სად დაიკარგა მეზობლობა?
სად დაიკარგა მეზობლობა?
„თანამედროვე საზოგადოებისთვის უცხო გახდა მეზობლობის ცნება“ (ბენჯამინ დიზრაელი, მე-19 საუკუნის ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე).
ასაკოვანი კუბელები კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ერთ უჩვეულო მეთოდს მიმართავენ. ისინი ქმნიან სამეზობლო დაჯგუფებებს, რომლებსაც „პაპა-ბებიების ჯგუფებს“ უწოდებენ. 1997 წლის ანგარიშის თანახმად, ასაკოვანი კუბელებიდან ყოველი მეხუთე ასეთ ჯგუფშია გაერთიანებული, სადაც ისინი მეგობრულ ატმოსფეროში გრძნობენ თავს; ნუგეშს, გამხნევებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად პრაქტიკულ დახმარებას ღებულობენ. „როდესაც სამეზობლოში ოჯახის ექიმებს მასობრივი აცრების ჩასატარებლად დახმარება ესაჭიროებათ, ამ ჯგუფების სახით მათ შეუძლიათ მოხალისე და უნარიანი დამხმარეების პოვნა“ — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში (World-Health).
სამწუხაროდ, მსოფლიოს მრავალ კუთხეში ასეთ შეკრულ სამეზობლოებს ვეღარ იპოვით. მაგალითისთვის განვიხილოთ დასავლეთ ევროპის ერთ ქვეყანაში, მრავალბინიან სახლში, მცხოვრები ვოლფგანგ დირკსის ტრაგიკული შემთხვევა. რამდენიმე წლის წინ „კანბერა ტაიმზში“ აღნიშნული იყო, რომ იმ 17 ოჯახიდან, რომელიც ვოლფგანგის სახლში ცხოვრობდა და მისი არყოფნა შეამჩნია, „თავში არც ერთს მოსვლია აზრად მის კარებთან მისვლა და ზარის დარეკვა“. ბოლოს, როდესაც სახლის მეპატრონე შევიდა მის ბინაში, „ტელევიზორის წინ მდგარ სავარძელში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინა“. ჩონჩხს 1993 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული ტელეგადაცემების პროგრამა ედო მუხლებზე. ვოლფგანგი უკვე ხუთი წლის მკვდარი იყო. მეზობლებს შორის ინტერესისა და მზრუნველობის განელების რა სამწუხარო დადასტურებაა! ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ აღნიშნა ერთი ნარკვევის ავტორმა ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“, რომ მრავალი სხვა ადგილის მსგავსად, მისი სამეზობლოც „უცნობების დასახლებად“ იქცა. თქვენს სამეზობლოშიც იგივე ხომ არ ხდება?
მართალია, სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილია მეზობლებს შორის თბილი დამოკიდებულება და ზოგიერთ ქალაქშიც ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ასეთი ურთიერთობები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მრავალი ქალაქელი სამეზობლოში თავს გარიყულად და დაუცველად გრძნობს. კედლის მიღმა მცხოვრები მეზობელი შეიძლება ისე იტანჯებოდეს, რომ მეორემ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. როგორ?
ერთმანეთისგან გაუცხოებულნი
უეჭველია, უმეტესობას გვყავს მეზობლები. ფანჯრიდან ტელევიზორის ეკრანის ციმციმის, ოთახში მოსიარულეთა ჩრდილების, სინათლის
ანთებისა და ჩაქრობის დანახვა; მომსვლელ-წამსვლელი მანქანების ხმაური, დერეფანში ნაბიჯების ხმა, კარის გაღებისას ან დაკეტვისას გასაღებების ჩხრიალი იმაზე მიუთითებს, რომ მეზობლები „ცოცხლები“ არიან. მაგრამ, მეზობლობის ცნება კარგავს თავის რეალურ მნიშვნელობას, როდესაც გვერდიგვერდ მცხოვრები ადამიანები ოთხ კედელში იკეტებიან და წარმოდგენა არა აქვთ, რა ხდება ამ კედლების მიღმა ან ცხოვრების ორომტრიალის გამო ერთმანეთს საერთოდ ვერ ამჩნევენ. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ არ ღირს საქმე დაიჭირონ მეზობლებთან ან ამა თუ იმ სახით თავი დაივალდებულონ. ავსტრალიურ გაზეთ „ჰერალდ სანში“ აღნიშნულია: „ადამიანები სულ უფრო და უფრო უცხოდ გრძნობენ თავს მშობლიურ გარემოცვაშიც კი და, ამგვარად, საზოგადოების წინაშე ვალდებულების გრძნობაც ნაკლებად ზღუდავთ. დღეს უფრო ადვილია, რომ ვერ შევამჩნიოთ ან არაფრად ჩავაგდოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში რაღაცით არ გამოირჩევიან“.ასეთი ტენდენციის არსებობა გასაკვირი როდია. მსოფლიოში, სადაც ადამიანები „თავმოყვარენი“ არიან, მეზობლობაზეც შესაბამისად მოქმედებს ის ფაქტი, რომ მრავალი მხოლოდ საკუთარი თავით არის დაინტერესებული (2 ტიმოთე 3:2). შედეგი კი ფართოდ გავრცელებული სიმარტოვისა და გარიყულობის გრძნობაა, რაც უნდობლობის განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამეზობლოში ძალადობისა და დამნაშავეობის ფაქტები მრავლადაა. უნდობლობა კი, თავის მხრივ, ადამიანურ თანაგრძნობას კლავს.
მსგავსი სიტუაციაა თქვენს სამეზობლოში თუ სხვაგვარი, ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ კარგ მეზობლობას საზოგადოებისთვის კარგის მეტი არაფერი მოაქვს. ბევრი რამის მიღწევა შეიძლება მაშინ, როდესაც ადამიანები საერთო მიზნისკენ ილტვიან. კარგი მეზობელი შეიძლება დიდი ბედნიერების მომტანიც კი გახდეს მის მახლობლად მცხოვრებთათვის. თუ როგორ, ამის შესახებ მომდევნო სტატიიდან გავიგებთ.