არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთ

ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთ

ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთ

„რაც ჩემგან ისწავლეთ და მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“ (ფილიპელთა 4:9).

„რელიგიის გავლენის ზრდასთან ერთად ზნეობრივი ნორმები ეცემა“. ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის შედეგები. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი დადის ეკლესიაში და ამბობს, რომ რელიგიას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მიუხედავად ამისა, სტატიაში ნათქვამია: „შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, მრავალი ამერიკელი ეჭვობს, რომ რელიგია გავლენას ახდენს თითოეულის ცხოვრებაზე თუ, მთლიანად, საზოგადოებაზე“.

2 ასეთი სიტუაცია მხოლოდ ამერიკაში როდია. მთელ მსოფლიოში მრავალი, ვინც აცხადებს, რომ სწამს ბიბლიის და თავს რელიგიურ პიროვნებად თვლის, სინამდვილეში, წმინდა წერილებს საშუალებას არ აძლევს, გავლენა იქონიოს მათ ცხოვრებაზე (2 ტიმოთე 3:5). მკვლევართა ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს: „ჩვენ დღესაც დიდ პატივს ვცემთ ბიბლიას, მაგრამ რაც შეეხება დროის დახარჯვას მისი კითხვისთვის, შესწავლისა და ცხოვრებაში გამოყენებისთვის, — ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა“.

3 მაგრამ, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ეს საკითხი სულ სხვაგვარად დგას. ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევების გათვალისწინებით ისინი აზროვნებასა და ცხოვრების სახეს იცვლიან. ეს ცვლილებები კი არ რჩება სხვებისთვის შეუმჩნეველი (კოლასელთა 3:5—10). იესოს მიმდევრებს ბიბლია არ უდევთ თაროზე მხოლოდ იმისთვის, რომ მტვერი ედებოდეს. ამის საპირისპიროდ, ფილიპელ ქრისტიანებს მოციქულმა პავლემ მისწერა: „რაც ჩემგან ისწავლეთ და მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“ (ფილიპელთა 4:9). ქრისტიანები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მხოლოდ ღვთის სიტყვის სწავლებების აღიარებაა. ისინი ნასწავლის თანახმად იქცევიან და ყოველთვის ითვალისწინებენ ბიბლიურ რჩევებს ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს ოჯახი, სამსახური, კრება თუ სხვა.

4 ღვთის კანონებისა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება არც ისე ადვილია. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც „ამ წუთისოფლის ღმერთად“ წოდებული სატანა ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება (2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 5:19). ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიფხიზლოთ, რომ არაფერმა შეგვიშალოს ხელი იეჰოვა ღმერთისადმი უმწიკვლობის შენარჩუნებაში. როგორ შევინარჩუნოთ ასეთი უმწიკვლობა?

ჩაეჭიდეთ „საღი სიტყვების ნიმუშს“

5 ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების ერთი საშუალება, ურწმუნოთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგულად მხარდაჭერაა. ამისთვის მოთმინებაა საჭირო; მოთმინება კი ძალისხმევას მოითხოვს. „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, — თქვა იესომ, — უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მათე 16:24). მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ მას უნდა მივყვეთ მხოლოდ ერთი კვირა, თვე ან წელი, არამედ — მუდმივად. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ არ შეიძლება მხოლოდ რაღაც დროის განმავლობაში ვიყოთ მოწაფეები, ან დღეს ვიყოთ მორწმუნეები, ხვალ კი — არა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგულად მხარდაჭერა ნიშნავს არჩეული კურსის მტკიცედ მიყოლას ნებისმიერ სიტუაციაში. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

6 პავლე თავის თანამშრომელ ტიმოთეს მოუწოდებდა: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმოთე 1:13). რას გულისხმობდა პავლე? „ნიმუშად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით მხატვრის მიერ გაკეთებულ ესკიზს ნიშნავს. თუმცა მასზე ყოველი დეტალი არ არის მოცემული, ესკიზი შეიცავს კარგად გამოკვეთილ კონტურებს, ისე რომ დამკვირვებელი ადვილად წარმოიდგენს, როგორი იქნება დასრულებული სურათი. მსგავსადვე, ჭეშმარიტების ნიმუში, რომელსაც პავლე როგორც ტიმოთეს, ისე სხვებსაც ასწავლიდა, ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის გასაცემად არ იყო გათვალისწინებული. ნაცვლად ამისა, ეს ძირითადი სწავლება წარმოადგენდა საკმარის ხელმძღვანელობას, ანუ კონტურს, რომლის მეშვეობითაც გულწრფელი ადამიანები ხედავდნენ, რას მოითხოვდა იეჰოვა მათგან. რა თქმა უნდა, ღვთისთვის რომ ესიამოვნებინათ, ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებით ისინი ჭეშმარიტების ნიმუშს უნდა ჩასჭიდებოდნენ.

7 პირველ საუკუნეში მცხოვრები ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ ჰიმენევსი, ალექსანდრე და ფილეტოსი, მხარს უჭერდნენ იდეებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა „საღი სიტყვების ნიმუშს“ (1 ტიმოთე 1:18—20; 2 ტიმოთე 2:16, 17). როგორ უნდა მორიდებოდნენ პირველი ქრისტიანები განდგომილებამდე მიმყვან მცდარ გზებს? ღვთივსულიერი წერილების გულმოდგინე შესწავლითა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებით. მათ, ვინც პავლესა და სხვა ერთგულ ქრისტიანებს ჰბაძავდნენ, შეეძლოთ ამოეცნოთ და უარი ეთქვათ ყოველივეზე, რაც მათ მიერ ნასწავლი ჭეშმარიტების ნიმუშს არ შეესაბამებოდა (ფილიპელთა 3:17; ებრაელთა 5:14). ნაცვლად იმისა, რომ „კამათისა და პაექრობის სენით“ დაავადებულიყვნენ, ისინი ღვთისმოსაობის სწორ კურსს მიჰყვებოდნენ (1 ტიმოთე 6:3—6). ჩვენც მსგავსად ვიქცევით, თუ ცხოვრებაში ვიყენებთ ნასწავლ ჭეშმარიტებას. რაოდენ გვიძლიერებს რწმენას მთელი დედამიწის ზურგზე იეჰოვას მილიონობით მსახურის ხილვა, რომლებიც მტკიცედ ეჭიდებიან ბიბლიური ჭეშმარიტების ნიმუშს, რომელიც მათ ისწავლეს (1 თესალონიკელთა 1:2—5).

მოერიდეთ „ზღაპრებს“

8 სატანა ცდილობს, დაგვაკარგვინოს უმწიკვლობა იმით, რომ ეჭვები ჩაგვითესოს ნასწავლთან დაკავშირებით. ისევე როგორც პირველ საუკუნეში, განდგომილები და სხვები დღესაც ცდილობენ უბიწო ქრისტიანთა რწმენის შერყევას (გალატელთა 2:4; 5:7, 8). ხანდახან ისინი საინფორმაციო საშუალებებს იეჰოვას ხალხის თუ მათი აღძვრების შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის ან აშკარა ცილისწამების გასავრცელებლად იყენებენ. პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ზოგიერთი მათგანი ზურგს შეაქცევდა ჭეშმარიტებას. „ვინაიდან დადგება დრო, — წერდა ის, — როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).

9 იმის მაგივრად, რომ საღი სიტყვების ნიმუშს ჩასჭიდებოდნენ, ზოგი „ზღაპრებმა“ გაიტაცა. რა ზღაპრებმა? შესაძლოა, პავლეს მხედველობაში ჰქონდა ისეთი უცნაური ლეგენდები, როგორიც „ტობითის“ აპოკრიფული წიგნია *. ეს, ასევე, შეიძლება მოიცავდა სენსაციურ და შეუმოწმებელ ჭორებსაც. ამასთანავე, ზოგიერთი „თავიანთი გულისთქმებით“ შეცდომაში შეიყვანეს მათ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ღვთის ნორმები ყველაფრის უფლებას იძლეოდა და რომლებიც კრების პასუხისმგებელ ძმებს აკრიტიკებდნენ (3 იოანე 9, 10; იუდა 4). მნიშვნელობა არა აქვს, რა დამაბრკოლებელი ფაქტორები იყო ეს, — ერთი რამ ცხადია: ზოგიერთები სიცრუეს ამჯობინებდნენ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას. ასეთებმა მალე შეწყვიტეს ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება, ამან კი მათ სულიერობას დიდი ზიანი მიაყენა (2 პეტრე 3:15, 16).

10 დღეს „ზღაპრები“ იმ შემთხვევაში ვერ გადაგვიყვანს სწორი გზიდან, თუ გულდასმით და ყურადღებით ავირჩევთ, რას ვუსმენთ და რას ვკითხულობთ. მაგალითად, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ხშირად ვრცელდება უზნეობა. მრავალი აგნოსტიციზმს და ათეიზმს იზიარებს. ღვთის სიტყვის კრიტიკოსები დასცინიან ბიბლიის განაცხადს, რომ ის ღვთივსულიერია. თანამედროვე განდგომილები კი ცდილობენ ეჭვის თესლის თესვას, რათა ქრისტიანთა რწმენა შეარყიონ. მოციქული იოანე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს აფრთხილებდა მსგავსი საშიშროების შესახებ, რომელიც ცრუწინასწარმეტყველთაგან მომდინარეობდა: „საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში“ (1 იოანე 4:1). ასე რომ, სიფრთხილე ჩვენც გვმართებს.

11 ამასთან დაკავშირებით პავლე წერდა: „საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში“ (2 კორინთელთა 13:5). მოციქული მოგვიწოდებს, რომ შევამოწმოთ საკუთარი თავი, გავითავისეთ თუ არა ქრისტიანული სწავლებები. იქნებ მიდრეკილნი ვართ, რომ ყური დავუგდოთ მათ, რომლებიც უკმაყოფილების სულს ავლენენ. თუ ეს ასეა, მაშინ ლოცვით გვმართებს საკუთარი თავის შემოწმება (ფსალმუნი 138:23, 24). ხომ არ ვართ მიდრეკილნი, რომ იეჰოვას ხალხში ნაკლოვანებები ვეძებოთ? თუ დიახ, რატომ ვაკეთებთ ამას? ხომ არ გვატკინა ვინმემ გული სიტყვით ან საქმით? თუ დიახ, ყოველთვის სწორად ვაფასებთ სიტუაციას? ყველა გასაჭირი, რომელსაც ამ სისტემაში ვხვდებით, დროებითია (2 კორინთელთა 4:17). თუნდაც რაიმე განსაცდელს შევხვდეთ კრებაში, განა ამიტომ ღვთისადმი მსახურება უნდა მივატოვოთ? თუ რაღაცის გამო გულნატკენნი ვართ, ნუთუ ბევრად უკეთესი არ იქნებოდა, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ვცადეთ ამ საკითხის მოსაგვარებლად, ეს პრობლემა იეჰოვასთვის მიგვენდო? (ფსალმუნი 4:5; იგავნი 3:5, 6; ეფესელთა 4:26).

12 ნაცვლად იმისა, რომ ყველას მიმართ კრიტიკულები ვიყოთ, მოდი შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალსაზრისი იმ სულიერი საზრდოსადმი, რომელსაც პირადი შესწავლისა თუ კრების შეხვედრების დროს ვიღებთ (1 კორინთელთა 2:14, 15). ბიბლიის კრიტიკის მაგივრად კი რაოდენ გონივრული იქნებოდა, მიგვებაძა პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელებისთვის, რომლებიც გულმოდგინედ იკვლევდნენ წერილებს (საქმეები 17:10, 11). ამიტომ, ვიმოქმედოთ ნასწავლის თანახმად, უარვყოთ „ზღაპრები“ და ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტებას.

13 „ზღაპრების“ სხვა სახეებიც არსებობს, რომელსაც ასევე უნდა ვერიდოთ. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სენსაციური ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ვრცელდება. გონივრული იქნება, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ ასეთი შეტყობინებებისადმი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არ ვიცით საიდან მომდინარეობს ეს ინფორმაცია. თუნდაც სანდო ქრისტიანმა გამოგვიგზავნოს რაიმე შემთხვევა ან ამბავი, მას შეიძლება პირველწყაროდან არ მიუღია ეს ინფორმაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ფრთხილად ვიყოთ, რომ არ გავიმეოროთ ან სხვას არ გადავუგზავნოთ შეუმოწმებელი ფაქტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს „ამქვეყნიური ზღაპრების“ გამეორება (1 ტიმოთე 4:7). და რადგანაც ვალდებული ვართ, ერთმანეთს სიმართლე ველაპარაკოთ, გვმართებს გონივრულად მოვიქცეთ და თავი ავარიდოთ ყველაფერს, რაც ჩვენდა უნებურად სიცრუის გავრცელება იქნებოდა (ეფესელთა 4:25).

კურთხევები, რომლებიც ჭეშმარიტების ცხოვრებაში გამოყენებას მოაქვს

14 ბიბლიის პირადი შესწავლისას თუ კრების შეხვედრებზე მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას უდიდესი სარგებლობა მოაქვს. მაგალითად, ვხედავთ, რომ უკეთესი ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვინც ჩვენიანია რწმენით (გალატელთა 6:10). ჩვენი გონება-განწყობილება ბიბლიური პრინციპების გათავისებით უკეთესობისკენ იცვლება (ფსალმუნი 18:9). უფრო მეტიც, ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებით ‘ვამკობთ ღვთის მოძღვრებას’ და, ამგვარად, სხვებსაც ვიზიდავთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ (ტიტე 2:6—10).

15 იეჰოვას მოწმეებს შორის მრავალი ახალგაზრდაა; და ისინიც იყენებენ ცხოვრებაში ყველაფერს, რაც ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების მეშვეობით თუ კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრებით აქვთ ნასწავლი. მათი კარგი ყოფაქცევა ბრწყინვალე დამოწმებაა მასწავლებლებისა და თანაკლასელებისთვის (1 პეტრე 2:12). 13 წლის ამერიკელ გოგონას, ლესლის, ძალიან უჭირდა თავისი რწმენის შესახებ თანაკლასელებთან ლაპარაკი. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. კლასში საუბარი ჩამოვარდა იმაზე, როგორ ცდილობს ხალხი თავისი პროდუქციის გასაღებას. ერთმა გოგონამ ხელი აიწია და მაგალითისთვის იეჰოვას მოწმეები მოიყვანა. როგორ მოიქცა ლესლი? ის ხომ იეჰოვას მოწმე იყო? „მე დავიცავი ჩემი რწმენა, — თქვა მან, — რამაც ყველას გაკვირვება გამოიწვია, ვინაიდან, როგორც წესი, სკოლაში საკმაოდ ჩუმი ვიყავი“. რა შედეგი გამოიღო მისმა გაბედულებამ? ლესლი ჰყვება: „იმ გოგონას ბროშურა და ტრაქტატი შევთავაზე, რადგან მას სხვა კითხვებიც გაუჩნდა“. რაოდენ გახარებული უნდა იყოს იეჰოვა, როდესაც ხედავს ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრებაში იყენებენ ნასწავლს და მთელ გაბედულებას იკრეფენ იმისათვის, რომ სკოლაში იქადაგონ (იგავნი 27:11; ებრაელთა 6:10).

16 ახლა კი განვიხილოთ ელისაბედის შემთხვევა. შვიდი წლიდან დაწყებული, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ სკოლაში სწავლობდა, ყოველთვის ეპატიჟებოდა მასწავლებლებს სამეფო დარბაზში მაშინ, როცა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალებით გამოდიოდა. თუ მასწავლებელი არ ესწრებოდა კრების შეხვედრას, ელისაბედი რჩებოდა გაკვეთილების შემდეგ და მის წინაშე თავის მოხსენებას წარმოთქვამდა. სკოლის დამთავრებისას მან დაწერა ათგვერდიანი თემა თეოკრატიული სამსახურის სკოლის სარგებლობასთან დაკავშირებით და ოთხი მასწავლებლის წინაშე წარადგინა. მას სთხოვეს, ეჩვენებინა სანიმუშო გამოსვლა, რისთვისაც ელისაბედმა აირჩია თემა: „რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?“. მისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა იეჰოვას მოწმეების თეოკრატიული სამსახურის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა. ის მხოლოდ ერთია იმ მრავალი ახალგაზრდა ქრისტიანიდან, რომლებიც განადიდებენ იეჰოვას იმით, რომ ცხოვრებაში იყენებენ ყველაფერს, რაც მისი სიტყვიდან ისწავლეს.

17 ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ყველაფერში კეთილად, ანუ პატიოსნად იქცეოდნენ (ებრაელთა 13:18, აქ). სიცრუე ანადგურებს ჩვენს ურთიერთობას სხვებთან და, რაც ყველაზე მთავარია, თავად იეჰოვასთან (იგავნი 12:22). თუ სხვების ნდობას ვიმსახურებთ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ. მართლაც, მრავალი სცემს პატივს იეჰოვას მოწმეებს მათი პატიოსნების გამო.

18 განვიხილოთ ერთი სამხედრო მომსახურის, ფილიპის, შემთხვევა. მან დაკარგა სუფთა, მაგრამ უკვე ხელმოწერილი საბანკო ჩეკი და არც კი იცოდა ამის შესახებ, სანამ ფოსტით არ მიიღო უკან. ეს ჩეკი იეჰოვას ერთმა მოწმემ იპოვა და დაურთო წერლი, სადაც ხსნიდა, რომ ის ასე რელიგიური შეხედულებების გამო მოიქცა. ფილიპის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. „ანგარიშზე 9000 ამერიკული დოლარი მედო და შეეძლო სულ მიეთვისებინა“ — თქვა მან. ფილიპს გული ჰქონდა აცრუებული ეკლესიაზე, ვინაიდან იქ მას ქუდი მოჰპარეს. როგორც ჩანს, ქუდი მისმა რომელიმე ნაცნობმა გააყოლა ხელს, მაშინ როცა ათასობით დოლარის ღირებულების ჩეკი სრულიად უცნობმა დაუბრუნა! ნამდვილად, ქრისტიანთა პატიოსნება განადიდებს იეჰოვა ღმერთს!

განაგრძეთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება

19 ყველა, ვინც ღვთის სიტყვიდან ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს, უხვ კურთხევებს იმკის. მოწაფე იაკობი წერდა: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:25). დიახ, თუ ჩვენი საქმეები შეესაბამება ბიბლიიდან ნასწავლს, ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით და უკეთ დავძლევთ ცხოვრებისეულ პრობლემებს. და რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას კურთხევები და მარადიული სიცოცხლის იმედი გვექნება (იგავნი 10:22; 1 ტიმოთე 6:6).

20 ამიტომ, განაგრძეთ ღვთის სიტყვის შესწავლა. იეჰოვას თაყვანისმცემლებთან ერთად რეგულარულად დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს და ყურადღებით მოუსმინეთ იქ განხილულ მასალას. გაითავისეთ და ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთ და „მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“ (ფილიპელთა 4:9).

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 „ტობითი“, შესაძლოა, ძვ. წ. მესამე საუკუნეში დაიწერა. ეს არის ცრუმორწმუნეობით გამსჭვალული ლეგენდა იუდეველ ტობიაზე. მასზე ნათქვამია, რომ განკურნებისა და დემონების ძლევის უნარი ჰქონდა. ამისათვის ტობია გიგანტური, საზარელი თევზის გულს, ღვიძლსა და ნაღველს იყენებდა.

გახსოვთ თუ არა?

• რა არის „საღი სიტყვების ნიმუში“ და როგორ ჩავეჭიდოთ მას?

• რა „ზღაპრებს“ უნდა ვერიდოთ?

• რა კურთხევებს მიიღებს ყველა, ვინც ღვთის სიტყვიდან ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს?

[სასწავლო კითხვები]

1, 2. ძირითადად, ახდენს ბიბლია რაიმე გავლენას იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც თავს მორწმუნეებად თვლიან? განმარტეთ.

3. ა) რა გავლენას ახდენს ბიბლია მათზე, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება? ბ) როგორ ითვალისწინებენ იესოს მიმდევრები ფილიპელთა 4:9-ში ჩაწერილ პავლეს რჩევას?

4. რატომ არ არის ადვილი ღვთის კანონებისა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება?

5. რას ნიშნავს იესოს მოწოდება ‘გამომყევით’?

6. რა არის საღი სიტყვების ნიმუში, რომელსაც პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს ასწავლიდა?

7. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ჩაეჭიდონ საღი სიტყვების ნიმუშს?

8. ა) როგორ ცდილობს სატანა ჩვენი რწმენის შერყევას? ბ) რა გაფრთხილება მოგვცა პავლემ მე-2 ტიმოთეს 4:3, 4-ში ჩაწერილი სიტყვებით?

9. შესაძლოა რას გულისხმობდა პავლე, როდესაც მოიხსენია „ზღაპრები“?

10. რა „ზღაპრებია“ გავრცელებული ჩვენს დღეებში და როგორ გაუსვა ხაზი იოანემ სიფრთხილის აუცილებლობას?

11. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის შემოწმება ვართ თუ არა რწმენაში?

12. რა მხრივ არიან ბერეელები ჩვენთვის სამაგალითონი?

13. როგორ შეიძლება გავხდეთ სიცრუის უნებლიეთ გამავრცელებლები?

14. რა კურთხევები მოაქვს ღვთის სიტყვიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას?

15. ა) როგორ გამოავლინა გამბედაობა ერთმა გოგონამ, სკოლაში რომ ექადაგა? ბ) რა ისწავლეთ ამ შემთხვევიდან?

16. რა სარგებლობა მოუტანა თეოკრატიული სამსახურის სკოლამ ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს?

17, 18. ა) რას გვირჩევს ბიბლია პატიოსნებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ იმოქმედა ერთ მამაკაცზე იეჰოვას მოწმის პატიოსნებამ?

19, 20. რა კურთხევებს ვიღებთ, თუ ბიბლიიდან ნასწავლის შესაბამისად ვმოქმედებთ?

[სურათი 17 გვერდზე]

როგორ შეეძლოთ პირველ ქრისტიანებს, თავი აერიდებინათ განდგომილთა გავლენისგან?

[სურათები 18 გვერდზე]

ეჭვების თესლი მასმედიის, ინტერნეტისა და განდგომილების მიერ ითესება.

[სურათი 19 გვერდზე]

არაგონივრულია შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.

[სურათები 20 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ღვთის სიტყვიდან წაკითხულს იყენებენ სამსახურში, სკოლაში, — ერთი სიტყვით, ყველგან.