თანამედროვე საზოგადოების ინტერესი წმინდანებისადმი
თანამედროვე საზოგადოების ინტერესი წმინდანებისადმი
„ალბათ გახსოვთ დრო, როდესაც ხალხს მობეზრებული ჰქონდა აღიარებული ადამიანების ხშირი ხსენება. როგორც ჩანს, ამას ვერ ვიტყოდით იმ 4,2 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც 13 სექტემბერს დედა ტერეზას დაკრძალვის ცერემონიას ადევნებდნენ თვალყურს. ის გარდაიცვალა 5 სექტემბერს, რის შემდეგაც, უამრავმა ადამიანმა თხოვნით მიმართა ვატიკანს, რათა დედა ტერეზა ოფიციალურად შეერაცხათ წმინდანად. თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მათ თხოვნას დააკმაყოფილებდნენ“ (SUN-SENTINEL, 3 ოქტომბერი, 1997 წელი).
კათოლიკე მისიონერს, დედა ტერეზას, ჰუმანურობისა და ქველმოქმედების გამო მიიჩნევდნენ წმინდანად. ასეთი საქმეებით ცნობილი ადამიანები სხვა რელიგიის წარმომადგენელთა შორისაც არიან. მაგრამ არც ერთი მათგანი, რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულთა გარდა, ოფიციალურად არ უღიარებიათ.
რომის პაპმა, იოანე პავლე II-მ, დაახლოებით 450-ზე მეტი ადამიანი გამოაცხადა წმინდანად, რაც მე-20 საუკუნეში ყველა სხვა პაპის მიერ წმინდანად შერაცხული ადამიანების სრულ რიცხვს აღემატება *. რატომ მიაგებენ ასეთ დიდ პატივს იმ „წმინდანებს“, რომელთა უმრავლესობაც, მთლიანობაში, კათოლიკეებში ნაკლებად არის ცნობილი?
ნოტრ-დამის უნივერსიტეტის თეოლოგი, ლორენს კანინგემი, განმარტავს: „ხალხს ის აზრი იზიდავს, რომ დღევანდელ მსოფლიოში შესაძლებელია სიწმინდის არსებობა. წმინდანების არსებობის აღიარება უშვებს იმის ალბათობას, რომ დღესაც კი შეიძლება ვინმემ სიწმინდით გამორჩეული განსაკუთრებული საქმეები მოიმოქმედოს“. გარდა ამისა, ის მტკიცება, რომ „წმინდანებს“ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რეალურ შუამავლებად ხდის მათ ცოცხლებისთვის. როდესაც „წმინდანის“ პირად ნივთებს ან სხეულის ნაწილებს პოულობენ, თაყვანს სცემენ მათ იმაში დარწმუნებულები, რომ მათგან გარკვეული ძალა გამოდის.
ტრიენტის საეკლესიო კრების კატეხიზისში (გამოქვეყნდა მე-16 საუკუნეში) ნათქვამი იყო, რომ ამ საეკლესიო კრებამ ხელახლა მიიღო კათოლიკური დოგმატები და დაადგინა: „ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, დავასკვნათ, რომ უფალში მიძინებული წმინდანებისადმი პატივისცემა, მათი შუამავლებად მოხმობა, მათი ნივთების, სხეულის ნაწილების ან კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლის თაყვანისცემა კი არ ამცირებს ღმერთს, არამედ კიდევ უფრო განადიდებს; რაც უფრო მეტად აკეთებს ამას, მით უფრო ცხოველმყოფელი და მყარი ხდება ქრისტიანის იმედი“ (The Catechism of the Council of Trent, 1905). რასაკვირველია, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, უბიწოდ იცხოვრონ, მართებულად სცენ ღმერთს თაყვანი და მისგან დახმარება მიიღონ (იაკობი 4:7, 8). ამიტომ საინტერესოა, სინამდვილეში ვინ არიან ღვთის სიტყვის თანახმად წმინდები? და რა როლს ასრულებენ ისინი?
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 მიცვალებული კათოლიკეს წმინდანად შერაცხვა იმის აღიარებაზე მიუთითებს, რომ ის საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებს, და ეს სავალდებულოცაა.