არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა აკურთხებს და იცავს მორჩილებს

იეჰოვა აკურთხებს და იცავს მორჩილებს

იეჰოვა აკურთხებს და იცავს მორჩილებს

„ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება“ (იგავნი 1:33).

1, 2. რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთისადმი მორჩილება? ახსენით მაგალითის გამოყენებით.

ფუმფულა ყვითელი წიწილები ბალახში საჭმელს დაეძებენ და არ იციან, რომ ცაში მოლივლივე ქორი თავზე დასტრიალებთ. უცბად, კრუხი გამკივანი ხმით გამაფრთხილებელ კრიახს იწყებს და ფრთებს ფართოდ შლის. წიწილები მისკენ გარბიან და დედის ფრთებქვეშ აფარებენ თავს. ქორი თავს ანებებს წიწილებს *. რას ვსწავლობთ აქედან? მორჩილება სიცოცხლის გადამრჩენია!

2 ეს მაგალითი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს დროში მცხოვრები ქრისტიანებისთვის, რადგან სატანა ყოველ ღონეს ხმარობს ღვთის ხალხის მოსანადირებლად (გამოცხადება 12:9, 12, 17). მისი მიზანი ჩვენი რწმენის შერყევაა, რაც, საბოლოოდ, იეჰოვას კეთილგანწყობასა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივას დაგვაკარგვინებს (1 პეტრე 5:8). მიუხედავად ამისა, თუ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და სწრაფად ვრეაგირებთ იმ რჩევებზე, რომლებიც მისი სიტყვისა თუ ორგანიზაციის მეშვეობით გვეძლევა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი დაგვიცავს სატანის კლანჭებისგან. „თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს“, — წერდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 90:4).

დაუმორჩილებელი ერი მტრის მსხვერპლი ხდება

3. რა შედეგი მოჰყვა ისრაელი ერის მიერ არაერთხელ გამოვლენილ ურჩობას?

3 როდესაც ისრაელი ერი იეჰოვას ემორჩილებოდა, ღმერთი მზრუნველობას არ აკლებდა მათ. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ისინი ივიწყებდნენ შემოქმედს და ეთაყვანებოდნენ ხისა თუ ქვის ღმერთებს, რომლებიც ‘ფუჭნი არიან, არ იფარავენ და არ იხსნიან’ (პირველი მეფეთა 12:21). ასე გრძელდებოდა საუკუნეები; შედეგად კი ერი, მთლიანობაში, ისე ღრმად ჩაეფლო განდგომილებაში, რომ შეუძლებელი გახდა იქიდან თავის დაღწევა. ამიტომაც მოთქვამდა იესო: „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38).

4. როგორ დადასტურდა ახ. წ. 70 წელს, რომ იეჰოვამ ხელი აიღო იერუსალიმის დაცვაზე?

4 ახ. წ. 70 წელს შექმნილმა სავალალო მდგომარეობამ დაადასტურა, რომ იეჰოვამ შეწყვიტა განდგომილი ისრაელის დაცვა. იმ წელს რომაელთა ჯარი, დროშებით ხელში, რომლებზედაც არწივი იყო გამოსახული, ქორივით დააცხრა იერუსალიმს, რათა ერთიანად ამოეჟლიტა მისი მკვიდრნი. ხალხი პასექს დღესასწაულობდა, რის გამოც ქალაქი გადაჭედილი იყო. მათ უხვად გაღებული შესაწირავებითაც კი ვერ შეძლეს ღვთის გულის მოგება. ეს ტრაგიკული მოვლენები სამუელის სიტყვებს გვახსენებს, რომელმაც ურჩ მეფეს, საულს, უთხრა: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება — ცხვრების ლურთებზე“ (პირველი მეფეთა 15:22).

5. როგორ მორჩილებას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან და საიდან ვიცით, რომ ასეთი მორჩილება შესაძლებელია?

5 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა მტკიცედ მოითხოვს ჩვენგან მისადმი მორჩილებას, მან ისიც შესანიშნავად იცის, რომ არასრულყოფილი ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია (ფსალმუნი 129:3, 4). ჩვენ მოგვეთხოვება წრფელი გული და მორჩილება, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, სიყვარულზე და იმის ჯანსაღ შიშზე, რომ ღმერთი არ გავანაწყენოთ (მეორე რჯული 10:12, 13; იგავნი 16:6; ესაია 43:10; მიქა 6:8; რომაელთა 6:17). იმას, რომ ასეთი მორჩილება შესაძლებელია, ქრისტიანობამდე მცხოვრები „მოწმეთა ღრუბელი“ ადასტურებს. მათ მძიმე განსაცდელებისა და თვით სიკვდილის პირისპირაც კი ერთგულება შეინარჩუნეს (ებრაელთა 11:36, 37; 12:1). მათ ნამდვილად გაუხარეს გული იეჰოვას! (იგავნი 27:11). მაგრამ სხვებმა, რომლებიც ერთ დროს ღვთის ერთგულები იყვნენ, ბოლომდე არ გამოავლინეს მორჩილების სული. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ძველი იუდას მეფე, იოაში, იყო.

მეფე, რომელიც ცუდმა საზოგადოებამ დაღუპა

6, 7. როგორი მეფე იყო იოაში იეჰოიადაყის სიცოცხლეში?

6 მეფე იოაში ბავშვობაში სიკვდილს ძლივს გადაურჩა. როდესაც შვიდი წლის გახდა, მღვდელმთავარმა იეჰოიადაყმა გაბედულება გამოავლინა და გადამალული ბავშვი სამეფო ტახტზე დასვა. ღვთისმოშიში იეჰოიადაყი მამობრივ მზრუნველობას უწევდა იოაშს და მის მრჩევლადაც ითვლებოდა. ამის შედეგი ის იყო, რომ ახალგაზრდა მეფე „სწორად იქცეოდა უფლის თვალში ... იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში“ (მეორე ნეშტთა 22:10—23:1, 11; 24:1, 2).

7 იოაშის მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებში იეჰოვას ტაძრის შეკეთებაც შედიოდა; ეს საქმე „იოაშმა გულით მოიწადინა“. ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად მან მღვდელმთავარ იეჰოიადაყს შეახსენა, რომ საჭირო იყო იუდადან და, მათ შორის, იერუსალიმიდან ტაძრის გადასახადის შეგროვება, რაც მოსეს მიერ იყო დადგენილი. როგორც ჩანს, იეჰოიადაყის მცდელობას — ყმაწვილი მეფისთვის ღვთის რჯული გაეცნო და მისადმი მორჩილება ესწავლებინა — უშედეგოდ არ ჩაუვლია. ამიტომაც, ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები და ტაძრისთვის განკუთვნილი ჭურჭლის დამზადება მალე დასრულდა (მეორე ნეშტთა 24:4, 6, 13, 14; მეორე რჯული 17:18).

8. ა) ძირითადად, რამ განაპირობა იოაშის სულიერი დაცემა? ბ) სადამდე მიიყვანა დაუმორჩილებლობამ იოაში?

8 სამწუხაროდ, იოაშმა ბოლომდე არ გამოავლინა იეჰოვასადმი მორჩილება. რატომ? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო“. იუდას მთავრებმა იმდენად უარყოფითად იმოქმედეს მეფეზე, რომ მან ღვთის წინასწარმეტყველებსაც კი არ მოუსმინა, რომელთა შორის იეჰოიადაყის ძე, ზაქარიაც, იყო. მან გაბედულად ამხილა იოაში და ხალხი დაუმორჩილებლობის გამო. მონანიების ნაცვლად, იოაშმა ზაქარიას ჩაქოლვა ბრძანა. რამ გაუქვავა გული იოაშს და რამ უბიძგა მას დაუმორჩილებლობისკენ? ცუდმა საზოგადოებამ, რომლის გავლენაშიც ადვილად მოექცა! (მეორე ნეშტთა 24:17—22; 1 კორინთელთა 15:33).

9. როგორ დამტკიცდა იოაშისა და მთავრების შემთხვევაში, რომ დაუმორჩილებლობა უგუნურობაა?

9 რა დაემართათ იოაშსა და იუდას ბოროტ მთავრებს იმის გამო, რომ იეჰოვას განუდგნენ? არამის „მცირეოდენი“ ლაშქარი შეესია იუდას და „გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი“. დამპყრობლებმა აიძულეს მეფე, მათთვის მიეცა მთელი ქონება, ტაძრისთვის განკუთვნილი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ იოაში სიკვდილს გადაურჩა, ის ფიზიკურად დაუძლურდა და დაავადმყოფდა. მალე მისმა მსახურებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და იოაში სიცოცხლეს გამოასალმეს (მეორე ნეშტთა 24:23—25; მეოთხე მეფეთა 12:18, 19). რა ზუსტად შესრულდა ისრაელზე იეჰოვას სიტყვები: „თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს ... გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა“! (მეორე რჯული 28:15).

მორჩილებამ ბარუქს სიცოცხლე შეუნარჩუნა

10, 11. ა) რატომ არის სასარგებლო, დავფიქრდეთ იმ რჩევაზე, რომელიც იეჰოვამ ბარუქს მისცა? ბ) რა რჩევა მისცა იეჰოვამ ბარუქს?

10 ხანდახან გული ხომ არ გწყდებათ იმის გამო, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებსაც მსახურებაში ხვდებით, ბევრი არანაირ ინტერესს არ ავლენს სასიხარულო ცნობისადმი? ან დროდადრო ხომ არ გშურთ ხოლმე მათი, ვინც მდიდარია და ყველანაირი სურვილის დაკმაყოფილება შეუძლია? თუ ასეა, იფიქრეთ ბარუქზე, იერემიას დამხმარეზე, და იმ რჩევაზე, რომელიც იეჰოვამ მას სიყვარულით მისცა.

11 ბარუქი წინასწარმეტყველების ჩაწერის პროცესში იყო, როდესაც იეჰოვამ თავად მასზე გაამახვილა ყურადღება. რატომ? იმიტომ, რომ ბარუქი უკმაყოფილო იყო თავისი ხვედრით და თავის განსაკუთრებულ დავალებაზე რაღაც უფრო უკეთესი სურდა. როდესაც იეჰოვამ დაინახა ბარუქის ასეთი აზროვნება, მას პირდაპირი და, ამავე დროს, კეთილი რჩევა მისცა: „შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან აჰა, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს ... შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერემია 36:4; 45:5).

12. რატომ უნდა მოვერიდოთ ამ წუთისოფელში „დიდი რამისკენ“ სწრაფვას?

12 ხედავთ იეჰოვას მიერ ბარუქის მისამართით ნათქვამი სიტყვებიდან, როგორ ზრუნავდა იეჰოვა ამ კარგ ადამიანზე, რომელიც იერემიას გვერდით ერთგულად და გაბედულად ემსახურებოდა ღმერთს? იეჰოვა დღესაც ცდილობს დაეხმაროს მათ, რომლებსაც ამ წუთისოფელში უკეთესი ცხოვრების მოწყობის ცდუნება იტაცებთ. საბედნიეროდ, ბარუქის მსგავსად, ბევრმა ყურად იღო სულიერად მოწიფული ძმებისგან მიცემული კეთილი რჩევა (ლუკა 15:4—7). დიახ, მოდი ყველამ გავითავისოთ, რომ მათთვის, რომლებიც ამ სისტემაში „დიდ რამეს“ ეძებენ, მომავალი არ არსებობს. ისინი არა მარტო ვერ იპოვიან ნამდვილ ბედნიერებას, უფრო მეტიც, მალე ამ წუთისოფელსა და მის გულისთქმებთან ერთად განადგურდებიან (მათე 6:19, 20; 1 იოანე 2:15—17).

13. თავმდაბლობის გამოვლენის რა მაგალითს გვაძლევს ბარუქი?

13 ბარუქის შემთხვევა თავმდაბლობის გამოვლენის კარგ მაგალითს გვაძლევს. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა პირდაპირ კი არ ელაპარაკა ბარუქს, არამედ რჩევა იერემიას მეშვეობით მისცა, რომლის ნაკლოვანებებიცა და ხასიათის თავისებურებებიც, თავისთავად ცხადია, ბარუქისთვის ცნობილი იქნებოდა (იერემია 45:1, 2). მაგრამ ბარუქი სიამაყეს არ დაუბრმავებია. მან დაინახა, რომ სინამდვილეში იეჰოვასგან მომდინარეობდა რჩევა და თავმდაბლურად მიიღო ის (მეორე ნეშტთა 26:3, 4, 16; იგავნი 18:12; 19:20). ასე რომ, თუ შეუგნებლად ვდგამთ არასწორ ნაბიჯს და ღვთის სიტყვიდან საჭირო რჩევას გვაძლევენ, მოდი ბარუქის მსგავსად, მოწიფულობა, სულიერი გამჭრიახობა და თავმდაბლობა გამოვავლინოთ (გალატელთა 6:1).

14. რატომ არის ჩვენთვის სასარგებლო, დავემორჩილოთ უხუცესებს?

14 ჩვენი მხრიდან თავმდაბლობის გამოვლენა იმათაც ეხმარება, ვინც რჩევებს გვაძლევს. ებრაელთა 13:17 ამბობს: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“. უხუცესები ხშირად მთელი გულით ლოცულობენ და იეჰოვას გაბედულებას, სიბრძნესა და ტაქტიანობას სთხოვენ, რომ მწყემსის მოვალეობის ეს რთული ნაწილი შეასრულონ. ამიტომ, მოდი ‘ვცნოთ ასეთები’ (1 კორინთელთა 16:18).

15. ა) როგორ დაამტკიცა იერემიამ, რომ ენდობოდა ბარუქს? ბ) რით დაჯილდოვდა ბარუქი მორჩილების თავმდაბლურად გამოვლენისთვის?

15 აშკარაა, რომ ბარუქმა შეიცვალა აზროვნება, რაც იქიდან ჩანს, რომ იერემიამ შემდგომში ძალიან რთული დავალება მისცა; კერძოდ, წასულიყო ტაძარში და ხმამაღლა წაეკითხა ის განაჩენი, რომელიც თავად ჩაწერა იერემიას კარნახით. დაემორჩილა ბარუქი იერემიას? დიახ, მან ყველაფერი ისე გააკეთა, „როგორც დაავალა მას იერემია წინასწარმეტყველმა“. იგივე ცნობა მან იერუსალიმის მთავრებსაც კი წაუკითხა, რაც, ეჭვგარეშეა, დიდ გაბედულებას მოითხოვდა (იერემია 36:1—6, 8, 14, 15). როდესაც 18 წლის შემდეგ ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს, წარმოიდგინეთ, რა მადლიერი იქნებოდა ბარუქი გადარჩენისთვის, რაც იმის შედეგი იყო, რომ მან ყურად იღო იეჰოვას გაფრთხილება და შეწყვიტა „დიდი რამისკენ“ სწრაფვა (იერემია 39:1, 2, 11, 12; 43:6).

გადარჩენა, რომელიც ალყის დროს გამოვლენილ მორჩილებას მოჰყვა

16. როგორ გამოავლინა იეჰოვამ თანაგრძნობა იუდეველებისადმი ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს?

16 ღვთის თანაგრძნობა მორჩილი ადამიანებისადმი კიდევ ერთხელ გამოვლინდა იერუსალიმის განადგურებისას, ძვ. წ. 607 წელს. როდესაც იერუსალიმი ალყაში იყო მოქცეული, იეჰოვამ უთხრა იუდეველებს: „აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე“ (იერემია 21:8, 9). მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის მკვიდრნი განადგურებას იმსახურებდნენ, იეჰოვამ ამ კრიტიკულ მომენტშიც კი თანაგრძნობა გამოავლინა მათ მიმართ, ვინც დაემორჩილა ამ მოწოდებას *.

17. ა) რომელ ორ საკითხში გამოიცადა იერემია მორჩილებასთან დაკავშირებით? ბ) რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო იერემიას ვაჟკაცური მორჩილების მაგალითი?

17 ეჭვგარეშეა, იუდეველებისთვის იმის თქმით, რომ მტერს ჩაჰბარებოდნენ, იერემიას მორჩილებაც იცდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ იერემია ღვთის სახელის გულმოდგინე დამცველი იყო. მას არ უნდოდა, რომ მტრებს, რომლებიც გამარჯვებას უსიცოცხლო კერპებს მიაწერდნენ, ღვთის სახელი შეელახათ (იერემია 50:2, 11; გოდება იერემიასი 2:16). გარდა ამისა, იერემიამ იცოდა, რომ თუ ხალხს ეტყოდა, მტერს ჩაჰბარებოდნენ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებდა; ბევრი მის სიტყვებს არასწორად გაიგებდა და მეამბოხედ შერაცხავდა. მაგრამ მას არ შეშინებია და მორჩილად აუწყებდა იეჰოვას სიტყვებს (იერემია 38:4, 17, 18). იერემიას მსგავსად, ჩვენც ისეთ ცნობას ვქადაგებთ, რომელიც ხალხს ნაკლებად სიამოვნებს. ზუსტად ამ ცნობის გამო შეიძულეს იესო (ესაია 53:3; მათე 24:9). ასე რომ, მოდი ნუ ‘შეგვეშინდება ხალხის’. იერემიას მსგავსად, ვაჟკაცურად დავემორჩილოთ იეჰოვას და მთლიანად მივენდოთ მას (იგავნი 29:25).

მორჩილება „გოგის“ თავდასხმისას

18. როგორ გამოიცდება იეჰოვას მსახურების მორჩილება?

18 მალე სატანის ბოროტი სისტემა მთლიანად განადგურდება არნახულ „დიდ გასაჭირში“ (მათე 24:21). უდავოა, რომ ღვთის ხალხის რწმენასა და მორჩილებას მანამდეც და „დიდი გასაჭირის“ პერიოდშიც დიდი გამოცდა ელის. მაგალითად, ბიბლია გვეუბნება, რომ სატანა, „გოგ მაგოგელი“, „ურიცხვი ლაშქრით“ ანუ მთელი ძალით, „როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი“, იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ გაილაშქრებს (ეზეკიელი 38:2, 14—16). ეს რიცხობრივად მცირე და შეუიარაღებელი ხალხი თავშესაფარს იეჰოვას „ფრთებქვეშ“ დაუწყებს ძებნას; ის კი შეიფარებს თავის მორჩილებს და გადაარჩენს.

19, 20. ა) რატომ იყო მორჩილების გამოვლენა ისრაელებისთვის მნიშვნელოვანი მეწამულ ზღვასთან? ბ) რა მხრივ არის დღეს ჩვენთვის სასარგებლო ამ მოვლენებზე ლოცვით დაფიქრება?

19 ეს სიტუაცია ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლას მოგვაგონებს. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ეგვიპტელებს ათი გამანადგურებელი სასჯელი დაატეხა თავს, თავისი ხალხი მოკლე გზით კი არ წაიყვანა აღთქმული მიწისკენ, არამედ — მეწამული ზღვის მიმართულებით, სადაც მდევარს ადვილად შეეძლო ჩიხში მოექცია ისინი. სტრატეგიული თვალსაზრისით, ამ გზით წასვლა დამღუპველი ჩანდა. იმ დროს იქ რომ ყოფილიყავით, ბოლომდე დაემორჩილებოდით იეჰოვას სიტყვას, რომელიც მან მოსეს მეშვეობით განაცხადა? დაადგებოდით მეწამული ზღვისკენ მიმავალ გზას, თუ გეცოდინებოდათ, რომ აღთქმული მიწა სულ სხვა მხარეს იყო? (გამოსვლა 14:1—4).

20 როდესაც გამოსვლის მე-14 თავს ვკითხულობთ, ვხედავთ, რა შიშისმომგვრელი ძალით იხსნა იეჰოვამ თავისი ერი. როგორ გვიმტკიცებს რწმენას ასეთი შემთხვევების კითხვა და მათზე დაფიქრება! (2 პეტრე 2:9). ძლიერი რწმენა იეჰოვასადმი მორჩილების გამოვლენაში მაშინაც გვეხმარება, როდესაც მისი მოთხოვნები ადამიანური თვალსაზრისით უცნაური გვეჩვენება. ასე რომ, ჰკითხე საკუთარ თავს: „ვცდილობ რწმენაში გაძლიერებას ბიბლიის გულმოდგინე შესწავლით, ლოცვითა და წაკითხულზე დაფიქრებით?“ (ებრაელთა 10:24, 25; 12:1—3).

მორჩილება იმედს გვინერგავს

21. რა ჯილდო მოელით იეჰოვას მორჩილებს ახლაც და მომავალშიც?

21 იეჰოვას მორჩილები დღესვე გრძნობენ იგავნის 1:33-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებას, სადაც ნათქვამია: „ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება“. რა შესანიშნავად მიესადაგება ეს მანუგეშებელი სიტყვები იეჰოვას მომავალ შურისგების დღეს! სინამდვილეში, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28). ნათელია, ამ სიტყვებს სრული ნდობით ყურადღებას მხოლოდ ღვთის მორჩილნი მიაქცევენ (მათე 7:21).

22. ა) ნდობის რა მიზეზი აქვს იეჰოვას ხალხს? ბ) რა საკითხს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

22 ნდობას ისიც გვიმტკიცებს, რომ „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). დღესდღეობით იეჰოვა აღარ იყენებს წინასწარმეტყველებს, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. მაგრამ მან „ერთგულ მონას“ დაავალა, დროულად მიეწოდებინა სულიერი საკვები თავისი სახლეულისთვის (მათე 24:45—47). ამიტომ, რამდენად მნიშვნელოვანია, სწორი განწყობა გვქონდეს ამ „მონის“ მიმართ და ვემორჩილებოდეთ მას! როგორც მეორე სტატიიდან გავიგებთ, ასეთი მორჩილება იმაზეც ახდენს გავლენას, თუ რა განწყობა გვაქვს იესოსადმი — „მონის“ ბატონისადმი. იესო კი ის არის, ვისაც „დაემორჩილებიან ... ხალხები“ (დაბადება 49:10, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა [ბსგ]).

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ქათამს მშიშარა ფრინველად მიიჩნევენ, „კრუხი სიკვდილამდე იბრძვის თავისი წიწილების დასაცავად“, — ნათქვამია ცხოველთა დაცვის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში.

^ აბზ. 16 იერემიას 38:19 გვიჩვენებს, რომ ზოგი იუდეველი „ქალდეველთა მხარეზე“ გადავიდა. ამით მათ ტყვეობას თავი ვერ დააღწიეს, მაგრამ სიცოცხლე შეინარჩუნეს. ჩვენთვის უცნობია, რატომ ჩაჰბარდნენ ისინი მტერს — იერემიას სიტყვების თუ სხვა მიზეზის გამო. მიუხედავად ამისა, მათი გადარჩენა წინასწარმეტყველის სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს.

გახსოვთ თუ არა?

• რა მოჰყვა ისრაელი ერის მრავალგზის დაუმორჩილებლობას?

• როგორ იმოქმედა საზოგადოებამ იოაშზე სიყმაწვილის ასაკში და მომდევნო წლებში?

• რას ვსწავლობთ ბარუქის ცხოვრებიდან?

• რატომ არ უნდა ეშინოდეს ღვთის მორჩილ ხალხს წუთისოფლის მოახლოებული განადგურების?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

იეჰოიადაყის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა იოაში ემორჩილებოდა იეჰოვას.

[სურათი 15 გვერდზე]

ცუდმა საზოგადოებამ იმდენად იმოქმედა იოაშზე, რომ წინასწარმეტყველის მოკვლის ბრძანებაც კი გასცა.

[სურათი 16 გვერდზე]

დაემორჩილებით იეჰოვას და გახდებით მისი შიშის მომგვრელი და, ამავე დროს, გადამრჩენი ძალის მოწმენი?