მიხარია, რომ ომის შემდგომ ზრდაში ვმონაწილეობდი
ბიოგრაფია
მიხარია, რომ ომის შემდგომ ზრდაში ვმონაწილეობდი
მოგვითხრო ფილიპ ჰოფმანმა
ის-ის იყო 1945 წლის მაისში ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. იმავე წლის დეკემბერში იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველი ნეითან ნორი თავის 25 წლის მდივანთან, მილტონ ჰენშელთან, ერთად დანიაში ჩამოვიდა. ამ დიდი ხნის ნანატრი შეხვედრისთვის ძმებმა დიდი დარბაზი დაიქირავეს. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ძმა ჰენშელის მოხსენება, რადგან ის ჩვენი ასაკისა იყო და თემაც საჩვენო ჰქონდა: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1).
ამ მონახულების დროს გავიგეთ, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად აღმაფრთოვანებელი საქმეები კეთდებოდა და ჩვენც შეგვეძლო ამ საქმიანობაში წვლილის შეტანა (მათე 24:14). მაგალითად, შეერთებულ შტატებში გაიხსნა სკოლა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს მისიონერებად მოამზადებდა. ძმა ნორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ამ სკოლაში მიგვიწვევდნენ, ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულებით, სკოლაში ჩასასვლელად აგვიღებდნენ და დანიშნულების მიღებამდე არ გვეცოდინებოდა, სად გაგვგზავნიდნენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჩვენგანი ამ მოწვევას გამოეხმაურა.
სანამ ომის შემდგომ პერიოდს შევეხებოდე, ნება მიბოძეთ, ჩემ შესახებ თხრობა 1919 წლიდან, ჩემი დაბადების წლიდან დავიწყო. ომამდელმა და ომის დროს მომხდარმა მთელმა რიგმა მოვლენებმა ჩემს ცხოვრებაზე დიდად იმოქმედა.
ოჯახის სახელის გამტეხისგან ბიბლიური ჭეშმარიტების მიღება
როდესაც დედაჩემი ჩემზე — პირველ შვილზე — იყო ფეხმძიმედ, ლოცულობდა, რომ თუ ბიჭი ეყოლებოდა, მისიონერი გამხდარიყო. მისი ძმა ბიბლიის მკვლევარი იყო (ასე ერქვათ იეჰოვას მოწმეებს მაშინ), მაგრამ ოჯახის წევრები მას
ოჯახის სახელის გამტეხად მიიჩნევდნენ. ჩვენ კოპენჰაგენთან ახლოს ვცხოვრობდით და როდესაც ბიბლიის მკვლევარებს ამ ქალაქში კონგრესები ჰქონდათ ხოლმე, დედაჩემი თავის ძმას, ბიძია ტომასს, იწვევდა, ჩვენთან გაჩერებულიყო, რადგან ის შორს ცხოვრობდა. 1930 წელს ბიბლიური ჭეშმარიტების მისმა საოცარმა ცოდნამ და ლოგიკურმა მსჯელობამ დედაჩემი დაარწმუნა, რომ ბიბლიის მკვლევარი გამხდარიყო.დედას უყვარდა ბიბლია. მეორე რჯულის 6:7-ში ჩაწერილი რჩევისამებრ, ის გვასწავლიდა მე და ჩემს დას „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. დროთა განმავლობაში, კარდაკარ ქადაგება დავიწყე. მიყვარდა ხალხთან ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა სულის უკვდავება და ჯოჯოხეთი, რომელთა შესახებაც ეკლესია ასწავლიდა. შესანიშნავად შემეძლო მსმენელისთვის ბიბლიიდან მეჩვენებინა, რომ ეს არასწორი სწავლებები იყო (ფსალმუნი 145:3, 4; ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4).
ჩვენი ოჯახი ერთიანდება
1937 წელს, კონგრესის შემდეგ, იეჰოვას მოწმეთა დანიის ფილიალში, ლიტერატურის საწყობში დროებით დახმარება ესაჭიროებოდათ. ის-ის იყო ბიზნეს-კოლეჯი დავამთავრე და თავისუფალი ვიყავი. ასე რომ, დახმარება შევთავაზე. საწყობში მსახურების დასრულების შემდეგ მთხოვეს, ფილიალის სხვა საქმეებშიც შევშველებოდი. ამის შემდეგ მალევე დავტოვე სახლი და კოპენჰაგენში გადავედი ფილიალში სამუშაოდ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული. მოწიფულ ქრისტიანებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ ჩემს სულიერ წინსვლას შეუწყო ხელი. მომდევნო წელს, 1938 წლის 1 იანვარს, იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
1939 წლის სექტემბერში კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1940 წლის 9 აპრილს გერმანიის ჯარებმა დანია დაიკავეს. დანიელებს საკმაოდ დიდი თავისუფლება გვქონდა, რაც სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევდა.
მაშინ შესანიშნავი რამ მოხდა. მამაჩემი აქტიური, ერთგული მოწმე გახდა, რამაც ოჯახის ბედნიერება სრული გახადა. ამიტომ, როდესაც ოთხ დანიელ ძმასთან ერთად მოწვევა მივიღე „გალაადის“ მე-8 კლასში სასწავლებლად, მთელი ოჯახი ხელს მიწყობდა, რომ წავსულიყავი. სკოლის ეს ხუთთვიანი კურსი, რომელიც 1946 წლის სექტემბერში დაიწყო, ნიუ-იორკის შტატის ერთ მშვენიერ კომპლექსში ჩატარდა.
„გალაადი“ და „გალაადის“ შემდგომი მომზადება
„გალაადში“ სწავლისას შესანიშნავი მეგობრები შევიძინე. ერთ საღამოს მე და ინგლისელი ჰაროლდ კინგი კომპლექსის ირგვლივ სეირნობისას იმაზე ვსაუბრობდით, თუ სად შეიძლებოდა დავენიშნეთ სწავლის დამთავრების შემდეგ. „არ მჯერა, რომ ვეღარ ვნახავ დუვრის თეთრ კლდეებს“, — თქვა ჰაროლდმა. ის მართალი იყო, მან ხომ სამხრეთ ინგლისში მდებარე ეს კლდეები მხოლოდ 17 წლის შემდეგ იხილა, რომლიდანაც ოთხწელიწად-ნახევარი ჩინეთის ციხეში, ცალკე საკანში, გაატარა *!
„გალაადის“ დამთავრების შემდეგ ტეხასში დამნიშნეს მიმომსვლელ ზედამხედველად, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა იეჰოვას მოწმეთა კრებების მონახულება და მათთვის სულიერი დახმარების აღმოჩენა. იქ სიხარულით მიმიღეს. ტეხასელი ძმებისთვის საინტერესო იყო ურთიერთობა ახალგაზრდა ევროპელთან, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა სკოლა „გალაადი“. მაგრამ ტეხასში შვიდი თვის მსახურების შემდეგ ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში, გამომიძახეს. იქ ძმა ნორმა ოფისის სამუშაო მომცა. თვალყური უნდა მედევნებინა, როგორ მიდიოდა საქმე ბეთელის სხვადასხვა განყოფილებაში. იქ მიღებული გამოცდილება დანიაში დაბრუნების შემდეგ გამომადგა, რომ დანიის ბეთელშიც ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ბრუკლინში. ამის მიზანი იყო ის, რომ მთელ მსოფლიოში ყველა ფილიალს გაერთიანებულად ემოქმედა. მოგვიანებით ძმა ნორმა გერმანიაში გამაგზავნა.
მიღებული მითითებების გატარება სხვა ფილიალებში
როდესაც 1949 წლის ივლისში ქალაქ ვისბადენში ჩავედი, გერმანიის ბევრი ქალაქი ჯერ კიდევ დანგრეული იყო. ძმები, რომლებიც სამქადაგებლო საქმიანობას უწევდნენ ხელმძღვანელობას, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან, 1933 წლიდან, იდევნებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ციხეებსა თუ საკონცენტრაციო ბანაკებში რვა, ათი და უფრო მეტი წელი გაატარა! იეჰოვას ასეთ მსახურებთან სამწელიწად-ნახევარი ვთანამშრომლობდი. მათი უნიკალური მაგალითები მახსენებს გერმანელი ისტორიკოსის, გაბრიელე იონანის, სიტყვებს: „ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დროს მტკიცე პოზიციაზე მდგომი ამ ქრისტიანული ჯგუფის მაგალითი რომ არა, ოსვენციმისა და ჰოლოკოსტის შემდეგ საეჭვო გახდებოდა, საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა იესო ქრისტეს სწავლებების შესრულება“.
ამ ფილიალშიც იმავე სამუშაოს ვასრულებდი, რასაც დანიის ბეთელში: ვთავაზობდი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების ახალ მეთოდებს, რომლებიც ყველა ფილიალში ერთნაირი უნდა ყოფილიყო. როგორც კი გერმანელი ძმები მიხვდნენ, რომ ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა მათი საქმიანობის კრიტიკას, არამედ უკვე დრო იყო, უფრო ახლოს ეთანამშრომლათ სხვა ფილიალებთან და მთავარ სამმართველოსთან, დიდი ენთუზიაზმით ავლენდნენ თანამშრომლობის შესანიშნავ სულს.
1952 წელს ძმა ნორისგან მივიღე წერილი, რომელშიც მატყობინებდა, რომ შვეიცარიის ქალაქ ბერნში არსებულ ფილიალში უნდა გადავსულიყავი. აქ 1953 წლის 1 იანვრიდან ფილიალის ზედამხედველად დამნიშნეს.
სიხარულის ახალი მიზეზები შვეიცარიაში
შვეიცარიაში ჩასვლიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ კონგრესზე გავიცანი ესთერი და
ამის მერე მალევე დავინიშნეთ. 1954 წლის აგვისტოში ძმა ნორმა ბრუკლინში მიმიწვია, სადაც სულ სხვა სახის მსახურება შემომთავაზეს. რადგან მთელ მსოფლიოში ფილიალები ფართოვდებოდა და მათი რიცხვიც სწრაფად იზრდებოდა, შემუშავდა ახალი ღონისძიება. მთელი მსოფლიო დაიყო შედარებით მცირე ტერიტორიებად, მხარეებად, და თითოეულ მათგანში სამხარეო ზედამხედველი დაინიშნა. მე ორი ასეთი ტერიტორიის ზედამხედველად დამნიშნეს, რომლებშიც ევროპა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები შედიოდა.ბრუკლინში მოკლე ვიზიტის შემდეგ შვეიცარიაში დავბრუნდი და სამხარეო ზედამხედველის მოვალეობის შესრულებისთვის მზადება დავიწყე. მე და ესთერი დავქორწინდით და შვეიცარიის ბეთელში ერთად განვაგრძეთ მსახურება. პირველი მონახულებისას შემოვიარე იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნების, აგრეთვე ესპანეთისა და პორტუგალიის, მთლიანობაში 13 ქვეყნის, მისიონერთა სახლები და ფილიალები. ბერნში დაბრუნების შემდეგ „რკინის ფარდის“ დასავლეთით მდებარე ევროპის სხვა ქვეყნების მონახულება განვაგრძე. ქორწინების პირველ წელს სახლიდან დაახლოებით 6 თვე ვიყავი წასული და ქრისტიან ძმებს ვემსახურებოდი.
მდგომარეობის შეცვლა
1957 წელს ესთერი დაფეხმძიმდა და, რადგან ბეთელში ვეღარ შევძლებდით მსახურების გაგრძელებას, დანიაში გადასვლა გადავწყვიტეთ. მამაჩემმა სიხარულით მიგვიღო. ესთერი ჩვენს ქალიშვილს, რახელსაც, უვლიდა და მამაჩემსაც. მე კი მახლობლად მდებარე, ახლად აშენებულ ფილიალში ვეხმარებოდი ძმებს. თან კრების ზედამხედველებისთვის განკუთვნილი სამეფო მსახურების სკოლის მასწავლებელი ვიყავი და, ამავე დროს, სამხარეო ზედამხედველადაც განვაგრძობდი მსახურებას.
სამხარეო მონახულებებს დიდი დრო მიჰქონდა, რის გამოც, სამწუხაროდ, ჩვენს გოგონას ხშირად დიდხანს ვერ ვხედავდი. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთხელ გარკვეული დროის განმავლობაში პარიზში ვიყავი, სადაც პატარა ტიპოგრაფია გავხსენით. ჩემ სანახავად ესთერი და რახელი მატარებლით ქალაქის ჩრდილოეთ სადგურში ჩამოვიდნენ. ფილიალიდან ლეოპოლდ ჟონტე გამომყვა მათ დასახვედრად. რახელმა ვაგონიდან ფეხი რომ გადმოდგა, ჯერ ლეოპოლდს შეხედა, მერე მე; შემდეგ კვლავ ლეოპოლდს; მერე კი გაშალა ხელები და მას მოეხვია!
ჩემს ცხოვრებაში სხვა დიდი ცვლილება მაშინ მოხდა, როდესაც 45 წლის ასაკში სრული დროით მსახურება მივატოვე,
რათა ოჯახი მერჩინა. იეჰოვას მსახურებაში შეძენილი გამოცდილებით შემეძლო მეშოვა მენეჯერის სამუშაო. მას შემდეგ, რაც ერთ კომპანიაში დაახლოებით ცხრა წელი ვიმუშავე და, ამასობაში, რახელმაც სკოლა დაამთავრა, გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით მოწოდებას და გადავსულიყავით იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლები უფრო საჭირონი იყვნენ.ასეთი საჭიროება ნორვეგიაში იყო და ამ შესაძლებლობაზე დაფიქრების შემდეგ შრომითი მოწყობის სააგენტოს მივმართე, შეიძლებოდა თუ არა იქ სამსახურის შოვნა. პასუხი იმედის მომცემი არ იყო. 55 წლის მამაკაცისთვის სამუშაოს შოვნა სირთულეს წარმოადგენდა. მე მაინც დავუკავშირდი ოსლოში არსებულ ფილიალს, შემდეგ დავიქირავე სახლი ქალაქ დრობაკში და ვიმედოვნებდი, რომ სამუშაო გამოჩნდებოდა. ეს ასეც მოხდა და ნორვეგიაში სასიამოვნო მსახურება დავიწყეთ.
ყველაზე საუკეთესო დრო მაშინ იყო, როდესაც ჩვენი კრებიდან უმეტესობა ჩრდილოეთ ნაწილში მიდიოდა ხოლმე გაუნაწილებელ ტერიტორიებზე საქადაგებლად. ვქირაობდით კოტეჯებს და ყოველდღე გავდიოდით საუცხოო მთების კალთებზე შეფენილ ფერმებში სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. ნამდვილად სასიამოვნო იყო მეგობრულად განწყობილ ხალხთან ღვთის სამეფოს შესახებ საუბარი. უამრავ ლიტერატურას ვავრცელებდით, მაგრამ განმეორებით მონახულებას მხოლოდ მომდევნო წელს ვაკეთებდით. მიუხედავად ამისა, ხალხი არ გვივიწყებდა! ესთერს და რახელს დღესაც კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც განმეორებითი მონახულების დროს დიდი ხნის უნახავი ახლო ნათესავებივით იკრავდნენ მათ გულში. ნორვეგიაში სამი წლის მსახურების შემდეგ კვლავ დანიაში დავბრუნდით.
სიხარული, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას მოაქვს
მალე რახელი ენთუზიაზმით აღსავსე პიონერ ნილს ჰოიოზე დაინიშნა. ქორწინების შემდეგ ისინი მანამ მსახურობდნენ პიონერებად, სანამ ბავშვები არ შეეძინათ. ნილსი კარგი ქმარი და მამა გამოდგა. ის გულწრფელად ზრუნავს საკუთარ ოჯახზე. ერთ დილას ის და მისი ვაჟი ველოსიპედებით სანაპიროზე წავიდნენ და მზის ამოსვლას უყურებდნენ. როდესაც დაბრუნდნენ, მეზობელმა ჰკითხა ბავშვს, რას აკეთებდნენ იქ. მან კი უპასუხა: „იეჰოვას მივმართავდით ლოცვით“.
მე და ესთერი რამდენიმე წლის წინათ ჩვენი ორი უფროსი შვილიშვილის, ბენიამინისა და ნადიას, ნათლობის მოწმენი გავხდით. მაყურებელთა შორის ნილსიც იყო, რომელიც მოულოდნელად წინ დამიდგა. შემომხედა და მითხრა: „ნამდვილი მამაკაცები არ ტირიან“. რამდენიმე წამში კი ერთმანეთს გადავეხვიეთ და ავტირდით. რაოდენ სასიხარულოა, გყავდეს ისეთი სიძე, რომელთანაც სიცილიც შეგიძლია და ტირილიც!
კვლავ ცვლილებები
იეჰოვასგან კიდევ ერთი კურთხევა მაშინ მივიღეთ, როდესაც გვთხოვეს, რომ დანიის ფილიალში დავბრუნებულიყავით. მაშინ უფრო დიდი ფილიალის შენობების აშენება იგეგმებოდა ჰოლბეკში. პატივი მხვდა წილად, ზედამხედველობა გამეწია ამ სამშენებლო საქმიანობისთვის, რომელშიც მოხალისეები მონაწილეობდნენ. მკაცრი ზამთრის მიუხედავად, 1982 წლის მიწურულს ეს მშენებლობა, ძირითადად, დასრულდა და კმაყოფილები ვიყავით, რომ შეგვეძლო გადავსულიყავით ფართო და გაუმჯობესებულ კომპლექსში!
მე მაშინვე ოფისის საქმიანობა მომიჩინეს, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ესთერი ტელეფონისტად მსახურობდა. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ესთერმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა; წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ნაღვლის ბუშტზე დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. თუმცა ფილიალში და-ძმები ყურადღებას იჩენდნენ ჩვენ მიმართ, გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, ფილიალიდან წავსულიყავით. მალე იმ კრებაში გადავედით, სადაც ჩვენი ქალიშვილი და მისი ოჯახი მსახურობდა.
დღეს ესთერი ხშირად ავადმყოფობს. მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მსახურებაში ერთად გატარებული წლების განმავლობაში, რომლის დროსაც უამრავ ცვლილებასთან გვიწევდა შეგუება, და დღესაც ესთერი ყოველთვის მხარში მიდგას და ბრწყინვალე თანამშრომლობას მიწევს. ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, სამქადაგებლო მსახურებაში მოკრძალებული წვლილი მაინც შეგვაქვს. როდესაც განვლილ ცხოვრებას გადავხედავ ხოლმე, მადლიერებით ვიხსენებ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე“ (ფსალმუნი 70:17).
[სქოლიოები]
^ აბზ. 15 იხილეთ 1963 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 437—442 (ინგლ.).
[სურათი 24 გვერდზე]
გერმანიის ფილიალში ლიტერატურის გადმოტვირთვა მშენებლობის დროს, 1949 წელს.
[სურათი 25 გვერდზე]
იმ მოწმეებთანაც ვთანამშრომლობდი, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებიდან იყვნენ დაბრუნებული.
[სურათები 26 გვერდზე]
მე და ესთერი ახლა და 1955 წლის ოქტომბერში ბერნის ბეთელში, ჩვენი ქორწილის დღეს.