არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეუძლიათ წმინდებს თქვენთვის დახმარების აღმოჩენა?

როგორ შეუძლიათ წმინდებს თქვენთვის დახმარების აღმოჩენა?

როგორ შეუძლიათ წმინდებს თქვენთვის დახმარების აღმოჩენა?

ბიბლიის ზოგ თარგმანში ერთი და იგივე ბერძნული სიტყვა თარგმნილია, როგორც „წმინდა“ ან „წმინდანი“. ვისთან მიმართებაში გამოიყენება საღვთო წერილში ეს სიტყვა? «როდესაც ბიბლიაში ეს ბერძნული სიტყვა მრავლობით რიცხვშია მოხსენიებული და მორწმუნეებთან დაკავშირებით გამოიყენება, — შენიშნავს „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“, — იგი მიუთითებს ყველა მორწმუნეზე და არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევიან, ან იმ მიცვალებულებზე, რომლებიც სიწმინდით გამორჩეული განსაკუთრებული საქმეებით იყვნენ ცნობილი».

ამიტომ პავლე მოციქულმა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს ჭეშმარიტი წმინდები უწოდა. მაგალითად, ახ. წ. პირველ საუკუნეში მან წერილი გაუგზავნა «ღვთის ეკლესიას [„კრებას“, აქ], რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში [რომის პროვინცია] მყოფ ყველა წმიდასთან ერთად» (2 კორინთელთა 1:1). მოგვიანებით პავლემ წერილი მისწერა ‘ყველას, რომში მყოფ ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდებს’ (რომაელთა 1:7). აშკარაა, რომ ეს წმინდები იმ დროისთვის არც გარდაცვლილები იყვნენ და არც განსაკუთრებული უბიწობით გამოირჩეოდნენ, რომ სხვა მორწმუნეებზე აღმატებული გამოჩენილიყვნენ. მაშ, რის საფუძველზე იყვნენ ისინი წმინდებად ცნობილი?

ღვთის მიერ განწმენდილნი

ღვთის სიტყვაში ნაჩვენებია, რომ ვინმეს წმინდად გამოცხადება ადამიანის ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ არ ხდება. ბიბლიაში ნათქვამია: „[ღმერთმა] გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით“ (2 ტიმოთე 1:9). ადამიანი წმინდა ხდება იეჰოვას მოწოდების შედეგად, მისი მადლითა და მისი განზრახვის შესაბამისად.

ქრისტიანული კრების წმინდებთან «ახალი აღთქმა [„კავშირი“, აქ]» დაიდო. ეს კავშირი იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შედის ძალაში და განწმენდს მათ, ვისთანაც დაიდო იგი (ებრაელთა 9:15; 10:29; 13:20, 24). ისინი, როგორც ღვთის თვალში გაწმენდილნი, წმინდა სამღვდელოებას წარმოადგენენ და იესო ქრისტეს მეშვეობით სწირავენ ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლს (1 პეტრე 2:5, 9).

წმინდანებს დახმარებისა და შუამავლობისთვის მიმართავენ

მილიონობით ადამიანი შუამავლობას სთხოვს „წმინდანებს“ ან თაყვანს სცემს მათ ნივთებს იმაში დარწმუნებული, რომ მათგან განსაკუთრებულ ძალას მიიღებენ. ასწავლის თუ არა ამას ბიბლია? მთაზე ქადაგების დროს იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, როგორ მიემართათ ღვთისთვის ლოცვით: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). ლოცვები მხოლოდ იეჰოვა ღმერთისადმი უნდა იყოს მიმართული.

ზოგი თეოლოგი იმის დასამტკიცებლად, რომ წმინდები ნამდვილად შუამავლის როლს ასრულებენ, ეყრდნობა რომაელთა 15:30-ში ჩაწერილ სიტყვებს: „შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი, და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში“. მოუწოდებდა პავლე ამით მორწმუნეებს, რომ მისადმი აღევლინათ ლოცვები, ან მისი სახელის მოხმობით მიახლოებოდნენ ღმერთს? რასაკვირველია, არა. როდესაც ბიბლია მოგვიწოდებს, რომ წმინდებისთვის ვილოცოთ, ამ შემთხვევაში, არსად იგულისხმება, რომ ღმერთი მოითხოვს, უშუალოდ ამ წმინდებს მივმართოთ ლოცვით ან მათი მეშვეობით მოვუხმოთ ღმერთს (ფილიპელთა 1:1, 3, 4).

მაგრამ ღმერთმა დანიშნა შუამავალი, რათა მისი მეშვეობით მიგვემართა ღვთისადმი ლოცვით. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, — თქვა იესო ქრისტემ. — მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“. მან აგრეთვე დასძინა: „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოანე 14:6, 13, 14). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა სიამოვნებით ისმენს იესოს სახელით წარმოთქმულ ლოცვებს. იესოს შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „[მას] ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ“ (ებრაელთა 7:25).

თუ იესო მზად არის, გვიშუამდგომლოს, მაშინ რატომღა მიმართავენ ქრისტიანულ სამყაროში მორწმუნეები ლოცვის დროს წმინდანებს? ისტორიკოსი უილ დიურანტი თავის წიგნში „რწმენის ეპოქა“ აღნიშნავს, საიდან იღებს დასაბამს ეს ჩვეულება. იგი შენიშნავს, რომ მორწმუნეებს ყოვლისშემძლე ღვთისადმი მოკრძალებული შიში ჰქონდათ და იესოსთან ურთიერთობას უფრო სასურველად მიიჩნევდნენ. მაგრამ, ამასთანავე, აღნიშნავს: „ისინი ვერც კი ბედავდნენ, უშუალოდ იესოსთვის მიმართვას მას შემდეგ, რაც სრულიად უარყვეს მის მიერ მთაზე ქადაგებისას მოხსენიებული ყველა მოთხოვნა. ისინი უფრო გონივრულად მიიჩნევდნენ, ლოცვით მიემართათ წმინდანად შერაცხული პიროვნებისთვის, რომელიც ზეცაში იმყოფებოდა და მისთვის ეთხოვათ ქრისტესთან შუამავლობა“. განა ასეთი მსჯელობა საფუძვლიანია?

ბიბლია გვასწავლის, რომ სწორედ იესოს მეშვეობით გვაქვს „სითამამე და საიმედო მისადგომი“ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად (ეფესელთა 3:11, 12). ყოვლისშემძლე ღმერთი იმდენად შორს არ არის ადამიანებისგან, რომ ჩვენი ლოცვები არ მოისმინოს. ფსალმუნმომღერალი დავითი გულდაჯერებით ლოცულობდა: „მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი“ (ფსალმუნი 64:3). იეჰოვა სულიწმიდით გვაძლიერებს და არა გარდაცვლილ წმინდანთა რაიმე ნივთების მეშვეობით. ის თავის სულიწმიდას აძლევს მათ, ვინც რწმენით ითხოვს მას. ამის თაობაზე იესო ასე მსჯელობდა: „თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13).

რა როლს ასრულებენ წმინდები

წმინდები, რომლებსაც პავლემ მისწერა წერილი, უკვე საუკუნეებია, რაც გარდაიცვალნენ. მათ გარკვეული დროის შემდეგ უნდა მიეღოთ „სიცოცხლის გვირგვინი“, ანუ ზეციერი ცხოვრებისთვის ღმერთს მკვდრეთით უნდა აღედგინა ისინი (გამოცხადება 2:10). იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებს ესმით, რომ ამ წმინდებისადმი თაყვანისცემა არაბიბლიურია და არ აძლევს ადამიანებს იმის გარანტიას, რომ ავადმყოფობისა თუ სტიქიური უბედურებებისგან, ეკონომიკური გაჭირვებისა თუ სიბერისგან ან სიკვდილისგან დაცული იქნებიან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დაგებადოთ კითხვა: სინამდვილეში, ზრუნავენ ღვთის წმინდები ჩვენზე? უნდა მოველოდეთ მათგან, რომ ჩვენთვის რამეს გააკეთებენ?

დანიელის მიერ ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში წმინდებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ძვ. წ. VI საუკუნეში დანიელმა ამაღელვებელი ხილვა იხილა, რომლის შესრულებაც ჩვენს დღეებშიც გაგრძელდებოდა. ზღვიდან ამომავალი ოთხი მხეცით წარმოდგენილია მიწიერი მმართველები, რომლებსაც არ შეუძლიათ ხალხის ნამდვილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შემდეგ დანიელმა იწინასწარმეტყველა: „უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე“ (დანიელი 7:17, 18).

პავლეც საუბრობდა ‘წმინდების მემკიდრეობაზე’, რაც ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრეებად გახდომას ნიშნავდა (ეფესელთა 1:18—21). იესოს დაღვრილი სისხლის წყალობით 144000 წმინდას ზეციერი დიდებისთვის აღდგომის შესაძლებლობა მიეცა. იოანე მოციქულმა განაცხადა: „ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს“ (გამოცხადება 20:4, 6; 14:1, 3). ხილვაში იოანემ მოისმინა, როგორ გალობდა უამრავი ზეციერი ქმნილება განდიდებული იესოს წინაშე: «შენი სისხლით გამოგვისყიდე [„გამოისყიდე ადამიანები“, აქ] ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ დედამიწაზე» (გამოცხადება 5:9, 10). რა გამამხნევებელი სიტყვებია! იეჰოვა ღმერთმა გულმოდგინე დაკვირვების შედეგად თავად ამოირჩია ეს მამაკაცები და ქალები. გარდა ამისა, მათ ერთგულად იმსახურეს დედამიწაზე და თითქმის ყველანაირ ადამიანურ პრობლემას შეხვდნენ (1 კორინთელთა 10:13). ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს აღდგენილი წმინდები გულმოწყალე და თანამგრძნობი მმართველები იქნებიან და ანგარიშს გაუწევენ ჩვენს სისუსტეებსა და შეზღუდულ შესაძლებლობებს.

კურთხევები, რომლებსაც სამეფოს მმართველობა მოიტანს

მალე ზეციერი მთავრობა დედამიწას ბოროტებისა და ტანჯვისგან გაწმენდს. იმ დროს ადამიანები, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდებიან ღმერთს. იოანე წერდა: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან“». ეს უხვ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას, რადგან წინასწარმეტყველება ასე გრძელდება: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).

რა სასიხარულო დრო იქნება! ის, თუ რა შედეგებს მოიტანს იესო ქრისტესა და 144000 წმინდის სრულყოფილი მმართველობა, მიქას 4:3, 4-შიც არის აღწერილი: „[იეჰოვა] გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“.

ამ კურთხევების მისაღებად სწორედ წმინდები გვიწვევენ. პატარძალთან შედარებული წმინდები ამბობენ: «„მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). რა იგულისხმება „სიცოცხლის წყალში“? ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს ნიშნავს ღვთის განზრახვების შესახებ საფუძვლიან ცოდნას. ღვთისადმი აღვლენილ ლოცვაში იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ასეთი ცოდნის მიღება ბიბლიის რეგულარული შესწავლით არის შესაძლებელი. რა ბედნიერები ვართ, რომ ღვთის სიტყვის საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ, ვინ არიან სინამდვილეში წმინდები და გავიგოთ, როგორ გამოიყენებს ღმერთი მათ კაცობრიობისთვის მარადიული კურთხევების მოსატანად!

[სურათი 4 გვერდზე]

პავლემ ღვთის შთაგონებით წერილები მისწერა წმინდებს.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

იესოს ერთგული მოციქულები წმინდები გახდნენ.

[სურათი 6 გვერდზე]

ჩვენ შეგვიძლია სრული დაჯერებულობით მივმართოთ ღმერთს ლოცვით იესო ქრისტეს მეშვეობით.

[სურათი 7 გვერდზე]

აღდგენილი წმინდები თანამგრძნობი მმართველები იქნებიან, როდესაც დედამიწას უხელმძღვანელებენ.