არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გაიწვრთენ თავი“

„გაიწვრთენ თავი“

„გაიწვრთენ თავი“

CITIUS, altius, fotius“ — ამ ლათინური სიტყვების მნიშვნელობებია: უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ. ამ მიზნის მისაღწევად იღვწოდნენ ძველი ბერძენი და რომაელი სპორტსმენები. საუკუნეების განმავლობაში ქალაქ ოლიმპიაში, დელფოში, ნემეასა და ისთმოსში (დღევანდელი კორინთის ყელი), მითიური ღმერთების „კურთხევითა“ და ათასობით გულშემატკივრის თანდასწრებით უმნიშვნელოვანესი სპორტული შეჯიბრებები იმართებოდა. ამ თამაშებში მონაწილეობის უფლების მოპოვება მრავალი წლის მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული. გამარჯვებას დიდება მოჰქონდა გამარჯვებულთათვისაც და მათი მშობლიური ქალაქისთვისაც.

გასაკვირი არ არის, რომ ასეთ გარემოში ქრისტიანულ-ბერძნული წერილების მწერლებმა ქრისტიანთა სულიერი რბოლა სპორტულ შეჯიბრებებს შეადარეს. ქრისტიანული სწავლების მნიშვნელოვანი მომენტების დასანახვებლად, პეტრე და პავლე მოციქულებმა ეს თამაშები ოსტატურად გამოიყენეს მაგალითებად. დღესაც ასეთივე ინტენსიურობით გრძელდება ქრისტიანული რბოლა. პირველი საუკუნის ქრისტიანებს იუდაურ სისტემაში მოუწიათ ცხოვრება. ჩვენ კი იმ სისტემაში გვიწევს ‘ბრძოლა’, რომელიც განადგურების პირასაა მისული (2 ტიმოთე 2:5; 3:1—5). ზოგს შეიძლება ‘რწმენისთვის რბოლა’ დაუსრულებლად და დამქანცველად ეჩვენება (1 ტიმოთე 6:12, ახალი ინგლისური ბიბლია). იმდროინდელი სპორტული თამაშების შესწავლა და მისი ქრისტიანულ რბოლასთან შედარება კარგ სამსახურს გაგვიწევს.

დიდებული „მწვრთნელი“

სპორტსმენის წარმატება უმეტესწილად მწვრთნელზეა დამოკიდებული. ძველად გამართულ თამაშებთან დაკავშირებით ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია: „შეჯიბრებაში მონაწილეებს ფიცით უნდა დაედასტურებინათ, რომ ათთვიანი მომზადება ჰქონდათ გავლილი“ (Archaeologia Graeca). ქრისტიანებსაც სჭირდებათ, ასე ვთქვათ, მკაცრი წვრთნა ანუ მომზადება. პავლემ ტიმოთეს, რომელიც უხუცესი იყო, ურჩია, რომ ‘ღვთისმოსაობაში გაეწვრთნა თავი’ (1 ტიმოთე 4:7, სსგ). ვინ ითვლება ქრისტიანი „სპორტსმენის“ „მწვრთნელად“? რა თქმა უნდა, თვითონ იეჰოვა ღმერთი! მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ღმერთი ყოველგვარი მადლისა ... სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ“ (1 პეტრე 5:10).

გამოთქმა „სრულგყოფთ“ მომდინარეობს ბერძნული ზმნიდან, რომლის ძირითადი მნიშვნელობა ერთ ნაშრომში ასე განიმარტება: „რაიმე ან ვინმე თავისი მიზნის შესაბამისი გახადო, მოამზადო და გამოსადეგი გახადო“ (Theological Lexicon of the New Testament). ასევე, ერთი ბერძნული ლექსიკონი შენიშნავს, რომ აქ გამოყენებული ზმნა შეიძლება განიმარტოს, როგორც „საგულდაგულოდ მომზადება, წვრთნა ან აღჭურვა“ (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon). რა მხრივ ‘გვამზადებს, გვწვრთნის და აღგვჭურავს საგულდაგულოდ’ იეჰოვა ქრისტიანული რბოლისთვის? ამის გასაგებად განვიხილოთ ის ზოგი მეთოდი, რომელსაც მწვრთნელები იყენებდნენ.

წიგნში „ოლიმპიური თამაშები ძველ საბერძნეთში“ ნათქვამია: „ისინი, ვინც ახალგაზრდებს წვრთნიდნენ, ორ ძირითად მეთოდს მიმართავდნენ. პირველი მეთოდი იმაში მდგომარეობდა, რომ წაეხალისებინა მოწაფე, ძალ-ღონე არ დაეშურებინა საუკეთესო შედეგების მისაღწევად; და მეორე, დაეხვეწა ტექნიკა და ილეთები“.

ამის მსგავსად, იეჰოვა გვახალისებს და გვაძლიერებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და დავხელოვნდეთ მის მსახურებაში. ღმერთი ბიბლიის, თავისი მიწიერი ორგანიზაციისა და მოწიფული თანაქრისტიანების მეშვეობით სულიერად გვაძლიერებს. ხანდახან დასჯის მეშვეობითაც გვწვრთნის (ებრაელთა 12:6). დროდადრო იმასაც უშვებს, რომ სხვადასხვა განსაცდელსა თუ გასაჭირში ჩავცვივდეთ, რათა მოთმინება გამოვიმუშაოთ (იაკობი 1:2—4). თუმცა ასეთ დროს ძალებსაც გვაძლევს; წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ესაია 40:31).

უპირველეს ყოვლისა, ღმერთი უხვად გვაძლევს სულიწმიდას, რომ გავძლიერდეთ და განვაგრძოთ მისთვის მოსაწონი მსახურება (ლუკა 11:13). ღვთის მსახურებმა ბევრჯერ გადაიტანეს რწმენის მძიმე და ხანგრძლივი გამოცდები. ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. მაგრამ მათ ღმერთზე სრული მინდობა დაეხმარათ განსაცდელების გადატანაში. მართლაც, ‘აღმატებული ძლიერება ღვთისაა და არა მათი’ (2 კორინთელთა 4:7).

თანამგრძნობი „მწვრთნელი“

ძველ დროში მწვრთნელის მოვალეობაში ისიც შედიოდა, რომ „განესაზღვრა, სპორტის რომელ სახეობას უნდა მიჰყოლოდა თითოეული სპორტსმენი, რა სახის ვარჯიშები უნდა ეკეთებინა და რა სიხშირით“, — შენიშნავს ერთი სპეციალისტი. როდესაც ღმერთი „გვწვრთნის“, ითვალისწინებს თითოეული ჩვენგანის მდგომარეობას, აგებულებასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. ასეთ პერიოდში, საკმაოდ ხშირად, იობივით ვევედრებით იეჰოვას: „გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი“ (იობი 10:9). როგორ გვპასუხობს ჩვენი თანამგრძნობი „მწვრთნელი“? დავითი იეჰოვას შესახებ წერდა: „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14).

შესაძლოა რაიმე სერიოზული დაავადება გაწუხებთ, რაც ხელს გიშლით მსახურებაში, ან შეიძლება პირადი ღირსების გრძნობა გაქვთ დაკარგული და საკუთარ თავთან ბრძოლა გიწევთ თვალსაზრისის გამოსასწორებლად. შეიძლება მავნე ჩვევებს ებრძვით ან ხანდახან გგონიათ, რომ ძალა აღარ შეგწევთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ სხვების ზეგავლენას სამეზობლოში, სამსახურსა თუ სკოლაში. როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, არასოდეს დაივიწყოთ, რომ იეჰოვას ყველაზე უკეთ ესმის თქვენი პრობლემები, თქვენზე უკეთაც კი! როგორც მზრუნველი მწვრთნელი, ის ყოველთვის მზად არის თქვენს დასახმარებლად, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ მასთან დაახლოებას ცდილობთ (იაკობი 4:8).

ძველად მწვრთნელებს „შეეძლოთ გაერჩიათ, რომ სპორტსმენის დაუძლურების მიზეზი ვარჯიში კი არ იყო, არამედ სხვა ფაქტორები; მაგალითად, ფსიქოლოგიური მოშლილობა, დეპრესია, უხასიათობა და ასე შემდეგ ... მწვრთნელებს იმდენად დიდი უფლებები ჰქონდათ, რომ ისინი, საჭიროების შემთხვევაში, სპორტსმენთა პირად ცხოვრებაშიც კი ერეოდნენ“.

ხანდახან სუსტად ან დაუძლურებულად ხომ არ გრძნობთ თავს წუთისოფლის ძლიერი ზეგავლენისა თუ განსაცდელების გამო? გახსოვდეთ, თქვენი „მწვრთნელი“, იეჰოვა ღმერთი, ძალიან არის თქვენით დაინტერესებული (1 პეტრე 5:7). ის უმალვე შენიშნავს დაქანცვისა თუ სულიერი სისუსტის მცირე გამოვლინებასაც კი. თუმცა იეჰოვამ ნების თავისუფლებით შეგვქმნა და ანგარიშს უწევს ჩვენს პირად არჩევანს, ის ზრუნავს ჩვენს მარადიულ კეთილდღეობაზე, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების ხელსაც გვიწვდის და გამოსასწორებელ რჩევებსაც გვაძლევს (ესაია 30:21). როგორ? ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების, კრების უხუცესებისა და მოსიყვარულე საძმოს მეშვეობით.

‘თავშეკავება ყველაფერში’

ცხადია, წარმატების მისაღწევად მხოლოდ კარგი მწვრთნელი როდი კმაროდა. თავად სპორტსმენზეც ბევრი იყო დამოკიდებული. მას მთელი დატვირთვით უნდა ევარჯიშა. წვრთნის დროს მკაცრი რეჟიმის დაცვა მოითხოვებოდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ სპორტსმენს თავი უნდა შეეკავებინა ბევრი რამისგან და გარკვეული სახის დიეტა დაეცვა. ძვ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები პოეტი, ჰორაციუსი, ამბობდა, რომ ასპარეზობაში მონაწილეები „სანუკვარი მიზნის მისაღწევად თავს იკავებდნენ ქალებისა და ღვინისგან“. ბიბლეისტი ფ. ს. კუკი კი ამბობს, რომ მოთამაშეებს „საკუთარი თავი უნდა ეკონტროლებინათ და მკაცრი დიეტა დაეცვათ ... ათი თვის განმავლობაში“.

პავლემ ეს მსგავსება გამოიყენა, როდესაც კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს კარგად ცნობილი ისთმოსის თამაშების შესახებ სწერდა, რომ „შეჯიბრების ყველა მონაწილე ყველაფერში თავშეკავებას ავლენს“ (1 კორინთელთა 9:25, აქ). ჭეშმარიტი ქრისტიანები თავს იკავებენ სიმდიდრის დაგროვებისგან, უზნეობისგან და ამ წუთისოფლისთვის დამახასიათებელი უწმინდურებისგან (ეფესელთა 5:3—5; 1 იოანე 2:15—17). ისინი, აგრეთვე, იშორებენ იმ პიროვნულ თვისებებს, რომლებსაც ბიბლია არ იწონებს და იძენენ ქრისტიანულ თვისებებს (კოლასელთა 3:9, 10, 12).

როგორ აკეთებენ ამას? პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ პავლეს სიტყვებს: „ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე“ (1 კორინთელთა 9:27).

როგორი ღრმა აზრი ჩადო პავლემ ამ სიტყვებში! ამაში იმას არ გულისხმობდა, რომ საკუთარ თავს გვემდა. უბრალოდ, ის აღიარებდა, რომ საკუთარ სხეულთან ეწეოდა შინაგან ბრძოლას. ხანდახან ისეთ რამესაც აკეთებდა, რაც არ სურდა და არ აკეთებდა იმას, რაც სურდა. მაგრამ საკუთარ თავს ებრძოდა და სისუსტეებს მასზე ბატონობის ნებას არ აძლევდა. ის ‘თრგუნავდა’ თავის სხეულს და მთელი ძალით ებრძოდა ხორციელ სურვილებსა და უარყოფით თვისებებს (რომაელთა 7:21—25).

ყველა ქრისტიანი მსგავსად უნდა მოიქცეს. პავლემ მოიხსენია, რომ კორინთში ზოგმა, რომლებიც უწინ მრუშობაში, კერპთაყვანისმცემლობაში, ჰომოსექსუალიზმში, ქურდობასა თუ სხვა რამეში იყვნენ ჩაბმული, შეიცვალა ცხოვრების წესი. რა დაეხმარა მათ ამ ცვლილებების მოხდენაში? ღვთის სიტყვის ძალა და სულიწმიდა, რომელსაც თან ერთვოდა მათივე მტკიცე გადაწყვეტილება, ამ ძალას დაქვემდებარებოდნენ. „მაგრამ განიბანეთ, — თქვა პავლემ, — მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელთა 6:9—11). პეტრემაც მსგავსი რამ დაწერა მათ შესახებ, რომლებმაც მიატოვეს მავნე ჩვევები. როგორც ქრისტიანებმა, მათ ნამდვილად მოახდინეს ცვლილებები ცხოვრებაში (1 პეტრე 4:3, 4).

მიზანმიმართული მცდელობები

პავლემ შემდეგ სიტყვებში „ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვცემდე“, ზუსტად გამოხატა სულიერი მიზნების მისაღწევად თავისი მიზანდასახულობა (1 კორინთელთა 9.26, სსგ). როგორ უნდა განეხორციელებინა დარტყმები ასპარეზობაში მონაწილეს? წიგნში „რომაელებისა და ბერძნების ცხოვრება“ ნათქვამია: „მოასპარეზეს მარტო ფიზიკური ძალ-ღონე ვერ დაეხმარებოდა; მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები მას მახვილი თვალით უნდა ამოეცნო. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა მარჯვე დარტყმებს, რომლებსაც ფიზიკური აღზრდის სკოლებში ასწავლიდნენ და სიმარდეს მოწინააღმდეგის მოსატყუებლად“.

ჩვენი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ჩვენივე არასრულყოფილი სხეულია. ვამჩნევთ ჩვენს სუსტ წერტილებს? გვსურს სხვისი, განსაკუთრებით კი სატანის, თვალით დავინახოთ საკუთარი თავი? ამისათვის საჭიროა გულწრფელი თვითშეფასება და ცვლილებების მოხდენის სურვილი. თავის მოტყუებაც ძალიან ადვილად შეიძლება (იაკობი 1:22). ადამიანებს ხომ გვჩვევია თავის გამართლება არაგონივრულად მოქცევის დროს (პირველი მეფეთა 15:13—15, 20, 21). ასე მოქცევა „ჰაერის ცემის“ ტოლფასია.

ამ ბოლო დღეებში, ისინი, ვისაც სურს იეჰოვას ასიამოვნოს და სიცოცხლის ჯილდო მიიღოს, არ უნდა შეყოყმანდნენ, როდესაც საქმე სწორსა და არასწორს, ღვთის კრებასა და გახრწნილ ქვეყნიერებას შორის არჩევანს ეხება. ისინი არ უნდა იყვნენ მერყევნი, ‘ორჭოფნი, არამდგრადნი თავის ყველა გზაზე’ (იაკობი 1:8). უნაყოფო საქმეებისთვის ტყუილუბრალოდ არ უნდა დახარჯონ ძალები. ადამიანი, რომელიც სწორ გზას ადგას და მიზანმიმართულად მიდის, ბედნიერი იქნება და ‘მისი წარმატებაც ყველასთვის ცხადი გახდება’ (1 ტიმოთე 4:15).

დიახ, ქრისტიანული რბოლა გრძელდება. იეჰოვა, ჩვენი დიდებული „მწვრთნელი“, სიყვარულით გვმოძღვრავს და საჭირო დახმარებას გვიწევს, რომ ყოველივე ავიტანოთ და საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ (ესაია 48:17). ძველი დროის სპორტსმენების მსგავსად, თვითდისციპლინა, თავშეკავება და მიზანდასახულობა გვჭირდება რწმენისთვის ბრძოლაში. ჩვენი კარგად მიზანმიმართული მცდელობები კი უხვად დაჯილდოვდება (ებრაელთა 11:6).

[ჩარჩო 31 გვერდზე]

„ზეთი სცხონ“

ძველ საბერძნეთში ასპარეზობაში მონაწილეებს წვრთნის პერიოდში ვარჯიშების დაწყებამდე სხეულს ზეთით უზელდნენ. წიგნი „ოლიმპიური თამაშები ძველ საბერძნეთში“ შენიშნავს: „[მწვრთნელები] ამჩნევდნენ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე კუნთების კარგ მასაჟს შესანიშნავი შედეგი მოჰქონდა. ამასთან, ვარჯიშის შემდეგ საგულდაგულოდ და ფრთხილად გაკეთებული მასაჟი სტრესს ხსნიდა და აჯანსაღებდა სპორტსმენს.

როგორც ზეთით დაზელვა ამშვიდებს და კურნავს ადამიანს, მსგავსად ღვთის სიტყვაც ძალებს მატებს, ანუგეშებს და კურნავს დაღლილ ქრისტიან „სპორტსმენს“. აქედან გამომდინარე, იეჰოვას ხელმძღვანელობით, კრების უხუცესები მოწოდებული არიან, ილოცონ ასეთებისთვის ანუ, ასე ვთქვათ, „ზეთი სცხონ უფლის სახელით“, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი სულიერი განკურნებისთვის (იაკობი 5:13—15, სსგ; ფსალმუნი 140:5).

[სურათი 31 გვერდზე]

მსხვერპლშეწირვის შემდეგ სპორტსმენები ფიცით ადასტურებდნენ, რომ ათთვიანი ვარჯიშის კურსი ჰქონდათ გავლილი.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

[საავტორო უფლება 29 გვერდზე]

Copyright British Museum