანებს. ის მათ მოუწოდებდა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13). რა თქმა უნდა, ამის კეთება ყოველთვის ადვილი არ არის. მაგალითად, ძნელი იქნება აპატიო ისეთ ადამიანს, რომელიც დაუფიქრებლად გეუბნება რამეს ან უარყოფითად საუბრობს შენზე.
მაგრამ პატიებას დიდი სარგებლობა მოაქვს. აი რას ამბობს სოციოლოგი დეივიდ უილიამსი თავის გამოკვლევასთან დაკავშირებით: „პატიებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირი განსაკუთრებით ნათლად შეიმჩნევა შუა ხნისა და ასაკოვან ამერიკელთა შორის“. ეს სიტყვები, დაახლოებით 3000 წლის წინათ, ბრძენი მეფე სოლომონის მიერ ნათქვამ სიტყვებს შეესაბამება: „მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა“ (იგავნი 14:30). რადგან სხვებისათვის მიტევება ანუ პატიება ღმერთთან და მოყვასთან კარგი ურთიერთობის განვითარების საწინდარია, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ მთელი გულით მივუტევოთ ერთმანეთს (მათე 18:35).